Accessibility links

პრეზიდენტობის კანდიდატები კახეთში და ამომრჩევლის მოლოდინი


საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პრეზიდენტობის კანდიდატები გააქტიურდნენ და ამომრჩეველს, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სხვადასხვა რეგიონში ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებიან. ბოლო ხანებში კახეთის რეგიონში ამომრჩეველს შეხვდნენ „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი და „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე. რა გზავნილები აქვთ მათ და რა მოლოდინი აქვს თავად ამომრჩეველს საპრეზიდენტო არჩევნებისგან?

ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი, მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ბოლო დღეების განმავლობაში ორჯერ იყო კახეთში და მევენახეებს შეხვდა. ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში. კახეთის ეს სოფელი წელს რამდენჯერმე დაისეტყვა და ადგილობრივი მოსახლეობა მოსავლის გარეშე დარჩა. კაჭრეთში ჩასულმა შალვა ნათელაშვილმა ხელისუფლება სოფლის მეურნეობის დარგის განადგურებაში დაადანაშაულა, მაგალითად კი მოიყვანა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, რომელიც, მისივე თქმით, მოსავალს სტიქიისგან ვერ იცავს:

შალვა ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილი

„მთავრობა ჩამოვიდეს ამ ვენახში და თავისი თვალით ნახოს, რა დონეზე მიიყვანა სოფლის მეურნეობა და რა დღეში ჩაყარა გლეხები, რომლებიც ულუკმაპუროდ დატოვა ზამთრის განმავლობაში. ისინი უნდა ჩამოვიდნენ და გაარკვიონ, რატომ არ მუშაობს კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა გლეხების ვენახების თავზე“.

„გაერთიანებული ოპოზიციის“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე კახეთში ამომრჩეველს უკვე რამდენჯერმე შეხვდა. თელაველ და ახმეტელ ამომრჩეველთან შეხვედრისას გეგმებზე ილაპარაკა, რომელიც პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში განხორციელდება. ნათელაშვილის მსგავსად, გრიგოლ ვაშაძემაც გააკრიტიკა მოქმედი ხელისუფლება და თქვა, რომ საქართველოს მხარეებში არსებული რესურსები გამოუყენებელია, შესაბამისად, ღარიბია ხალხიც:

გრიგოლ ვაშაძე
გრიგოლ ვაშაძე

„დაახლოებით, თვე-ნახევრის წინ მეგობარი მყავდა ჩამოყვანილი, რომელიც ერთ-ერთი შვეიცარიული ბანკის პრეზიდენტი იყო 30 წლის განმავლობაშ. მას შემდეგ რაც თბილისი, სიღნაღი და ბათუმი ნახა, გაფრენის წინ მხოლოდ ერთი შეკითხვა მომცა: როგორ ახერხებთ, რომ ღარიბები ხართო. როდესაც ხელისუფლება არა გყავს, მაშინ ცხოვრება გიწევს ამისთანა სიღარიბეში და უბედურებაში...“

„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩეველს კახეთში ასევე რამდენჯერმე შეხვდა. კანდიდატი ამბობს, რომ მისი მთავარი ამოცანა მოსახლეობის პრობლემების ადგილზე მოსმენა და, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ამ პრობლემების მოგვარებაა. ბაქრაძის თქმით, არა მარტო კახეთში, სხვა რეგიონებში შეხვედრების დროსაც მას ამომრჩეველი ეუბნება, რომ როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლება კონკრეტულ პრობლემებს ვერ აგვარებს:

დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე

„ყველგან, სადაც არ უნდა ჩახვიდე საქართველოში, ადამიანები ჩივიან, რომ არავინ არ არის მათი მიმხედავი და პატრონი, არავის არ აწუხებს ხალხის პრობლემები. ჩემი არჩევის შემთხვევაში მე არ ვიქნები კაბინეტში დამჯდარი პრეზიდენტი. ვივლი ყველგან და შევხვდები ყველას. მე მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი, რომელიც ხალხმა აირჩია, უნდა იდგეს ხალხის სამსახურში“.

მაშინ, როდესაც ამომრჩეველი უშუალოდ რომელიმე კანდიდატის საარჩევნო შეხვედრაზე იმყოფება, ის ღიად ვერ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას, თუ ვის უჭერს მხარს და რატომ. ამიტომ ჩვენ ამომრჩეველს აზრი ვკითხეთ არა საარჩევნო შეხვედრაზე, არამედ ქუჩაში. კახეთში გამოკითხული რესპონდენტების ნაწილი ზოგადად პრეზიდენტის ინსტიტუტის და არჩევნების მიმართ ნიჰილისტურად არის განწყობილი, თუმცა ზოგი სხვაგვარად ფიქრობს.

„გიორგი მარგველაშვილიც გვპირდებოდა, აგაშენებთო, მაგრამ, აბა, აგვაშენა?! შეპირებით ყველა გვპირდება, მაგრამ მე მათი უკვე არც ერთი პროცენტით არ მჯერა“.

რას ველოდებით? უკეთესობას! ველოდები, რომ პრეზიდენტი, რომელსაც ავირჩევ, იზრუნებს ხალხზე!..

„პრეზიდენტის არჩევნები არაფერს არ მოგვცემს, რადგან მომავალ პრეზიდენტს აბსოლუტურად არანაირი უფლება არ აქვს. მათ შორის არც იმის უფლება ექნება, რომ პენსიები მოგვიმატოს. ის პატარა ბიჭი რომ გვყავს, - კობახიძეა, თუ არ ვცდები, - იმის გარეშე პენსია არ მოგვემატება და კიდევ ივანიშვილის გარეშე. ივანიშვილი კი პენსიის გაზრდას არ გეგმავს“.

„ზოგი კანდიდატის გვჯერა და ზოგის არა!“

„რას ველოდებით? უკეთესობას! ველოდები, რომ პრეზიდენტი, რომელსაც ავირჩევ, იზრუნებს ხალხზე!“

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის 25 კანდიდატია რეგისტრირებული, თუმცა ცესკოში ამბობენ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატს არჩევნებამდე არაუგვიანეს 12 დღისა აქვს უფლება წერილობითი განცხადებით მიმართოს ცესკოს და მოხსნას საკუთარი კანდიდატურა, შესაბამისად, 16 ოქტომბრამდე უცნობი იქნება, საბოლოოდ ამომრჩეველს რამდენ კანდიდატს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG