Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მადლობელი ვარ ქალბატონი პრეზიდენტის, პოზიციის ღიად დაფიქსირების გამო" - პოლონეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა ვარშავაში


სალომე ზურაბიშვილისა და ანჯეი დუდას შეხვედრა. ვარშავა, 2022 წლის 5 დეკემბერი.
სალომე ზურაბიშვილისა და ანჯეი დუდას შეხვედრა. ვარშავა, 2022 წლის 5 დეკემბერი.

პოლონეთის პრეზიდენტმა გულითადი მადლობა გადაუხადა პირადად საქართველოს პრეზიდენტს ვითარების სწორად შეფასებისა და უკრაინაში რუსეთის აგრესიის მიმართ „პოზიციის ღიად დაფიქსირებისთვის“. ვარშავაში გამართული ბრიფინგის ძირითადი მესიჯები რუსეთის აგრესია, ევროპის საფრთხეები და საქართველოს მხარდაჭერა იყო.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 5 დეკემბერს აღნიშნა, რომ ეს ომი მსოფლიოს შეცვლის, საერთაშორისო თანამეგობრობამ აღარ უნდა დაუშვას ძველი შეცდომები და მცდარია ხედვა, „რომ ვიღაც უნდა რუსეთის გრძნობებს გაუფრთხილდეს“.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სალომე ზურაბიშვილისა და ანჯეი დუდას პირისპირ შეხვედრის დროს საუბარი აუცილებლად შეეხებოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობასა და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხს, რისთვის მზადყოფნაც არაერთხელ გამოხატა პოლონურმა მხარემ.

საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ბოლოს ზურაბიშვილი და დუდა პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს თბილისში, 2021 წლის 3 თებერვალს, როდესაც პოლონეთის პრეზიდენტი თბილისს, ღამით, ტრანზიტული ბლიც-ვიზიტით ეწვია.

  • რაზე (არ) ისაუბრეს საჯაროდ ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა და როგორია ვიზიტის ფონი?

5 დეკემბერს, როდესაც, ვარშავაში, საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ ხვდებოდნენ, უკრაინის ტერიტორიას და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას რუსეთი კვლავ ბომბავდა და, როგორც მედია იუწყება, მრავალი მიმართულებიდან, რუსეთმა სხვადასხვა სახის ათობით რაკეტა ისროლა.

„ჩემთვის უდიდესი პატივია, ქალბატონ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ვუმასპინძლო ამ რთულ დროს, როდესაც რუსული აგრესია მიმდინარეობს უკრაინის წინააღმდეგ. არავისთვის არის საიდუმლო, რომ ჩვენი საერთო ევროპული უსაფრთხოება არის საფრთხის ქვეშ“, - თქვა პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრიფინგზე პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ. პრეზიდენტებს მედიის შეკითხვებისთვის არ უპასუხიათ.

სალომე ზურაბიშვილმა პოლონელი კოლეგისგან ინდივიდუალური მადლობაც მიიღო:

„უდიდესი მადლობა პოზიციის გამო, რომელსაც ქალბატონი პრეზიდენტი ამჟღავნებს მიმდინარე მოვლენებთან, მიმდინარე რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით... განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი პოზიციის დაფიქსირება იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც ასევე არიან რუსული აგრესიის მსხვერპლნი და ჩემი დიდი მოწიწება და პატივისცემა მინდა გამოვხატო ქალბატონი პრეზიდენტის მიმართ... მე ძალიან მადლობელი ვარ ქალბატონი პრეზიდენტის, მისი პოზიციის ღიად დაფიქსირების გამო, რაც მან არაერთხელ გააკეთა“.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პოლონელ კოლეგას უთხრა, რომ მისი განცხადებები გამოხატავს არა მხოლოდ მის პირად პოზიციას, არამედ ეს არის "საქართველოს მოსახლეობისა" და "მთლიანად ქვეყნის" პოზიცია.

"ყველა პოზიცია, რაც დავაფიქსირე, არის არა ჩემი პირადი პოზიცია, არამედ უფრო და მთლიანად საქართველოს მოსახლეობის პოზიცია. საქართველო არის სოლიდარული უკრაინასთან... მთლიანად ქვეყნის პოზიციაა, რომ საქართველო უნდა იყოს სოლიდარული უკრაინის მიმართ და არ შეიძლება, რომ არ დაუჭიროს მხარი თავისი შესაძლებლობების ფარგლებში... ყველამ ვიცით, რომ საქართველოს არა აქვს ის პოტენციალი, რომ ჩაერთოს ამ ომში და ეს არც იქნებოდა სწორი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეკონომიკურად და სოციალურად და მთელი საზოგადოება... მინდა, ყველა მოგიწვიოთ და ნახოთ, თბილისის ქუჩებში როგორ გამოიხატება საქართველოს სოლიდარობა", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტს, ცხადია, არ ულაპარაკია უთანხმოებაზე "ქართულ ოცნებასთან" და მათ შორის უკრაინის მისამართით არსებულ განსხვავებულ პოზიციებზე. მაგალითად, თუკი დღეს, ვარშავაში, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების თავდადებაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ "მათი ხსოვნა იქნება უკვდავი"; თბილისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველი მებრძოლები მოიხსენია "საწყალ ბიჭებად", რომლებიც უკრაინაში საბრძოლველად "ომის პარტიას" მიჰყავს.

სალომე ზურაბიშვილმა ომს "სასტიკი და უსამართლო" უწოდა, ხოლო რუსეთს აგრესორი, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობამ ადგილი მხოლოდ თავის საზღვრებში უნდა მიუჩინოს და ომის დასრულების შემდეგ, მოლაპარაკებების პროცესში, საერთაშორისო თანამეგობრობა არა რუსეთის, არამედ მის მიერ შევიწროებული მეზობლების გრძნობებს უნდა გაუფრთხილდეს.

ზურაბიშვილის შეფასებით, უკრაინა "ყველაფერს უძლებს" იმის დამსახურებითაც, რომ "მთელი საზოგადოება არის გაერთიანებული" და "პოლარიზაცია გვერდზე არის გადადებული".

პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ყოველთვის უნდა ჰქონდეს მისი ქვეყნის იმედი ევროკავშირისა და ნატოსკენ სავალ გზაზე და გამოთქვა იმედი, რომ ქვეყანა მალე მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

ზურაბიშვილმა დუდა "ახლო მომავალში" საქართველოში დაპატიჟა.

ანჯეი დუდა თბილისში, ბოლოს, სულ მცირე ხნით, 2022 წლის 3 თებერვალს, ღამით ჩამოფრინდა და მხოლოდ პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეხვდა. დღემდე ზუსტად ვერავინ ამბობს, იყო ეს თუ არა მხოლოდ აუცილებელი შუალედური დაფრენა, ვთქვათ, საწვავის ავზის შესავსებად. ფაქტია, რომ პრეზიდენტებმა მაშინაც, თბილისის აეროპორტში, ბრიფინგი გამართეს და პოლონეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მეგობარ საქართველოს პოლონეთის იმედი მუდამ უნდა ჰქონდეს; რომ უკრაინის პრობლემა არა მხოლოდ ევროპას, არამედ მთელ მსოფლიოს შეეხება და რომ უკრაინის სოლიდარობისთვის მეტი მოქმედებაა საჭირო. მაშინ რუსეთს ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაწყებული ომი უკრაინასთან; ახლა კი უკვე ომის მე-10 თვეა.
სახმელეთო მეზობელი - პოლონეთი - მაქსიმალურად ეხმარება უკრაინას, მათ შორის - შეიარაღებით. პრეზიდენტმა ზელენსკიმ საერთაშორისო მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ახლახან განაცხადა, რომ ანჯეი დუდა მუდმივად კავშირზეა და შეუძლია, რომ მას შუაღამისას, პირდაპირ დაურეკოს, წინასწარ შეუთანხმებლად.

„პოლონეთი ყალიბდება ევროკავშირის აღმოსავლეთ ნაწილის ლიდერ სახელმწიფოდ, ბევრი თვალსაზრისით. ეს გამოიხატა, მათ შორის - იმით, რომ პოლონეთმა შესრულა უკრაინის მხარდაჭერის წამყვანი ძალის ფუნქცია და მისი აქტიურობით დაირაზმა დანარჩენი ევროპული ქვეყნები“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი, დიპლომატი გიორგი ბადრიძე და აღნიშნავს ასევე, რომ პოლონეთი საქართველოს დამოუკიდებლობის გამყარებასა და მის ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში, ყოველთვის თვლიდა სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხად, მათ შორის - თავად პოლონეთის ეროვნული ინტერესებისთვის“.

ბადრიძე მიესალმება სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს ვარშავაში, მაგრამ პრობლემად თვლის, რომ „ბევრ საკითხში მთავრობა და პრეზიდენტი სრულიად განსხვავებულ პოზიციებზე დგანან“ და „პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლების რეალურ პოზიციას არ გამოხატავს“.

მართალია, საჯაროდ არაფერი თქმულა, მაგრამ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მსგავსად, გიორგი ბადრიძეც დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტები, ვარშავაში გამართული პირისპირ შეხვედრის დროს, გვერდს ვერ აუვლიდნენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე საუბარს და მით უფრო ახლა, ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ.

პოლონეთი მუდმივად მოითხოვდა მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაცემას და ვარშავის პოზიციას ძირითადად ახმოვანებდა სეიმის თავმჯდომარის მოადგილე, მალგოჟატა გოშევსკა. ის პოლონეთის პარლამენტში მმართველ პარტიას წარმოადგენს.

თბილისში რამდენჯერმე ჩამოსული გოშევსკა არაერთხელ უშედეგოდ ეცადა სააკაშვილთან საპატიმროში შესვლას. ივნისში, როცა მორიგი უარი მიიღო, კლინიკა „ვივამედთან“ მისულმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სააკაშვილის მონახულების პირობა მას პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მისცა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის თანდასწრებით.
ივნისში, გოშევსკა თბილისს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებული ღონისძიების - ქალთა საერთაშორისო კონფერენციის („ლიდერები კონფლიქტების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ“) ფარგლებში იყო მოწვეული და ეს პლატფორმაც გამოიყენა მიხეილ სააკაშვილის საკითხის წინ წამოსაწევად და საქართველოს ხელისუფლების კრიტიკისთვის.

პოლონელი პარლამენტარისთვის ნათქვამი მორიგი უარის შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ივნისში განმარტა, რომ - გოშევსკას, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ციხეში პატიმრის მონახულების საშუალებას არ აძლევს საქართველოს კანონმდებლობა. ამის შესახებ, ივლისში, რატი ბრეგაძემ რადიო თვისუფლებასთან ინტერვიუშიც განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის მიერ ბოლოს გაჟღერებული პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის გარდა, დაგეგმილია მისი მონაწილეობა ქალაქ ოსვენციმში წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც გაიმართება საქართველოსა და პოლონეთის ფოსტების ერთობლივი მარკის – „წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე“ - წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონია. სამუშაო ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ კრაკოვში პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის საფლავს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG