მისი განმარტებით, კომერციული ბანკები ვალდებული არიან დაექვემდებარონ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თანხვედრაში არაა საერთაშორისო პრაქტიკასთან.
„ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკები წარმოადგენენ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შექმნილ იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობა ექვემდებარება საქართველოს კონსტიტუციასა და ეროვნულ კანონმდებლობას. იმ შემთხვევაში, თუკი წარმოიქმნება კოლიზია სხვა იურისდიქციაში მიღებულ ნორმატიულ აქტსა და საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას შორის, მოქმედი კომერციული ბანკები ვალდებული არიან იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად“, - აცხადებს თურნავა.
ეროვნული ბანკის გამოცდილება
2023 წლის სექტემბერში, როცა დიდმა ბრიტანეთმა ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, სანქციების აღსრულების წესი შეცვალა. ბანკის განმარტებით, „ადგილი აქვს პირველ პრეცედენტს, როდესაც ასეთი სანქციები შეეხო საქართველოს მოქალაქეს“ და კომერციულ ბანკებს მიუთითა, რომ სანქციები აღასრულონ, თუკი „გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი“.
„იმედისა“ და Pos TV-ის სანქცირება
გუშინ, 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან ზუსტად ოთხი წლის შემდეგ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა განაახლა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სია. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოში მოქმედ ორ პროსახელისუფლებო ტელევიზიას, „ტელეიმედსა“ და „პოსტივის“ (PosTV).
სანქცირების საფუძველია „დეზინფორმაცია დესტაბილიზაციის მიზნით“
ორივე ტელევიზიის შემთხვევაში სანქცირების ერთი და იგივე მიზეზია დასახელებული:
„ის ავრცელებს განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ ძირითადად საქართველოში მყოფ აუდიტორიაში, - ინფორმაციას, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას ან ძირს უთხრის, ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას“.
საქართველოს საჯარო რეესტრმა ორი პროსახელისუფლებო არხის სანქცირების მეორე დღეს ამავე ტელეკომპანიის მხარდამჭერი კომპანიები დაარეგისტრირა. განაცხადი რეესტრში დღეს, 25 თებერვალს შევიდა და დასტური დღესვე მიიღეს.
- შპს „პოსტივის მხარდამჭერების“ 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი გიორგი შენგელიაა.
- შპს „იმედის მხარდამჭერების“ 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ნიკა კლდიაშვილია. ის არხის სოციალური მედიის მიმართულებას ხელმძღვანელობს.
ფორუმი