Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეორედ, განსხვავებულად - რატომ ჩამოვიდა პოლონეთის პრეზიდენტი?


ანჟეი დუდა და სალომე ზურაბიშვილი - ბრიფინგი თბილისის აეროპორტში. 3 თებერვალი, 2022 წელი.
ანჟეი დუდა და სალომე ზურაბიშვილი - ბრიფინგი თბილისის აეროპორტში. 3 თებერვალი, 2022 წელი.

პირველი შემთხვევა არ არის, როცა პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა თბილისში ტრანზიტული ბლიც-ვიზიტით ჩამოვიდა. თუმცა, 2022 წლისა და 2018 წლის შემთხვევები ანალიტიკოსებისთვის იდენტური არ არის და მით უფრო ევროპაში რუსეთის აგრესიით გამოწვეული დაძაბულობის ფონზე.

ზუსტად არავინ იცის, რა უთხრეს ერთმანეთს საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებმა 3 თებერვალს, ღამით, თბილისის აეროპორტში გამართულ დახურულ შეხვედრაზე. თუმცა ანჟეი დუდამ მნიშვნელოვნად ჩათვალა, ბრიფინგზე აღენიშნა, რომ თბილისიდან მესიჯებს ბრიუსელსა და პარიზში ჩაიტანს და შემდეგ, საქართველოსთვის ახალი ინფორმაციაც ექნება.

მსჯელობა ვარაუდების დონეზე რჩება, მაგრამ პოლონეთის აქტიურობა და ბოლო პერიოდის მოვლენები გარკვეულ სურათს ქმნის.

უკვე მეორედ

2018 წლის 27 მარტს, როცა ანჟეი დუდა ასეთივე ტრანზიტული ვიზიტით ჩამოვიდა თბილისში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იყო.

მეოთხე პრეზიდენტის მაშინდელი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, თენგიზ ფხალაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იხსენებს, რომ ანჟეი დუდა მაშინ ავღანეთიდან ბრუნდებოდა, მისი თვითმფრინავი თბილისში საწვავის შესავსებად დაფრინდა და ამის შესახებ ქართულმა მხარემ რამდენიმე დღით ადრე იცოდა.

იყო თუ არა საწვავის ავზის შევსება ბლიც-სტუმრობის მთავარი მიზეზი ამჯერადაც, ეს ზუსტად არავინ იცის. თუმცა ცნობილია, რომ პოლონეთის პრეზიდენტი ჩინეთში, ზამთრის ოლიმპიადაზე მიემგზავრებოდა და წინ ხანგრძლივი ფრენა ელოდა.

2018 წელს ორ პრეზიდენტს ერთობლივი ბრიფინგი არ გაუმართავს და აეროპორტში შეხვედრის შინაარსი მაშინ მხოლოდ მოკლე პრესრელიზით გავრცელდა.

ამასთან, თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ საწვავის ავზის შევსება პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავს ამჯერად, მაგალითად, თურქეთშიც შეეძლო.

„საწვავის შესავსებად თვითმფრინავი ჯდება, როგორც წესი, მეგობრულ ქვეყანაში. მაგრამ, როგორც უნდა იყოს, ამ [უკრაინასთან დაკავშირებულ] ფონზე ეს [საქართველოს შერჩევა] განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავს თავისუფლად შეეძლო დამჯდარიყო თურქეთში.

ეს შესაძლებელია ყირიმის ანექსიის შემდეგ, რაც ფრენის მარშრუტი შეიცვალა და ძველებურად პირდაპირი ხაზი აღარ არის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრანზიტული ვიზიტი იყო, მკაფიო სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და ვფიქრობ, მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა“, - ეუბნება ფხალაძე რადიო თავისუფლებას.

სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს. პოლონეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე კი ვკითხულობთ, რომ ის მადლობელია ქართველ კოლეგასთან საუბრის შესაძლებლობისთვის.

რა ვიცით და რა შეიძლება იყოს?

პოლონეთის პრეზიდენტმა თბილისის აეროპორტში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მეგობარ საქართველოს პოლონეთის იმედი მუდამ უნდა ჰქონდეს, უკრაინის პრობლემა არა მხოლოდ ევროპას, არამედ მთელ მსოფლიოს შეეხება და რომ უკრაინის სოლიდარობისთვის მეტი მოქმედებაა საჭირო.

ანჟეი დუდამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა ბრიუსელსა და ბერლინში დაგეგმილი შეხვედრების წინ და იმედს გამოთქვამს, რომ ახლო მომავალში საქართველოსთვის ახალი ინფორმაცია ექნება.

რა ხდება ბრიუსელსა და ბერლინში?

ოფიციალური წყაროებიდან ირკვევა, რომ 3 თებერვალს, თბილისში ჩამოსვლამდე, ანჟეი დუდას ორი სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მისი ადმინისტრაციის შეფასებით - მეტად მნიშვნელოვანი.

ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 3 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა პოლონეთის პრეზიდენტს „ევროპაში უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემებთან“ დაკავშირებით, „როცა რუსეთი ემუქრება მეზობელ უკრაინას“. ანჟეი დუდა ბრიუსელში ორშაბათს სწორედ ურზულა ფონ დერ ლაიენის მიპატიჟებით ჩადის.

„ევროპული სოლიდარობა და ერთიანობა აუცილებელია“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

4 თებერვალს ევროკომისიამ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ უკვე მომზადებულია „მტკიცე“ სანქციების პაკეტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში ამოქმედდება და ეს პაკეტი კრემლისთვის ასე მნიშვნელოვან მილსადენს - „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-საც შეეხება.

პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ასევე 3 თებერვალს გაიმართა სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთანაც, რომლის დროსაც ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა, უკრაინის გარდა, ასევე ისაუბრეს მანამდე ერთგვარად მიძინებულ და უმოქმედო „ვაიმარის სამკუთხედის“ ფორმატში დაგეგმილ შეხვედრაზე.

„ვაიმარის სამკუთხედი“ - საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის შემადგენლობით, გასული საუკუნის 90-იან წლებში შეიქმნა და ამ კავშირის ყველაზე მთავარ მიღწევად ექსპერტები ასახელებენ - პოლონეთის დაჩქარებულ გაწევრიანებას ნატოსა და ევროკავშირში.

სამი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა ბერლინში, სავარაუდოდ, 8 თებერვალს გაიმართება.

მაგრამ მანამდე, რუსეთის მედიის ცნობით, ემანუელ მაკრონი 7 თებერვალს რუსეთში ჩასვლასა და ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას გეგმავს.

4 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტმა ტვიტერზე ემანუელ მაკრონის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა.

სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ მაკრონი დგამს თამამ დიპლომატიურ ნაბიჯებს - „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შესაჩერებლად“ და დეესკალაციისთვის.

იქვე აღნიშნულია, რომ საქართველომ იცის „რუსული აგრესიისა და ოკუპაციის ფასი“ და ისიც იცის, „რამდენად განუყოფელი და მნიშვნელოვანია ევროპული და ტრანსატლანტიკური ერთობა, სიმტკიცე და დიპლომატია იმ დროს, როდესაც სასწორზე დევს ევროპის უსაფრთხოება და სტაბილურობა და შესაბამისად - ჩვენი უსაფრთხოება“.

პოლონეთი კიდევ ერთ "სამკუთხედში"

პოლონეთი სულ ახლახან კიდევ ერთ „სამკუთხედში“ გაწევრიანდა - დიდ ბრიტანეთსა და უკრაინასთან ერთად. სწორედ ამ ამბიციური ალიანსის შექმნის ფაქტი გაახსენდა ბევრს, ანჟეი დუდას თბილისში სტუმრობისას.

კავშირს არც პოლიტოლოგი ალექსანდე კუხიანიძე გამორიცხავს.

„ამ ალიანსში ამჟამად 3 სახელმწიფოა, შესაძლებელია, რომ გაფართოვდეს. შესაძლოა პოლონეთის პრეზიდენტს ჰქონდა მცდელობა, რომ გაეგო პოზიცია იმის შესახებ, სამომავლოდ შეუერთდება თუ არა საქართველო ამ ალიანსს. მაგრამ ჩვენ ვიცით ისიც, რომ პრეზიდენტი ჩვენთან გადამწყვეტ როლს არ თამაშობს“, - ეუბნება ალექსანდრე კუხიანიძე რადიო თავისუფლებას.

ამ დღეებში კიევში ითქვა, რომ „ატლანტიკის, ბალტიისა და შავი ზღვის გაერთიანებით“, ამ ალიანსის მთავარი ამოცანაა უსაფრთხოების განმტკიცება, რაზეც, თავის მხრივ, დამოკიდებულია ეკონომიკის, ვაჭრობისა და კულტურის განვითარება.

„შევუერთდებოდი სამთა კავშირს - ლონდონი, ვარშავა, კიევი“ - წერია უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებულ 5-პუნქტიან სამოქმედო გეგმაში, რომელიც დაპატიმრებულმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 3 თებერვალს დილით გამოაქვეყნა. ის წერს, თუ რას გააკეთებდა თავად, ქვეყნის სათავეში რომ ყოფილიყო.

ანჟეი დუდას ვიზიტს თბილისში წინ უსწრებდა ასევე ცნობები ვაშინგტონის გადაწყვეტილების შესახებ, რომ პოლონეთში ამერიკელი სამხედროები განთავსდებიან და რომ ვარშავამ უკვე დაიწყო ზრუნვა - ისინი, როტაციის პრინციპით, მუდმივად დაიტოვოს თავის ტერიტორიაზე.

ამ ინფორმაციას საგანგებო ყურადღება მიაქცია პროკრემლისტურმა მედიამ.

რუსულენოვან მედიასაშუალებებში ფართოდ გავრცელდა ცნობები საქართველოში პოლონეთის პრეზიდენტის ბლიც-ვიზიტის შესახებაც. საგანგებო ყურადღების ცენტრში მოექცა საქართველოს პრეზიდენტის ციტატაც, სადაც ის რუსეთს აგრესორად მოიხსენიებს და მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის ორივე მხარის მზადყოფნის აუცილებლობას უსვამს ხაზს:

„ის აგრესიული ქმედებები, მუქარა - ეს იქნება კიბერშეტევები თუ პირდაპირი სამხედრო ძალების უზომოდ გაზრდა უკრაინის საზღვარზე თუ იგივე სამხედრო ძალების გააქტიურება შავ ზღვაზე, ეს ყველაფერი არის ნიშნები იმისი, თუ რამდენად დღევანდელი რუსეთის პოლიტიკა არის გადასვლა პროვოკაციაზე, რაზედაც მთელი ევროპული, დასავლური სამყარო პასუხობს მოლაპარაკებებით, მცდელობებით, რომ დარეგულირდეს ეს მდგომარეობა და მშვიდობიანი დეესკალაციისკენ წავიდეს ეს დაძაბული ვითარება. მაგრამ დეესკალაციისთვის, როგორც მშვიდობიანი მოლაპარაკებისთვის, საჭიროა, რომ ორივე მხარე მზად იყოს“.

ცნობებში ისიც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საქართველოს პრეზიდენტი შექმნილი პრობლემების სრულად მშვიდობიანი გზებით მოგვარების მომხრეა.

ჩვენთან საუბარში ანალიტიკოსების ნაწილი აღნიშნავს, რომ შესაძლებელია ანჟეი დუდას ვიზიტი თბილისის გააქტიურების ერთგვარ მცდელობადაც ჩაითვალოს.

„ვფიქრობ, რომ ეს ბრიფინგი ყველაზე მეტად მიმართული იყო საქართველოს ხელისუფლებისადმი. იმ ფონზე, როდესაც უკრაინის, საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის დანარჩენი ქვეყნების უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები სასიცოცხლოდ არის [ერთმანეთთან] დაკავშირებული, საქართველო ხაზგასმით გამიჯნულია იმ ილუზიით, რომ ამით თავს დაიცავს [რუსეთისგან მომავალი] გართულებებისგან. ჩემი აზრით, ეს სერიოზული შეცდომაა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი, დიპლომატი გიორგი ბადრიძე.

მისი შეფასებით, საქართველოს მეტი აქტიურობა ჰმართებს, როცა რუსეთი აშკარად ცდილობს „ევროპაში ახალი გამყოფი ხაზების გავლებასა და საქართველოს მოქცევას საკუთარი გავლენის სფეროში“.

დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის 100 ათასზე მეტი სამხედრო და მძიმე ტექნიკაა კონცენტრირებული.

ნატოს ქვეყნები ამ ფაქტს უკრაინაზე თავდასხმისთვის მზადებად განიხილავენ და კიევს, მათ შორის - თავდაცვითი იარაღითაც ეხმარებიან.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG