Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოჯახური დანაშაულის საქმეებზე მხოლოდ სპეციალიზებული სამართალდამცავები იმუშავებენ


1 მაისიდან ოჯახური დანაშაულის საქმეებზე მხოლოდ სპეციალიზებული პროკურორები და გამომძიებლები იმუშავებენ. ამ დროისათვის პროკურატურის სისტემაში უკვე სერტიფიცირებულია 101 ადამიანი. მათი სპეციალიზაციის სასწავლო პროგრამა, ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან ერთად, ძალადობის შედეგად დაზარალებულებთან სწორი კომუნიკაციის უნარების გამომუშავებას მოიცავდა.

ოჯახში ძალადობის შესახებ მონაცემები

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით:

  • 2018 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საქართველოში 800-ზე მეტი ოჯახური დანაშაული მოხდა;
  • გამოძიება დაიწყო ოჯახური დანაშაულის ნიშნების შემცველ 1200-მდე შეტყობინებაზე;
  • წინა პერიოდთან შედარებით, პოლიციისათვის შეტყობინების მაჩვენებელი პრაქტიკულად ორჯერაა გაზრდილი.

ოჯახური დანაშაულის მიმართ მგრძნობელობის მიმართულებით გამომძიებელთა სპეციალიზაციის პროცესი გრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროშიც,რადგან ითვლება,რომ სწორედ სამართალდამცავთა სენსიტიურობაა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ოჯახში დანაშაულის ეფექტურ გამოძიებასა და დისკრიმინაციის ფაქტების სათანადო შეფასებასა და პრევენციას უშლის ხელს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საქართველოში 800-ზე მეტი ოჯახური დანაშაული მოხდა, გამოძიება კი ოჯახური დანაშაულის ნიშნების შემცველ1200-მდე შეტყობინებაზე დაიწყო. ზოგადად, წინა პერიოდთან შედარებით, პოლიციისათვის შეტყობინების მაჩვენებელი პრაქტიკულად ორჯერაა გაზრდილი, თუმცა სამართალდამცავთა მიერ ოჯახური დანაშაულის სათანადოდ შეფასება და მსხვერპლთა მიმართ ემპათიის გაჩენა მაინც საჭიროებს სპეციალიზებულ გადამზადებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებთან მომუშავე ფსიქოლოგი მაია ცირამუა შენიშნავს, რომ, ზოგადად, ინტერესი გაზრდილია და გამომძიებლებიც აქტიურად სვამენ შეკითხვებს:

„ბევრი სამუშაოა, ზოგადად, სტერეოტიპების მიმართულებით, იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი რამ, რაც ღრმადაა გამჯდარი ჩვენს მენტალობაში, რომელსაც სერიოზული და ხანგრძლივი მუშაობა სჭირდება არა მხოლოდ ლოკალურ პროფესიულ დონეზე, არამედ, ზოგადად, მთელი საზოგადოების დონეზე. თუმცა არის მაღალი ინტერესი, მაღალი ჩართულობა,იყო დისკუსიაც, სხვადასხვა შემთხვევის განხილვა“.

მაია ცირამუა ფიქრობს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახში ძალადობის საქმეების გამომძიებლებისთვის თანდათან გასაგები გახდეს ძალადობრივი ქცევისა და მსხვერპლის მახასიათებლები. თავის მხრივ, პროკურორებთან იმუშავა ფსიქოლოგმა ქეთევან თავართქილაძემ და ისეთ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა: ვინ არიან მოძალადეები, რას შეიძლება განიცდიდეს მსხვერპლი, რა არის ოჯახში ძალადობა ფსიქოლოგიური კუთხით და ასე შემდეგ. ქეთევან თავართქილაძე ამბობს,რომ პროკურორებს, რომლებიც საგანგებოდ გადამზადდნენ ოჯახში ძალადობის საქმეებზე სამუშაოდ, ახლისადმი მიმღებლობა გამოარჩევთ:

მსგავსი კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე პროკურატურა ახორციელებს უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას. ძირითად შემთხვევებში ჩვენ მსგავსი კატეგორიის დანაშაულზე ვითხოვთ პატიმრობას და ასევე საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში ვიყენებთ მკაცრ სასჯელებს...
ირაკლი შოთაძე

“ტრენინგები დამთავრდება, მაგრამ რაც ადრე ჩატარდა, იქიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ შემდეგ პრაქტიკულად თანამშრომლობენ ფსიქოლოგებთან და არის საკითხები, ტელეფონით აინტერესებთ და გვარდება, არის საკითხები, რომლებსაც მოდიან და ისე კითხულობენ“.

ოჯახში დანაშაულის საქმეებზე განწესებული 101 პროკურორისა და გამომძიებლისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი მთავარ პროკურატურაში 30 აპრილს გაიმართა. შეხვედრაზე, რომელიც, მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელ ერიკა კვაპილოვასთან ერთად გახსნა, ითქვა, რომ პროფესიონალთა სპეციალიზაციის პროცესი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობას გაზრდის:

“მსგავსი კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე პროკურატურა ახორციელებს უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას. ძირითად შემთხვევებში ჩვენ მსგავსი კატეგორიის დანაშაულზე ვითხოვთ პატიმრობას და ასევე საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში ვიყენებთ მკაცრ სასჯელებს. ამის მიზანი არის, რომ ოჯახური დანაშაულის ფაქტებზე მოხდეს მაქსიმალურად ეფექტური გამოძიება, აღკვეთილ იქნეს მსგავსი დანაშაული და მაქსიმალურად შევძლოთ ის, რომ არ მოხდეს დაზარალებულების მეორადი ვიქტიმიზაცია“.

გამომძიებელთა სპეციალიზაციის პროცესში ჩართული „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის“ წარმომადგენელი კი, ელისო ამირეჯიბი, აღნიშნავს, რომ თუ სამართალდამცავებს ოჯახში ძალადობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მგრძნობელობა არ აქვთ, მარტო კანონის ცოდნა არაფერს ნიშნავს:

„იგივე ფაქტზე გამოძახებისას, მაგალითად, პოლიციამ უნდა შეაფასოს რა რისკია იმ შემთხვევაში, თუ არ გამოწერს შემაკავებელ ორდერს, ან რა რისკია იმ შემთხვევაში, თუ არ გაიყვანს მსხვერპლს თავშესაფარში, ან რა რისკია იმ შემთხვევაში, რომ არ მოხდეს სისხლის სამართლის დანაშაული. ეს უნდა შეაფასოს თავისი ცოდნის, უნარის და შინაგანი რწმენის საფუძველზე. ქვეყანა კი არის პატრიარქალური და პოლიციაც და პროკურორიც ამ საზოგადოების ნაწილია და ისევე ფიქრობს ქალთა უფლებებზე და ოჯახში ძალადობის თემაზე,როგორც საზოგადოების ერთი ნაწილი“.

ელისო ამირეჯიბი ამბობს, რომ ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა და სამართალდამცავთა გადამზადებაც მუდმივი პროცესი უნდა იყოს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლად შექმნილი ადამიანის უფლებების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე მაკა ფერაძე კი გვიზუსტებს, რომ უკვე გადამზადდა 27 კაცი და ეტაპობრივად პროცესში ჩაერთვება ყველა გამომძიებელი იმისთვის, რომ სპეციალიზებულნი იყვნენ ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებაზე.

ოჯახში ძალადობის სპეციფიკის გათვალისწინებით, სამართალდამცავი უწყებების სპეციალიზებული მიდგომების აუცილებლობაზე სისტემატურად ლაპარაკობდა სახალხო დამცველიც თავის რეკომენდაციებში. შესაბამისად, უკვე ამოქმედებულ სიახლეს წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს ომბუდსმენის მოადგილე ეკა სხილაძე, რომელიც აქვე აღნიშნავს, რომ სამართალდამცავი უწყებების გააქტიურებას სათანადოდ ვერ უწყობს ფეხს სოციალური სამსახური, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სისტემა:

ეკა სხილაძე
ეკა სხილაძე

“კერძოდ, სოციალური მუშაკების რიცხვი არის ძალიან მცირე, მათი რესურსები არის შეზღუდული და მათი სამუშაო პირობები რთული, რაც ართულებს იმას, რომ ოჯახში ძალადობის ყველა შემთხვევაში, სადაც მათი ჩართულობის საჭიროება არსებობს, ისინი იყვნენ ჩართულები. ეს არის მთავარი პრობლემა და ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დახმარება არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ თავშესაფრის სერვისით, არამედ სახელმწიფოს გააჩნდეს უფრო სიღრმისეული ხედვა და მიდგომა, რომ მსხვერპლის სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება მოხდეს, რადგან ხშირად მათ არა აქვთ პროფესია, არ აქვთ სამსახური“.

ასეთ დროს, მსხვერპლს წასასვლელი არ აქვს და კვლავ ძალადობრივ გარემოს უბრუნდება, შენიშნავს ეკა სხილაძე. მისი აზრით, რეფორმაში ჩართული უნდა იყოს ყველა რგოლი და, შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, გენდერულად სპეციფიკური დანაშაულების მიმართ მგრძნობელობის გაზრდის მიზნით უნდა გადამზადდნენ მოსამართლეებიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG