Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პატრიოტთა ალიანსი": პარტიის მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა რუსეთთან პირდაპირი დიალოგის მომხრეა


"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა 23 დეკემბერს პარტიის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. "პატრიოტთა ალიანსმა" ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში მოსახლეობა სამხედრო მიუმხრობლობისა და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების თემაზე გამოჰკითხა.

აი, რა შედეგებს აქვეყნებს "პატრიოტთა ალიანსი": საქართველოს სამხედრო მიუმხრობლობას მხარს უჭერს გამოკითხულთა

  • 83 % - ქუთაისში
  • 78 % - რუსთავში
  • 69 % - ბათუმში

"პატრიოტთა ალიანსის" თქმით, გამოკითხულთა 76 % სწორ პოლიტიკურ ნაბიჯად მიიჩნევს რუსეთთან, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმებთან პირდაპირ დიალოგს. პარტია გეგმავს ამ შედეგების პარლამენტისთვის წარდგენას.

"პატრიოტთა ალიანსის" თქმით, მათ 211 000 მოქალაქე გამოჰკითხეს სამივე ქალაქში ერთად. პარტიის მიერ გავრცელებულ ტექსტში წერია, რომ თითოეულ ქალაქში გამოკითხულთა რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში ბოლო 3 წლის მანძილზე.

"2016 წელს საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, 2017 წელს - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, 2018 წელს - საპრეზიდენტო არჩევნები. ყველა ამ არჩევნებზე ქუთაისში მონაწილეობა მიიღო 70 000-ზე ნაკლებმა ამომრჩეველმა, ჩვენ კი, ქუთაისში გამოვკითხეთ 78 000 მოქალაქე. ბათუმში ყველა ზემოხსენებულ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 65 000-ზე ნაკლებმა ამომრჩეველმა, ჩვენ კი, ბათუმში გამოვკითხეთ 77 000-ზე მეტი ადამიანი. და ბოლოს, რუსთავში ყველა ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 45 000-ზე ნაკლებმა ამომრჩეველმა, ჩვენ კი, რუსთავში გამოკითხეთ 56 000 ადამიანი", - აცხადებს "პატრიოტთა ალიანსი".

"პატრიოტთა ალიანსის" კვლევა პარტიის მოხალისეებმა ჩაატარეს. მისი ბოლო ეტაპი ქუთაისში დასრულდა და მოიცავდა პერიოდს ოქტომბრიდან დეკემბრამდე.

"გამოკითხვა ყოველთვის უნდა ჩაატაროს პოლიტიკურად ნეიტრალურმა ორგანიზაციამ. როცა პარტია თავისი ძალებით ატარებს გამოკითხვას, ის ყოველთვის იღებს მისთვის სასურველ შედეგს", - ამბობს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ "პატრიოტთა ალიანსის" გამოკითხვა და მისი შედეგები პრობლემურია.

მისი თქმით, თუ კვლევა სანდო, მეცნიერული მეთოდით ტარდება თითოეულ ქალაქში, 500-700 რესპონდენტის გამოკითხვა საკმარისია რეალური სურათის დასანახად. ის ყურადღებას ამახვილებს ვადებსა და მეთოდოლოგიაზე, რადგან ათიათასობით რესპონდენტის გამოკითხვის საველე სამუშაოებს ყველა პროფესიული სტანდარტის დაცვით თვეები სჭირდება.

"ამ ყველაფერს გააჩნია თავისი სტანდარტი. თუ ვინმე პირდაპირ გვაწვდის მონაცემებს ისე, რომ შიდა სამზარეულო, ანუ კვლევის მეთოდოლოგია, არ არის დეტალურად აღწერილი, არავითარი ნდობა ამ კვლევის შედეგებს არ აქვს", - ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც IRI-ს დაკვეთით Baltic Surveys/The Gallup-მა ჩაატარა, გამოკითხულთა უმრავლესობა სრულად ან ნაწილობრივ უჭერდა მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. ასევე უმრავლესობას მიაჩნია, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ ისევ გრძელდება, გამოკითხულთა 83 %-ს კი რუსეთი პოლიტიკურ საფრთხედ მიაჩნია.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG