Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პასუხი ნანა ექვთიმიშვილს


გამარჯობა, ნანა!

მე ვარ ის გოგონა, თქვენს სკოლაში რომ დადიოდა. გმადლობთ, რომ ჩემი სახელი არ ახსენეთ თქვენს მომართვაში. გმადლობთ, რომ ასე დადებითად გახსოვართ და რომ ჩემს ცხოვრებაზე ფიქრებს მიზიარებთ.

თქვენი წერილი რომ წავიკითხე, ვაღიარებ, ჯერ ამეტირა. ტირილი არ მჩვევია, ჩვეულებრივ. მხოლოდ კარგ ფილმებზე მეტირება. გული ამიჩუყა, შეიძლება ითქვას, იმ სიტყვებმა, რომ თქვენი ფილმის გადაღებისას ჩემზე იფიქრეთ.

ამ სიტყვებს ვწერ და ვხვდები, მირჩევნია შენობით მოგმართო. მე მგონია, გამიგებ. რამდენიმე წლით უფროსი ხარ ჩემზე, როგორც ვხვდები. სამწუხაროდ, მე არ მახსოვხარ. არ მაქვს კარგი მახსოვრობა. ერთი რამ მახსენდება ამ წუთებში: ერთხელ ავტობუსში ვიჯექი და ერთი ჩემზე უმცროსი გოგო მაკვირდებოდა. მეც დედასთან ერთად ვიყავი და ისიც.

მომეჩვენა, რომ ჩემს გარეგნობას მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, არამედ რაღაც სხივს, რომელიც მან დაინახა. იმ წამებში თითქოს მეც ვიგრძენი ამ სინათლის ანარეკლი. მერე გაქრა. ბევრი რამ გაქრა.

მე არ ვარ უკმაყოფილო ცხოვრებით. ერთი ქმარი, ორი შვილი, თავზე ჭერი და გულში სითბო. არ გაგეცინოს. ჩემი ქმრის სიტყვებმა ინტერვიუში, მესმის, რომ დაგაფიქრა, მაგრამ მე მართლა გამიმართლა. ბევრ ლამაზ გოგოს ხო ზუსტად ის ბედი ეწია, შენს ფილმში რომ გაქვს ნაჩვენები.

მოიტაცეს თუ წაჰყვა და დარჩა თუ დატოვეს და არც ვიცი, დღეს, ალბათ, დაუშნოებულია და ორი ბავშვი მარტოს ჰყავს გაზრდილი. ზოგს უკვე თხუთმეტი წლისას ჰყავდა შვილი. მე მართლა გამიმართლა. ერთი ქმარი, ერთი ოჯახი.

შენ საქართველოში არ ცხოვრობ და ძაან მიკვირს ასეთ მჭიდრო კავშირში რომ დარჩი ჩვენს იღბალ-ბედთან. ამდენი ხნით წასულებს ენაც ავიწყდებათ, გამიგია. რას გულისხმობ, როცა მომმართავ, რომ გვიანი არ არის, მინდა პირდაპირ გკითხო. როგორ შეიძლება გვიანი არ იყოს და რისთვის? მსახიობობისთვის? სიმართლე გითხრა, გვიანია.

იმ სხივს, მაშინ ბავშვის მზერიდან რომ აირეკლა, ვეღარ დავედევნები. სარკეში ვიყურები და ვერავის ვხედავ, ვისაც ამ უჩინარი ზღვარის გადალახვა შეუძლია, რომელსაც დაკარგული თაობა ჰქვია. იქნებ ჩემმა ქალიშვილმა გაბედოს?!. მაგრამ თუ ერთ მშვენიერ დღეს ფონტანეს ევი ბრიზის გადაღებას ან თეატრში დადგმას დააპირებ, მაინც დამიკავშირდი.

თბილისი 2020

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG