Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ვაჟა გაფრინდაშვილს გათავისუფლება მიულოცა


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ესაუბრა და ცხინვალის ციხიდან გათავისუფლება მიულოცა. როგორც რადიო თავისუფლებამ დააზუსტა, საუბარი ტელეფონით გაიმართა.

„პრეზიდენტი მოხარულია, რომ უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ექიმი შობა-ახალი წლის დღესასწაულებს ოჯახთან და ახლობლებთნ ერთად შეხვდება. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საზოგადოებას და ყველას, ვინც აქტიურად იყო ჩართული ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების პროცესში“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

მანამდე, სალომე ზურაბიშვილი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების ფაქტს საკუთარ ფეისბუკგვერდზეც გამოეხმაურა. პრეზიდენტი ექიმის გათავისუფლებას ოჯახსა და სრულიად საქართველოს ულოცავს.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი 28 დეკემბერს გაათავისუფლეს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ადგილობრივი მედიის ცნობით, ექიმი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა.

20 დეკემბერს, დე ფაქტო რესპუბლიკის „ლენინგორის რაიონის” (ახალგორი) სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით გაასამართლა და ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის მიუსაჯა პატიმრობა ერთი წლითა და ცხრა თვით.

28 დეკემბერს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დატოვების შემდეგ, ვაჟა გაფრინდაშვილი გორიდან თბილისში ოჯახის წევრებთან ერთად დაბრუნდა. ის ავტომობილს თავად მართავდა.

XS
SM
MD
LG