Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის სასახლე: შესვლა-არშესვლის კარმა


პრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე

იმყოფინებს ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლეს და შეიძლება სახლიდანაც იაროს სამსახურში - ყველასათვის ნათელია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, ეს დაპირება აუცილებლად მოეწონებოდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. მიხეილ სააკაშვილის დროს აშენებულ „ზედმეტად ხარჯიან“ ავლაბრის რეზიდენციაში პრეზიდენტის ადგილი რომ არ არის, ეს სწორედ ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი უმთავრესი დასკვნაა, რომელმაც წლებს გაუძლო და, თავის დროზე, დიდწილად სწორედ ამ დასკვნის უგულებელყოფისთვის მოიძულა მან გიორგი მარგველაშვილი. პრეზიდენტის ავლაბრის სასახლის თემა უკვდავი თემაა 2012 წლიდან: ბიძინა ივანიშვილი ძალიან მკაცრად ჯერ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებდა შენობის დატოვებისკენ და შემდეგ საქმე იქამდეც მივიდა, რომ კინაღამ ძალით გამოასახლეს გიორგი მარგველაშვილი. შესაბამისად, ეს თემა ყველას თავში უდევს და მათ შორის - საპრეზიდენტო კანდიდატებსაც. ჯერჯერობით მხოლოდ სალომე ზურაბიშვილმა დადო პირობა, რომ ის ფეხსაც არ შედგამს ავლაბრის რეზიდენციაში.

ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:02:11 0:00

სალომე ზურაბიშვილი - „ოცნების“ მხარდაჭერის მოლოდინში

ჯერ ისევ არავინ იცის, რას იზამს „ქართული ოცნება“ და დაუჭერს თუ არა ის მხარს სწორედ სალომე ზურაბიშვილს, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუკი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს გავიხსენებთ, სალომე ზურაბიშვილის სურვილს გამხდარიყო პრეზიდენტი მაშინ მხარი არ დაუჭირა „ქართულმა ოცნებამ“ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა. ამის შემდეგ „ქართული ოცნების“ გუნდმა კარგა ხნით სალომე ზურაბიშვილის გულისწყრომაც დაიმსახურა, თუმცა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ჭრილში და ახლა უკვე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ჭრილში, მისი პოზიცია ისევ უკეთესობისკენ შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ადრე მთლად ასე არ ფიქრობდა, ახლა მისი პოზიცია შეცვლილია ავლაბრის რეზიდენციასთან მიმართებითაც. ყოველ შემთხვევაში, ადრინდელივით, ის ახლა აღარაფერს ამბობს ავლაბრის რეზიდენციის „საპრეზიდენტო“ ან “სახელმწიფო“ სასახლედ დატოვების პერსპექტივაზე და იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არ უნდა ჩარეულიყო მსგავსი თემების განხილვაში. მან მხოლოდ ის იცის, რომ, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ის ავლაბრის სასახლეში არ შევა.

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:00:34 0:00

ის ფაქტი, რომ გიორგი მარგველაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დაძაბულობა დიდწილად სწორედ ავლაბრის სასახლეში გადასვლა-არგადასვლისა და შემდეგ - გადმობარგებაზე უარის თქმის თემამაც გამოიწვია, ეს ყველასთვის ნათელი იყო და, ცხადია, ეს იცოდა სალომე ზურაბიშვილმაც. ამიტომ ბევრი ფიქრობს, რომ ალტერნატიული საოფისე ფართის დასახელებით ის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, გულის მოგებასა და მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს. სხვა საკითხია, რას დაიჯერებს ან არ დაიჯერებს ბიძინა ივანიშვილი - გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებული იმედგაცრუების შემდეგ.

ავლაბრის რეზიდენციის მისტიკა

ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ პრეზიდენტის ავლაბრის სასახლე ზედმეტი ფუფუნებაა და ამისთვის ათობით მილიონი ლარის ხარჯვა უაზრობაა ქვეყანაში, რომელსაც დევნილები ჰყავს, თუმცა ბევრს მხოლოდ ავლაბრის რეზიდენციის ამოჩემებაც აზრს მოკლებულად მიაჩნია ქვეყანაში, რომელიც გაბერილი საჯარო დაწესებულებებითა და მსუყე ადმინისტრაციული ხარჯებით გამოირჩევა. ტელეწამყვანი ნიკა ქავთარაძე დარწმუნებულია, რომ განსაკუთრებულ გაღიზიანებას ერთი რამ იწვევს - პრეზიდენტის სასახლე წინა ხელისუფლებასთან და კონკრეტულად ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან, ასოცირდება.

ნიკა ქავთარაძე პრეზიდენტის სასახლის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:04:06 0:00

ნიკა ქავთარაძე ფიქრობს, რომ ამ საკითხის განხილვა ასეთი აქტუალური არ უნდა იყოს ყოველი არჩევნების წინ, მაგრამ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილისთვის თავის მოსაწონებლად კეთდება - მას კი უფლებებშეზღუდული პრეზიდენტი პატარა სივრცეში წარმოუდგენია, ლამის ისე, რომ პრეზიდენტი საპარკინგე ადგილსაც ეძებდეს.

სწორება ზევიდან ქვევით და არა პირიქით

საქართველოში სწორება ხდება არა საზოგადოებასა და ამომრჩეველზე, არამედ პოლიტიკური ელიტის აზრზე, - ამბობს ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი და ის სწორედ ამით ხსნის პრეზიდენტის ავლაბრის სასახლის თემის უკვდავებას. მისთვის ცხადია, რომ პოლიტიკური ელიტაც, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის აზრებს ერგება და, ზოგადად, ჩამოყალიბებულია ხედვა: შეუძლებელია გახდე პრეზიდენტი, თუკი ბიძინა ივანიშვილს არ მოსწონხარ. ფსიქოლოგს განსაკუთრებით დაამახსოვრდა ერთ დროს ივანიშვილისგან მარგველაშვილისთვის მინიჭებული ეპითეტი - „საყვარელი“.

ჯანა ჯავახიშვილი პრეზიდენტის სასახლის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:03:03 0:00

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან ასეთი დაუშოშმინებელი ბრძოლის მთავარ მიზეზად ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი რევანშისტულ პოლიტიკას ასახელებს. მიზეზიც ეს არის და პრობლემაც იმისა, რომ ქვეყანა წინ ვერ მიდისო, ამბობს ის.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG