თუკი გავითვალისწინებთ, რომ თებერვლის შემდეგ, სასამართლო სხდომები ძირითადად თვეში ერთხელ იმართება - ამ ტემპებით საქმის განხილვა შესაძლოა წლებიც გაგრძელდეს.
პარასკევს, #14-ე დარბაზში გამართულ პროცესზე, მედიის ორ წარმომადგენელს მოუსმინეს - ჟურნალისტს და ოპერატორს.
საქმის მასალების ერთი ნაწილი გასაიდუმლოებულია - დაცვის მხარეს გაუთქმელობის შეთანხმებაზე მოაწერინეს ხელი. არადა ადვოკატებს სწორედ საიდუმლო მასალებში ეგულებათ ინფორმაცია, რომელიც - "შეკითხვებს აღარ დატოვებს".
31 ივლისის სხდომაზე მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო გახარიასთვის დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობის შეცვლის თაობაზე, თუმცა დააკმაყოფილა დაცვის მხარისთვის პრინციპული შუამდგომლობა - საქმეს დამატებით მტკიცებულებად დაურთო გახარიას შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის [PACE] ბოლო ანგარიშის ჩანაწერი.
“სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ [სტრასბურგის] სასამართლოს გადაწყვეტილება არასწორი კუთხით გამოიყენა საკუთარი ქმედებების გასამართლებლად - ბრალი დაედო ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის, გახარიასთვის, რომელიც იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო”, - PACE-ს ივნისის ანგარიშიდან ციტატა და მისი თარგმანი სასამართლოს დაცვის მხარემ ჯერ კიდევ 8 ივლისის სხდომაზე მიაწოდა, ხოლო 31 ივლისს დაამატა სტრასბურგიდან მიღებული დასტური - რომ ივნისში გამოქვეყნებული ტექსტი კვლავ ძალაშია.
პროკურატურას წინააღმდეგობა აღარ გაუწევია.
„ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რადგან საუბარია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე. ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებების აღსრულებაზე კონტროლს ახორციელებს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი. შესაბამისად, ასამბლეა იმ ინსტიტუციური ორგანოს შტოა, რომლის წინაშეც, მათ შორის - მინისტრთა კომიტეტი არის ანგარიშვალდებული. არ მაქვს მოლოდინი, რომ ამ სასამართლოს პირობებში სამართლიანობა იქნება მიღწეული და გიორგი გახარია ამ საქმეზე იქნება უდანაშაულოდ ცნობილი, თუმცა ეს არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამართლებრივი ჩანაწერი და აუცილებლად იქნება საერთაშორისო სასამართლოების მსჯელობის საგანი“, - განაცხადა გახარიას პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და მისმა ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან.
PACE-ს ჩანაწერი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს 2025 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებას შეეხება - „ცანავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლომ კონვენციის სამი მუხლის დარღვევა დაადგინა, გახარიას პარტია “საქართველოსთვის” ამ გადაწყვეტილებას მათი ლიდერის უდანაშაულობის დასტურად მიიჩნევს. “ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლები კი - ამ დოკუმენტს საპირისპიროდ განმარტავენ.
გიორგი გახარიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის ორ მუხლს მოიცავს:
- 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი - ორი ან ორზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება - სასჯელი პატიმრობა 13 წლამდე ვადით;
- 333-ე მუხლის მე-2 ნაწილი - სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის მეორე საქმე - “ჩორჩანის საგუშაგოს” აშენების ეპიზოდს უკავშირდება - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება [333-ე მუხლის მე-2 ნაწილი] - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. ამ საქმის ფარგლებში, გახარიას საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს შსს-ის საგუშაგოს ერთპიროვნულად, ყველასთან შეუთანხმებლად აშენებასა და ტერიტორიების დაკარგვას ედავებიან.
31 ივლისის სხდომაზე პროკურატურის მიერ წარდგენილ ორ მოწმეს მოუსმინეს: თორნიკე კოშკაძეს, რომელიც 2019 წელს ინტერპრესნიუსის ჟურნალისტი იყო, ხოლო ახლა ტელეკომპანია „მაესტროში მუშაობს“ და გიორგი ჭუმბურიძეს - „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ [Current time] ოპერატორს.
ორივე მათგანი, 2019 წლის 20 ივნისს, პროფესიულ მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა - რეზინის ტყვიებით. მოწმეები ვარაუდობენ, რომ მათ იმ ღამით დამიზნებით ესროლეს.
მოწმეებმა აღწერეს, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენებას წინ უსწრებდა მიტინგის მონაწილეთა ერთი ნაწილის მხრიდან სპეცრაზმელებისთვის ჩაფხუტებისა თუ ფარების წართმევა და მათი „შეთრევა“ ხალხში. იყო ასევე ბოთლების სროლაც. თქვეს, რომ „არ ყოფილა წინასწარი გაფრთხილება“ სპეციალური საშუალებების გამოყენების დაწყების შესახებ.
მოწმეები ჰყვებოდნენ დასისხლიანებული ადამიანების შესახებ, მათ შორის - სასწრაფო დახმარების მანქანებში.
ადვოკატების შეკითხვას - შეამჩნიეს თუ არა პროცესებში რაიმე სახის მონაწილეობა უშუალოდ გიორგი გახარიას მხრიდან - მოწმეებმა უარყოფითი პასუხი გასცეს.
ადვოკატმა ბერდია სიჭინავამ საეჭვოდ მიიჩნია განსხვავება გიორგი ჭუმბურიძის გამოკითხვის ორ ოქმში - პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლასთან დაკავშირებულ საკითხზე. მოწმემ განმარტა, რომ - პირველი გამოკითხვისას მისი პასუხი დასმული შეკითხვების ფორმულირებიდან გამომდინარეობდა, ხოლო ზოგადად თვლის, რომ - იმ ღამით ხელი ნამდვილად შეეშალა პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.
ადვოკატმა სადავოდ ჩათვალა ჭუმბურიძის დაზიანების ფაქტიც, დაგვიანებით ჩატარებული ექსპერტიზის პასუხის გამო, რომელიც, მისი თქმით, საქმეში დევს და "მექანიკური დაზიანების" არსებობას უარყოფს. მოწმემ კი თქვა, რომ - მან ნამდვილად მიიღო დაზიანება რეზინის ტყვიით და მუცლის არეში ჰქონდა სისხლჩაქცევა.
20-21 ივნისის ღამეს აქციის დარბევისას დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 30-ზე მეტი ჟურნალისტი. ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი, კიდევ ორი ადამიანი აქციის დარბევიდან რამდენიმე დღის განმავლობაში კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იყო.
„ბრალდების დადგენილება საკმაოდ მოცულობითია. იქ გარკვეულ დეტალებზეა საუბარი. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ განვითარდა მოვლენები - ვინ და რა საშუალებით გამოიყენა სპეციალური საშუალებები, იყო ამის ნებართვა თუ არა და იყო თუ არა ამის გამოყენების აუცილებლობა“, - განაცხადა პროკურორმა, მარიამ გიგაურმა, სხდომის დასრულების შემდეგ.
პროკურატურა არ აპირებს გაიზიაროს დაცვის მხარის შუამდგომლობა - საქმის მასალების გასაიდუმლოებული ნაწილის გასაჯაროების შესახებ. ამ მასალებს არასაჯაროდ, დახურულ სხდომაზე განიხილავენ.
„გასაჯაროება არ უნდათ ძალიან მარტივი მიზეზის გამო: ეს მტკიცებულება პირდაპირ ადასტურებს გიორგი გახარიას უდანაშაულობას. მთელი ეს ცირკი, ხელოვნურად შეთითხნილი ბრალით, თავიდან ბოლომდე ჩამოიშლება, განსაიდუმლოების გადაწყვეტილებას თუ მიიღებს პროკურატურა, იმწამსვე დასრულდება საზოგადოებრივი დისკუსიაც კი - გახარია 20 ივნისთან დაკავშირებით რაიმე ფორმით დამნაშავე არის თუ არა“, - ამბობს გახარიას პარტიის აღმასრულებელი მდივანი და ადვოკატი ბერდია სიჭინავა. მან არაერთხელ გაიმეორა, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია და ამ ბრალდებას პროკურატურაც კი უვლის გვერდს.
2019 წლის “20 ივნისისა” და “ჩორჩანის საგუშაგოს” საქმეებზე გიორგი გახარიას წინასწარი პატიმრობა 2025 წლის 13 ნოემბერს შეუფარდეს. ის ამ დროს უკვე აღარ იმყოფებოდა საქართველოში. არ დაუმალავს, რომ თბილისში დაბრუნებას ის პოლიტიკური დევნის გამო არიდებს თავს.
ვინ გასცა რეზინის ტყვიების გასროლის ბრძანება? - ეს შეკითხვა სასამართლო პროცესების მთავარ ინტრიგად რჩება; რადგან სწორედ ამ ბრძანების შესრულებას მოჰყვა ასეულობით ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება.
თავად გახარიამ არაერთხელ უარყო მსგავსი ბრძანების გაცემა, მათ შორის - სადავო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ["წულუკიანის კომისია"] სხდომებზე ორჯერ გამოკითხვისას.
“ეჭვი გაქვთ, რომ სხვამ გასცა [ბრძანება], [როცა] თქვენ იყავით შს მინისტრი?” - კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის შეკითხვას გახარიამ, 2025 წლის აპრილში, შემდეგნაირად უპასუხა - “მე არაფერი არა მაქვს. მე ვამბობ, რომ შესაბამისად - მე არ ვიცი”.
გახარიას განმარტებით, ბრძანება გასცა მხოლოდ ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებაზე და როდესაც რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ შეიტყო, რაციით გადასცა შესაბამის პირებს, რომ შეეწყვიტათ გამოყენება - თუმცა ამის შემდეგ რეზინის ტყვიებს ისევ ისროდნენ.
კომისიის სხდომაზე გახარიამ ასევე თქვა, რომ “იდიოტურ შეცდომად” აღარ თვლის რუსი დეპუტატის, გავრილოვის “აღმოჩენას” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში და “დასაბუთებული და გონივრული ეჭვის” საფუძველზე ფიქრობს, რომ იმ დღის პროცესებშიც “უჩინარი კაცი” ჩაერია, ისევე, როგორც 2021 წლის თებერვალში, მისი გადადგომის დროს. მერე განმარტა, რომ “უჩინარ კაცში” ის ივანიშვილს გულისხმობდა.
“ქართული ოცნება” წლების განმავლობაში ამართლებდა გიორგი გახარიას, მათ შორის - 20 ივნისის მოვლენებშიც. განსაკუთრებულ ლიდერად თვლიდა და მას კრიზისების მართვის განსაკუთრებული უნარებისთვის აქებდა. ეს გრძელდებოდა მის გადადგომამდე [2021 წლის 18 თებერვალი], შემდეგ კი იმავე არგუმენტების გაბათილება დაიწყეს, რითაც მანამდე იცავდნენ და გახარიას "დიპ სტეიტის" მხარდაჭერილი კანდიდატურაც უწოდეს.
2024 წლის არჩევნებამდე, ბიძინა ივანიშვილი პირადად დაემუქრა გახარიასა და მის თანაგუნდელებს. მან თქვა, რომ - გასასამართლებლად "სასამართლოს დონეზე აქვთ დოკუმენტები დალაგებული".
გახარია ფიზიკური ანგარიშსწორების სამიზნეც გახდა.
- 2019 წლის 20 ივნისის სისხლიან ღამეს ხალხმა „გავრილოვის ღამე“ დაარქვა, თავდაპირველი მიზეზის გამო, რასაც სახალხო მღელვარება მოჰყვა.
- 2019 წლის 20 ივნისს, დილით, საქართველოს 20% ტერიტორიის ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის კომუნისტმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მჯდომმა გახსნა.
- ეს სავარძელი მაშინ “ოცნების” დღევანდელ პრემიერ-მინისტრს - ირაკლი კობახიძეს ეკუთვნოდა.
- წინა დღით, 19 ივნისს, ის მართლმადიდებლობის ასამბლეის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა, ღამით კი სტუმრებს უმასპინძლა. წვეულებას გავრილოვიც ესწრებოდა. მის გვერდით გადაღებულ ფოტოს კობახიძემ პროვოკაცია უწოდა - გავრილოვი თავად მოვიდაო.
- 20 ივნისს, სპონტანური სახალხო მღელვარების გამო, გავრილოვმა და სხვა სტუმრებმა თბილისი დროზე ადრე, სწრაფი ტემპებით დატოვეს.
- ეს ამბავი ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებად დაუჯდა. მან პოსტი დატოვა არა 20 ივნისს, როცა ამას მომიტინგეები ითხოვდნენ, არამედ - 21 ივნისს, მას შემდეგ, რაც რუსთაველზე ხალხი დაზიანდა.
ფორუმი