Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველი “არასასურველი”: აქტივისტს რუსეთში 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება


“ღია რუსეთის” აქტივისტს, ანასტასია შევჩენკოს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შევჩენკოს “რუსეთის ტერიტორიაზე არასასურველი ორგანიზაციის” საქმიანობაში სავარაუდო მონაწილეობას ედავებიან. ასეთი სისხლის სამართლის საქმე ქვეყანაში პირველად აღიძრა.

ანასტასია შევჩენკოს, “ღია რუსეთის” ფედერალური საბჭოს წევრს და სამი შვილის დედას, დონის როსტოვის სასამართლომ 25 იანვარს ორთვიანი შინაპატიმრობა მიუსაჯა.

მომავალი 10 დღის განმავლობაში ანასტასია შევჩენკოს ბრალს წაუყენებენ და დაცვის მხარეც საბოლოოდ გაიგებს, შევჩენკოს კონკრეტულად რა ნაბიჯები ითვლება დანაშაულად.

“არასასურველი ორგანიზაციების შესახებ” კანონი რუსეთში 2015 წელს მიიღეს. ის გულისხმობს საერთაშორისო და უცხოურ ორგანიზაციებს, “რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის, ან საზოგადოებრივი წესრიგისთვის, ან მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის”.

​გასულ დღეებში “ღია რუსეთის” სულ მცირე ხუთი აქტივისტი გაჩხრიკეს, თუმცა ჯერჯერობით ისინი საქმეში მხოლოდ თვითმხილველების სტატუსით მონაწილეობენ.

ექსპერტები ამბობენ, რომ დღეს რუსეთში სისხლის სამართლის საქმის აღსაძრავად ისიც საკმარისია, თუკი იუსტიციის სამინისტრო შენს ორგანიზაციას არასასურველად გამოაცხადებს.

ახლა იუსტიციის სამინისტროს სიაში 15 ორგანიზაციაა, რომელიც რუსეთში არასასურველად მიიჩნევა. “ღია რუსეთი” სიაში მითითებულია, როგორც ბრიტანული ორგანიზაცია. “ღია რუსეთის” წარმომადგენლის, ანდრეი პივოვაროვის მტკიცებით კი ორგანიზაცია უბრალოდ საზოგადოებრივი გაერთიანებაა და ბრიტანულ ორგანიზაციასთან საერთო მხოლოდ სახელი აქვს. მისივე თქმით, “ღია რუსეთი” რუსეთის მოქალაქეების მიერაა დაფუძნებული, მისი წევრები რუსეთის მოქალაქეები არიან, ფინანსდება რუსების მიერ.

“ეს კანონი ჩვენ გამო შეიქმნა, თუმცა იურიდიული თვალსაზრისით, არ შეიძლება მისი გამოყენება რუსული ორგანიზაციის წინააღმდეგ”- ამბობს ანდრეი პივოვაროვი.

შევჩენკოს მხარდამჭერ წერილს რამდენიმე დღეში სამმა ათეულმა საჯარო და პოლიტიკურმა პირმა მოაწერა ხელი.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG