Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრევენციული ღონისძიებების გვერდითი ეფექტი


რუსთავი, 18 მარტი
რუსთავი, 18 მარტი

კორონავირუსის COVID-19 მასობრივად გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად, 18 მარტს, დილიდან, რუსთავში დაიკეტა ბარები, რესტორნები და სპორტული დარბაზები; შეწყდა სამგზავრო მიკროავტობუსების მიმოსვლა. ქალაქში მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები მოძრაობენ. მეგობრობის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის კონსულტანტი, თიკო, გვეუბნება, რომ სამსახურში ერთი საათით დააგვიანდა:

“ძველ რუსთავში ვცხოვრობ“. დილით, როცა გაჩერებაზე დავდექი, არანაირი ტრანსპორტი არ მოძრაობდა, 30-40 წუთი ავტობუსს ველოდებოდი“.

რუსთავი, 18 მარტი
რუსთავი, 18 მარტი

თიკომ არ იცის სამსახურიდან სახლში როგორ დაბრუნდება, რადგან მუნიციპალური ტრანსპორტი მხოლოდ საღამოს 8 საათამდე მუშაობს.
რუსთავის თავისუფლების მოედანზე მდებარე ერთ-ერთი ბარი ჯერ კიდევ 17 მარტს დაკეტეს. მისი ერთ-ერთი მფლობელი, პირიმზე აბულაძე, ამბობს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო სტუმრების რაოდენობამ მკვეთრად იკლო და ბარის დაკეტვა გადაწყვიტა, რადგან თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდას ვეღარ შეძლებდა. გარდა ამისა, საგრძნობლად გაძვირდა პროდუქტები.

„ყველანაირად ვეცადეთ, რომ გვემუშავა, მაგრამ არ გამოგვივიდა. ხალხი თუ არ შემოვიდა, აზრი არ აქვს მუშაობას. ის, რომ კორონაა... ჩვენთან არ იყო ეგ პრობლემა, დაცულები ვართ... ქაოსი პროდუქტებზე... ელემენტარულად ბარი ხომ უნდა მოამარაგო? ფასები კატასტროფულად იზრდება“.

რუსთავის მაღაზიებსა და ბაზარში გაძვირებულია ბურღულეული, ფქვილი, ხილი და ბოსტნეული. ზაირა პოღოსიანი, რომელიც ე.წ. სტამბულის ბაზარში კარტოფილით ვაჭრობს, ამბობს, რომ პროდუქტი 20-30 პროცენტით გააძვირა:

„აქამდე იაფი იყო. ლარებში ერთი კილო წვრილი კარტოფილი 80 თეთრი ღირდა, საშუალო კარტოფილი -1,3 ლარი, მსხვილი კი - 1,5 ლარი. სამი-ოთხი დღეა, ასეთი აჟიოტაჟია. ზოგი ამბობს, დეფიციტის ბრალია, ზოგი კი ვირუსის გამო ხალხი პანიკაშიაო“.

რუსთავი, 18 მარტი
რუსთავი, 18 მარტი

ზაირა პოღოსიანის თქმით, ახალქალაქიდან საიმედო ინფორმაცია არ აქვს, რადგან კარტოფილის შემოტანას ვერ ჰპირდებიან. 17 მარტს ე.წ. სტამბულის ბაზარში ფქვილის დეფიციტი შეიქნა. ამის გამო დაკეტილი იყო ბაზარში გახსნილი თონეც. ელენე ბოლქვაძე, რომელმაც ბაზარში ლობიო და ბურღულეული იყიდა, ფქვილს უშედეგოდ ეძებდა.

„ფქვილი, შაქარი - ყველაფერი გაგვიძვირდა. სიძვირესთან ერთად, არ არის, ვერ ვშოულობთ. მაკარონი, ფქვილი მართლა აღარ არის. სუპერმარკეტებშიც ვიყავით, ასაწონი ფქვილი იქაც არ ჰქონდათ. გვითხრეს, ორ დღეში შემოვიტანთო“.

რუსთავის სუპერმარკეტებში ფქვილს მხოლოდ კილოგრამიანი შეფუთვით ყიდიან, მომხმარებლები კი ფასების მკვეთრ მატებაზე ჩივიან. რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა, აცხადებს, რომ ზოგიერთმა კომპანიამ ვითარებით ისარგებლა და პროდუქტებზე ხელოვნური დეფიციტი შექმნა. რუსთავის მერი ირწმუნება, რომ ქალაქში პროდუქტის მარაგი არსებობს. სანამ კორონავირუსის მასობრივად გავრცელების პრევენციის მიზნით გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს, ზოგიერთი რესტორანი გამოსავალს ეძებს და მომხმარებლისთვის მზა კერძების მიტანის სერვისის დანერგვას ცდილობს, თუმცა, მათივე თქმით, ახალი მომსახურების დანერგვაც რისკის შემცველია, რადგან, ზოგადად, მომხმარებელთა რაოდენობა მკვეთრადაა შემცირებული.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG