Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თითქოს არაფერი ხდება" - სხვა რეალობა პარლამენტში - "აგენტების კანონის" დამტკიცების შემდეგ


"აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეთა წარწერები პარლამენტის შენობაზე. 23 მაისი, 2024 წელი.
"აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეთა წარწერები პარლამენტის შენობაზე. 23 მაისი, 2024 წელი.

„ქართული ოცნება“ პარტნიორებმა, მათ შორის ბრიუსელიდან, მრავალჯერ გააფრთხილეს, რომ ე.წ. აგენტების კანონი გადაულახავი ბარიერია ევროკავშირის გზაზე. საპარლამენტო უმრავლესობა ირწმუნება, რომ კანონი ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს მხოლოდ განამტკიცებს.

პირველი სამუშაო კვირა ქუჩის პროტესტის გარეშე პარლამენტში, მშვიდად დაიწყო. სპიკერის ხელმოწერით გამოქვეყნდა "კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" - იგივე "უცხოეთის აგენტების" კანონი. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა კი ორი დოკუმენტი განიხილა: „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა და ასევე მთავრობის წარდგენილი დოკუმენტი - „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

სხდომაზე ორივე დოკუმენტს დაუჭირეს მხარი.

"მთავარია ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობა", - თქვა კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა და მომხსენებლების, ეკონომიკის მინისტრის მოადგილეების, წარდგენილი ინფორმაცია ამ მხრივ სრულყოფილად მიიჩნია.

კომიტეტი ივნისში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების „10-წლიან პროგრესს“ შეაჯამებს. გამოყოფილია სამი დღე - 16, 17 და 18 ივნისი.

„ასოცირების შესრულების 10-წლიან პერსპექტივაში განხილვას განვაგრძობთ ივნისის თვეში. ვგეგმავთ სამი გაერთიანებული კომიტეტის ჩატარებას... შესაბამისი სამინისტროების შესაბამის წარმომადგენლებთან ერთად განვიხილავთ იმ 10-წლიან პროგრესს, რომელიც საქართველომ განიცადა 2014 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას“, - თქვა სხდომაზე ბოჭორიშვილმა.

სამი სხდომა 6 დღეში

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ „აგენტების კანონი“ საბოლოოდ დაამტკიცა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 6 დღეში სამი სხდომა გამართა. აქედან ორი სწორედ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მომზადებულ ანგარიშებს დაეთმო - შრომის უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის სფეროებში.

31 მაისს გამართულ სხდომაზე მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ „ასოცირების შეთანხმებამ შექმნა ევროკავშირში ინტეგრაციის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მყარი ფუნდამენტი, რომლის შესრულებითაც საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება ევროკავშირს“.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომებს არაფერი ეტყობა, რომ საქართველო საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება: მრავალი გაფრთხილების შემდეგ, რომ „აგენტების კანონის“ გამო, ევროინტეგრაციის პროცესი შეფერხდებოდა, კონკრეტულად რა ზომებს გამოიყენებს ბრიუსელი ან ცალკეული დედაქალაქები?

კომიტეტის სხდომებში აღარ მონაწილეობს დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია.

„სიმართლე გითხრათ, არ მახსენდება ასეთი ინტენსივობით სხდომების გამართვა, რაც „რუსული კანონის“ დამტკიცების შემდეგ ხდება... ანგარიშებს ისმენენ ძირითადად, თითქოს არაფერი მომხდარა... ახლა ჩვენ უნდა ვმუშაობდეთ ევროკომისიის 9 რეკომენდაციაზე, რომ არა ეს „რუსული კანონი“ და [ქვეყნის საგარეო] კურსის შეცვლა.

მართლა სიურრეალისტურია ის ვითარება, რაც ევროინტეგრაციის კომიტეტშია - უმრავლესობის დეპუტატები სხედან და თითქოს საკუთარ თავს აჯერებენ, რომ ქვეყანაში არაფერი ხდება ანდა საზოგადოებას ატყუებენ“, - ეუბნება თეონა აქუბარდია რადიო თავისუფლებას.

ოპოზიციონერი დეპუტატისთვის ღიმილის მომგვრელია, რომ კომიტეტი ევროინტეგრაციის თემაზე რეგიონებში გასვლით სხდომებს გეგმავს, მაშინ როცა გასული 4 წლის განმავლობაში ეს არასოდეს მომხდარა და „ამას აკეთებენ ახლა, როცა მთელი დასავლეთი გვეუბნება, რომ დასრულდა ჩვენი ევროინტეგრაციის შესაძლებლობები და მაშინ, როცა მთელ დასავლეთს ლანძღავენ“.

ევროპული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ერთ-ერთია იმ 85 დეპუტატს შორის, რომლებმაც „უცხოეთის აგენტების" კანონს დაუჭირეს მხარი.

კანონის მიღებამდე და მის შემდეგ ვაშინგტონმა საუბარი დაიწყო სავიზო და საფინანსო სანქციებზეც: "ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ არ ვიყოყმანებთ მათ [სანქციების] დაწესებაზე", - დაადასტურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 3 ივნისს საღამოს.

ბოჭორიშვილი, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკას საქართველოს არევის გაურკვეველ მიზნებსა და გეგმებს უკავშირებს.

ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის, ძირითადი აპელირება ხდება სწორედ ევროატლანტიკური კურსის დაზიანებაზე. სწორედ ევროკავშირთან ურთიერთობაზე და სწორედ ეს განცხადებებია, რაც საქართველოში ყველაზე მეტად ქმნის აღშფოთების მუხტს. არცერთი არგუმენტი ამ დრომდე არავის უთქვამს, გამჭვირვალობა როგორ შეიძლება იყოს წინააღმდეგობაში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან, დემოკრატიასთან და ევროპულ ფასეულობებთან“, - უთხრა მაკა ბოჭორიშვილმა მაისის დასაწყისში ჟურნალისტებს.

სწრაფი ტემპით

„აგენტების კანონს“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 3 ივნისს მოაწერა ხელი და ამავე დღეს გამოქვეყნდა "საკანონმდებლო მაცნეში", რაც მის ამოქმედებას ნიშნავს. კონკრეტულად რეესტრის შექმნასა და ჯარიმებთან დაკავშირებული მუხლები 2 თვეში ამოქმედდება.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს კანონი გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით დაამტკიცა; თუმცა თანმხლები სადამსჯელო რიტორიკა და დასასჯელთა სიების შექმნის გეგმები ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს არ უტოვებს ეჭვს, რომ - ხელისუფლება რეპრესიებისთვის ემზადება.

თანდათან სულ უფრო მწვავდება რიტორიკა საერთაშორისო პარტნიორების მიმართ.

ძალიან სამწუხაროა, რომ, ბოლო პერიოდში, ევროკავშირის და აშშ-ის დაფინანსება, სულ უფრო ხშირად, ძალადობასთან და ტერორთან ასოცირდება“, - დაწერა 1 ივნისს შალვა პაპუაშვილმა ფეისბუკზე.

თეონა აქუბარდია არ გამორიცხავს, რომ როგორც ეს "ევროპული სოციალისტების პარტიის" შემთხვევაში იყო, როცა "ოცნება" ევროპულ პოლიტიკურ ოჯახს გაემიჯნა, ამჯერადაც დაასწროს საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაპირებულ მკაცრ ზომებს და უარი თქვას პარტნიორობაზე.

"სწრაფი ტემპებით მიდიან დასავლეთისგან იზოლაციისკენ", - აქუბარდია სახიფათო სიმპტომად თვლის იმ ფაქტს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ თუ მოკავშირეებმა "ნაციონალურ მოძრაობასთან" დააკავშირეს ეუთოს “დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის” (OSCE/ODIHR) დასკვნა "აგენტების კანონის" შესახებ.

ამ ფონზე, დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ პრობლემები შეექმნას OSCE/ODIHR საარჩევნო სამეთვალყურეო მისიასაც.

კიდევ ერთი სხდომის შესახებ

29 აპრილს, როდესაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით განიხილებოდა და სხდომის თავმჯდომარე ოპოზიციონერ დეპუტატებს ერთმანეთის მიყოლებით აძევებდა დარბაზიდან, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საფრანგეთის პარლამენტის სენატის ევროპის საქმეთა კომიტეტის დელეგაციას მასპინძლობდნენ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები უხსნიდნენ ფრანგ კოლეგებს, რომ - ევროკავშირსაც არანაკლებ სჭირდება საქართველო და, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების სწრაფად დაწყებაა საჭირო. "აგენტების კანონის" წინააღმდეგ პროტესტს ისინი მოახლოებული არჩევნებითა და დაბალი პოლიტიკური კულტურით ხსნიდნენ.

ამ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატები განუმარტავდნენ ფრანგ კოლეგებს, რომ „რუსული კანონი“ ბევრად იმაზე სახიფათოა, ვიდრე ერთი მიუღებელი კანონი და, რომ ის საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას გაანადგურებს.

როგორც საფრანგეთის სენატის ევროპის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟან ფრანსუა რაპინიმ ამ სხდომაზე განაცხადა, „ევროკავშირი არ არის სუპერმარკეტი, საიდანაც იმას აიღებ მხოლოდ, რაც გინდა“. მან ხაზი გაუსვა რეფორმების გატარების აუცილებლობას და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვას ევროინტეგრაციის პროცესში.

„უნდა ჰქონდეთ მათ [სამოქალაქო საზოგადოებას, ორგანიზაციებს], სიცოცხლისუნარიანები იყვნენ, ჟანგბადი ჰქონდეთ და გამოთქმის საშუალება ჰქონდეთ. ამიტომ ძალიან ყურადღებით ვადევნებ მათ განვითარებას თვალს. ხშირად დიალოგი არის ძალიან დაძაბული, მძიმე, მაგრამ აუცილებელია“, - განაცხადა ჟან ფრანსუა რაპინიმ.

29 აპრილს დაახლოებით ცხრასაათიანი განხილვის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი „აგენტების კანონის“ პლენარულ სესიაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განხილვას. საღამოს კი, "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტის წინ კონტრაქცია გამართა, რომელზეც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა - საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ მიმართული ვრცელი განცხადებებით.

პარლამენტში ფრანგი კანონმდებლების სტუმრობის შემდეგ, 10 დღეში, პოსტი დატოვა საქართველოს ელჩმა საფრანგეთში - გოჩა ჯავახიშვილმა.

„ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს“, - დაწერა ჯავახიშვილმა ფეისბუკზე 9 მაისს. ორ კვირაში გამოქვეყნებულ კიდევ ერთ პოსტში კი ის განმარტავს, რომ სხვა არჩევანი არ ჰქონდა:

ყველა საკუთარი სინდისის წინაშე იყოს მართალი. ღალატი, ორპირობა და ფარისევლობა ის იქნებოდა, ამ თანამდებობაზე დავრჩენილიყავი და ან საკუთარი მთავრობა მეკრიტიკებინა უცხოელ პარტნიორებთან, ან ისე წარმომედგინა ჩემს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, თითქოს ყველაფერი გადასარევად იყოს და ამისი მეც მტკიცედ მჯეროდეს. ვერც ერთს რომ ვერ ვიზამდი, ამიტომაც ასე ვარჩიე.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG