Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრობა გაუქმებული დოკუმენტის საფუძველზე

მიხაილ ტიმოფეევი, სერგეი ფურგალი, ილუსტრირებული ფოტო
მიხაილ ტიმოფეევი, სერგეი ფურგალი, ილუსტრირებული ფოტო

თბილისის სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა მიხაილ ტიმოფეევს, ხაბაროვსკის მხარის ყოფილი გუბერნატორის თანამოაზრეს, მიუხედავად იმისა, რომ ინტერპოლს ის ძებნილების სიიდან უკვე ამოღებული ჰყავს. ტიმოფეევს თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი აქვს და მაღალია იმის რისკი, რომ რუსეთს გადასცენ.

„მივმართავ ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებას: გთხოვთ, გამოიჩინეთ მოწყალება და გადაარჩინეთ მამაჩემი. ის არ არის კრიმინალური ავტორიტეტი, ჩვეულებრივი ადამიანია და ასეთ მოპყრობას არ იმსახურებს“, - ეს არის ამონარიდი მიხაილ ტიმოფეევის შვილის ვიდეომიმართვიდან. ის „ტვ პირველმა“ გაავრცელა.

23 იანვარს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა მისი 60 წლის მამა თბილისში დააკავეს. მიხაილ ტიმოფეევი დაკავშირებულია ხაბაროვსკის მხარის ყოფილ გუბერნატორ სერგეი ფურგალთან, რომელსაც რუსეთში 25 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. რუსეთში სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული თავად ტიმოფეევის წინააღმდეგაც და დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა, 2000-იან წლებში მეწარმეთა მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობების საქმეზე. რუსეთის გენერალური პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ის იმ ორგანიზებული ჯგუფის წევრი იყო, რომელიც სერგეი ფურგალმა კონკურენტების ჩამოსაშორებლად შექმნა.

საქართველოში მისი დაკავების ფორმალური საფუძვლი გახდა ინტერპოლის მოსკოვის ბიუროს წერილი, რომელიც ქართულ მხარეს 2024 წლის აპრილში გაეგზავნა. დოკუმენტის თანახმად, ტიმოფეევი „წითელი ცირკულარით“ იძებნებოდა - ექსტრადიციის მიზნით. ორი წლის შემდეგ საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, მიხაილ ტიმოფეევის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობა გამოეყენებინათ.

თუმცა როგორც ტიმოფეევის ადვოკატები აცხადებენ, ინტერპოლის გენერალურმა ასამბლეამ ძებნა ჯერ კიდევ 2025 წელს შეწყვიტა და ეს საქართველოს ხელისუფლებამაც იცოდა.

„თავად რუსეთი მიმართვაში ეყრდნობა ინტერპოლის დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, ძებნა 2023 წელს იყო გამოცხადებული. ჩვენ წარვადგინეთ დოკუმენტები, მათ შორის 2025 წლის 12 და 15 სექტემბრით დათარიღებული, რომელთა მიხედვითაც, ინტერპოლმა ფაქტობრივად გააუქმა ეს ძებნა. შესაბამისად, აღარ არსებობს ფაქტი, რომ ტიმოფეევი იძებნებოდა“, - აცხადებს ტიმოფეევის ადვოკატი რუსუდან მჭედლიშვილი.

მისი თქმით, ინტერპოლმა თავადაც მოიკვლია მასალები. ყველა მხარისგან გამოითხოვა ინფორმაცია, მათ შორის რუსეთის ხელისუფლებისგანაც. ვინაიდან ორგანიზაციამ ვერ მიიღო დამაჯერებელი დოკუმენტური დასაბუთება ტიმოფეევზე ძებნის გამოსაცხადებლად, ის ინტერპოლის საძიებო ბაზებიდან ამოიღეს.

ანუ ადვოკატი ამბობს, რომ საქართველოს პროკურატურა დაეყრდნო იურიდიულად ძალადაკარგულ დოკუმენტს.

სერგეი ფურგალი, ხაბაროვსკის მხარის ყოფილი გუბერნატორი
სერგეი ფურგალი, ხაბაროვსკის მხარის ყოფილი გუბერნატორი

2020 წელს ხაბაროვსკის მხარის გუბერნატორი სერგეი ფურგალი დააკავეს 2000-იანი წლების დასაწყისში მეწარმეთა მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობების ორგანიზების ბრალდებით. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ამ მოვლენებიდან თითქმის 15 წლის შემდეგ - 2018 წლის გუბერნატორის არჩევნებში ხელისუფლების კანდიდატის დამარცხებიდან ორი წლის მერე.

უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ საქმე აღძრული იყო „ფურგალის პოლიტიკური საქმიანობის გამო, რადგან ის კრემლისთვის არასასურველ ადამიანად იქცა“. 2023 წელს სასამართლომ ფურგალს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ საქმეს 2020–2021 წლებში ხაბაროვსკის მხარეში ფურგალის მხარდამჭერი მასობრივი აქციები მოჰყვა.

პატიმრობის პერიოდში მის წინააღმდეგ კიდევ ორი საქმე აღიძრა - დანაშაულებრივი გაერთიანების ორგანიზებისა და თაღლითობის ბრალდებით. 2025 წელს მის სასჯელს კიდევ სამი წელი დაემატა. უფლებადამცველმა ცენტრმა „მემორიალმა“ ფურგალი და მისი რამდენიმე სავარაუდო თანამზრახველი პოლიტიკურ პატიმრებად ცნო, მიუთითა რა მტკიცებულებების შესაძლო გაყალბებასა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის ნიშნებზე.

არარსებული „მიმალვის საფრთხე“

ადვოკატები აღნიშნავენ, რომ საექსტრადიციო პატიმრობა ავტომატურად ექსტრადირებას არ ნიშნავს. ტიმოფეევის დამცველის თქმით, პროკურატურამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საქმის მასალები არ აქვს და ექსტრადიციაზე ცალკე შუამდგომლობით სასამართლოს მხოლოდ მათი მიღების შემდეგ მიმართავს.

დაცვის მხარე გეგმავს, საექსტრადიციო პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს, რადგან ტიმოფეევისთვის თავისუფლების აღკვეთისთვის კანონიერი საფუძვლები არ არსებობს.

„ეს სრულიად უსაფუძვლოა, ტიმოფეევმა საქართველოში ჩამოსვლისთანავე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს. საკუთარი ინიციატივით მიაწოდა სახელმწიფო ორგანოებს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მის წინააღმდეგ რუსეთში აღძრული იყო პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმე. უთხრა, რომ ეძებდნენ და წარადგინა შესაბამისი, 2023 წლით დათარიღებული დოკუმენტი“, - ამბობს მჭედლიშვილი.

მისი თქმით, ადამიანი, რომელიც ნებაყოფლობით თანამშრომლობდა ხელისუფლებასთან და ოფიციალურად აცნობა მას თავისი სტატუსის შესახებ, გაქცევას არ დააპირებს.

თავშესაფრის მაძიებელი

უმნიშვნელოვანეს გარემოებად რჩება ისიც, რომ მიხაილ ტიმოფეევი საქართველოში თავშესაფრის მაძიებელია. ის 2024 წლის 28 მარტს ჩამოვიდა და დაუყოვნებლივ მოითხოვა საერთაშორისო დაცვა, რადგან რუსეთი მას პოლიტიკური მოტივებით დევნიდა.

2024 წლის დეკემბერში საქართველოს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა მას თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრა. ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა და ამჟამად პირველი ინსტანციის სასამართლოში განიხილება.

„ჩვენ გავასაჩივრეთ გადაწყვეტილება მიგრაციის დეპარტამენტისა, რომელმაც არ მიიჩნია მისი სისხლისსამართლებრივი დევნის პოლიტიკური მოტივები დასაბუთებულად. თუმცა საქმის საბოლოო განხილვამდე ტიმოფეევი კვლავ თავშესაფრის მაძიებლად მიიჩნევა. მისი სტატუსი აქტიურია. სახელმწიფოს არ აქვს უფლება, სასამართლო პროცესის დასრულებამდე მას ექსტრადირება გაუკეთოს, თავშესაფრის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში კი, მით უმეტეს“, - განმარტავს რუსუდან მჭედლიშვილი.

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებით, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ 2025 წლის ანგარიშშია მოყვანილი, 2024 წელს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრეს 1 418 განმცხადებელს. ჰუმანიტარული სტატუსი მხოლოდ 104 ადამიანს მისცეს, მათგან 91 უკრაინის მოქალაქე იყო, ხოლო ლტოლვილის სტატუსი სულ 11-მა მიიღო.

ადვოკატი ამბობს, რომ განცხადების განხილვისას მიგრაციის ორგანოებმა უგულებელყვეს მტკიცებულებათა მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის სტატიები მედიაში, უფლებადამცველი ორგანიზაციების დასკვნები, წარსულში დევნის დამადასტურებელი დოკუმენტები, აგრეთვე ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

„და ყველაზე მთავარი, რის გამოც საექსტრადიციო პატიმრობა არ უნდა გამოეყენებინათ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა: მას აქვს შშმ პირის სტატუსი და ჯანმრთელობის რთული პრობლემები, რასაც სასამართლოს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. თუმცა ეს არ გაუთვალისწინებიათ“, - აღნიშნავს რუსუდან მჭედლიშვილი.

დაკავებულის ავადმყოფობაზე ვიდეომიმართვაში მისი შვილიც საუბრობს:

„მამა მძიმედაა ავად და ციხეში გატარებული ყოველი დღე სიცოცხლეს უმოკლებს. ისეთი დიაგნოზი აქვს, რომ ციხის კვება მისთვის კატეგორიულად არ შეიძლება. უკვე რამდენიმე დღეა, არც ჭამს და არც სვამს".

ადვოკატის თქმით, თუ დაცვა საქართველოში ვერ მიაღწევს იმას, რომ საქმე ტიმოფეევის სასარგებლოდ გადაწყდეს, საერთაშორისო მექანიზმებს მიმართავს.

ძველი საქმეები, ახალი ბრალდებები

მიხაილ ტიმოფეევი სერგეი ფურგალის თანაშემწედ მუშაობდა იმ პერიოდში, როდესაც ის 2007–2011 წლებში რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის კვოტით რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო.

ტიმოფეევს რუსეთის ტერიტორიაზე სისხლისსამართლებრივ დევნასთან ადრეც ჰქონდა შეხება. 2013 წელს მას ტაქსის მძღოლებისგან თანხის გამოძალვისთვის რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. როგორც „მემორიალი“ მიუთითებს, საუბარი იყო 1 100 რუბლზე. თავად ტიმოფეევმა ბრალი არ აღიარა. აცხადებდა, რომ საქმე შეკერეს. „მემორიალი“ წერს, რომ ციხეში მან მიიღო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი. განუვითარდა არაერთი მძიმე ქრონიკული დაავადება. გათავისუფლების შემდეგ ტიმოფეევმა რუსეთი დატოვა.

რუსუდან მჭედლიშვილის თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ტიმოფეევის დაკავება „უკანონოდ“ ცნო და მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევაზე. ეს მუხლი კრძალავს წამებას, აგრეთვე არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობასა და დასჯას.

2023 წლის დეკემბერში მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ მიხაილ ტიმოფეევს დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა სერგეი ფურგალის „ძველი საქმის“ - ორი მკვლელობისა და ერთი მკვლელობის მცდელობის გამო. ტიმოფეევს ბრალი ედება თანამონაწილეობაში, მათ შორის მეწარმე ევგენი ზორის მკვლელობაში 2004 წელს.

წყარომ, რომელიც იცნობს საქმის მასალებს, გამოცემა РБК-ს უთხრა, რომ დაღუპულის ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას გამოძიებამ აღმოაჩინა ევგენი ზორის განცხადება ადგილობრივი პოლიციის განყოფილების სახელზე. ის წერდა, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია. დეტალურად ჰყვებოდა კონფლიქტზე კომპანია „მიფ-ხაბაროვსკის“ ხელმძღვანელობასთან. იმ პერიოდში კომპანიის ხელმძღვანელები იყვნენ სერგეი ფურგალი, ნიკოლაი მისტრიუკოვი და ოლეგ ბულატოვი.

გამოძიების ვერსიით, ტიმოფეევი, რომელსაც დოკუმენტებში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის - „ტიმოფეეველების“ - ლიდერად მოიხსენიებენ, ევგენი ზორის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ჯერ თავად ზორის სთავაზობდა ფურგალის მოკვლას, ხოლო როდესაც უარი მიიღო, იგივე წინადადებით ფურგალს მიმართა. რუსეთის მედიაში ტიმოფეევს ხშირად „კრიმინალურ ავტორიტეტს“ ეძახიან.

ტიმოფეევის შვილი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ მამამისს რუსეთის ხელისუფლება ოპოზიციური შეხედულებების გამო დევნის:

„მამაჩემი დააკავეს აბსურდული ბრალდებით იმ დანაშაულის გამო, რომლის ხანდაზმულობის ვადაც დიდი ხნის წინ ამოიწურა. სინამდვილეში მისი ერთადერთი „დანაშაული“ ის არის, რომ ეხმარებოდა ფურგალს, პუტინის ოფიციალურ ოპონენტს. ეს რომ პოლიტიკური დევნაა, ოფიციალურად არის დადასტურებული. ამის მიუხედავად, საქართველოს პოლიციამ იმის ნაცვლად, რომ დევნილისთვის კონვენციებით გარანტირებული საერთაშორისო დაცვა მიეცა, მამა ციხეში გაგზავნა.“

ტიმოფეევის ადვოკატები ამბობენ, რომ რუსეთში ექსტრადიცია შესაძლოა შეუქცევადი შედეგებით დასრულდეს.

„დაბრუნების შემთხვევაში, მას სერიოზული საფრთხე ემუქრება. მის წინააღმდეგ უკვე იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმე. ციხეში იჯდა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მისი პატიმრობა უკანონოდ ცნო. იმ სახელმწიფოში დაბრუნება, სადაც მისი უფლებები უკვე დაირღვა, რეალურ საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, - აცხადებს რუსუდან მჭედლიშვილი.

ბოროტად გამოყენებული წითელი ცირკულარი

2026 წლის იანვარში BBC-სა და ფრანგული საგამოძიებო პროექტის, Disclose-ის ერთობლივმა გამოძიებამ, რომელიც შიდა დოკუმენტების გაჟონვას ეფუძნებოდა, აჩვენა, რომ წითელ ცირკულარს ხშირად ბოროტად იყენებენ, პოლიტიკური ოპონენტების საზღვარგარეთ დევნისთვის.

გამოძიების თანახმად, რუსეთი რეგულარულად იყენებს ინტერპოლის ბაზებს იმისთვის, რომ პოლიტიკოსების, ბიზნესმენებისა და ჟურნალისტების დასაკავებლად მოთხოვნები გაგზავნოს, ამტკიცებს რა, რომ ისინი სისხლის სამართლის დანაშაულებში არიან ჩართულნი. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ინტერპოლის ფაილების კონტროლის დამოუკიდებელ კომისიაში (CCF) რუსეთის წინააღმდეგ უფრო მეტი საჩივარი შევიდა, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნის მიმართ. დოკუმენტები აჩვენებს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში რუსეთის მოთხოვნით ძებნაში გამოცხადებული დაახლოებით 700 ადამიანიდან, სულ მცირე, 400-მა შეძლო წითელი ცირკულარის გაუქმება.

„ისტორიულად ასე ჩამოყალიბდა, რომ რუსეთი ერთ-ერთი მოწინავეა მათგან, ვინც წითელ ცირკულარს ბოროტად იყენებს“, - აცხადებს ბრიტანელი ადვოკატი ბენ კითი BBC-ს სტატიაში.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მონაცემებით, 2017–2022 წლებში საქართველოს ხელისუფლებამ თითქმის 90%-ით დააკმაყოფილა რუსეთის მოთხოვნები მისი მოქალაქეების გადაცემის თაობაზე.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა გააძლიერა ზეწოლა საზღვარგარეთ მყოფ ოპოზიციონერებზე. კვლევითი ცენტრის, Collective Action Brussels Think Tank (CABT)-ისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების, ОВД-Инфо-ს, Vyvozhuk-ისა და Cedar-ის ანგარიშის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსი მოქალაქეების მიმართ ტრანსნაციონალური დევნის შემთხვევების რაოდენობა 4-8-ჯერ გაიზარდა. 2014-2025 წლებში დაფიქსირდა ასეთი 118 შემთხვევა, მათგან 45 - საქართველოში.

ტრანსნაციონალური რეპრესიები (TNR) წარმოადგენს სტრატეგიას, რომელსაც ავტორიტარული რეჟიმები იყენებენ საკუთარი ოპონენტების დევნისთვის ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ეს სტრატეგია დაფუძნებულია კონტროლისა და დაშინების ქსელის იქ შექმნაზე, სადაც ადამიანები დაცვასა და თავშესაფარს ეძებენ.

რეპრესიების ძირითადი ფორმებია ქვეყანაში შესვლაზე უარი, პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები, დეპორტაცია და ექსტრადიცია, ზოგჯერ მოწამვლა, გატაცება და ადამიანების იძულებით ან მოტყუებით დაბრუნება რუსეთში.

დღის წესრიგში დგას საქართველოდან რუსეთის ორი მოქალაქის - ვლადიმირ დუბოვსკისა და ალინა საველიევას - დეპორტაცია. ისინი მოძრაობა Зелений Клин - моя батьківщина-ს ლიდერები არიან. ორივე 2025 წლის ნოემბერში დააკავეს თბილისში.

შსს-ში აცხადებენ, რომ მათ ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთეს საზღვარი. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით უკანონოდ შემოიჭრნენ ქვეყანაში და ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდნენ.

დუბოვსკიმ და საველიევამ არაერთხელ სთხოვეს თავშესაფარი შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტს, თუმცა უშედეგოდ. ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ ისინი კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდნენ.

ორივე აქტივისტი რუსეთში ძებნილია: ვლადიმირ დუბოვსკის ტერორიზმს ედავებიან, როგორც ლიდერს ორგანიზაციისა, რომელიც შესაბამის სიაშია შეტანილი, ხოლო ალინა საველიევას - „არმიის შესახებ ფეიკების გავრცელებას“.

Free Russia Foundation-ის ყოფილი დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ეგორ კუროპტევი ამტკიცებს, რომ დუბოვსკი „თავის გოგონასთან ერთად 2023 წელს სომხეთ-საქართველოს საზღვართან ახლოს ღობეზე გადაძვრა და ამის შესახებ სახალისო ვიდეოც გადაიღო“.

„მაშინ ისინი სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის არ დაუკავებიათ, „ანტიპუტინისტი აქტივისტების“ დაპატიმრების გამო ზედმეტი ხმაური რომ არ ატეხილიყო. თავშესაფრის მოთხოვნით მათ მხოლოდ საზღვრის დარღვევის შემდეგ მიმართეს, რისი [საზღვრის დარღვევის რ.თ.] აუცილებლობაც არ არსებობდა. უბრალოდ მორიგი პროვოკაცია იყო“, - წერდა კუროპტევი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, დუბოვსკი „არაერთხელ დაუდანაშაულებია რუსულ ოპოზიციას რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასა და სიცრუეში“.

28 ნოემბერს სასამართლომ რუსეთის მოქალაქეებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, იანვრის ბოლომდე. თუმცა 23 იანვარს გათავისუფლების შემდეგ ისინი მაინც ტყვეობაში აღმოჩნდნენ. ტელეგრამ-არხ Зелений Клин — моя батьківщина-ს ინფორმაციით, აქტივისტები დაუყოვნებლივ დააკავეს მიგრაციის სამსახურის თანამშრომლებმა და ე.წ. მიგრაციულ ციხეში გადაიყვანეს. ვარაუდობდნენ, რომ 26 იანვარს მათ ქვეყნის ტერიტორია ნებაყოფლობით უნდა დაეტოვებინათ.

იმავე ტელეგრამ-არხის ცნობით, სასამართლომ დააკმაყოფილა მიგრაციის სამსახურის შუამდგომლობები მათი დაკავების შესახებ.

„23 იანვარს ისინი დააკავეს მიგრაციის სამსახურის ადმინისტრაციული გადაწყვეტილების საფუძველზე - ასეთი დაკავების მაქსიმალური ვადა 72 საათია. უფრო ხანგრძლივი პატიმრობის საკითხს სასამართლო წყვეტს“, - წერს ტელეგრამ-არხი, თუმცა არ აკონკრეტებს, რამდენ ხანს დარჩებიან რუსეთის მოქალაქეები პატიმრობაში.

„სახიფათო პრეცედენტი რუსეთის მოქალაქეებისთვის“

რუსი უფლებადამცველი სტანისლავ დმიტრიევსკი მიიჩნევს, რომ მიხაილ ტიმოფეევის საქმემ შეიძლება სახიფათო პრეცედენტი შექმნას რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც საქართველოში თავშესაფარს ეძებენ. მისი თქმით, ბევრი მათგანი პუტინის რეჟიმის გამო უფრთხის რუსეთში დაბრუნებას.

სტანისლავ დიმიტრიევსკი
სტანისლავ დიმიტრიევსკი

მისი აზრით, რუსეთის მოქალაქის დაკავება მიუხედავად იმისა, რომ მათ წითელი ცირკულარით აღარ ეძებენ, შესაძლოა მიუთითებდეს არა ტექნიკურ შეცდომაზე, არამედ პირდაპირ თანამშრომლობაზე რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის.

„ასეთი შეცდომების არ მჯერა“, - ამბობს ის.

უფლებადამცველი ყურადღებას ამახვილებს ბრალდებების ხასიათზეც: ფორმალურად საქმე ეხება მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულებს, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის არ გამოიყურება, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.

„ფორმალურად ადამიანი მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. დიახ, უფლებადამცველებმა, რომლებიც საქმის მსვლელობას ადევნებენ თვალს, იციან, რომ ფურგალის საქმე თეთრი ძაფებით იყო ნაკერი, რომ ის პოლიტიკურადაა მოტივირებული და მთავარი მიზანი უბრალოდ მისი გუბერნატორის თანამდებობიდან მოხსნა იყო. თუმცა ეს საკმაოდ ვიწრო წრეში რჩება. თუ მოახერხეს და გაიტანეს ეს საქმე, მიაღწიეს მის ექსტრადიციას რუსეთში, შემდეგ ასეთი დარღვევები მხოლოდ გამრავლდება“, - აცხადებს დმიტრიევსკი.

სტანისლავ დმიტრიევსკი თავადაც თავშესაფარს ეძებს საქართველოში. ის უფლებადამცველია. 36 წელია რუსეთში სამართლისთვის იბრძვის, მათ შორის რუსეთის სამხედრო დანაშაულების დოკუმენტირებისთვის ჩეჩნეთსა და უკრაინაში. დღეს მისი საქმიანობა სახელმწიფო ღალატად განიხილება. რუსეთში, შესაძლოა, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც იყოს აღძრული.

თავისი საქმიანობა დმიტრიევსკიმ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში დაიწყო. 1989 წელს იგი დააკავეს პირველი მაისის დემონსტრაციაში მონაწილეობისთვის, სადაც 9 აპრილთან დაკავშირებული ბანერით იდგა: „ხოცვა-ჟლეტა თბილისში - ეს გენოციდია“. ის მერეც არაერთხელ დააკავეს და დააპატიმრეს.

სტანისლავ დმიტრიევსკიმ საერთაშორისო დაცვის თხოვნით საქართველოს მიგრაციის სამსახურს 2023 წლის თებერვალში მიმართა. უარი მიიღო.

„მე მივიღე ასეთი უარი: რუსეთში არ არსებობს შეიარაღებული კონფლიქტი, არც შიდა, არც საერთაშორისო, და ამასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა მასშტაბური დარღვევები არ ფიქსირდებაო. ამიტომ მობრძანდით, სტანისლავ მიხაილოვიჩ, პუტინი იქ მოგართმევს თაფლაკვერს“, - იგონებს ის.

დმიტრიევსკის სარჩელი რეგისტრირებულია სასამართლოში, თუმცა სხდომა ჯერ არ დანიშნულა.

საერთო სიტუაციის კომენტირებისას, უფლებადამცველი აღნიშნავს შემაშფოთებელ ტენდენციას: „არალეგალური მიგრაციის“ წინააღმდეგ მიმართული კამპანიების ფონზე, სულ უფრო მეტ ხალხს აკავებენ და უკეთებენ დეპორტაციას.

„ქართულმა ოცნებამ“ ამ გლობალურ ომში დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის, მოსკოვის მხარე აირჩია. ამ გზით მიდიან. რაში სჭირდებათ აქ რუსი დისიდენტები, როცა ჯერ საკუთარიც მოსაშორებელი ჰყავთ“.

თუმცა დმიტრიევსკი აღნიშნავს, რომ სანამ საქართველოში შენარჩუნებულია სამართლებრივი სახელმწიფოს ზოგი ელემენტი, განსაკუთრებით კი ის, რომ აღასრულებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, სამართლებრივი ბრძოლის სივრცე ჯერაც არსებობს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG