Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცნობ გოგონას


ჩემს სკოლაში ერთი გოგო სწავლობდა. და მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ რამდენჯერმე თუ მეყოლება ნანახი, დღემდე არ მავიწყდება. ჯერ კიდევ უმცროსკლასელი ვიყავი, გოგონა კი ჩემზე ერთი წლით პატარა კლასში სწავლობდა. არ ვიცი, როგორ აქვთ ბავშვებს ამ ასაკში სილამაზის აღქმის უნარი განვითარებული, მაგრამ დღესაც მახსოვს იმ გოგონას დანახვით გამოწვეული გაოცება - ის მხოლოდ ლამაზი არ იყო, ის იყო არაჩვეულებრივი!

საბჭოთა სკოლებში სხვადასხვა ფუნქციურ შენობებს შორის დამაკავშირებელი ხიდები არსებობდა, შუშის განიერი ვიტრაჟებით. ერთხელ, ერთმანეთის მოპირდაპირედ ამ ხიდზე გადავრბოდით, მეც და ისიც. ზარი დარეკილი იყო და ორივე სადღაც მივიჩქაროდით, ჩვენ გარდა იქ არავინ ჩანდა. ერთმანეთს რომ მივუახლოვდით, წინ გადავუდექი, ოდნავ ლოყაზე მოვჩქმიტე, როგორც უფროსმა უმცროსს და ვუთხარი, რა საყვარელი ხარ-მეთქი. გოგონამ გვერდი ამიარა და გაიქცა. სულ ეს იყო ჩემი და მისი ურთიერთობა.

ერთი ჩემი მეზობელი სწავლობდა გოგონას კლასში და მისი სახელი და გვარი მითხრა. თავად სულ არ ჩანდა საკუთარი კლასელით მოხიბლული და ვერც გაეგო, რა იწვევდა ჩემში ასეთ აღფრთოვანებას. მალე დედამ გოგონა სხვა სკოლაში გადაიყვანა და იმ დღიდან ის აღარასდროს მინახავს.

რამდენიმე წლის წინ, როცა საქართველოში დავბრუნდი და ფილმების გადაღება დავიწყე, ერთ-ერთი ფილმის კასტინგის პროცესში ის გოგონაც გამახსენდა.

ჩემთვის მაშინდელი უმცროსკლასელი ისეთი ნათელი წერტილი იყო, ისეთ განსაკუთრებულს ასხივებდა, რომ დარწმუნებული ვიყავი, ის დღეს, თითქმის სამი ათწლეულის მერე, აუცილებლად ბედნიერი და რეალიზებული ქალი უნდა ყოფილიყო. არავისთვის მითქვამს, მისი სახელი და გვარი ინტერნეტის საძიებელში ავკრიფე და შევიტყვე, რომ ის ერთი ცნობილი და წარმატებული კაცის მეუღლე ყოფილა, შვილების დედა. აღმოჩნდა, რომ თეატრალური უნივერსიტეტი დაემთავრებინა, სამსახიობო განხრით, თუმცა ქმარს, მიუხედავად იმისა, რომ ისიც იმავე სფეროში იყო წარმატებული, ცოლისათვის საკუთარ პროფესიაში მუშაობის უფლება არ მიეცა. ინტერვიუში, რომელშიც რესპონდენტი გოგონას ქმარი იყო, ჩანდა, რომ კაცს ეს სრულიად ლეგიტიმურად მიაჩნდა. იუმორით ამბობდა, რომ მან ახლად შეუღლებულს ულტიმატუმი წაუყენა: ან მე უნდა ამირჩიო, ან ეს პროფესიაო და გოგონამ დათმო - მან თავი ქმარსა და შვილებს მიუძღვნა.

რასაკვირველია, არავის საქმე არ არის, ცოლ-ქმარი რაზე მოურიგდება ერთმანეთს, მაგრამ, როგორც ქალი, როგორც მშობელი და უბრალოდ ადამიანი, შეუძლებელია ჩემთვის ამ ფაქტს მშვიდად შევხვდე. მე თავად გოგონას დედა ვარ და ალბათ, ძალიან უბედური ვიქნები ერთ დღეს, ჩემი შვილი რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს.

რატომ ეწინააღმდეგება ბევრი ქართველი კაცის წარმოდგენაში ოჯახი და პროფესია ერთმანეთს? მით უმეტეს მაშინ, როცა თავად მამაკაცმა წარმატება და აღიარება იმავე სფეროში პოვა, სადაც მის მეუღლესაც სურდა თავი ეცადა? რამ უნდა გაგაბედინოს, რომ ადამიანს, შენსავით ამ ქვეყანაზე ერთხელ მოვლენილს, აუკრძალო გააჟღეროს საკუთარი ერთადერთი და განუმეორებელი ხმა? რა ცოდნამ, ან უცოდინრობამ უნდა გიკარნახოს, ხელი ააღებინო ადამიანს თავის ყველაზე სათუთ ოცნებებზე? ჩაანაცვლო ეს ოცნებები დედისა და მეუღლის როლით, რომლითაც შეიძლება ქალი ძალიან ბედნიერიც იყოს, მაგრამ ის ვერასდროს შეცვლის მის ინდივიდუალურ ამოძახილს. რა არის სიყვარული, თუ არა გიყვარდეს ადამიანი თავის ოცნებებიანად?

დიდი ალბათობით, ის პატარა გოგონა, რომელსაც ერთხელ მე სკოლის ხიდზე წინ გადავუდექი, ახლა თავისებურად ბედნიერი ქალია. მაგრამ სად არის ის სხივი? ის შესაძლებლობები, რომელიც ვინ იცის, ამ გოგონას ბევრ დღევანდელ პროფესიონალზე მეტი ჰქონდა? იქნებ მას რომელიმე სცენაზე ოფელია ან ანტიგონე უნდა ეთამაშა? ან იქნებ ეკრანზე უნდა გვეხილა? იქნებ წარუმატებელიც ყოფილიყო, იქნებ თავად გადაეწყვიტა და სხვა, მისთვის უფრო საინტერესო გზაზე განეგრძო სვლა? რატომ წაერთვა მას ეს უბრალო, ადამიანური უფლება? რას გრძნობს ქალი, როცა მას ყველაზე ახლობელი ადამიანი შთააგონებს, რომ საკუთარ მიზნებსა და ოცნებებზე ხელი უნდა აიღოს? რას გრძნობს ქალი, რომელმაც ამის მერე, მთელი ათწლეულები და ალბათ, მთელი ცხოვრება თავის წარმატებულ ქმარს უნდა უყუროს, ქმრის რეალიზებულ ქალ და მამაკაც კოლეგებს, საკუთარ მეგობრებს... ამ დროს კი თავად წლები ემატება და ნუგეშად მხოლოდ კარგი კაცის ცოლობა, შვილებისა და ქმრის სიყვარული, ან მათი მადლიერება რჩება?

თუ ახლა ამ წერილს კითხულობ, თუ შენი თავი ამოიცანი, მინდა გითხრა, რომ სულ მახსოვდი და მახსოვხარ. ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ვარსკვლავი იყავი და იქნებოდი და ალბათ, ხარ კიდევაც. ის, რაც მოხდა, შენი ბრალი არ არის. რა გასაკვირია, რომ ბავშვებმა ვერ მიიღონ სწორი გადაწყვეტილება, მით უმეტეს მაშინ, როცა ძალიან ხშირად გოგონებს თავს ახვევენ და შთააგონებენ, თუ რა არის მათი ცხოვრებისათვის საუკეთესო. არც დედის ბრალია არაფერი... შენმა მეუღლემაც ალბათ, თავისი ჭკუით, თბილი სახლი აგიშენა და იმ ბედისგან „დაგიცვა”, რომელსაც მისი ბევრი კოლეგა ქალი იზიარებს. მხოლოდ ერთს გეტყვი... გვიანი არაფერია. არასოდეს დაუჯერო სხვას და განსაკუთრებით მამაკაცს, რომელიც შენში მხოლოდ ქალს ხედავს. ეს საკმარისი არაა. ბოლომდე არ მოკლა საკუთარ თავში ის პატარა გოგონა, რომელიც მაშინ მთელ სკოლას კი არა, მთელ სამყაროს ანათებდა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG