Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გზავნილებით ჩადიან პრეზიდენტობის კანდიდატები აჭარაში


ბათუმი

2018 წლის არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეები პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევენ ქვეყნის პრეზიდენტს, რადგან მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებები შედის, რომელთა თანახმად, იცვლება პრეზიდენტის არჩევის წესი და მცირდება მისი უფლებამოსილება. მიუხედავად ამისა, კანდიდატების ნაწილი იძლევა დაპირებებს, რომელთა შესრულების უფლებამოსილება გაპრეზიდენტების შემთხვევაში არ ექნება.

გადმოწერა
აჭარაში არის უზარმაზარი პრობლემა - არ არსებობს ოჯახი, საიდანაც იძულებული არ არიან, რომ ოჯახის ერთი წევრი მაინც თურქეთში წავიდეს სამუშაოდ...
დავით ბაქრაძე

კანდიდატების ნაწილი ზოგადად ლაპარაკობს იმაზე, თუ რა ცვლილებებს განახორციელებს ქვეყანაში, თუკი ნდობას მოიპოვებს, ნაწილი კი სწორედ რეგიონალურ პრობლემებსა და საჭიროებებზე ამახვილებს ყურადღებას.

პარტია „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე წინასაარჩევნო შეხვედრებისას ბათუმში მოქალაქეებს პენსიისა და სოციალური დახმარების გაზრდას, დევნილებს პრობლემების მოგვარებას, საზღვარგარეთ სამუშაოდ წასულებს კი დახმარებას დაჰპირდა. აღნიშნა, რომ აჭარის რეგიონში მთავარი პრობლემა სწორედ შრომითი მიგრაციაა:

„აჭარაში არის უზარმაზარი პრობლემა - არ არსებობს ოჯახი, საიდანაც იძულებული არ არიან, რომ ოჯახის ერთი წევრი მაინც თურქეთში წავიდეს სამუშაოდ. უამრავ პრობლემებს აწყდებიან ეს ადამიანები. მათ სჭირდებათ მიხედვა და დახმარება“.

ჩვენი ქვეყნის მომავალი რა არის? ეს არის განვითარება, ეს არის ცოდნის ეკონომიკა, ეს არის რეფორმირებული საშუალო სკოლა...
გრიგოლ ვაშაძე

„გაერთიანებული ოპოზიციის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ აჭარაში წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას განაცხადა, რომ აჭარის სოფლებში ისეთივე გასაჭირის შესახებ უამბეს, როგორიც ქვეყნის ყველა სხვა რეგიონში, ამიტომ მისი დაპირებები საქართველოს ყველა რეგიონისთვის საერთოა. გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ადგილობრივ დონეზე დასაქმების პროგრამების გააქტიურებას გეგმავს, აგრეთვე პენსიისა და მასწავლებლების ხელფასების მომატებას:

„ჩვენი ქვეყნის მომავალი რა არის? ეს არის განვითარება, ეს არის ცოდნის ეკონომიკა, ეს არის რეფორმირებული საშუალო სკოლა, ეს არის საქართველოს დაცული საზღვრები, ეს არის საქართველო, თავისუფალი ნარკოტიკებისგან“.

პოლიტიკური გაერთიანება „შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი კი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ყველა რეგიონი განსხვავებულია, ამიტომ საქართველოს მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში სხვადასხვა თემებზე უწევს ლაპარაკი. იმასაც აღნიშნავს, რომ მომავალი პრეზიდენტის შემცირებული უფლებამოსილების პირობებში ვერც ხელფასებისა და პენსიების მომატებას დაჰპირდება ამომრჩეველს, თუმცა რეგიონებთან მიმართებაში ფიქრობს გამოიყენოს ერთი მეტად მნიშვნელოვანი უფლება, რაც პრეზიდენტს ექნება:

ბათუმის ფუნქცია ამ ქვეყანაში რა არის? მხოლოდ ტურიზმი და კაზინოები? არა მგონია. მე მგონია, რომ ეს ძველთაძველი ქალაქი საქართველოში უნდა თამაშობდეს კიდევ სხვა როლს და ერთი, მაგალითად, რომელზედაც მიფიქრია, - დანარჩენს კი ერთად მოვიფიქრებთ...
სალომე ზურაბიშვილი

„მე აჭარლებსაც ვუთხარი, რომ პრეზიდენტის ერთ-ერთი სერიოზული კომპეტენცია, როდესაც ის მიმართავს ხალხს, ეს იქნება გამოყენებული ჩემი მხრიდან, როგორც პრეზიდენტის მხრიდან - ხალხის ხმის გაგონება ხალხის მიერ, ანუ ყოველ თვეში მივმართავ ხალხს რომელიმე რეგიონიდან იმ რეგიონის მოსახლეობის სატკივარზე, ხედვებზე, ჭირზე, ვარამზე, პრიორიტეტებზე, სურვილებზე. აჭარაში ჩამოვალ და აქედან მთელ საქართველოს გავაგონებ, რა უხარიათ და რა სტკივათ აჭარლებს. კახეთიდან გავაგონებ დანარჩენ საქართველოს, კახელები რას და როგორ უყურებენ. ჩვენ ერთიანი სახელმწიფოს მშენებლობის საკითხში ყველა რეგიონის ხმა თანაბრად უნდა მოვისმინოთ და გავიგონოთ“.

აჭარის რეგიონში წინასაარჩევნო შეხვედრებისას დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ოფიციალურად უჭერს მხარს, ბათუმის განვითარების პერსპექტივაზე ილაპარაკა და დასვა კითხვა, თუ რა ფუნქცია აქვს ამ ქალაქს დღეს და, ამავე დროს, რა შესაძლებლობები გააჩნია:

„ბათუმის ფუნქცია ამ ქვეყანაში რა არის? მხოლოდ ტურიზმი და კაზინოები? არა მგონია. მე მგონია, რომ ეს ძველთაძველი ქალაქი საქართველოში უნდა თამაშობდეს კიდევ სხვა როლს და ერთი, მაგალითად, რომელზედაც მიფიქრია, - დანარჩენს კი ერთად მოვიფიქრებთ, - ერთი არის ის, რომ დღეს შავი ზღვა არის სტრატეგიული ზღვა, ძალიან მნიშვნელოვანი ევროპისთვის, ევროკავშირისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ნატოსთვის“.

პრეზიდენტობის კიდევ ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი, თემურ შაშიაშვილი, რომელიც საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, თავის კონკურენტ კანდიდატებს ორად ყოფს - ხელისუფლების მეხოტბეებად და მლანძღველებად, თავის თავს კი არც ერთს არ მიაკუთვნებს. ბათუმში გამართულ შეხვედრაზე შაშიაშვილმა განაცხადა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში მხოლოდ ხალხზე იქნება ორიენტირებული:

„მე მომხრეებს არ ვეძებ. მე ყველგან, სადაც ჩავდივარ, ვხვდები მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ შეკითხვები ან წინააღმდეგნი არიან, ან ჯერ არ გადაუწყვეტიათ ვის მისცენ ხმა. ეს ხალხი არის ჩემთვის მნიშვნელოვანი“.

საქართველოს რიგით მეშვიდე საპრეზიდენტო არჩევნებზე 25 კანდიდატია რეგისტრირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG