Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეოლიგარქიზაცია: "ოცნების" პროექტით ოლიგარქების სიას ღარიბაშვილის მთავრობა შეადგენს


საილუსტრაციო ფოტო: ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია პარლამენტის წინ, 24 ივნისი, 2022 წელი
საილუსტრაციო ფოტო: ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია პარლამენტის წინ, 24 ივნისი, 2022 წელი

“ქართულმა ოცნებამ” კანონპროექტი ჩაასწორა და ოლიგარქების რეესტრის შემდგენელ ორგანოდ პარლამენტის ნაცვლად მთავრობა განსაზღვრა - უკრაინულ მოდელშიც “აღმასრულებელი“ წერიაო. 76 ხმით 6-ის წინააღმდეგ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი მეორე მოსმენით მიღებულია.

ევროკომისიის 12 პუნქტიდან ერთ-ერთი ყველაზე სადავო პირობის გარშემო პოლიტიკური კონსენსუსი არ შედგა. ოპოზიციის უმრავლესობა, “ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ დეოლიგარქიზაციის მოდელს, მხარს არ უჭერს.

ვინ არის ოლიგარქი? - რა ჩაიწერება კანონში

პროექტით, რომელზეც “ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ უკრაინული კანონის თარგმანია, ოლიგარქად მიიჩნევა ის, ვინც ჩამოთვლილი ოთხი კრიტერიუმიდან სულ მცირე სამს აკმაყოფილებს.

ოლიგარქია ის, ვინც:

  1. მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში;
  2. მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მედიაზე;
  3. [მისი ბიზნეს(ებ)ი] არის ბაზარზე დომინანტური და ამ მდგომარეობას ერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს;
  4. ფლობს საარსებო მინიმუმთან შედარებით მილიონჯერ მეტი ოდენობის თანხას. ​[საქართველოში ეს 2022 წლის მონაცემებით 250 მილიონი ლარი გამოდის]

ვენეციის კომისიის შეფასება?

ხელისუფლებას კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა შესთავაზა თბილისში სამუშაო ვიზიტით ჩამოსულმა ევროკომისარმა ვარჰეიმ. “ჩვენ ვთხოვეთ ქვეყანას ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა, რომელიც ამ სისტემას დაარეგულირებს. სწორედ ამიტომ ვთავაზობთ მთავრობას, რომ ვენეციის კომისიაზე გაიტანოს შესაფასებლად ეს კანონპროექტი”, - თქვა მან ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე 15 ნოემბერს.

პროექტის მეორე მოსმენით მიღებამდე ოპოზიციამ მმართველ გუნდს კენჭისყრის გადადება სთხოვა. “იქნებ გაითვალისწინოთ ევროკომისრის რეკომენდაცია და დაველოდოთ ვენეციის კომისიის დასკვნას”, - მიმართა დეპუტატებს ენმ-ის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე.

“ქართულ ოცნებას” ასეთი გეგმა, ჯერჯერობით, არ აქვს, კენჭისყრა მაინც ჩატარდა.

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან, მიხეილ სარჯველაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ “შინაარსიდან გამომდინარე“, დეოლიგარქიზაციის კანონის ვენეციის კომისიაში გაგზავნის აუცილებლობას ვერ ხედავს: “დრო გვაჩვენებს, მოგვიანებით რამდენად იარსებებს ამის საჭიროება”, - აღნიშნა მან.

პროექტის განხილვისას “ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიისგან უკრაინული კანონის შეფასებას ელოდა - კორექტირების დროს იმით ვიხელმძღვანელებთო. მეორე მოსმენით მიღებამდე ამანაც ვერ მოუსწრო.

“კონსულტაციებს გავმართავთ, რატომ არ მიიღო უკრაინამ ანალოგიურ კანონზე დასკვნა, ამის შემდეგ გადავწყვეტთ, გავაგზავნოთ თუ არა და აზრი აქვს თუ არა. ხომ არ არის ის შემთხვევა, როდესაც ვენეციის კომისია საერთოდ არ აპირებს ამ კანონზე დასკვნის გაცემას?”, - უთხრა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანოს - ვენეციის კომისიის დასკვნები - სარეკომენდაციო, მაგრამ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ქვეყნებისთვის, რომლებიც კანონმდებლობის დემოკრატიულ პრინციპებთან ჰარმონიზაციას ისახავენ მიზნად.

ოლიგარქებს მთავრობა გამოავლენს - რატომ?

დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ქართულ ვერსიას უკრაინულისგან ერთი ნიუანსი განასხვავებდა და ისიც შეცვალეს - ოლიგარქების რეესტრს აღმასრულებელი ხელისუფლება შექმნის, როცა თავიდან ეს უფლება პროექტით პარლამენტს უნდა ჰქონოდა.

“არარელევანტური გამოდიოდა პარლამენტის ჩაწერა. უკრაინაში აღმასრულებელი წყვეტს, საქართველოში პარლამენტი. აი, ამ მცირე მანიპულაციისათვისაც კი, კითხვის ნიშანი რომ არ ყოფილიყო, ამიტომ შეიცვალა ჩანაწერი”, - უთხრა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

მდინარაძის კოლეგამ, ნიკოლოზ სამხარაძემ კანონის ჩასწორება ოპოზიციას დააბრალა. დეპუტატის თქმით, ოპონენტებმა დაიწუნეს ჩანაწერი, რომლის მიხედვით პარლამენტს უნდა ჰქონოდა რეესტრის შედგენის მანდატი.

“ჩვენ შევთავაზეთ პარლამენტი, რადგან აქაა ყველა პოლიტიკური პარტია წარმოდგენილი. შესაბამისად, აქ შეიძლებოდა დისკუსია გაგვემართა, ვინ დააკმაყოფილებდა ამ [ოლიგარქობის] კრიტერიუმს და ვინ არა. გადავთქვით იმიტომ, რომ არავინ არ გვეთანხმება ამაში. თუ ასეა, მაშინ ავიღებთ უკრაინულ მოდელს”, - გვეუბნება სამხარაძე, მან ასევე თქვა: “ოლიგარქი უკრაინაშიც ოლიგარქია, გერმანიაშიც, ამერიკაშიც და საქართველოშიც. შესაბამისად, თუ მათ [ოპოზიციას] ნამდვილად უნდათ, ოლიგარქების გავლენა შემცირდეს, ისინი უნდა დაეთანხმონ კანონს. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ და კანონი იძლევა საშუალებას, ვინ არის ამ ქვეყანაში ოლიგარქი და ვინ - არა… თუ ჩვენ ვერ ვთანხმდებით ერთმანეთში, მაშინ მივიღოთ კანონი და მან დაარეგულიროს”.

“ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ ოლიგარქის სტატუსი უნდა განსაზღვროს პარლამენტთან არსებულმა ნეიტრალურმა კომისიამ, რომელსაც ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე ვერ შექმნის საპარლამენტო უმრავლესობა:

“მაგრამ [“ოცნება“] ამას არასდროს არ გააკეთებს, პირიქით, პარლამენტიდანაც კი გამოაქვთ და პირდაპირ პრემიერ-მინისტრს დაუქვემდებარეს. წარმოგიდგენიათ, რა კომიკური სიტუაცია იქნება, რომ ოლიგარქების რეესტრს შეადგენს ღარიბაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მონა-მორჩილია. გაუბედავს ის ივანიშვილს რეესტრში შეყვანას? ბოლოს და ბოლოს, სალომე ზურაბიშვილს მისცენ [რეესტრის შექმნის უფლება], ან საჯარო სამსახურის ბიუროს, სადაც დეკლარაციებს აბარებენ სახელმწიფო მოხელეები, ან აუდიტის სამსახურს, რომელიც აკვირდება პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბიუჯეტს. არა, მათ უნდათ, საკუთარ ხელში ჰქონდეთ მექანიზმი, როდესაც ოპოზიციას გამოაცხადებს ოლიგარქად და საკუთარ ოლიგარქებს ხელს გადააფარებს”.

“დამოუკიდებელი ინსტიტუტები ოლიგარქიის გარეშე” - საჭიროა კი ამისთვის კანონი?

“საქართველო წევრობის კანდიდატი გახდება, თუკი აიღებს და შეასრულებს "დეოლიგარქიზაციის" ვალდებულებას, აღმოფხვრის იმ გადაჭარბებულ ზეგავლენას, რომელიც პირად ინტერესებს აქვთ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე“ - ეს ევროკომისიის 12 პირობიდან მეხუთეა. არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ მისი შესრულება დამოკიდებულია დანარჩენი 11 პუნქტის დაკმაყოფილებაზე, ანუ დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერებაზე.

იგივე პოზიცია აქვს ოპოზიციის ნაწილსაც, რომელიც ამ კანონს მხარს არ უჭერს. დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ კანონპროექტის შინაარსის განხილვაც არ სურს, რადგან “ევროკავშირის მოთხოვნა არაა კანონის მიღება, საუბარია სისტემურ ცვლილებებზე. დეოლიგარქიზაცია მათი [ევროკავშირის] შეხედულებით არის დამოუკიდებელი ინსტიტუტების აღდგენა ქვეყანაში და ოლიგარქის გავლენისგან გათავისუფლება, მაგალითად, სასამართლო სისტემის, საკანონმდებლო ორგანოსი და ზოგადად, ინსტიტუციების გაძლიერება. ჩვენი პოზიცია იყო და ემთხვევა იმას, რაც დაფიქსირებული აქვს ევროკავშირს. ვერაფერს სხვას ვერ მოვიგონებთ. მათ უნდა გააკეთონ შეფასება, არის თუ არა ამ მხრივ პროგრესი… ჩვენი პოზიცია იყო, რომ ინსტიტუციური დამოუკიდებლობა თუ შეიქმნა, ეს იქნება დეოლიგარქიზაცია. როგორ შექმნის ამას "ქართული ოცნება", რომელმაც გადაწყვიტა, რომ სასამართლოში კიდევ უფრო განამტკიცოს კლანის მმართველობა, იმის ნაცვლად, რომ რეალური რეფორმა გაატარონ…”.

დეპუტატი ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ოლიგარქიზაციის პრობლემის გადაჭრა ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმებას გულისხმობდა და არა კანონშემოქმედებას. მისი თქმით, ეს კანონი არ უპასუხებს 12 პუნქტს იქიდან გამომდინარე, რომ არის ერთპარტიული, არ აქვს ოპოზიციის მხარდაჭერა.

“[დეოლიგარქიზაციის კანონი] კიდევ ერთი ინსტრუმენტია იმ ადამიანებზე ზეწოლისთვის, ვისაც კონკრეტული ფინანსები გააჩნია. რეალურად ამას გადაწყვეტს პრემიერი, ანუ მისი ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი. კანონში წერია, რომ უფლებამოსილება გადაეცა მთავრობას და იქ შეიქმნება რაღაც ტიპის საბჭო. თუმცა ეს იქნება ერთპარტიული, მთავრობაში ერთი ძალაა”, - თქვა სამნიძემ.

ჩაკეტილი წრე

დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციის შესასრულებლად რომ ინსტიტუტების გაძლიერებაა საჭირო, ამბობს საიას “დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის” დირექტორი ნანუკა კრუაშვილი. მისი აზრით, ახალი კანონი არ უნდა მიეღოთ, თუმცა რადგან მიღებას აპირებენ, ოლიგარქების სიის შედგენა მთავრობასა და მმართველ პარტიას თუ დაევალება, ეს “დიდ საფრთხეს" შექმნის და, მისივე სიტყვებით, გადაწყვეტილებების თვითნებურად მიღების საშიშროება დადგება.

“ყველაზე სასურველი იქნებოდა, ეს სია გადასულიყო დამოუკიდებელი ინსტიტუტის ხელში, თუმცა კვლავ მივდივართ შედეგამდე, რომ ჩვენ დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ გვაქვს. წრეზე ვტრიალებთ. ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული და დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ამაზე გავლენას ახდენს ოლიგარქი; იმისთვის, რომ ოლიგარქები მოვიშოროთ, გვჭირდება დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ვინც მიიღებს ამაზე გადაწყვეტილებას”.

დეოლიგარქიზაციის კანონის საბოლოო დამტკიცებამდე კიდევ ერთი მოსმენაა დარჩენილი. იგი მიღებიდან მხოლოდ 6 თვის შემდეგ ამოქმედდება. პროექტის მიხედვით, კანონი ათი წლის განმავლობაში იქნება ძალაში.

  • 16x9 Image

    გვანცა ნემსაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG