Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პიერ კორნელის „მედეა“


ლიტერატურულმა გადაცემა „წახნაგებმა“ შექმნა ახალი რუბრიკა „მედეა“, რომლის ეგიდით უნდა გავიდეს რამდენიმე გადაცემა მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ქალ პერსონაჟზე, რომელსაც ძველ, ახალ და უახლეს დროში მიეძღვნა უამრავი ტრაგედია, ოპერა, ბალეტი, ფილმი და ა.შ. იგულისხმება ევრიპიდეს, ლუკიუს ანევს სენეკას, პიერ კორნელის, ჟან ანუის ტრაგედიები; აპოლონიოს როდოსელისა და ვალერიუს ფლაკუსის პოემები, მოზრდილი ნაწყვეტები პინდაროსისა და ოვიდიუსის შემოქმედებიდან და ა.შ. დღეს ვისაუბრებთ კორნელის ტრაგედია „მედეაზე“. პიერ კორნელი ადამიანებს ხატავდა ისეთს, როგორიც ისინი უნდა იყვნენ. ლიტერატურაში რუანში დაბადებულ ყმაწვილს გზა გაუხსნა კარდინალმა რიშელიემ, რომელმაც ხუთი ახალგაზრდა შეკრიბა დრამის განვითარების მიზნით. კორნელი ცნობილია თავისი დიდი შედევრით, „სიდით“, მაგრამ საფრანგეთის აკადემიაში იგი „მედეას“ გამო მოხვდა. „მედეა“ კორნელის შემოქმედებაში ყველაზე ძლიერი ნაწარმოები არ არის, მაგრამ იგი მისი პირველი სრულყოფილი ტრაგედია იყო. ამ ტრაგედიით კორნელი დაეყრდნო ლუკიუს ანეუს სენეკას უფრო მეტად, ვიდრე ევრიპიდეს, მაგრამ მისი „მედეა“ სრულიად ახალი ტრაგედიაა. უპირველეს ყოვლისა, მან შემოიყვანა ძალიან ცნობილი ახალი პერსონაჟი, დიოსკური პოლუქსი. ამავე დროს, კორნელმა სრულიად ახალი დატვირთვა მისცა ეგევსის სახეს, რომელიც მან იასონის ხანდაზმულ მეტოქედ წარმოგვიდგინა – ათენის მეფე კრეონის ასულის, კრეუსას, ხელს ითხოვს. თავგადასავალი, რომელიც ეგევსს შეემთხვა, ფრანგული კლასიციზმის კანონების მიხედვით მიმდინარეობდა. სრულიად შეცვალა კორნელმა იასონის სახე, რომელიც განვითარების რაღაც წერტილს აღწევს და სასოწარკვეთილებით გაეცლება ამ ქვეყანას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG