Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსურ მხარეს გამყოფ ხაზთან ჩატარებული საპროტესტო აქციები აღელვებს და მოლაპარაკების განახლებას მხარს უჭერს


ერგნეთი
ერგნეთი

ცხინვალში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდის მოსამზადებლად ჩავიდნენ და დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, მურად ჯიოევთან, შეხვედრა გამართეს.

ოსურ მხარეს გამყოფ ხაზთან ბოლო დროს მომხდარი ინციდენტები აწუხებს. მურად ჯიოევი განსაკუთრებული ხაზგასმით ატოცში ჩატარებულ საპროტესტო აქციებს ახსენებდა. როგორც ცნობილია, 14 სექტემბრის შემდეგ ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ შეხვედრები აღარ ტარდება. ბოლო შეხვედრა ოსური მხარის პროტესტის გამო ჩაიშალა - ისინი შეხვედრის დღის წესრიგიდან არჩილ ტატუნაშვილის საკითხის ამოღებას მოითხოვდნენ და ინტერპოლის წითელი ცირკულარით ოს ძალოვანთა ძებნის დაწყებას აპროტესტებდნენ.

ცხინვალში ჩასული ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ოსურ მხარეს მოლაპარაკების აღდგენისკენ მოუწოდებდნენ. დისკუსიის თანათავმჯდომარე ევროკავშირის მხრიდან ტოივო კლაარი ოსური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ თანათავმჯდომარეები მოუწოდებენ ყველა მხარეს ჟენევის დისკუსიაზე გამოვიდნენ ახალი იდეებითა და წინადადებებით, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში პრობლემების გადაჭრას. შეხვედრის დასრულების შემდეგ დისკუსიის თანათავმჯდომარეები კარგ ხასიათზე იყვნენ. როგორც ჩანს, მათ დაითანხმეს ჯიოევი, მოლაპარაკების მაგიდას დაბრუნებოდა, რაც ოსურ მედიასთან მის კომენტარშიც დადასტურდა.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურად ჯიოევი აცხადებს, რომ ბოლო დროს სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვართან შექმნილი ვითარება შეშფოთებას იწვევს და ის აუცილებლად მიიჩნევს „ინციდენტების პრევენციის მექანიზმის“ შეხვედრების გაგრძელებას. მისი თქმით, ჟენევის დისკუსიის მორიგ რაუნდზე საზღვრების საკითხიც დაისმება.

მურატ ჯიოევი
მურატ ჯიოევი

„განვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება, მათ შორის საზღვრებზე ბოლო ინციდენტები სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარზე და ამასთან დაკავშირებით ჩვენ აღვნიშნეთ „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ მოლაპარაკების გაგრძელების აუცილებლობა . ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც ჩვენთან ფუნქციონირებს ჟენევის დისკუსიის ფარგლებში და მიმართულია იმ კონფლიქტების გადაწყვეტისკენ, რომლებიც ჩნდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ „ინციდენტების მექანიზმის“ ფარგლებში შესაძლებელია იმ საკითხების დასმა, რომლებიც ჩვენ გვაწუხებს და რაც საზღვარს უკავშირდება“, - აცხადებს მურატ ჯიოევი.

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ აღდგენისათვის მზაობა და ძალისხმევა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოდის და საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ამას ცდილობენ. მისი თქმით, თუ ოსური მხარეც შეხვედრების განახლების მომხრეა, საამისოდ უკვე შეხვედრის თარიღზე უნდა მოხდეს შეთანხმება.

ქეთევან ციხელაშვილი
ქეთევან ციხელაშვილი

„ეს ჩვენი ძალისხმევაა, არათუ მხოლოდ სურვილი და მზაობა, რომ უპირობოდ აღდგეს იმისთვის, რისთვისაც ეს არის შექმნილი, ინციდენტების პრევენციისთვის და მათი განხილვისთვის, - ეს მზაობა არის ცალსახა და არანაირი კითხვები არ არსებობს. დაფიქსირებულია ყველა დონეზე - მათ შორის, ცხადია, თანათავმჯდომარეებთან - და თანათავმჯდომარეები ცდილობენ, ამ მზაობიდან გამომდინარე, რომ აღდგეს „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ შეხვედრა და ეს რაც მალე მოხდება, უკეთესია, რადგან არის საკითხები, რომლებიც არის დაგროვილი“, - ამბობს ქეთევან ციხელაშვილი.

ჟენევის დისკუსიის მორიგ რაუნდზე ოსური მხარე ისევ დასვამს საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად დამავალდებულებელი შეთანხმების გაფორმების საკითხს. როგორც ცნობილია, მხარეებმა დისკუსიის თანათავმჯდომარეების მიერ შეთავაზებული საერთო დეკლარაციაც ვერ მიიღეს, რომელიც თითოეულ მხრეს კონფლიქტის ძალისმიერი გზით მოგვარებაზე უარს ათქმევინებდა. ოსური მხარე საქართველოსგან ითხოვს, პირველ რიგში, ამაზე პასუხისმგებლობის აღებას. დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დავით სანაკოევი „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ევროპელი დიპლომატები არსებული ფორმატის შენარჩუნებას ახალი დიპლომატიური ხერხებით ცდილობენ. მისი თქმით, ახალი იდეები ვერ იმუშავებს, ვიდრე საქართველო ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერს.

„იმის ნაცვლად, რომ აიძულონ ქართული მხარე დაკავდეს იმით, რასაც ჟენევის დისკუსიაზე უნდა აკეთებდეს, ევროპელები ფორმატის გაბუნდოვნებას გვთავაზობენ, როგორც მე მესმის, ისე, რომ ევროპელი გადასახადების გადამხდელთა ფული ამ ღონისძიებებზე ტყუილად დახარჯული არ გამოჩნდეს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ როცა მაგიდაზე დევს კონსტრუქციული იდეა, მაშინვე იწყებენ მუშაობას დიპლომატიური მეთოდებით, რომლის თავდაპირველი მიზანი ნისლში გადადის. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ისინი აღარ დაუბრუნდებიან „ახალ იდეებს“ და ფოკუსს მთავარზე გააკეთებენ, რისთვისაც შეიქმნა ჟენევის დისკუსია - ძალის გამოუყენებლობის გარანტიებზე. თუ ისინი ამ გარანტიებს რაღაც სახით მოიპოვებენ, მაშინ ისინი მეორე ჰუმანიტარულ ჯგუფშიც წინ წაიწევენ, იმიტომ რომ მეორე ჯგუფი კონკრეტულად მიბმულია უსაფრთხოების საკითხებზე“, - აცხადებს დავით სანაკოევი.

ქართული მხარე კი, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციისგან ითხოვს ასეთი ვალდებულების აღებას. ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ქართულ მხარეს კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგების ცალმხრივი ვალდებულება არაერთ საერთაშორისო ფორმატში აუღია, მაგრამ ცხინვალის რეგიონში ახლა ძალას ფლობს რუსეთი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, ამიტომ, სახელმწიფო მინისტრის აზრით, პირველ რიგში რუსეთმა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა შეასრულოს. ციხელაშვილის თქმით, ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებასაც ხელს საკითხების პოლიტიზება უშლის:

„თუ ვინმეს აქვს ინტერესი, რომ ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით იქნეს ვალდებულებები აღებული და ეს ვალდებულება უნდა აიღოს რუსეთმა, ეს არის საქართველო და ქართული მხარე, ამიტომ ჩვენ ამ პროცესში ჩართული ვართ და მონდომებულიც ვართ, რომ ამ საკითხმა წინ წაიწიოს. ეს დღის წესრიგის მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია და ამას თან ახლავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება, იმიტომ რომ პირობა ერთია და მეორე არის ამ ყველაფრის აღსრულება. თქვენ იცით, ვის ხელში არის იქ ძალა და ეს ძალა არ არის მცირე მასშტაბის. ეს არის მძლავრი სამხედრო სიმძლავრეები, რომელიც სრულიად აქვს რუსეთს ათვისებული და თავადაც არ მალავენ, რომ გაფორმებული აქვთ ის ეგრეთ წოდებული შეთანხმებები გაერთიანებების შესახებ. ამიტომ მხარე, რომელსაც რეალურად აქვს ძალა და საფრთხე შესაბამისად საიდანაც გამომდინარეობს ამ ძალის გამოყენების, ეს არის რუსეთი“.

ჟენევაში მოლაპარაკების 46-ე რაუნდი 10-11 დეკემბერს გაიმართება. სწორედ ჟენევის დისკუსიის დროს გადაწყდება გალის და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების შეხვედრების აღდგენის საკითხიც. მანამდე მხარეებმა ჟენევაში წარსადგენი დღის წესრიგის საკითხები უნდა მოამზადონ.

XS
SM
MD
LG