Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტიების გაუქმებას პრემიერის დანიშნული მოხელეც შეძლებს - რას ამბობს კონსტიტუცია და კობახიძის სახელმძღვანელო


პარტიების გაუქმება ახლა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია. პარლამენტში დაგეგმილი ცვლილებებით, ამას საჯარო რეესტრიც შეძლებს.
პარტიების გაუქმება ახლა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია. პარლამენტში დაგეგმილი ცვლილებებით, ამას საჯარო რეესტრიც შეძლებს.

პარლამენტი პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონს ცვლის: საჯარო რეესტრს ანიჭებს უფლებამოსილებას, პარტია გააუქმოს, თუკი ის ზედიზედ ორი წლის განმავლობაში არ წარადგენს საფინანსო დეკლარაციას. არადა, დღემდე პარტიის გაუქმება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია.

სადამკვირვებლო ორგანიზაციები და კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება:

  • პარტიის გაუქმება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაა და კონსტიტუციური სტანდარტის დაწევა სახიფათოა;
  • ცვლილება ახალი ნორმის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას აჩენს.

მმართველი გუნდი ამბობს, რომ ინიციატივა მხოლოდ „მიტოვებულ პარტიებს“ შეეხება და მოქმედი პოლიტიკური პარტიების შეზღუდვის მიზანს არ ემსახურება.

ირაკლი კობახიძე, იმ გუნდის პრემიერ-მინისტრი, რომლის მხარდაჭერითაც იგეგმება ცვლილებების მიღება, წლების წინ „პოლიტიკურ გაერთიანებათა სამართლის“ სახელმძღვანელოში წერდა, რომ პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის შეჩერების უფლება მხოლოდ სასამართლო ხელისუფლებას აქვს; სხვანაირად მოქცევის გამო იგი მაშინდელ მთავრობას აკრიტიკებდა.

რა იცვლება?

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა 21 თებერვალს დაარეგისტრირეს ერთიანი პაკეტი, რომლითაც 10 კანონში შედის ცვლილებები.

4 მარტს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ეს პაკეტი განიხილა. პლენარულ სესიაზე მოსმენა 5 მარტს დაიწყეს. სამივე მოსმენას კანონპროექტი 5 აპრილამდე გაივლის.

ძირითადი ცვლილებები ეხება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“ კანონსა და ანტიკორუფციულ ბიუროს, - უწყებას, რომელიც 2022 წლის ბოლოს შეიქმნა. მისი ახლანდელი უფროსი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დანიშნული რაჟდენ კუპრაშვილია.

ერთ-ერთი ცვლილება, თუ პაკეტი დამტკიცდა, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“, პოლიტიკური პარტიების კანონშიც შევა - დაემატება ახალი მუხლი, რომლის თანახმად,

  • თუ პოლიტიკური პარტია ანტიკორუფციულ ბიუროს საფინანსო დეკლარაციას ზედიზედ ორი წლის განმავლობაში არ წარუდგენს, ეს მისი „რეგისტრაციის გაუქმების“ საფუძველი გახდება;
  • უფრო ზუსტად კი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი იქნება, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიმართვის საფუძველზე გააუქმოს პარტიის რეგისტრაცია.

როგორ შეიძლება პარტიის რეგისტრაციის გაუქმება დღეს?

პოლიტიკური პარტიის აკრძალვა, ამა თუ იმ ფორმით მისი საქმიანობის შეწყვეტა, მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება. ასე წერია კონსტიტუციაში.

„ის, რაც არ არის დადგენილი კონსტიტუციით, არ შეიძლება დადგინდეს იერარქიულ კიბეზე უფრო დაბალ საფეხურზე მდგარი ნორმატიული აქტით“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სანდრო ბარამიძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI-ის) საარჩევნო პროგრამის მენეჯერი.

„პარტიების საქმიანობა არის გაერთიანების თავისუფლების შემადგენილი ნაწილი. გაერთიანების თავისუფლება კი კონსტიტუციითაა უზრუნველყოფილი. არ შეიძლება იმაზე მეტი შეზღუდვის დაწესება თავისუფლებაზე, ვიდრე ეს კონსტიტუციით არის განსაზღვრული“, - ამბობს ბარამიძე, რომელიც 2013-2018 წლებში იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის პირველი მოადგილე იყო.

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ ზოგადად, პარტიის რეგისტრაციის გაუქმება/შეწყვეტა არის „პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევა და ეს პროცესი უნდა იყოს კონსტიტუციის შესაბამისი“.

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი. მას არაერთი საქმე აქვს წარმოებული საკონსტიტუციო სასამართლოში
კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი. მას არაერთი საქმე აქვს წარმოებული საკონსტიტუციო სასამართლოში

„ესე იგი, საქმიანობის შეწყვეტა უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობისა და გადაწყვეტილების საგანი და არა საჯარო რეესტრის განხილვის საგანი“, - ეუბნება ალაფიშვილი რადიო თავისუფლებას.

რას წერდა კობახიძე?

ჯერჯერობით პრემიერ-მინისტრ კობახიძეს ცვლილებების ამ კონკრეტულ ნაწილზე კომენტარი არ გაუკეთებია. ვინაიდან ცვლილებების ინიციატორი მისი პოლიტიკური გუნდია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მათ დაუპირისპირდეს. და თუ ასე მოხდა, ის საკუთარ თავს შეეწინააღმდეგება.

2008 წელს გამოცემულ სახელმძღვანელოში, „პოლიტიკური გაერთიანებების სამართალი“, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დღემდე იყენებენ, ის წერს, რომ თუ პარტიის მიზნები არაკონსტიტუციურია, მხოლოდ ამ შემთხვევებში შეიძლება პარტიის საქმიანობის შეწყვეტა - და ისიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.

ირაკლი კობახიძე, „პოლიტიკურ გაერთიანებათა სამართალი“. გამომცემლობა „არადანი“. 2008 წ.
ირაკლი კობახიძე, „პოლიტიკურ გაერთიანებათა სამართალი“. გამომცემლობა „არადანი“. 2008 წ.

იგი ციტირებს კონსტიტუციას, რომლის თანახმად ასეთი რამ მხოლოდ იმ შემთხვევებში ხდება, თუ პარტიის მიზანია:

  • „კონსტიტუციური წესრიგის დამხობა
  • ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა
  • ტერიტორიული მთლიანობის რღვევა
  • ომის ან ძალადობის პროპაგანდა
  • ეროვნული, კუთხური რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივება“.

განმარტავს იმასაც, რომ პარტიის კონსტიტუციურობის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:

  • საქართველოს პრეზიდენტს
  • პარლამენტის მინიმუმ 30 წევრს
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.

კონსტიტუციის ამჟამინდელი რედაქციით, ასეთი სარჩელის ინიციირება მთავრობასაც შეუძლია.

კობახიძის სახელმძღვანელოს ეს ნაწილი გაჯერებულია სულისკვეთებით, რომ პარტიის საქმიანობის შეჩერების და აკრძალვის უფლებამოსილება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა ჰქონდეს.

ამონარიდი კობახიძის წიგნიდან. კონსტიტუციის მაშინდელ რედაქციაში ეწერა, რომ „სასამართლოს“ გადასაწყვეტია პარტიის საქმიანობის შეჩერება, კანონი კი აზუსტებდა, რომ ეს „საკონსტიტუციო სასამართლოს“ უფლებამოსილება იყო. ახლა კონსტიტუციაშივეა განსაზღვრული საკონსტიტუციო სასამართლოს როლი.
ამონარიდი კობახიძის წიგნიდან. კონსტიტუციის მაშინდელ რედაქციაში ეწერა, რომ „სასამართლოს“ გადასაწყვეტია პარტიის საქმიანობის შეჩერება, კანონი კი აზუსტებდა, რომ ეს „საკონსტიტუციო სასამართლოს“ უფლებამოსილება იყო. ახლა კონსტიტუციაშივეა განსაზღვრული საკონსტიტუციო სასამართლოს როლი.

მაგალითი: იგორ გიორგაძის პარტია

ირაკლი კობახიძე კიდევ უფრო შორის მიდის და იხსენებს შემთხვევას, როდესაც საქართველოში ერთ-ერთი პარტია ისე „გააუვნებელყვეს“, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის არ მიუმართავთ.

კობახიძე ასახელებს ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროინდელი უშიშროების მინისტრის, იგორ გიორგაძის პარტია „სამართლიანობას“, და 2006 წელს, როგორც თავად წერს, ამ პარტიის „პოლიტიკური გაუვნებელყოფის პრობლემურ ასპექტებს“.

კობახიძის თანახმად, მართალია, პარტიის მიმართ იყო „საფუძვლიანი ეჭვი“, რომ „ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნიდან გულუხვად ფინანსდებოდა“, თუმცა ხელისუფლებამ „რეპრესიული ღონისძიებებით მოახდინა პარტიის პოლიტიკური გაუვნებელყოფა“ და საკონსტიტუციო სასამართლოს გვერდი აუარა.

კობახიძის სახელმძღვანელოს, „პოლიტიკურ გაერთიანებათა სამართალი“ (2008) ის მონაკვეთი, სადაც ავტორი იგორ გიორგაძის პარტიაზე საუბრობს
კობახიძის სახელმძღვანელოს, „პოლიტიკურ გაერთიანებათა სამართალი“ (2008) ის მონაკვეთი, სადაც ავტორი იგორ გიორგაძის პარტიაზე საუბრობს

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კობახიძის სახელმძღვანელოებში - 2008 წლის „პოლიტიკურ გაერთიანებათა სამართალში" და 2019 წლის „კონსტიტუციურ სამართალში“ - გამოთქმულ მოსაზრებებს პირადად ის და მისი თანაგუნდელები უპირისპირდებიან.

  • 2008 წლის წიგნში დაუშვებელს უწოდებს პოლიტიკური პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტას პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადების გამო, 2020 წელს კი თვითონ გაამართლებს კანონპროექტს, რომელიც სწორედ ამას ითვალისწინებს;
  • 2019 წლის წიგნში ის „არაკონსტიტუციურს“ უწოდებს უმაღლესი პოლიტიკური პირების მხრიდან ისეთ განცხადებებს, რომლებიც ქვეყნის დასავლური კურსიდან გადახვევას შეეხება; 2023 წელს კი დაიცავს „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტს, რომელიც ევროკავშირისა და აშშ-ის შეფასებით, საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს აზიანებს.

რა სურთ კანონპროექტის ავტორებს?

კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, ინიციატორმა და მომხსენებელმა, ანრი ოხანაშვილმა 4 მარტს ჟურნალისტებს უთხრა, რომ „იმაზე საუბარი, რომ აღნიშნული ცვლილებებით პარტიებს შეზღუდვები უწესდებათ, ნონსენსი და სპეკულაციაა“.

„ხალხს აქვს პარტია, რომელიც მიტოვებულია და მას ბიუროკრატიული პროცედურების გამო ვერ აუქმებენ… ჩვენ ამას მიტოვებული პარტიების გაუქმების საკითხი დავარქვით“, - თქვა მან.

„ქართული ოცნების“ პარლამენტარი ანრი ოხანაშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
„ქართული ოცნების“ პარლამენტარი ანრი ოხანაშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

ეს არგუმენტი კონსტიტუციონალისტებისთვის დამაჯერებელი არ არის.

ეს „არ არის სერიოზული და წონადი არგუმენტი“ და მისი მიზანია, ახალი ნორმის კონსტიტუციურობა დისკუსიებს მიღმა დარჩეს, - ამბობს ლევან ალაფიშვილი და სვამს კითხვას:

„თავისივე ლოგიკა რომ დავუპირისპიროთ, საქართველოში არის ათასობით იურიდიული პირი, რომელიც არ საქმიანობს. რა გამოდის, ისინიც ანალოგიურად უნდა გააუქმოს საჯარო რეესტრმა? ეს ხომ არ შეიძლება ასე? თუ კომპანიებთან მიმართებაში, რომელიც უფრო მეტია, პრობლემას ვერ ხედავს სახელმწიფო, რამდენიმე ასეულ პარტიასთან მიმართებაში რა არის პრობლემა?“

რას ამბობს სტატისტიკა?

საჯარო რეესტრის პარტიების რეესტრში 514 დასახელების პარტია იძებნება.

იქ დღემდე შეიძლება იპოვოთ ისეთი პარტიები, როგორიცაა, მაგალითად, ედუარდ შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირი“.

თუმცა პარტიები, რომელთაც არჩევნებში მონაწილეობა ნამდვილად სურთ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ყოველი არჩევნების წინ წარადგენენ ამ მიზნით განცხადებებს. ცესკოც ან არეგისტრირებს მათ, ან არა.

მაგალითად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 73-მა პარტიამ მოინდომა კენჭისყრა. ცესკომ 50 მათგანი დაარეგისტრირა, 23-ს კი სხვადასხვა მიზეზით უთხრა უარი რეგისტრაციაზე.

საჯარო რეესტრი და ანტიკორუფციული ბიურო

კითხვაზე, ცვლილების მიზანი შეიძლება იყოს თუ არა ოპოზიციური პარტიებისათვის ხელოვნური ბარიერის შექმნა, TI-ის საარჩევნო პროგრამის მენეჯერი სანდრო ბარამიძე ამბობს, რომ მიზანი „ყველაფერი შეიძლება იყოს“.

სანდრო ბარამიძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის მენეჯერი.
სანდრო ბარამიძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის მენეჯერი.

თვითონ ის ფაქტია სახიფათო, რომ კონსტიტუციური სტანდარტი ქვეითდება ორგანული კანონის დონეზე. მერე როგორ გამოიყენებ ამას, შენს არჩევანსა და ნებაზეა დამოკიდებული. შეუძლებელია, პარტიების თავისუფლება დამოკიდებული იყოს ვიღაცის ნებაზე“, - ამბობს ბარამიძე და დასძენს:

„მიზანი თუ რაიმე სხვა აქვთ, სხვანაირად უნდა მიუდგნენ საკითხს. თუ არა შედა, ასეთი ფორმით შეზღუდვა არის დაუშვებელი“.

საჯარო რეესტრი იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

ანტიკორუფციული ბიურო კი 2022 წლის ბოლოს შეიქმნა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის საჭირო ერთ-ერთი რეკომენდაციის საფუძველზე.

ბიუროს უფროსს უშუალოდ პრემიერ-მინისტრი ნიშნავს, - და ამას ხშირად აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

უწყების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის შესახებ ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების კითხვის ნიშნები საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმაც გაითვალისწინეს.

როდესაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდა, საქართველოს მანამდე გაცემული 12 რეკომენდაციიდან არაერთი დათქმა გადაჰყვა წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყების ეტაპზე გადასასვლელად.

საქართველოს თუ სურს, ევროკავშირში ინტეგრაციის მომდევნო ეტაპზე გადავიდეს, სხვა ნაბიჯებთან ერთად, მოუწევს, უზრუნველყოს „ანტიკორუფციული ბიუროს … ეფექტურობისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა“.

XS
SM
MD
LG