Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეცედენტი რუსთავში - მოსახლეობა დეველოპერულ კომპანიას უპირისპირდება


მოსახლეობა დეველოპერულ კომაპნია „სანრაის ჰაუსს” უპირისპირდება. ეს არის პირველი შემთხვევა რუსთავში, როცა მოსახლეობა ახალ მშენებლობას აპროტესტებს.

კომპანია „სანრაის ჰაუსმა“, რომელიც რუსთავის უძრავი ქონების ბაზარზე შარშან გამოჩნდა, 1947 წელს აშენებული და დანგრევის პირას მისული ყოფილი სასტუმრო „რუსთავი“ შეიძინა და ახლა მისი საცხოვრებელ შენობად გადაკეთება მიმდინარეობს. როგორც კომპანიაში ამბობენ, ყველა ბინა უკვე გაყიდულია. დეველოპერები სასტუმროს შიდა ეზოში ოთხიოთხსართულიანი საცხოვრებლის აშენებასაც გეგმავენ, რაც ახლომდებარე,გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებული კოტეჯების ბინადართა პროტესტს იწვევს. დავა 8 თვეა გრძელდება. მოსახლეობა თავდაპირველი პროექტის შეცვლას ითხოვს. პროცესში ჩართულია რუსთავის საკრებულოც. 9 აგვისტოს გამართულ სხდომაზე, რომელსაც მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ, ერთ-ერთ საკითხად სწორედ ეს საკამათო თემა გამოიტანეს. მერიის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელმა მამედ მამედოვმა განაცხადა, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინეს მოსახლეობის ინტერესები:

„ტერიტორიაზე [ახალ კორპუსებამდე] შესაძლებელი იქნება ინდივიდუალური, დამოუკიდებელი შესვლა, წრიული მოძრაობა. დაცულია სახანძრო ნორმები, ასევე დაცულია სამეზობლო სხივები“.

გიორგი ქოჩიაშვილი
გიორგი ქოჩიაშვილი

მამედ მამედოვის გამოსვლის შემდეგ საკრებულოს წევრებს ერთ-ერთმა მომჩივანმა, რუსთავის ყველაზე დიდი სტომატოლოგიური კლინიკის, „დენსის“, მფლობელმა გიორგი ქოჩიაშვილმა მიმართა:

„ჩვენს უბანში, კერძო სექტორში, ასეთი პრეცედენტის [კორპუსების მშენებლობის] დაშვების შემთხვევაში, 14-მეტრიანი კორპუსების მშენებლობა გამოიწვევს იმას, რომ [მშენებლობა] ორი წლის შემდეგ ქუჩის ერთ მხარეს გადავა, შემდეგ მეორე მხარეს...და მოხდეს ის, რაც თბილისში ხდება და განაშენიანება წავიდეს ამ მიმართულებით“.

გიორგი ქოჩიაშვილის მიმართვას საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ონიანის რეპლიკა მოჰყვა იმის თაობაზე, თუ როგორ დაარღვია თავის დროზე კანონი ქოჩიაშვილმა, როცა კოსტავას ქუჩაზე კლინიკას აშენებდა.

კომპანია „სანრაის ჰაუსის“ მფლობელმა ლევან წიქარიშვილმა მოდავე მხარეს მიმართა და საკრებულოს წევრების გასაგონადაც თქვა, რომ ამ ოთხი კორპუსის აშენებით დუმბაძის ქუჩა, რომელიც თავისუფლების მოედანს ესაზღვრება, კიდევ უფრო პრესტიჟული გახდება.

ლევან წიქარიშვილი
ლევან წიქარიშვილი

„ეს არის იგივე არქიტექტურის პროექტი, რომლითაც 1947 წელს პირველი სასტუმრო აშენდა. ეს იქნება ურბანულად უნიკალური განაშენიანების უბანი მთელ რუსთავში. ეს იქნება რუსთავის სავიზიტო ბარათი. მე ყველას გეტყვით აქ, ადგილობრივ მცხოვრებლებს, ვინც ამის [მშენებლობის] წინააღმდეგნი ხართ: ყოველთვის ამას ვიძახდი თქვენთან შეხვედრის პირველივე წუთიდან, რომ ეს კომპლექსი როცა დასრულდება და ექსპლუატაციაში შევა, მის გარშემო რაც სახლებია, მათი ფასი მინიმუმ 30 პროცენტით გაიზრდება“.

„სანრაის ჰაუსის“ მფლობელს მხარი დაუჭირა საკრებულოს დამოუკიდებელი ფრაქციის - „რუსთაველების“ - თავმჯდომარემ, მამუკა აბულაძემ.

„დავტოვებდით,როგორც ადრე,შევარდნაძის დროს, - არც შუქი, არც წყალი, არც არაფერი - და როგორც ღირდა თქვენი პრესტიჟული რკალში მყოფი ბინები 10 ათასი დოლარი, ისე იქნებოდა ახლაც. დღეს მათი ფასი ხომ ძალიან დიდია? საიდან გამომდინარეობს? იქიდან, რომ ეს კეთდება, ის კეთდება, კოსტავას ქუჩა კეთდება. მიმზიდველია არა მხოლოდ რუსთაველებისთვის, უცხოეთში მცხოვრები რუსთაველებისთვისაც, თბილისელებისთვის, რომლებიც იძახიან: 15 წუთში რუსთავში ვარ, რა მნიშვნელობა აქვს, გავაქირავებ ბინას [თბილისში] და რუსთავში ვიქნები“.

ლევან ონიანი
ლევან ონიანი

საბოლოოდ, რუსთავის საკრებულოში „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ კომპანიას მშენებლობის უფლება მისცა. ხმის მიცემისგან თავი შეიკავა „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციამ. წინააღმდეგი იყო საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი დავით კაპანაძე. სხდომის შემდეგ ერთ-ერთმა მომჩივანმა, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საკრებულოს შეეძლო მოსახლეობისთვის სოლიდარობა გამოეცხადებინა. მისივე თქმით, დაახლოებით 50 ადამიანი საკრებულოს განკარგულებას გაასაჩივრებს:

„ადვოკატი აყვანილი გვყავს. როცა დაიწყებენ მშენებლობას, იმის მიხედვით წავალთ სასამართლოში. მეტი გზა არ დაგვიტოვეს ამათ [საკრებულომ] და რა უნდა ვქნათ? კერძო დასახლებაა. თითოეული კოტეჯის მაქსიმალური სიმაღლე 5 მეტრია და მას რომ 15-მეტრიან შენობას მიადგამენ, ჩვენი საქმე როგორ იქნება?"

ჩემი გადმოსახედიდან, „ძველ რუსთავში“ დიდი კორპუსების აშენება აღარ არის საჭირო. აქ, ჯობია, პატარ-პატარა რაღაცები გალამაზდეს, ბაღები და სკვერები გაკეთდეს, სკვერებში მომცრო კაფეები მოეწყოს...
ვალერი მელაძე

დუმბაძის ქუჩის კიდევ ერთი მკვიდრი, ვალერი მელაძე, ამბობს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ძველ რუსთავში არა ახალ მშენებლობებზე, არამედ არსებულის აღდგენასა და გარემოს გაუმჯობესებაზე.

„ჩემი გადმოსახედიდან, „ძველ რუსთავში“ დიდი კორპუსების აშენება აღარ არის საჭირო. აქ, ჯობია, პატარ-პატარა რაღაცები გალამაზდეს, ბაღები და სკვერები გაკეთდეს, სკვერებში მომცრო კაფეები მოეწყოს - „ახალი რუსთავიდან“ გამოდიოდნენ, ისხდნენ, დაისვენონ. გამწვანება მეტი იყოს, ვიდრე შენობები“.

ვალერი მელაძის განცხადებით, რუსთავის საკრებულოს გადაწყვეტილების შემდეგ დავა სასამართლოში გაგრძელდება. ადვოკატმა მაკა თინიკაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საკრებულოს განკარგულებას და წარმოდგენილ პროექტსაც ჯერ ექსპერტიზას ჩაუტარებენ.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG