Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პირდაპირი" ზელენსკის კომენტარები ჯო ბაიდენზე, ნატოსა და რუსულ ვაქცინაზე


უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც ცნობილია თავისი პირდაპირობითა და უშუალობით, ამას წინათ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, მიმართა შეკითხვით, რაც ოპონენტებმა უკრაინის ლიდერს „არაპოლიტკორექტულად“ ჩაუთვალეს.

„უკრაინას სურს ალიანსის თანასწორ წევრად ყოფნა. ეს არის უსაფრთხოების ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, იმ უსაფრთხოებისა, რომელზეც პრეზიდენტი ბაიდენი ლაპარაკობს. ასეთ შემთხვევაში მე ძალიან უბრალო შეკითხვა მაქვს: „ბატონო პრეზიდენტო, მაშინ რატომ აქამდე არ ვართ NATO-ში?“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თებერვლის დასაწყისში საინფორმაციო პორტალ Axios-თან ინტერვიუში.

ზელენსკის ამ და სხვა შეფასებებს მალევე მოჰყვა არაერთგვაროვანი რეაქციები პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში. დამოუკიდებელი უკრაინელი მიმომხილველები არაკომპეტენტურად მიიჩნევენ საკითხის ასე დასმას ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან, რომელსაც კარგად უნდა ესმოდეს, რომ NATO-ში კანდიდატი ქვეყნების მიღება ხდება კონსენსუსის წესით და არა ერთი რომელიმე ქვეყნის გადაწყვეტილებით.

„მთლიანად ეს ინტერვიუ პირადად ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი გუნდის სერიოზული კომუნიკაციური ჩავარდნაა. ჯერ ერთი, პრეზიდენტს უნდა რცხვენოდეს მსგავსი შეკითხვების დასმისა აშშ-ის პრეზიდენტისათვის, რომელიც ორი კვირაც არ იქნება გასული, რაც ამ პოსტზე მუშაობს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ბაიდენზე ყოფილიყოს დამოკიდებული, გახდება თუ არა უკრაინა NATO-ს წევრი. საკითხის ასე დასმა იმაზე მეტყველებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის კარგად არ ესმის NATO-ში გაწევრიანების პროცედურა. ის, რომ ჩვენ ამ საკითხში საგრძნობლად დავბუქსავდით, ესეც იმის მაჩვენებელია, რომ ამ მხრივ სერიოზული პრობლემები გვაქვს. ვწუხვარ, რომ ეს ინტერვიუ შედგა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ევჰენ მაგდამ, კიევში არსებული „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.

ჯერ „საშინაო დავალების“ შესრულება და შემდეგ წევრობა

ამასთან, ოპონენტები ურჩევენ ზელენსკის, რომ თუ მართლა სურს დაარწმუნოს ჯო ბაიდენი და დასავლეთის სახელმწიფოთა სხვა ლიდერები NATO-ში უკრაინის გაწევრიანების მხარდაჭერის აუცილებლობაში, ამისთვის უკრაინის პრეზიდენტმა, როგორც კონსტიტუციის დაცვის გარანტმა, ჯერ უზრუნველყოს „საშინაო დავალების“ შესრულება: გაატაროს რეფორმები სასამართლო სისტემაში, ჩამოართვას ზედმეტი ფუნქციები უკრაინის უშიშროების სამინისტროს და ებრძოლოს სისტემურ კორუფციას.

„რატომ ვართ თუ არ ვართ NATO-ში, ამ შეკითხვას აშშ-ს კი არ უნდა ვუსვამდეთ, არამედ, უპირველეს ყოვლისა, თავად უკრაინას, რადგან ჩვენ ვასრულებთ ან არ ვასრულებთ იმას, რაც იმ ეროვნულ პროგრამაში გვიწერია, რომელსაც ხელს (უკრაინის) პრეზიდენტი აწერს. შესაბამისად, მან უნდა იცოდეს მისი (ეროვნული პროგრამის) შინაარსი და ის ძირითადი რეფორმები, რომლებიც აუცილებელია, რომ სწორედ უკრაინაში განხორციელდეს“, - ამბობს საერთაშორისო ექსპერტი ანა შელესტი.

თუმცა არაპოლიტკორექტულს ვერაფერს ხედავს უკრაინის პრეზიდენტის კომენტარებში ზელენსკისთან დაახლოებული პოლიტიკოსი, დეპუტატი ალექსანდრ კორნიენკო, რომელსაც არასწორად მიაჩნია უკრაინის NATO-ში ყოფნა-არყოფნის დაკავშირება მხოლოდ „საშინაო დავალებით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან.

„ჩვენ გვსურს მივიღოთ სიგნალი NATO-სგან, რომ ისინი არა უბრალოდ მზად არიან, თავიანთ რიგებში იხილონ უკრაინა, არამედ მზად არიან, დაეხმარონ მას ალიანსში გაწევრიანებაში, როგორც აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს დაეხმარნენ. უკრაინასა და NATO-ს ურთიერთობაში ზუსტად ისეთივე პრობლემაა, როგორიცაა უკრაინა-ევროკავშირს შორის: არ არსებობს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების აშკარად გამოხატული პერსპექტივა. ამას შესაძლოა დაემატოს ასევე ბუქარესტის 2008 წლის NATO-ს სამიტის სამწუხარო ისტორია, როდესაც წევრმა სახელმწიფოებმა ვერ მოახერხეს მიეცათ საქართველოსა და უკრაინისათვის გაწევრიანებასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა. დიდწილად სწორედ ამან გაუხსნა გზა რუსეთის 2014 წლის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ალექსანდრ კორნიენკომ, მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ.

თებერვალში ზუსტად ექვსი წელი სრულდება რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიისა და კრემლის დახმარებით დონბასში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან, რასაც 13 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა ასობით ათასი ადამიანი.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, მიიჩნევს, რომ უკრაინა 2008 წელს NATO-ში რომ მიეღოთ, აღარ იქნებოდა ესკალაცია დონბასში და არ დაიღუპებოდა ამდენი ადამიანი. „ჩვენ მადლობელი ვართ ევროპის მისი დახმარებისა და (რუსეთის მიმართ დაწესებული) სანქციებისთვის. მადლობელი ვართ აშშ-ის. ეს სანქციები მნიშვნელოვანია, მაგრამ სანქციებით თქვენ ვერ შეძლებთ, სიცოცხლე დაუბრუნოთ ადამიანებს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საინფორმაციო პორტალ Axios-თან ინტერვიუში.

„უკრაინელები არ არიან საცდელი ბაჭიები“

უკრაინა უარს ამბობს აგრესორი ქვეყნისაგან რუსეთის ლაბორატორიაში დამზადებული კორონავირუსის საწინააღმდეგო Sputnik V-ის ვაქცინის შეძენაზე, მით უფრო მაშინ, როდესაც არ არსებობს ოფიციალური გარანტია ამ ვაქცინის 91 %-იანი ეფექტიანობის შესახებ.

„მიმაჩნია, რომ უკრაინის მოქალაქეები, ეს ადამიანები, ნამდვილად არ არიან ბაჭიები. ჩვენ არ გვაქვს მათზე ექსპერიმენტების ტარების უფლება. ამიტომ ჩვენ მოვილაპარაკეთ მხოლოდ იმ ვაქცინის წამყვან მწარმოებლებთან, რომელიც მსოფლიოს მიერ არის დამტკიცებული და სერიოზული დადებითი შედეგი აქვს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8 თებერვალს კიევში გამართულ ფორუმზე - „კორონავირუსი: გამოწვევები და პასუხები“.

კიევის ფორუმის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლება უკვე მოელაპარაკა კომპანიებს Pfizer-ს, Sinovac-ს, AstraZeneсa-სა და Novavах-ს ვაქცინების მოწოდებაზე, რაც თებერვლის თვეშივე იგეგმება. პირველ ეტაპზე უკრაინაში აცრიან ექიმებს, უკრაინელ სამხედროებსა და ეროვნული გვარდიის მებრძოლებს.

ყველაზე პირველად კი კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატით აცრას ჩაიტარებს თავად პრეზიდენტი ზელენსკი, რათა ამით შეძენილი ვაქცინის სანდოობაში დაარწმუნოს უკრაინის მოქალაქეები.

თუმცა ძნელი სათქმელია, როგორ მოახერხებს ამას ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლის რეიტინგიც ბოლო ხანს საგრძნობლად ეცემა უკრაინაში.

უკრაინული სოციოლოგიური ჯგუფ „რეიტინგის“ მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვის თანახმად, შეკითხვაზე, ვის მისცემდით ხმას, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იმართებოდეს, გამოკითხულთა 21,2 %-მა განაცხადა, რომ მხარს უჭერს ვოლოდიმირ ზელენსკის, მეორე ადგილზე კი რეიტინგში აიწია პრორუსული პოლიტიკური ძალის „პლატფორმა სიცოცხლისათვის“ ლიდერმა, იური ბოიკომ, რომლის მხარდასაჭერად მზად არის გამოკითხულ მოქალაქეთა 17,1%.

აღნიშნული გამოკითხვა ჩატარდა იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით 2 თებერვლიდან ეთერიდან გათიშეს ზემოხსენებული პრორუსული პარტიის წევრთა მფლობელობაში არსებული უკრაინული ტელეარხები: 112, NewsOne-ი და ZIK-ი.

მიუხედავად იმისა, რომ ამ არხებს ფორმალურად ფლობს ტარას კოზაკი, „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ (ოპს) წევრი, უკრაინაში ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს მედიასაშუალებები, სინამდვილეში, ამ ფრაქციის პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელის, ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი და გავლენიანი ფიგურის, ვიქტორ მედვედჩუკის, მფლობელობაშია.

ოპოზიურმა ძალამ „პლატფორმა - სიცოცხლისათვის“ გასულ კვირაში სასწრაფოდ მოიწვია საგანგებო ყრილობა და განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანო „ვერხოვნა რადაში“ დააყენებს ინიციატივას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ. მიმომხილველთა აზრით, პარლამენტში არსებულ ძალთა ბალანსის გათვალისწინებით, „პლატფორმას - სიცოცხლისათვის“ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების არანაირი შანსი არ გააჩნია, თუმცა ზელენსკის გადაწყვეტილებაც არ გამოიყურება „იურიდიულად უმწიკვლოდ“ და, იურიდიული თვალსაზრისით, ბევრ კითხვას აჩენს, ასევე, უკრაინის ხელისუფლების მიერ სანქციების დაწესება თავად უკრაინის მოქალაქეების მიმართ, - ამბობს ევჰენ მაგდა.

„სამი ტელეარხის დახურვით ზელენსკის ძალიან სურს, აჩვენოს, რომ მას ძალუძს გააკეთოს ის, რაც თავის დროზე ვერ მოახერხა პეტრო პოროშენკომ. ყოფილმა პრეზიდენტმა 2018 წლის შემოდგომაზე ვერ გარისკა, დაეხურა ეს ტელეარხები, რომლებიც, ფაქტობრივად, რუსული პროპაგანდის რეტრანსლირებას ახდენდნენ. მაგრამ, თუ „ოპოზიციური პლატფორმა -სიცოცხლისათვის“ შეძლებს სიტუაციის თავის სასარგებლოდ შემობრუნებას, მაშინ ზელენსკის რეიტინგის ვარდნა კიდევ უფრო გაძლიერდება. აქედან კი მთავარი დასკვნა ისაა, რომ სიტუაცია მხოლოდ განვითარების სტადიაშია და ერთმნიშვნელოვნად ვერავინ იტყვის, თუ რით დასრულდება ტელეარხების წინააღმდეგ მიმართული სანქციების ისტორია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ევჰენ მაგდამ, კიევში არსებული „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.

სხვათა შორის, „რეიტინგის“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, უკრაინაში სახელმწიფოს მეთაურის გადაყენების იდეას მხარს უჭერს გამოკითხულთა 50 %.

ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგის ვარდნასთან ერთად კიდევ უფრო სწრაფად ეცემა მის მიერ შექმნილი პარტია „ხალხის მსახურის“ რეიტინგი.

თუ ზელენსკი პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ჯერ კიდევ ინარჩუნებს პირველობას, საპარლამენტო პარტიების რეიტინგში, თებერვლის მონაცემებით, პირველ ადგილზე, 18,9 %-ით, პირველად გავიდა „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისათვის“, მეორეზე კი გადაინაცვლა მმართველმა „ხალხის მსახურმა“, რომელსაც გამოკითხულთა 18,6 % უჭერს მხარს. მესამე ადილზეა ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, „ევროპული სოლიდარობის“ პარტია, რომლის მხარდასაჭერად გამოკითხულ უკრაინელ მოქალაქეთა 15,2 %-ია მზად.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG