Accessibility links

პანდემიის დროს როდის და როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები უსაფრთხოდ?


საპარლამენტო არჩევნები სამხრეთ კორეაში.

კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში გადაიდო არჩევნები.

მკაცრი საკარანტინო ზომების თანდათანობით შემსუბუქების ფონზე ბევრ ქვეყანაში გამწვავდა დისკუსიები იმაზე, თუ როგორ და როდის უნდა გაიხსნას საარჩევნო უბნები.

ზოგან არჩევნები პოლიტიკური ცხოვრების აქტუალური პრობლემაა, ზოგან კი არჩევნების ციებ-ცხელება რამდენიმე თვის შემდეგაა მოსალოდნელი. პოლიტიკოსები და ჯანდაცვის ექსპერტები აქტიურად განიხილავენ სხვადასხვა სცენარს, რომლითაც შეიძლება განვითარდეს მოვლენები უახლოეს მომავალში და ოდნავ მოგვიანებით. მთავრობები ყურადღებით აკვირდებიან ერთმანეთის გამოცდილებას პანდემიის პირობებში საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების საწარმოებლად.

საქართველოში შემოდგომაზე გაიმართება ძალზე მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები. დრო თითქოს ბევრია, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ იმდენ ახალ და უცნობ პრობლემასთან პირისპირ დგომა გვასწავლა, რომ რთულია ნახევარი წლით ადრე რამის პროგნოზირება.

ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით სასარგებლოა სხვათა გამოცდილების ცოდნა, რათა ქართულმა საზოგადოებამ დროზე გააცნობიეროს მთელი რიგი სამედიცინო თუ პოლიტიკური ხასიათის საფრთხეები: რამდენად იძლევა ვირუსის გავრცელება და მასთან ბრძოლის მეთოდები ისეთი მასობრივი ღონისძიების ჩატარების საშულებას, როგორიც არჩევნები და კენჭისყრაა? რის დათმობა შეიძლება სამედიცინო თვალსაზრისით და რა პოლიტიკურ კომპრომისებზე წასვლამ შეიძლება მოგვიწიოს არჩევნების ჩასატარებლად? საგანგებო და უჩვეულო ვითარებაში არჩევნების ჩატარება ხომ არ ანიჭებს უპირატესობას რომელიმე პოლიტიკურ ძალას და რა შეიძლება გაკეთდეს ამის თავიდან ასაცილებლად? და ა.შ.

თებერვლის ბოლოდან 50-ზე მეტმა ქვეყანამ შეცვალა ქვეყნის მასშტაბის, რეგიონული თუ ადგილობრივი არჩევნების ვადები.

გადატანილ კენჭისყრებს შორისაა ირანში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური, რომელიც 17 აპრილს უნდა ჩატარებულიყო, 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნები ჩრდილოეთ მაკედონიაში, საყოველთაო არჩევნები სერბეთში, რომელიც 26 აპრილისთვის იყო დაგეგმილი.

ევროპაში მკაცრი საკარანტინო ზომები უკვე დაწყებული იყო 17 მარტს, როცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა დეკრეტს, რომლის მიხედვით, 22 აპრილს უნდა ჩატარებულიყო საერთო-სახალხო კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე. თუმცა, მან მაშინვე თქვა, რომ ვადა შეიძლებოდა შეცვლილიყო.

ამჟამად მოქმედი კანონი პუტინს უკრძალავს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. მაგრამ ერთ-ერთი საკონსტიტუციო ცვლილება სწორედ ამის „გამოსწორებას“ ისახავს მიზნად. საკონსტიტუციო ცვლილებების გატარების შემთხვევაში პუტინი შეიძლება კვლავ იქნეს არჩეული პრეზიდენტად 2024 და 2030 წლებში. რაც იმას ნიშნავს, რომ ის პოტენციურად შეიძლება 2036 წლამდე დარჩეს პრეზიდენტის სავარძელში.

მაგრამ 25 მარტს პუტინმა გამოაცხადა, რომ საერთო-სახალხო კენჭისყრა გადაიდება, ახალი ვადა არ დანიშნულა.

ზოგი ანალიტიკოსის აზრით, ის შეიძლება საერთოდ არ გაიმართოს, ვინაიდან რუსეთი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩაბმული.

რუსეთმა ასევე გადაიტანა მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა ადგილობრივი არჩევნები, - მთლიანობაში 90-ზე მეტი, - რაც 5 აპრილიდან 23 ივნისამდე უნდა ჩატარებულიყო.

გადაიდო პაკისტანის არჩევნების დამატებითი ტური, რომელიც მარტში უნდა გამართულიყო, ასევე სომხეთის 5 აპრილის რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ.

ადგილობრივი არჩევნების თარიღები გადაიტანეს კოსოვოში, ყირგიზეთში, მონტენეგროსა და რუმინეთში.

შეფერხება და დავა ბელგრადში

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი პრობლემების წინაშე დგას. ოპოზიციამ შესაძლოა ბოიკოტი გამოუცხადოს საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებს და ამით კიდევ უფრო გააღრმავოს პოლიტიკური კრიზისი.

15 მარტს, როცა ბელგრადმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა პანდემიის გამო, ქვეყანა შუა საარჩევნო კამპანიაში იმყოფებოდა 26 აპრილის საყოველთაო არჩევნების წინ.

16 მარტს სერბეთის სახელმწიფო საარჩევნო კომისიამ ყოველგვარი საარჩევნო საქმიანობა შეწყვიტა.

მაგრამ ვუჩიჩს, რომელიც მმართველ ძალას, სერბეთის პროგრესულ პარტიას უდგას სათავეში, ბრალად დასდეს, რომ ის ყოველდღიურ გამოსვლებს საკუთარი და მოკავშირეების პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებდა.

მას შემდეგ, რაც ვუჩიჩი პირადად გაემგზავრა ნოვი პაზარში, რათა ადგილობრივი საავადმყოფოსთვის სამედიცინო ტექნიკა ჩაეტანა, ქალაქის მერის ერთ-ერთმა მოადგილემ, ემირ ასჩერიჩმა პრეზიდენტს ბრალი დასდო ფარული საარჩევნო კამპანიის წარმოებაში.

საპროტესტო გამოსვლა ბელგრადში.
საპროტესტო გამოსვლა ბელგრადში.

პოლიტიკური მიმომხილველების აზრით, მოსალოდნელია, რომ სერბეთის მმართველი პარტია წარმატებას მოიპოვებს, როცა არჩევნები ბოლოს და ბოლოს ჩატარდება. მაგრამ, მათივე თქმით, პარტია მეტ წარმატებას მიაღწევს, თუკი არჩევნები მალე გაიმართება.

ვარაუდობენ, რომ საყოველთაო არჩევნები ზაფხულში ჩატარდება, როცა ვუჩიჩის პარტიას მეტი მოგების მოპოვება შეუძლია კორონავირუსთან დაკავშირებული ზომების პოპულარობის გამო. ამ ზომებს შორისაა 11750 სერბული დინარის (108 აშშ დოლარი) ოდენობის ეკონომიკური სტიმულირების დახმარება ყველა მოქალაქისთვის და სახელმწიფო დახმარება დაბალხელფასიანი ადამიანებისთვის.

მიიჩნევა, რომ არჩევნების 2020 წლის ბოლოსკენ გადაწევა მმართველი პარტიისთვის იმიტომაც შეიძლება აღმოჩნდეს სარისკო, რომ იმ დროისთვის ქვეყანაში რეცესიაა მოსალოდნელი. ეს კი ოპოზიციის წისქვილზე დაასხამდა წყალს.

პარლამენტის სპიკერმა მაია გოიკოვიჩმა უკვე უკუაგდო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ბოსკო ობრადოვიჩის მოწოდება არჩევნების შემოდგომამდე გადადების შესახებ.

გოიკოვიჩმა, რომელიც ვუჩიჩის პარტიის წევრია, განაცხადა, რომ არჩევნების გადადებით სერბეთის კონსტიტუცია დაირღვეოდა.

არჩევნები ჩრდილოეთ მაკედონიაში

ჩრდილოეთმა მაკედონიამ თებერვალში დაითხოვა პარლამენტი და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა 12 აპრილისთვის.

წინასაარჩევნო აგიტაციის დაწყებამდე ორი დღით ადრე სკოპიემ შეაჩერა ყველა საარჩევნო ღონისძიება და კენჭისყრა გადადო.

ისევე, როგორც სერბეთში, გადატანილი არჩევნები ავტომატურად ჩატარდება, როგორც კი გაუქმდება საგანგებო ვითარება.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს მაისის შუა რიცხვებში მოხდება, თუკი ამას ხელს შეუწყობს ქვეყანაში ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ქალი ევროკავშირს ოფისის წინ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში. პლაკატზე წერია: „ევროკავშირი შენთვის“.
ქალი ევროკავშირს ოფისის წინ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში. პლაკატზე წერია: „ევროკავშირი შენთვის“.

ისევე, როგორც სერბეთში, ჩრდილოეთ მაკედონიის შემთხვევაშიც ვარაუდობენ, რომ პრემიერ-მინისტრ ზორან ზაევის მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატიული კავშირისთვის უფრო მომგებიანი იქნება, თუკი არჩევნები მალე გაიმართება.

აქაც ოპოზიციას მეტ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ, თუკი არჩევნები გადაიდება შემოდგომამდე, როცა ეკონომიკური ვითარება შეიძლება გაუარესდეს.

არჩევნების მალე ჩატარების სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებისთვის ზაევის მთავრობამ შეიძლება გამოიყენოს შიშები კორონავირუსის შესაძლო მეორე ტალღის შესახებ.

ფოსტით არჩევნები პოლონეთში

პოლონეთში 10 მაისის საპრეზიდენტო არჩევნები უცნაურ კენჭისყრად გადაიქცა. მასში საარჩევნო უბნები დაკეტილი იყო და არჩევნებზე გამოცხადება - ნულის ტოლი.

ქვეყანაში რამდენიმე კვირაა, გრძელდება პოლიტიკური კრიზისი იმის თაობაზე, თუ როგორ გაიმართოს არჩევნები პანდემიის პირობებში.

საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრა ოფიციალურად არც გაუქმებულა და არც გადადებულა, ვინაიდან მთავრობა და ოპოზიცია ვერ შეთანხმდნენ კონსტიტუციურ და უსაფრთხო ვარიანტზე.

პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელშიც ფოსტას დაევალა კენჭისყრის ჩატარება. მაგრამ თარიღის შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

მთავრობას არჩევნები სურდა ივნისამდე, მაგრამ ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ეს ძალზე ნაადრევია.

პოლონეთის არჩევნების ვადები მას შემდეგ იქცა პრობლემად, რაც კორონავირუსთან დაკავშირებულმა ზომებმა დააბრკოლა საარჩევნო ღონისძიებები და კანდიდატებს ხელი შეუშალა აგიტაციასა და საჯარო მიტინგების ჩატარებაში.

მმართველ პარტიას, „სამართალსა და სამართლიანობას“, თავდაპირველად სურდა, არჩევნების პირველი ტური 10 მაისს გამართულიყო. მისი თქმით, ეს უსაფრთხოდ შეიძლებოდა გაკეთებულიყო საფოსტო სისტემის გამოყენებით.

მაგრამ მთავრობაში უმცროსმა პარტნიორმა შესაძლო თაღლითობისა და ტექნიკური შეცდომების შიშით უარი თქვა ამ იდეაზე.

ფოსტის მუშაკები სპეციალურ ბიულეტენებს დაუგზავნიან მოსახლეობას და შემდეგ ისინი ამ ბიულეტენებს საგანგებო საფოსტო ყუთებში ჩაყრიან.

ოპოზიცია, საერთაშორისო მეთვალყურეები და ევროკავშირი ფოსტის მეშვეობით „თავისუფალი და სამართლიანი“ არჩევნების სირთულეებზე ლაპარაკობენ.

ამავე დროს ოპოზიციამ მმართველ პარტიას ბრალი დასდო, რომ ის საკუთარ პოლიტიკურ საჭიროებებს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მაღლა აყენებს და არ იცავს კანონის უზენაესობას.

პოლონეთის ოპოზიციის თანახმად, სწრაფი კენჭისყრა უპირატესობას ანიჭებს მოქმედ პრეზიდენტ ანდჟეი დუდას, მმართველი პარტიის მოკავშირეს, რომელიც კორონავირუსის კრიზისთან დაკავშირებით გამუდმებით იმყოფება მედიის ყურადღების ცენტრში, მაშინ, როცა დანარჩენმა ცხრა კანდიდატმა ვერ შეძლო კამპანიის ჩატარება.

„კანონისა და სამართლიანობის“ პარტიის ლიდერი, იაროსლავ კაჩინსკი აღიარებს, რომ დუდამ შეიძლება დაკარგოს გამოკითხვებში ლიდერობა, თუკი არჩევნები შემოდგომამდე გადაიდება, როცა სავარაუდოდ გაუარესებული ეკონომიკური ვითარება გავლენას მოახდენს ამომრჩეველზე.

სამხრეთ კორეის წარმატება

20 ქვეყანას შორის, რომლებმაც მარტსა და აპრილში დაგეგმილი არჩევნები არ გადადეს, სამაგალითოდ მიიჩნევა სამხრეთი კორეა, რომელმაც ყველაზე დიდი პასუხისმგებლობით ჩაატარა საყოველთაო არჩევნები შუა პანდემიის დროს.

15 მარტის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელმა 66%-ს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალია უკანასკნელი სამი ათეული წლის განმავლობაში.

ხალხი სეულის ქუჩაში.
ხალხი სეულის ქუჩაში.

სამხრეთკორეელი ამომრჩევლების მეოთხედზე მეტმა წინასწარი კენჭისყრის მეთოდი გამოიყენა და ამგვარად საარჩევნო უბნები განიტვირთა არჩევნების დღეს.

იმ ამომრჩევლებს, რომლებმაც საარჩევნო უბნებში უყარეს კენჭი, დაურიგდათ პირბადეები და ხელთათმნები. იგივე გაკეთდა საიმისოდ, რომ კანდიდატებს სააგიტაციო კამპანია ჩაეტარებინათ.

საარჩევნო ჯიხურებს რეგულარულად უკეთებდნენ დეზინფექციას, ამომრჩევლები ერთმანეთისგან დაშორებით იდგნენ და ელოდნენ საკუთარ რიგს.

საარჩევნო უბნის კართან ამომრჩევლებს სიცხეს უზომავდნენ. სიცხიანები საგანგებოდ გამოყოფილ ჯიხურებში უყრიდნენ კენჭს.

სამხრეთ კორეას არასოდეს მიუმართავს ისეთი მკაცრი საკარანტინო ზომებისთვის, როგორებიც შემოიღეს სხვა ქვეყნებში.

მაგრამ ავადმყოფ ამომრჩევლებსაც კი მიეცათ საშუალება, მონაწილეობა მიეღოთ კენჭისყრაში.

მრავალრიცხოვანი დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ სამხრეთ კორეის მაგალითი სხვებმაც - მათ შორის, შეერთებულმა შტატებმაც - შეიძლება გამოიყენონ პანდემიის პირობებში არჩევნების ჩასატარებლად.

ვისკონსინის ფიასკო

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ჯერაც 3 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი.

მაგრამ წინასწარი შიდა პარტიული არჩევნები, რომლებიც თითოეული პარტიის კანდიდატის გამოსავლენად ტარდება, მარტიდან მოყოლებული შეჩერებულია მას მერე, რაც აშშ-ში მკვეთრად გაიზარდა ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი.

ვისკონსინის შტატმა არ გააუქმა 7 აპრილისთვის დაგეგმილი დემოკრატიული პარტიის პრაიმერისი, მას შემდეგ, რაც აშშ-ის საოლქო სასამართლომ უკუაგდო შუა პანდემიის დროს არჩევნების ჩატარების წინააღმდეგ მიმართული სარჩელები.

სასამართლოს დადგენილებაში აღნიშნულია, რომ გრაფიკის მიხედვით არჩევნების გამართვა „უპრეცედენტო ტვირთად“ დააწვება ამომრჩევლებს, საარჩევნო კომისიების თანამშრომლებს და სახელმწიფო მოხელეებს.

აშშ-ის საოლქო სასამართლოს მოსამართლემ, უილიამ კონლიმ არჩევნები 13 აპრილისთვის გადაიტანა, რათა ამომრჩევლებს, რომლებმაც ფოსტით კენჭისყრა მოისურვეს, მოესწროთ ბიულეტენების მიღება და დაბრუნება.

მაგრამ სასამართლომ დაადგინა, რომ კენჭისყრის ვადა უნდა გადაიტანონ შტატის დემოკრატმა გუბერნატორმა ტონი ევერსმა და შტატის კანონმდებლებმა.

ხალხი საკარანტინო ზომებს აპროტესტებს ვისკონსინის დედაქალაქ მედისონში. 2020 წ. 24 აპრილი.
ხალხი საკარანტინო ზომებს აპროტესტებს ვისკონსინის დედაქალაქ მედისონში. 2020 წ. 24 აპრილი.

თავდაპირველად ევერსმა განაცხადა, რომ არ გააჩნია არჩევნების გადადების უფლებამოსილებები და მოუწოდა შტატის საკანონმდებლო ორგანოს, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ, გაეუქმებინა პიროვნული კენჭისყრის მეთოდი და ფოსტით კენჭისყრა მაისის ბოლომდე გაეგრძელებინა.

მაგრამ კანონმდებლებმა არ მიიღეს მისი თხოვნა და არჩევნები ჩატარება აიძულეს. მაგრამ ევერსმა 6 აპრილს გამოსცა აღმასრულებელი განკარგულება არჩევნების ორი თვით გადადების შესახებ. ეს ბრძანებულება იმავე დღეს დაბლოკა შტატის უზენაესმა სასამართლომ.

ამის შემდეგ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა მოსამართლე კონლის გადაწყვეტილება და ამით არჩევნების თარიღი კვლავ 7 აპრილისთვის დააბრუნა.

არჩევნების დღეს ოფიციალურმა პირებმა მილუოკიში განაცხადეს, რომ 180-დან მხოლოდ ხუთი საარჩევნო უბნის გახსნა შეეძლოთ, ვინაიდან საარჩევნო უბნების თანამშრომელთა უმრავლესობა 60 წელს გადაცილებული იყო და ისინი შინ გაუშვეს დაავადების საფრთხის გამო.

12 ათასამდე ვისკონსინელმა ამომრჩეველმა, რომელმაც ფოსტის მეშვეობით კენჭისყრა მოითხოვა, არჩევნების დღისთვის ვერ მიიღო საარჩევნო ბიულეტენი.

ამასობაში ხალხი, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი იყო ინფიცირების საფრთხე, კენჭის საყრელად გრძელ რიგებში იდგა საარჩევნო უბნებში.

რამდენიმე კვირის შემდეგ ჯანდაცვის მუშაკებმა მხოლოდ მილუოკიში აღმოაჩინეს არანაკლებ 40 შემთხვევისა, როცა ამომრჩევლები კენჭისყრაში მონაწილოებისას დაავადდნენ.

კრიტიკოსების აზრით, ვისკონსინის 7 აპრილის არჩევნები იყო ფიასკო და ამავე დროს მნიშვნელოვანი გაკვეთილი იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა ჩატარდეს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის ნოემბერში.

მათი თქმით, შტატების მთავრობებმა და ფედერალურმა ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიიღონ ზომები, რათა მოემზადონ მასობრივი ხასიათის საფოსტო კენჭისყრისთვის, დაიცვან საარჩევნო კომისიების თანამშრომლები და საარჩევნო უბნებში მისული ამომრჩევლები, და უზრუნველყონ, რომ მოქალაქეებს უარი არ უთხრან მათ უფლებაზე, მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში, რომელშიც, დიდი ალბათობით, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG