Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველი რუსი ტრანსგენდერი პოლიტიკოსი ქალი პირვანდელ სქესს უბრუნდება


იულია ალიოშინა, პირველი რუსი ტრანსგენდერი ქალი პოლიტიკოსი
იულია ალიოშინა, პირველი რუსი ტრანსგენდერი ქალი პოლიტიკოსი

რუსეთის ალტაის მხარეში პარტია „სამოქალაქო ინიციატივის“ ფილიალის ყოფილმა ხელმძღვანელმა, იულია ალიოშინამ განაცხადა, რომ აპირებს დაიბრუნოს პირვანდელი სქესი და სახელი, რომანი. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთში მკვეთრად გაუარესდა ლგბტ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა.

„მე ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ. ბოდიშს ვუხდი მთელ რუს ხალხს!“ - დაწერა ალიოშინამ თავის Telegram-არხზე.

რომან ალიოშინი 1990 წელს დაიბადა. 2020 წელს გენდერული ტრანზიციის შემდეგ მიიღო ახალი პასპორტი მდედრობითი სქესის მარკერით და ქალის სახელით იულია. რუსეთის კანონმდებლობა მაშინ ამის უფლებას იძლეოდა.

2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის ოქტომბრამდე იულია ალიოშინა ხელმძღვანელობდა "სამოქალაქო ინიციატივის" რეგიონულ ფილიალს, ხოლო 2023 წელს აპირებდა კენჭი ეყარა რეგიონის გუბერნატორის პოსტზე, მაგრამ არ ეყო ხელმოწერები.

„სამოქალაქო ინიციატივა“ - დაარეგისტრირა 2012 წელს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ანდრეი ნეჩაევმა. 2015 წელს პარტიის პოლიტსაბჭოში შედიოდნენ ვლადიმირ რიჟკოვი, დმიტრი ნეკრასოვი, მაქსიმ კაცი, დმიტრი და გენადი გუდკოვები. 2018 წელს პარტიის მოსკოვის განყოფილებამ მოსკოვის მერის კანდიდატად დმიტრი გუდკოვი წარადგინა, თუმცა მან მუნიციპალური ფილტრი (ბარიერი) ვერ გაიარა. 2018 წელს მოსკოვის რეგიონის გუბერნატორის არჩევნებში პარტიამ მხარი დაუჭირა სახელმწიფო სათათბიროს მემარჯვენე ძალების გაერთიანებული ფრაქციის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს, ბორის ნადეჟდინს. 2018 წელს ამ პარტიიდან იყარა კენჭი ქსენია სობჩაკმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებში.

ლგბტ პროპაგანდისა და "სქესის შეცვლის" ამკრძალავი კანონის მიღების შემდეგ იულია ალიოშინამ განაცხადა, რომ მიდიოდა პოლიტიკიდან, 2024 წლის 16 მაისს კი თავის Telegram-არხზე გამოაქვეყნა პოსტი, რომ აპირებდა უკუტრანზიციას - პირვანდელი სექსის დაბრუნებას:

„დიდი მარხვის დროს გავაცნობიერე, რომ ბიჭი ვიყავი. დედამ მითხრა, რომ 7 თვისა მომნათლეს. კვირაცხოვლობის სამშაბათამდე (აღდგომიდან მეორე სამშაბათი) მქონდა სულიერი ტანჯვები, რაც უნდა ვთქვათ, ერთი სულიერი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა რთული ამბავია. სამშაბათს გადავათვალიერე ჩემი წინაპრების ფოტოალბომები, ვილოცე მათთვის და ეს ყველაფერი დამეხმარა იმ აზრის განმტკიცებაში, რომ ბიჭი ვარ. როგორც ფილიპ კირკოროვი, მივხვდი, რომ არასწორ კარს ვეხეთქებოდი. მე ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ, ამიტომ ვცხოვრობ რუსეთში. ბოდიშს ვუხდი მთელ რუს ხალხს!“

იულია ალიოშინამ გამოცემა „ბენფაქსს“ უთხრა, რომ იბრუნებს თავის ყოფილ სახელს (რომანი) და, აპირებს მიიღოს საეკლესიო განათლება. შეცვალა თუ არა მან პასპორტი, გამოცემა ამაზე არაფერს წერს. რომანის თქმით, სქესის შეცვლის სურვილი სასჯელივით იყო „მისი წინაპრების ცოდვებისთვის“, თუმცა მოახერხა და გადალახა ეს „დაცემა“ და ახლა სურს „გამოისყიდოს როგორც თავისი, ასევე წინაპრების ცოდვები“.

2023 წლის ნოემბერში რუსეთის უზენაესმა სასამართლომ, იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნით, არარსებული „ლგბტ საერთაშორისო საზოგადოებრივი მოძრაობა“ „ექსტრემისტულ ორგანიზაციად“ გამოაცხადა.

რუსეთში უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მაშინვე აღნიშნეს, რომ არარსებული „ლგბტ მოძრაობის“ ექსტრემისტების სიაში დამატებამ „შეიძლება გამოიწვიოს უფლებადაცვითი და აქტივისტური საქმიანობის კრიმინალიზაცია და აქტივისტების, ჟურნალისტებისა და უბრალოდ ლგბტ ადამიანების დევნის გაძლიერება“.

რადიო თავისუფლების პროექტის Sibir.Realii-ს რედაქციამ შარშან გამოაქვეყნა ინტერვიუ იულია ალიოშინასთან - მაშინ პოლიტიკოსმა, რომელიც ალტაის მხარის გუბერნატორის არჩევნებში იყო წარდგენილი, უარი თქვა მონაწილეობაზე. თავის გადაწყვეტილების მიზეზად პოლიტიკოსმა დაასახელა კანონპროექტი, რომელიც აწესებდა შეზღუდვებს სქესის შეცვლის ოპერაციებზე. ეს კანონი ძალაში 2023 წლის ოქტომბერში შევიდა.

„მათ შეუძლიათ ბოსტნეულად გვაქციონ“, - ამბობდა მაშინ ალიოშინა, რომელიც არ აპირებდა პირვანდელი სქესის დაბრუნებას. ის ღიად ლაპარაკობდა იმ საფრთხეებზე, რომლებიც ტრანსგენდერ ადამიანებს ელოდათ რუსეთში:

„არსებობს იმის წინაპირობა, რომ ტრანსგენდერებს მოექცევიან ისე, როგორც იუსტიციის მინისტრმა ჩუიჩენკომ განაცხადა: „მკურნალობა, მკურნალობა და კიდევ ერთხელ მკურნალობა, დაბრუნება პირვანდელ ბუნებასთან, ბიოლოგიურ სქესთან, რომლითაც დაიბადნენ“.

თუ მინისტრის სიტყვებს რეალური მსვლელობა მიეცემა, მაშინ ტრანსგენდერ ადამიანებს იძულებით კონვერსიულ თერაპიაში ჩართავენ, რაც სხვა არაფერია, თუ არა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა დახურულ საავადმყოფოებში“.

რომან ალიოშინი, ფოტო გადაღებულია მის გენდერულ ტრანზაქიამდე
რომან ალიოშინი, ფოტო გადაღებულია მის გენდერულ ტრანზაქიამდე

შემდეგ ალიოშინა ამბობს, რომ კონვერსიული თერაპია გამოიყენებოდა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში (აშშ, გერმანიაში და ა.შ.), მაგრამ ეს ხდებოდა დაახლოებით 50 წლის წინო:

„მასზე უარი თქვეს (გამოიყენებოდა როგორც ფსიქოთერაპია და ჰიპნოზი, ასევე ელექტროდენი), რადგან არანაირი დადებითი ეფექტი არ მოჰყოლია. კონვერსიული თერაპიის კიდევ ერთი მიდგომაა ნეიროლეპტიკები: ტაბლეტები, ფსიქოტროპული ინიექციები, რომლებიც ადამიანს უბრალოდ ბოსტნეულად, მცენარედ აქცევს.

შედარებისთვის, ნეიროლეპტიკებს უნიშნავენ შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანებს, უნიშნავენ, ბუნებრივია, სამედიცინო დანიშნულებით, რომ მდგომარეობა არ გაუარესდეს. მაგრამ ადამიანს, რომელსაც არ აქვს შიზოფრენია, არ შეუძლია ნორმალურად იცხოვროს ასეთი წამლების მიღების შემდეგ. როგორც წესი, ისინი ინვალიდდებიან.

თუ ტრანსგენდერ ადამიანზე ამ პრეპარატს გამოიყენებენ, ისინი ბოსტნეულად გადაიქცევიან, მცენარის სიცოცხლით იცოცხლებენ. პენსიაზე მოუწევთ გასვლა, თუმცა დაუნიშნავენ თუ არა პენსიას, ეგეც საეჭვოა, რადგან ახლა ინვალიდობის მიღების წესი გამკაცრდა და ბევრ რამეს კომისიები წყვეტენ“.

იულია ალიოშინა, ვიდრე თავის გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, რამდენიმე თვით ადრე ამბობდა, რომ სიხარულს გრძნობდა, როცა მას რუსეთის პირველ ტრანსგენდერ პოლიტიკოსს ეძახდნენ, „რადგან მან მოახერხა თავისი სამშობლოს ოდნავ მაინც მიახლოება დემოკრატიასა და თავისუფლებასთან“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG