Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე არხების სანქცირების შემდეგ ბრიტანეთს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მას „გლობალური ომის პარტია“ მართავს

ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილი და შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე. 2026 წლის 27 თებერვალი
ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილი და შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე. 2026 წლის 27 თებერვალი

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ მედიაზე „უპრეცედენტო თავდასხმად“ შეაფასა დიდი ბრიტანეთის მიერ „ტელეიმედისა“ და „პოსტივისთვის“ ფინანსური სანქციების დაწესება და განაცხადა, რომ ბრიტანეთს „გლობალური ომის პარტია“ მართავს.

მისი თქმით, ბრიტანეთის ელჩის დაბარების გარდა, მმართველი გუნდი სხვა ნაბიჯს არ განიხილავს და საქართველო „რჩება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში“.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ თქვა, რომ „ღირებულებითი თანხვედრის ფონზე, საქართველოს მიმართ აშშ-ის დღევანდელი დისტანცირებული პოზიცია ალოგიკურია და არაერთ კითხვის ნიშანს ბადებს“.

  • ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა პარასკევს, 27 თებერვალს.
  • პოლიტსაბჭოს სხდომას პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.
  • კობახიძემ ტელევიზიების სანქცირება ასევე დაუკავშირა „ინტერესთა ჯგუფს“, რომლის აღსაწერადაც სამი ტერმინი გამოიყენა: „დიპ სტეიტი, გლობალური ომის პარტია თუ ოლიგარქიული ოჯახები“.
  • „არის საერთო კოორდინაცია: აქაური აგენტურა და ბრიტანული ბიუროკრატია იმართება ერთი ხელიდან“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

„თავისუფალ მედიაზე თავდასხმა“

პროსახელისუფლებო ტელევიზიებს, „იმედსა“ და „პოსტივის“ - რომლებიც, არასამთავრობო ორგანიზაციების თანახმად, ხელისუფლების დირექტივებს მისდევენ - მან უწოდა „თავისუფალი ქართული მედია“ და თქვა:

„თავისუფალ ქართულ მედიაზე თავდასხმის რეალური მოტივი დისკრედიტებული, ცოცხალ-მკვდარი ოპოზიციისთვის მაჯისცემის შენარჩუნების მცირეოდენი შანსის მიცემა იყო“.

მან გაიმეორა, რომ „ერთ მხარეს დგას ქართველი ხალხის სამსახურში მყოფი „ქართული ოცნება“, ... მეორე მხარეს კი - გარე ძალების სამსახურში მყოფი რადიკალური ოპოზიცია, უცხოური აგენტურა“.

უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან ზუსტად 4 წლის თავზე, 24 თებერვალს, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა ორ ქართულ პროსახელისუფლებო ტელევიზიას.

სანქცირებული არიან „ტელეიმედი“ და „პოსტივი“ - „განზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელების გამო რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ“.

სანქცირების შემდეგ საქართველოს საგარეო უწყებაში დაიბარეს ბრიტანეთის ელჩი; მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ცინიკურია, რომ „დიდი ბრიტანეთი რუსეთზე გამარჯვების გზად ხედავს ორი ქართული ტელეარხის დასანქცირებას“.

„გლობალური ომის პარტია“

ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სანქცირების საფუძველი იყო „აბსურდული“, შემდეგ კი ბრიტანეთის ხელისუფლება „არაფორმალურ გავლენებს“ დაუკავშირა.

„ვინც მართავს ბრიტანულ ბიუროკრატიას, იგივე ადამიანები მართავენ ადგილობრივ ქართულ აგენტურას“, - განაცხადა მან.

მისი თქმითვე, ამ „პრობლემაზე“ ხშირად საუბრობს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი.

„ქართული ოცნება“ 2022 წლის შემდეგ მსხვილ საპროტესტო მოძრაობებს უწოდებს „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებს“, - პროცესს, რომელსაც მართავს „გლობალური ომის პარტია“, რომელსაც გავლენა აქვს მსოფლიო ლიდერებზე, მათ შორის ევროკავშირზე.

„დიპ სტეიტის რებრენდინგი?“ - კითხვები აშშ-სთან

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ოპოზიციურ ფლანგზე გაერთიანების მოწოდებებსა და მისი თქმით, ამ გაერთიანების აშშ-სთვის „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ალტერნატივად შეთავაზებაზე.

მან არაერთხელ უწოდა ოპოზიციას „აგენტურა“ და თქვა, რომ ეს განცხადება „საინტერესოა იმ ფონზე, რომ აშშ-ს მოქმედ ადმინისტრაციას ღიად აქვს გაცხადებული იმგვარი საგარეო-პოლიტიკური კურსი, რომელიც უცხო ქვეყნების შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩაურევლობას გულისხმობს“.

„რადგან ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ოპოზიციად წოდებულმა აგენტურამ ძალიან კარგად იცის, თუ ვინ არის მისი პატრონი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, როდესაც 99 პროცენტით კვლავ გაერთიანებული აგენტურული ოპოზიცია ისევ აშშ-ს სთავაზობს საკუთარ „მომსახურებას“ მათი განცხადებული პოლიტიკის მიუხედავად, რომ არ ჩაერევიან უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში, ეს ფაქტი ჩვენთვის დამატებით კითხვის ნიშნებს ბადებს“, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კვლავ იმედოვნებენ, - „დიპ სტეიტის“ წინააღმდეგ „დონალდ ტრამპის დაანონსებული ბრძოლა ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდება“.

„ამის საუკეთესო დასტური საქართველოს მიმართ ამერიკული ადმინისტრაციის დამოკიდებულების ცვლილება იქნება“, - თქვა მან და საქართველოს მიმართ აშშ-ის დღევანდელ „დისტანცირებულ პოზიციას“ „ალოგიკური“ უწოდა.

„საქართველოს მიმართ დამოკიდებულების ცვლილება დაადასტურებს, რომ „დიპ სტეიტის“ წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლა არა მოჩვენებითი მოვლენა და არაფორმალური ძალების რებრენდინგის მცდელობა, არამედ გულწრფელი და რეალურია. ჩვენ კვლავაც ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ მოლოდინს. ყველაფერს უახლოეს მომავალში მოეფინება ნათელი“, - განაცხადა მან.

  • 2025 წლის 18 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა უთხრა, რომ „საქართველოს მთავრობა აშშ-თან ურთიერთობების დღეს არსებული დონით კმაყოფილი არ არის“;
  • სტუმრის საქართველოში ჩამოსვლამდე ერთი დღით ადრე, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულმა ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა, შეთქმულების თეორიებით გაჯერებულ მორიგ წერილში, „დიპ სტეიტის“ წარმომადგენლად მოიხსენია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი;
  • მანამდე, 2025 წლის აპრილში, შათირიშვილი წერდა, რომ ახლა აშშ-ში „გლობალური ომის პარტიის“/„დიპ სტეიტის“ რებრენდინგი მიმდინარეობს, რის შემდეგაც დონალდ ტრამპი საქართველოს უარესი ძალით შემოუბრუნდება.
  • 2026 წლის 26 იანვარს თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ „არ ჩანს“, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „დიპ სტეიტი დაამარცხა“.


ფორუმი

XS
SM
MD
LG