Accessibility links

„პირველი კლასის“ ომი


პირველკლასელების რეგისტრაცია წელსაც უკმაყოფილების მიზეზი გახდა. მშობლები სასურველ სკოლებში ბავშვების დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ. რეგისტრაციის პირველ წუთებშივე სკოლებში ადგილები უკვე აღარ იყო.

ანა გელაძე ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე, ცხოვრობს. იმისთვის, რომ შვილი მახლობელ სკოლაში შეეყვანა, მან და მისმა მეგობარმა თადარიგი დილიდანვე დაიჭირეს. რეგისტრაციის გავლას ორი სხვადასხვა კომპიუტერიდან ცდილობდნენ, მაგრამ არაფერმა გაჭრა. 10 წუთში არათუ სასურველ სკოლაში, სხვა ახლომახლო სასწავლებლებშიც აღარ იყო ადგილი. საბოლოოდ, ბავშვი საბურთალოზე უცნობ სკოლაში ჩაწერეს.

„რომ ჩავწერე, მერე შევხედე, რომელი სკოლა იყო. ამ გადათხრილი გზებით და საცობებით როგორ ვატარო ბავშვი ყოველ დილას? ან იმან რა უნდა ქნას, ვისაც ამ სიშორეზე მგზავრობის საშუალება არ აქვს? ამასაც თავი დავანებოთ, - გამოდის, რომ მარათონში უნდა იყო ჩართული, რომ სასურველ სკოლაში მოხვდე? მართალია, მეოთხე ეტაპზე თუ გამოთავისუფლდა ადგილი, სკოლის შეცვლა შესაძლებელია, მაგრამ ესეც სტრესია ბავშვისთვის“, - ამბობს ანა გელაძე.

პირველკლასელთა რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს სკოლების ნაკლებობით ხსნის „საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის“ წარმომადგენელი, თამარ მოსიაშვილი. მისი თქმით, ათიოდე წლის წინ ბევრ საჯარო სკოლას პრივატიზაცია გაუკეთდა და იქ ბავშვს ვეღარ დაარეგისტრირებ. მასობრივი მშენებლობების გამო განსაკუთრებით გაჭირდა დიღმის მასივში რეგისტრაციაც.

თუმცა დეფიციტის ძირითადი მიზეზი მაინც ის არის, რომ ყველას ცენტრალურ, პრესტიჟულ სკოლებში უნდა ბავშვის ჩარიცხვა - მშობელს სურს, მის შვილს კარგი კავშირები ჰქონდეს.

რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მშობლები ხშირად იძულებული არიან ბავშვი უცნობ სკოლაში მიიყვანონ, შესაბამისად, ვერ ახერხებენ საკუთარი შვილის განათლების დაგეგმვას.

„მაგალითად, მშობელს უნდა, მისმა შვილმა იცოდეს ინგლისური და გერმანული, ამ დროს კი ბავშვი რეგისტრირდება სკოლაში, სადაც ინგლისურსა და რუსულს ასწავლიან“, - ამბობს თამარ მოსიაშვილი.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ რეგისტრაციის ეს ფორმა მსგავს სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალია. სამინისტროს მონაცემებით, ადგილები მოთხოვნაზე გაცილებით მეტია და პრობლემას არა სკოლების ნაკლებობა, არამედ ისევ პრესტიჟულ სკოლებში მოხვედრის სურვილი ქმნის.

საქართველოში პირველკლასელებისთვის წელს 83 678 ვაკანტური ადგილი იყო გამოყოფილი, აქედან თბილისის სკოლებში - 16 623. 2 ივნისის 12 საათის მონაცემებით, საქართველოში 36 477 პირველკლასელი დარეგისტრირდა. რეგისტრაცია 25 ივნისამდე გაგრძელდება. განათლების სამინისტროს პროგნოზით, წელს პირველკლასელების რაოდენობა, დაახლოებით, 50 ათასი უნდა იყოს.

ვაკანტური ადგილები რჩება, თუმცა არა იქ, სადაც მშობლებს უნდათ.თამარ მოსიაშვილი ამბობს, რომ თუ მომავალში დისტანციური სწავლება ჩვეულებრივი სწავლების თანამდევი გახდება, შესაძლებელია, ის სკოლების განტვირთვის ერთ-ერთ საშუალებად იქცეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG