15-წევრიანი ჯგუფიდან 12 ადამიანი ისევ დაკავებულია, 3 - გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული; მათ შორის - 71 წლის ექიმი პედიატრი გიორგი [გოგი] ჩახუნაშვილი, რომლის დაკავებასაც შარშან ოქტომბერში ხმაურიანი პროტესტი მოჰყვა.
15-წევრიანი ჯგუფიდან გირაოს წესით არიან ასევე გამოშვებული:
- ია დარახველიძე
- ევა შაშიაშვილი
12 კვლავ დაკავებულია:
- კონსტანტინე კოკაია
- გოჩა ყატაშვილი
- სულხან აბრალავა
- რამაზ ჯორბენაძე
- ზაქრო ალბუთაშვილი
- დავით ღურწკაია
- გენადი კელიხაშვილი
- ჯანდრი თირქია
- ალექსანდრე გოგოლაძე
- კახაბერ მჟავანაძე
- დავით სტურუა
- დავით ჟღენტი
ადვოკატების განცხადებით, ამ ჯგუფის წევრების უდიდეს ნაწილს სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს.
15-დან 14 ადამიანს ბრალად ედება: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად [222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტი] - თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა [225-ე მუხლის მეორე ნაწილი] - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.
კიდევ ერთ ბრალდებულს [ია დარახველიძეს] - მხოლოდ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან [225-ე მუხლის მეორე ნაწილი].
9 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მე-3 დარბაზში, საშუალო ზომის ეკრანზე აჩვენეს ბრალდების მიერ გამოსაკვლევად წარდგენილი ვიდეომასალები [მათ შორის - კადრები სატელევიზიო საინფორმაციო პროგრამებიდან]. ხალხმრავლობა და სწრაფად მონაცვლე კადრები - ადვოკატებს მათი დაცვის ქვეშ მყოფთა ამოცნობა და მათი მოქმედებების დანახვა გაუჭირდათ.
გაუჭირდათ თავად ბრალდებულებსაც - “ეს მე ვარ?”, “აქ სად ვჩანვარ?”, “მე ვისვრი რამეს?” - ისმოდა მათი რეპლიკები.
ადვოკატებმა და ბრალდებულებმა არაერთხელ სთხოვეს პროკურორ როინ ხინთიბიძეს - ხელახლა ეჩვენებინა ესა თუ ის ეპიზოდი, ანდა გაეჩერებინა ესა თუ ის კადრი და აეხსნა - კონკრეტულად რისთვის მიექციათ ყურადღება.
„გააჩერეთ, გააჩერეთ“, „გადაახვიეთ“ - პერიოდულად ისმოდა მოსამართლე გიორგი გელაშვილის ხმაც.
დანაშაულის სადავო შინაარსი
9 იანვრის სხდომაზე, ადვოკატებს მხოლოდ დეტალების განხილვისა და დაზუსტების შესაძლებლობა მიეცათ - არა შეფასების.
მოსამართლე გელაშვილი მათ დაჰპირდა, რომ ვიდეომასალებს დაუბრუნდებიან შემდგომ სხდომებზე, როდესაც - იმ ექსპერტებს გამოჰკითხავენ, რომლებმაც, პროკურატურის განცხადებით - კადრების ნამდვილობა დაადასტურეს და მონაწილეების ვინაობა დაადგინეს.
პროკურორებმა არაერთხელ გაიმეორეს, რომ ყველაფერი ექსპერტიზით იყო დაზუსტებული.
ადვოკატები პროკურორებს სთხოვდნენ დაეზუსტებინათ - „ჩაიდინა თუ არა ინდივიდუალური ძალადობა“ ამა თუ იმ ბრალდებულმა, მაშინ, როცა - კადრებში არ ჩანს ნივთების სროლა თუ ღობის განადგურება, ხოლო ბრალის აღწერილობაში არის ჩანაწერები - „აქტიური ძალადობრივი მოქმედებების შესახებ“.
ბრალდების მხარე ყოველ ჯერზე განმარტავდა, რომ - ყველა ბრალდებული ჯგუფური ძალადობის თანამონაწილეა.
“ეს ადამიანები იქ იმიტომ იყვნენ, რომ სტრატეგიული ობიექტი ხელში ჩაეგდოთ... ვიდეო ჩანაწერში ჩანს, რომ ზოგიერთი ეზოში იჭრება და ისე ცდილობს ხელში ჩაგდებას, ზოგიერთი მათგანი ცდილობს ღობის დაზიანებას ან აზიანებს ღობეს…
იმისთვის, რომ ჯგუფური დანაშაული სახეზე გვქონდეს, კონკრეტული პირები უნდა მოქმედებდნენ ერთიანად, რაც ჩანს ყველა ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ეს პირები მოქმედებენ ერთიანად, ერთი საერთო მიზნიდან გამომდინარე და ორგანიზატორების მოწოდების შემდეგ მოქმედებს ყველა“, - თქვა სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან, პროკურორმა როინ ხინთიბიძემ.
9 იანვარს სასამართლოში ნაჩვენებ კადრებში არ ჩანდა, რომ რომელიმე ბრალდებულმა ღობე დააზიანა.
"ძალით გვერევით?!" - რა აჩვენეს სასამართლო სხდომაზე
ბრალდებულ დავით ღურწკაიასთან დაკავშირებით, პროკურატურამ სხდომაზე ორი ვიდეო მიიტანა. ერთში ჩანს, რომ ის ყვავილს ისვრის - რასაც არც ბრალდების მხარე არ უარყოფს.
„დადგენილია, რა ყვავილია?“ - იხუმრეს სხდომაზე.
მეორე ეპიზოდში, პროკურორების განმარტებით - ღურწკაია „სხვა პირებთან ერთად იმყოფება სასახლის ეზოში“. ბრალდება ასევე იყენებს სიტყვას „შეჭრა“. კონკრეტულად კი, მიუთითებენ მსგავსი ჩაცმულობის ადამიანზე - რომელიც სასახლის ეზოდან გამოდის.
„თუ არ შევიდა, როგორ გამოვიდა?“ - ასეთია ბრალდების მხარის ლოგიკა.
"თქვენ მხოლოდ ყვავილი დაინახეთ" - ყვავილის სროლის ეპიზოდზე პროკურორი განმარტავს, რომ - აჩვენეს “სახის იდენტიფიცირების მიზნით”.
ღურწკაია უკვე თითქმის სამი თვეა საპატიმროშია. ბრალს არ აღიარებს.
დავით სტურუას ადვოკატი მარიამ ჩხეიძე ვერ ხვდება, რატომ ეთვლება მისი დაცვის ქვეშ მყოფს პროტესტი ძალადობად, როცა ის, ნაჩვენებ კადრებში, რკინის ღობეს მხოლოდ ხელს ურტყამს და უკან ბრუნდება.
„კი ბატონო, ის გამოხატავდა პროტესტს, რაც სრულად ჯდება შეკრებისა და გამოხატვის უფლებაში... არანაირ შეთანხმებასთან, არანაირ ჯგუფურობასთან საქმე არ გვაქვს. ბრალდება აბსურდულია“, - უთხრა ჟურნალისტებს ადვოკატმა ჩხეიძემ.
გენადი კელიხაშვილზე პროკურატურა ირწმუნება, რომ ის, სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან გამოსვლის შემდეგ - „ნივთსაც ისვრის“.
„საერთოდ ვერ ვიცანი ჩემი თავი“ - თქვა ბრალდებულმა.
ექსპერტი რომ მოვა, დაგვიზუსტებსო - თქვა მოსამართლემ.
ექიმი გიორგი [გოგი] ჩახუნაშვილი, პროკურატურის კადრებში, პრეზიდენტის სასახლის ეზოში დგას.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ საეჭვოა მისი ხელის მოძრაობები. თავად ჩახუნაშვილი კი იმეორებს, რომ - სასახლის ეზოში “სამედიცინო მიზნებით” მოხვდა, მოქმედებდა ასევე სამედიცინო მიზნებით და ხალხს გადარჩენაში ეხმარებოდა.
კადრებში არ ჩანს რაიმე სახის ძალადობა - ადვოკატ შოთა კახიძის შეკითხვების საპასუხოდ, ეს პროკურორმაც დაადასტურა.
ბრალდებულ რამაზ ჯორბენაძის შესახებაც პროკურატურა, ვიდეომტკიცებულებებით, მხოლოდ სასახლის ეზოში შესვლის მომენტს გამოყოფს. მისი ადვოკატი მარიამ ძირკვაძე ამბობს, რომ - არ ჩანს რაიმე სახის ძალადობა, რაიმეს მტვრევა ანდა სროლა და რომ ჯორბენაძე აქციის მშვიდობიანი მონაწილე იყო.
პროკურატურის ვიდეომტკიცებულებებით - სასახლის ეზოში ჩანს ჯანდრი თირქიაც - მხოლოდ დადის, არ ძალადობს. დაცვის მხარე სწორედ ამის ხაზგასმას ცდილობდა.
ბრალდებულ გოჩა ყატაშვილზე პროკურატურა აცხადებს, რომ ის, ხელების ქნევით, ხალხს თითქოს პრეზიდენტის სასახლეში შესვლისკენ მოუწოდებს - შემდეგ კი, თითქოს ეზოდან გამოდის.
ადვოკატმა შენიშნა, რომ ყატაშვილი „სასახლესთან ზურგით დგას“, მისი ჟესტები კი, პირიქით - „ხალხის შეჩერების“ სურვილით ახსნა.
მოსამართლე გელაშვილი ყოველ ჯერზე მოუწოდებდა ადვოკატებს, რომ შეფასებებისგან თავი შეეკავებინათ.
ბრალდებულ სულხან აბრალავას პროკურატურა საგნის სროლას ედავება.
-თქვენ ამბობთ, რომ ეს არის აბრალავა? - ეკითხება პროკურორს ადვოკატი ადამიანზე, რომელსაც პირბადე უკეთია.
-„ექსპერტი ამბობს“ - პასუხობს პროკურორი.
დაცვის მხარე ინტერესდება - აქვს თუ არა ამოღებული გამოძიებას ტანსაცმელი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ვიდეოკადრებში ასახული ადამიანის ზუსტი იდენტიფიცირება. პროკურორი ადვოკატს არ პასუხობს. როცა შეკითხვას მოსამართლეც იმეორებს, პროკურორის პასუხია - არა.
კადრებში ჩანს, რომ ბრალდებული კახა მჟავანაძე პრეზიდენტის სასახლის ცენტრალურ ჭიშკარს აჯანჯღარებს და ამას არც თავად უარყოფს, მაგრამ უარყოფს, რომ ეს სასახლეში შეჭრის სურვილით იყო განპირობებული.
„დაზიანება კი არ მინდოდა, ხმაურს ვიწვევდი... შესვლა რომ მნდომოდა, ღია იყო ნაწილი და შევიდოდი“ - თქვა ბრალდებულმა სხდომაზე და პროკურატურის კადრებშიც ჩანს, რომ ღობის ნაწილი ამ დროს უკვე მორღვეულია.
„რა დავაშავე, ამიხსენით“ - იკითხა მჟავანაძემ.
9 ივნისის სხდომაზე ერთმანეთს არაერთხელ შეელაპარაკნენ მოსამართლე და ბრალდებული კონსტანტინე კოკაია.
დაცვის მხარემ პროკურორებისგან ვერ მიიღო პასუხი შეკითხვაზე - რაში გამოიხატებოდა კოკაიას ბრალი „აქტიურ ძალადობრივი მოქმედების“ შესახებ, მაშინ, როცა ამის მტკიცებულებები არ არსებობს.
„ჩემი თვალის დაზიანებას რატომ არ აჩვენებთ - როგორ ჩამარტყა პოლიციელმა... თვალში მხედველობა დამაკლდა, ჩემო კარგო, იცით?! რაც არ გინდათ, იმას არ აჩვენებთ - არა?! „ნადეჟდა“ ტელევიზია გახდით“, - ხმას აუწია ბრალდებულმა კოკაიამ.
მოსამართლე გელაშვილმა კონსტანტინე კოკაიას სიტყვიერი გაფრთხილება მისცა და გაძევებით დაემუქრა. მანამდე, დარბაზში, შენიშვნა მისცა მის შვილს - ნინი კოკაიასაც.
„ძალით გვერევით?“ - მიმართა კოკაიამ მოსამართლეს და დაამატა, რომ სამართალი მასაც მიუკაკუნებს.
ადვოკატები ამბობენ, რომ კოკაიას რთული კარდიოლოგიური პრობლემები აქვს - არაერთი შუნტირება და სტენტირება.
ბრალდებული ალექსანდრე გოგოლაძე არ უარყოფს, რომ პრეზიდენტის სასახლის ეზოშიც შევიდა და უშუალოდ შენობის შესასვლელ კარამდეც იყო მისული - შემდეგ კი უკან გამობრუნდა.
„მთელი გასაღები და მარილი არის ამ მომენტში - ჩემი შესვლის... რატომ ვიყავი მე იქ, ეს უნდა ავხსნათ“ - თქვა გოგოლაძემ, მაგრამ 9 იანვარს მას ამის საშუალება არ მიეცა.
„უშუალოდ ალექსანდრე გოგოლაძემ მიიღო მონაწილეობა ღობის გადანგრევაში?“ - ადვოკატები ითხოვდნენ პასუხს - „კი “ ან „არა“.
პროკურორის პასუხი კვლავ სტანდარტულია - იყო „ჯგუფური ძალადობა“.
„თუ არ არის ინდივიდუალური ძალადობები, ჯგუფური ძალადობა როგორ მოხდა?!“ - ისმოდა რეპლიკები დარბაზში.
დაკავებულ ევა შაშიაშვილს, 2025 წლის 31 დეკემბერს, სასამართლომ პატიმრობა 5 000 ლარის გირაოთი შეუცვალა და გაათავისუფლა.
9 იანვრის სხდომაზე მოსამართლე გელაშვილმა ახსნა, რომ გათავისუფლება ბრალის აღიარებას მოჰყვა.
თავად შაშიაშვილმა, სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ სასამართლოს წინაშე მან მხოლოდ ქვის სროლა აღიარა და არა ჯგუფური ძალადობის ბრალდება.
განმარტა, რომ, 4 ოქტომბრამდე, ჯგუფის არცერთ წევრს არ იცნობდა და დავალებებიც არავისგან მიუღია.
ევა შაშიაშვილსაც და მის შვილსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. გირაოს გამოყენების მოთხოვნით პროკურატურას არაერთხელ მიმართეს და აქციებიც გამართეს პოლიტიკოსმა თუ აქტივისტმა ქალებმა.
ბრალს არ აღიარებს 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 11 ოქტომბერს გათავისუფლებული ია დარახველიძე. მასაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
პროკურატურის მიერ ნაჩვენებ ვიდეომასალებში, ერთგან სიტყვიერი დაპირისპირებაა ასახული, სხვა ეპიზოდში კი - დარახველიძე ნაგვის კონტეინერს სამართალდამცველების მიმართულებით აწვება, შემდეგ კი - დადის პოლიციელების წინ.
პროკურორმა განმარტა, რომ - ჩანს „საგნის სროლის ფაქტი“.
“უდანაშაულო ადამიანები არიან ციხეში. ეს არის აბსურდის თეატრი” - უთხრა ია დარახველიძემ ჟურნალისტებს, სხდომის შემდეგ.
9 იანვარს სხდომაზე ბრალდებულმა ზაქრო ალბუთაშვილმა იკითხა - რატომ არ უჩვენეს ვიდეომასალა მასზეც.
„დღეს არ გვაქვს მოტანილი - აუცილებლად მოვიტანთ“ - უპასუხა მას პროკურორმა.
9 იანვრის სხდომაზე ბრალდების მხარეს ვიდეომტკიცებულებები არც დავით ჟღენტის წინააღმდეგ წარუდგენია. წინასწარი ინფორმაციით, ასეთი ვიდეომასალები საერთოდ არ არსებობს.
ე.წ. მშვიდობიანი დამხობის საქმეზე, სხვადასხვა დროს, ბრალდება წაუყენეს 60-ზე მეტ ადამიანს.
დაკავებული არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც.
პაატა მანჯგალაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძისა და ლაშა ბერიძის გარდა, თავიდანვე დააკავეს ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე. 25 დეკემბერს, ამავე საქმეზე დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელსაც დახურულ სხდომაზე ასევე წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სუსმა განაცხადა, რომ ის „საქართველოში [4 ოქტომბრის მოვლენების] მთავარი ორგანიზატორი იყო”.
დაპატიმრებულია “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. 2025 წლის 11 სექტემბერს ის სუსმა დააკავა - სატელევიზიო ეთერებიდან, “მშვიდობიანი დამხობის" გეგმის ფარგლებში, სპეცრაზმელებისთვის „200 000 დოლარის შეთავაზების“ ბრალდებით.
ფორუმი