Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროგნოზები აღდგომის შემდეგ - რა არ უნდა გამოგრჩეს 20 აპრილს


გამყრელიძე: რისკი შემცირებულია, თუმცა არა განულებული

დადასტურებული შემთხვევა - 394

გარდაცვლილი - 4

გამოჯანმრთელებული - 93

კარანტინში - 5094

სტაციონარში - 547

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, აღდგომის ღამით ეკლესიებში იმდენი ადამიანი რომ მისულიყო, რამდენიც ჩვეულებრივად დადის ხოლმე, კორონავირუსის გავრცელების რისკი გაცილებით მაღალი იქნებოდა. როგორც მან საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამჯერად, რაკი ეკლესიებში ბევრად ნაკლები ადამიანი მივიდა, რისკი შემცირებულია, თუმცა არა განულებული:

„მადლობა მინდა გადავუხადო მრევლს, იმ უმეტეს ნაწილს, ვინც გაითვალისწინა რეკომენდაციები და გუშინ სააღდგომო ლიტურგია სხვა ფორმატით გაითავისა და არ მიბრძანდა ტაძრებში, რითაც შეამცირა რისკი ინფექციის შემდგომი გავრცელების. ასევე, მადლობა მინდა ვუთხრა მრევლს, რომელიც მიბრძანდა ტაძარში, მაგრამ დაიცვა ყველა ის რეკომენდაცია, რასაც საპატრიარქო და საქართველოს სახელმწიფო იძლეოდა, იყო დისტანცირება, ნაკლები რაოდენობა ხალხის და იდგნენ იმ ადგილზე, რომელიც სპეციალურად იყო გამოყოფილი“.

როგორც ამირან გამყრელიძე საინფორმაციო სააგენტოს ეუბნება, შემთხვევათა მატება იქნება, ამიტომ მოსახლეობამ სოციალური დისტანცირების რეკომენდაცია მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს ნებისმიერ საჯარო სივრცეში, მათ შორის, ტაძრებშიც.

აღდგომის ღამის შემდეგ კომენტარი გააკეთა პრემიერმაც. გიროგი გახარიამ ფეისბუკში დაწერა, რომ აღდგომის ღამემ აჩვენა თუ როგორ შენდება წარმატებული სახელმწიფო.

გიორგი გახარია მადლობას უხდის მოქალაქეებს, ექიმებს, პოლიციას და ჯარს:

„გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ასე შენდება წარმატებული სახელმწიფო! გუშინ ქართველმა ხალხმა, საკუთარი რწმენისა და ეკლესიის მიმართ ერთგულებასა და პატივისცემასთან ერთად, გამოავლინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ერთმანეთის გვერდში დგომით აუცილებლად მივაღწევთ საბოლოო გამარჯვებას! მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამ ბრწყინვალე დღესასწაულს შეხვდა სახლში. მადლობა მათ, ვინც გუშინ ტაძარში ყოფნისას დაიცვა ყველა ის მოწოდება და რეკომენდაცია, რომელსაც ჩვენი მედიკოსები გვაძლევენ. მადლობა ჩვენს ექიმებს, რომლებიც ამ ბრძოლის წინა ხაზზე დგანან, ჩვენს პოლიციას და ჯარს, რომელიც ზრუნავს არამხოლოდ კანონის აღსრულებაზე, არამედ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზეც“, - წერს პრემიერ-მინისტრი.

წაიკითხე მეტი.

მავთულხლართებს მიღმა დამალული ქართველი ცოლი. საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ცოლ-ქმრის ისტორია

მთელი დღის განმავლობაში დათა ვანიშვილი გზას გაჰყურებდა - იქნებ ვინმე მოვიდეს და მახოს ამბავი მომიტანოსო. მერე სასაფლაოზე წასვლა დააპირა, მაგრამ უცებ რუსები გამოჩნდნენ და არსადაც არ წახვალო, უთხრეს.

მახოს ამბავი ხომ არ იცითო ? - დათა პაპა და ვალია ბებო რუსებს ეკითხებოდნენ. ისინი კი იმეორებდნენ, დღეს სასაფლაოზე არ წახვალთო. იმეორებდნენ და მთელ დღეს მათ ეზოში იდგნენ. არადა, დათა ყოველ აღდგომას სასაფლაოზე მიდიოდა. ჯერ საკუთარი ნათესავების საფლავებს მოივლიდა, ბალახს გაგლეჯდა, კვერცხებს გააგორებდა, მერე თანასოფლელების საფლავებსაც მიხედავდა და მათი ნათესავების მიერ მავთულხლართზე გადაწოდებულ სააღდგომო კვერცხებს ყველას სათითაოდ დაუწყობდა, სანთლებს დაანთებდა და სახლში ბრუნდებოდა. სახლი და სოფლის სასაფლაოც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მავთულხლართებს მიღმაა მოქცეული. დათა პაპა მთელი დღე გზას გაჰყურებდა და მახოს ამბავს ელოდა, მაგრამ მაცნე არ გამოჩენილა, - ეს ამბავი რადიო თავისუფლებას ვალია ბებომ უამბო. ახლა მახოს ამბავი ყველაზე მეტად გვადარდებსო. თათიაც სახლიდან გაიყვანეს, ქართველს აქ რა უნდაო.

„მახო ღამე წაიყვანეს, მეორე დილით კიდე თათიაც წაიყვანეს. ლენინგორში ჰყავდათ. ერთმა ნაცნობმა დარეკა ლენინგორიდან, ორივესა სიცხე ჰქონდა და ლენინგორიდან ცხინვალში წაიყვანესო ბალნიცაშიო (საავადმყოფოში). კარტოფილი აღარა გვაქვს, პესოკიც (შაქარი) გამოგველია, მახო იყო ხოლმე ჩვენი პატრონი და აბა, სად არის? იმ დღესაც იყვნენ რუსები, ჯერ ორნი მოვიდნენ და გავაგდე, მერე ოთხნი მოვიდნენ, ჩხრეკა დაიწყეს. მახოც წაყვანილი ჰყავდათ. სულ ემუქრებოდნენ, არ გაგახარებთო და აჰა. ნათესავები გვყავს ცხინვალში. დედამისმაც დარეკა ვლადიკავკაზიდან და ვნახოთ, რა იქნება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ვალია ვანიშვილი.

წაიკითხე მეტი.

მიცვალებულთა დღე და დაკეტილი სასაფლაოები

აღდგომის შემდგომ დღეს საქართველოში მიცვალებულთა დღეა, რასაც სასაფლაოებზე ხალხმრავლობა ახლავს ხოლმე, თუმცა წელს სასაფლაოები ჩაკეტილი იქნება.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით სასაფლაოებზე შეზღუდვები დაწესდა. საქართველოს მთავრობის განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით იკრძალება სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა.

აკრძალვა არ მოქმედებს მიცვალებულთა დაკრძალვის ღონისძიებებზე. უკვე მეორე დღეა თბილისის სასაფლაოების შესასვლელებს სამართალდამცველები აკონტროლებენ. სამართალდამცველები აკონტროლებენ სასაფლაოებს საქართველოს სხვა ქალაქებშიც.

სააკაშვილის ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა. გამოძიება ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენაზე გამოძიება ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო.

იმ დროს, როცა ბიბლიოთეკის შენობას ცეცხლი გაუჩნდა, ერთ-ერთი მოქალაქე ფეისბუკის პირდაპირ ეთერში გავიდა. ვიდეოში ის ამბობს, რომ ნახა, საიდან „ვრცელდება კორონავირუსი“ და „ბუდეს დემონტაჟს“ უტარებს. შემდეგ მობილურს ჯიბეში იდებს, ისმის მსხვრევის ხმა და რამდენიმე წამში ჩანს ცეცხლწაკიდებული შენობა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ინფორმაცია უწყების პრესსამსახურმა რადიო თავისუფლებას მიაწოდა.

დაკავებულია ის პირი, რომელმაც ხანძრის გაჩენის დროს ფეისბუკზე ლაივი ჩართო.

წაიკითხე მეტი.

„უფრო ადრე, ვიდრე პესიმისტები ფიქრობენ“ - როდის იქნება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა?

მსოფლიოში მიმდინარეობს მუშაობა COVID-19-ის საწინააღმდეგო რამდენიმე ათეულ პერსპექტიულ პროექტზე, რომელთაგან ზოგიერთი უკვე გადის ცდით შემოწმებას არა სინჯარაში ან ცხოველებზე, არამედ ადამიანებზე. იმის გათვალისწინებით, რომ ვაქცინის შექმნა და მისი ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შემოწმება ძალიან ხანგრძლივი პროცესია, ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზითაც კი, მზა პრეპარატი ყველასთვის ხელმისაწვდომი წლის ბოლოზე უფრო ადრე ვერ იქნება.

დღეისათვის მსოფლიოში შემუშავებულია, სულ მცირე, 60 ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც შესაძლოა ეფექტურად იქნეს გამოყენებული კორონავირუსის წინააღმდეგ, - ამბობს კონსტანტინ ჩუმაკოვი, აშშ-ის ჯანდაცვის სამინისტროს სააგენტო FDA-ს (Food and Drug Administration) ვაქცინის სამეცნიერო განყოფილების ნაწილში დირექტორის მოადგილე. ჯორჯ ვაშინგტონისა და მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორი პირადად მონაწილეობს იმ ვაქცინების ეფექტიანობისა და უსაფრთხოების კვლევებში, რომლებიც აშშ-ის ბაზარზე დაშვების ნებართვას იღებენ.

ახალი კორონავირუსის ინექციის შესამუშავებლად მეცნიერმა წარმოადგინა საკუთარი მიდგომაც, რაც კორონავირუსისგან დაცვის საშუალებად ცოცხალი ორალური პოლიომიელიტის ვაქცინის გამოყენებას გულისხმობს. ნიუ-იორკსა და ბალტიმორში კლინიკური ცდები უახლოეს ხანში დაიწყება მერილენდის ინსტიტუტის ადამიანური ვირუსოლოგიის სამედიცინო სკოლის ბაზაზე, რობერტ გალოს ხელმძღვანელობით, რომელიც ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის ერთ-ერთი აღმომჩენია.

წაიკითხე მეტი.

როგორია კარანტინი სავალდებულო კარანტინში? ანი არველაძე ჩეხეთიდან 2 კვირის წინ დაბრუნდა და სავალდებულო იზოლაციის ბოლო დღეებს ითვლის.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG