Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პლაქვენილის“ გარეშე დარჩენილი ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები


ჟურნალისტ ნანიკო ხაზარაძის მეგობარი 17 წელია პრეპარატ "პლაქვენილის" მომხმარებელია. მას წითელი მგლურა და ართრიტი აქვს. პირველ აპრილს ნანიკომ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა და დახმარება ითხოვა. პრეპარატი, რომელიც მისი მეგობრის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვერსად იპოვეს.

ნანიკო ხაზარაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მთელი ქალაქის აფთიაქების შემორბენა დასჭირდა, 10 აბი „პლაქვენილის“ შესაგროვებლად:

„ჩემი მეგობრისთვის ეს პრეპარატი, შეიძლება ითქვას, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისი დაავადება სისტემატურ მკურნალობას მოითხოვს და სწორედ ახლა ესაჭიროება ეს მკურნალობა. აფთიაქებში გვეუბნებიან, რომ მარაგი ამოწურულია. გუშინ ძლივს შევაკოწიწე 10 აბი. ფარმაცევტმა ლამის ჯიბიდან მოგვცა. როგორც დავადგინე, პრეპარატის მარაგები კლინიკებმა წაიღეს“.

1944 წელს, მალარიის სამკურნალოდ შექმნილი პრეპარატი, რომელიც, ამასთანავე, რევმატიული და დერმატოლოგიური დაავადებების სამკურნალოდაც აქტიურად გამოიყენება, ახალი კორონავირუსის მკურნალობის პროცესში, ერთ-ერთ ძირითად პრეპარატად სახელდება. 24 მარტს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ დამტკიცებული კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლის თანახმად, სწორედ „პლაქვენილი“ დასახელდა COVID-19-ის მართვისას ერთ-ერთ მთავარ პრეპარატად.

მას შემდეგ, რაც მარტის შუა რიცხვებში, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „პლაქვენილი“ კორონავირუსის მკურნალობის „დამტკიცებულ“ პრეპარატად გამოაცხადა და, მოგვიანებით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემაც დაადასტურა, რომ კლინიკა კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ ერთ-ერთ პრეპარატად სწორედ „პლაქვენილს“ იყენებდა, სააფთიაქო ქსელებში პრეპარატზე ინდივიდუალური მოთხოვნა გაიზარდა და მალევე, მედიკამენტი სააფთიაქო ქსელებიდან გაქრა.

მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატის თვითნებური გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია და ამან შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოს, მედიკამენტი აფთიაქებიდან რეცეპტის გარეშე გაიყიდა. ამას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ორი წყარო ადასტურებს. მათ შორის, ერთ-ერთი ექიმი.

როდის შეძლებენ ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები აფთიაქებში "პლაქვენილის" შეძენას?

2 აპრილის მდგომარეობით, „პლაქვენილი“ სააფთიაქო ქსელებში აღარ იყიდება. იქ დარჩენილი მარაგი კი, ფაქტობრივად, სრულად გადაეცა კლინიკებს.

თეა ჯავახიშვილი, სააფთიაქო ქსელ GPC-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მას შემდეგ, რაც აფთიაქებში, რიგითი მოქალაქეების მხრიდან „პლაქვენილზე“ მოთხოვნა გაიზარდა, ჯანდაცვის სამინისტრომ სააფთიაქო ქსელებს პრეპარატის გაცემის წესების გამკაცრება მოსთხოვა:

„პრეპარატი მხოლოდ და მხოლოდ სპეციალისტის დანიშნულებისა და პაციენტის სრული ანამნეზის ამსახველი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ გაიცემოდა. თუმცა, რაკიღა ქვეყანაში პრეპარატის დიდი მარაგი არც არასდროს ყოფილა, რადგან ის იშვიათი მოხმარების წამალია, მარაგი უკვე ამოწურულია. შეკვეთა გაკეთებულია, თუმცა, მოლოდინის რეჟიმში ვართ. როგორც კი მარაგი შეივსება, პრეპარატი გაიცემა მხოლოდ და მხოლოდ სპეციალისტის დანიშნულების, ფორმა 100-ის საფუძველზე“.

სააფთიაქო ქსელ PSP-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ნათია ხაბეიშვილის თქმითაც, ქსელში არასდროს ყოფილა „პლაქვენილის“ დიდი მარაგი:

„შეიძლება ითქვას, რომ ამ პრეპარატის მომხმარებელ პაციენტებს ვიცნობდით კიდეც. ბოლო პერიოდში დარჩენილი მარაგი მთლიანად გადაეცა კლინიკებს. ამჟამად, პრეპარატის მწარმოებელ ფრანგულ კომპანია „სანოფში“ გვაქვს შეკვეთილი 1500 კოლოფი „პლაქვენილი“, თუმცა, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ვიცით, როდის მოხერხდება მისი ჩამოტანა. პრეპარატის ჩამოსვლის შემთხვევაში, პირველ რიგში, კვლავ კლინიკები მომარაგდებიან“.

მიუხედავად იმისა, რომ სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლების განცხადებით, მათ მარაგებში აღარ არის „პლაქვენილი“ და დაზუსტებით არც ის იციან, როდის შემოიტანენ მას საქართველოში, ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, რადიო თავისუფლების კითხვაზე, აქვს თუ არა ქვეყანას „პლაქვენილის“ მარაგი, პასუხობს, რომ ამ ეტაპზე, ქვეყანაში მისი დეფიციტი არ არის:

„ამ საკითხთან დაკავშირებით მუდმივად ვმუშაობთ. რამდენიმე დღეში გარკვეულ რაოდენობას ველოდებით, ამ ეტაპზე დეფიციტი არ არის, თუმცა მისი მარაგების შევსება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს და, ასევე, ჩვენი რეგულირების სააგენტოს მხრიდან, როგორც შემომტანებთან, ისე სააფთიაქო ქსელებთან მიმდინარეობს მუშაობა, რომ მაღალ დონეზე, სახელმწიფოებრივ დონეზე დავეხმაროთ მათ ამ პრეპარატის შემოტანაში“.

„პლაქვენილის“ ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი, ფრანგული კომპანია „სანოფი“, წლებია ამარაგებს საქართველოს ამ მედიკამენტით. მარინა გიორგობიანი 20 წლის განმავლობაში იყო კომპანია „სანოფის“ წარმომადგენელი ამიერკავკასიაში. მისი თქმით, „სანოფის“ ბუფერული საწყობი უნგრეთში მდებარეობს და პრეპარატი საქართველოში თურქეთის გავლით, ავტომობილებით ხვდება:

„სწორედ ამ ბუფერული საწყობიდან მარაგდება საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი. იქ ხდება სამთვიანი დასაწყობება და შემდეგ უკვე პრეპარატი კონკრეტული შეკვეთების მიხედვით იგზავნება. როგორც ჩემთვის ცნობილია, ბოლო პერიოდში, პრეპარატზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, ბუფერულ საწყობში „პლაქვენილის“ მარაგები ამოიწურა. თუმცა, „სანოფი“ საკმაოდ დიდი და ძლიერი კომპანიაა და, დიდი ალბათობით, მოთხოვნის გაზრდასთან ერთად, თავადაც გაზრდის მედიკამენტის წარმოებას“.

აღსანიშნავია, რომ მარტის ბოლოს, უნგრეთის მთავრობამ აკრძალა ჰიდროქსიქლოროკინის სულფატის (პლაქვენილის) ექსპორტი და თქვა, რომ უნგრეთისთვის, რომელიც ამ ინგრედიენტის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია, ახლა პრიორიტეტია უნგრეთის მოსახლეობის დაცვა და სამედიცინო მომარაგება.

მარინა გიორგობიანის თქმით, უნგრეთის მთავრობის ეს განცხადება არ არის კავშირში უნგრეთში მდებარე „სანოფის“ ბუფერულ საწყობთან, რადგან მედიკამენტი ეკუთვნის საფრანგეთს და არა უნგრეთს.

რას გამოიწვევს "პლაქვენილით" მკურნალობის შეწყვეტა ქრონიკული პაციენტებისთვის?

მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრის ექიმი-დერმატოლოგი ირმა ბუჩუკური, რომელსაც პაციენტების „პლაქვენილით“ მკურნალობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, გვეუბნება, რომ ამ მედიკამენტის ალტერნატივის მოძებნა რთულია. პრეპარატის მოხმარების შეწყვეტა კი იწვევს დაავადების გამწვავებას:

„ის დაავადებები, რომლის სამკურნალოდაც „პლაქვენილი“ გამოიყენება, მძიმე დაავადებებია, მეტწილად სისტემური დაავადებები, რომლებიც იწვევს მრავალი ორგანოსა და სისტემის დაზიანებას და, შესაბამისად, პაციენტი გადაუდებლად საჭიროებს ამ პრეპარატის მიღებას. პრეპარატი აკონტროლებს ქრონიკულ დაავადებებს და, შესაბამისად, ის ინიშნება ხანგრძლივი პერიოდით“.

რატომ არ უნდა დავლიოთ "პლაქვენილი" თვითნებურად

რაც შეეხება „პლაქვენილის“ დანიშნულების გარეშე, თვითნებურად მიღებას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის კათედრის გამგე, ლევან რატიანი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მისი მოხმარება უკიდურესად სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისა და, ხშირად, სიცოცხლისათვისაც:

„პრეპარატს აუცილებლად ნიშნავს გამოცდილი ინფექციონისტი და, რაც მთავარია, კონკრეტული დოზირებით. ზუსტი დანიშნულების გარეშე მედიკამენტის გამოყენება შესაძლოა დასრულდეს ლეტალურად ან გამოიწვიოს მძიმე გვერდითი ეფექტები, მათ შორის, მხედველობის დაქვეითება. ეს არ არის საღეჭი რეზინა, რომ როცა მოგეპრიანება, მაშინ დაღეჭო. ამ პრეპარატის დანიშნულების გარეშე მიღებამ, შესაძლოა, მოახდინოს გულის გამტარი სისტემის ბლოკირება, მოიშალოს გულის რიტმი და გამოიწვიოს უეცარი კარდიოლოგიური სიკვდილი“.

როგორც 24 მარტს დამტკიცებულ სახელმწიფო პროტოკოლში ვკითხულობთ, COVID-19-ის სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა ჯერჯერობით ოფიციალურად დამტკიცებული არ არის, თუმცა შესწავლის სტადიაშია დაახლოებით 11-12 მედიკამენტი და ზოგიერთი მკვლევრისა და ექსპერტის აზრით, ისინი ვერ უზრუნველყოფენ განკურნებას, მაგრამ ამსუბუქებენ დაავადების მიმდინარეობას და ამცირებენ ლეტალობას.

მსოფლიოში არსებული გამოცდილებით და სხვადასხვა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, COVID-19-ის ყველაზე ეფექტიან სამკურნალო მედიკამენტად ითვლება ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი).

უსიმპტომო COVID-19-ით პაციენტები ჰიდროქსიქლოროქინით მკურნალობას არ საჭიროებენ. მსუბუქი მიმდინარეობის COVID-19-ით პაციენტებში ჰიდროქსიქლოროქინით მკურნალობის საკითხი უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად.

პროტოკოლის თანახმადვე, „პლაქვენილი“ გამოიყენება COVID-19-ის მხოლოდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების დროს და ისიც მკაცრად ექიმის დანიშნულებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG