Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბასილაშვილის საქმე სააპელაციოში: რატომ ითხოვს პროკურორი მის გამტყუნებას?


ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, 5 ოქტომბერი, 2022 წელი
ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, 5 ოქტომბერი, 2022 წელი

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ ძალადობის საქმის მორიგი სხდომა გაიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. პროკურორი ითხოვს, ჩოგბურთელს, რომელიც პირველმა ინსტანციამ გაამართლა, შეეცვალოს განაჩენი და გაამტყუნონ ყოფილ ცოლზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში.

7 აპრილის სხდომაზე, პროკურორი ნათია გურული შესავალ სიტყვაში, დიდ ეკრანზე გაშლილი პრეზენტაციით, მოსამართლე მაია თეთრაულის დარწმუნებას შეეცადა, რატომ იყო დაუსაბუთებელი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და რა პირდაპირი მტკიცებულებები არ გაითვალისწინა სასამართლომ.

დარბაზში პროკურორის სიტყვას ნიკოლოზ ბასილაშვილის სამივე ადვოკატი, ირმა ჭკადუა, მალხაზ სალაყაია და თეონა გვაზავა ისმენდნენ. სხდომას არც ნიკოლოზ ბასილაშვილი ესწრებოდა და არც მისი ყოფილი ცოლი, ნელი დოროყაშვილი.

შესავალ სიტყვამდე, პროკურორის ორ შუამდგომლობაზე იმსჯელეს. ერთით, იგი ითხოვდა, სააპელაციო სასამართლოში ის ვიდეოჩანაწერი გამოეკვლიათ, რომელიც არ შეისწავლა საქალაქო სასამართლომ.

მოსამართლემ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა და თქვა, რომ დაზარალებულ ქალს გამოკითხავს ეპიზოდზე, რომელიც ეხება 2018 წლის აგვისტოს ჩხუბს და გადაღებულია ტელეფონით. სააპელაციო სასამართლოში დაცვა ვიდეოს დედანს წარადგენს, სადაც ადვოკატების მტკიცებით უკეთ ისმის ხმა და ჩანს ძალადობა.

პროკურორის მეორე მოთხოვნა იმ საექსპერტო ბიუროს ექსპერტის საჯარო განცხადებებს ეხება, რომელმაც ნიკოლოზ ბასილაშვილის ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაატარა. ექსპერტ ნათია წერეთლის დასკვნა ჩოგბურთელის ადვოკატებმა სასამართლოში საქმის განხილვის მიწურულს წარადგინეს და თავად დაზარალებულად ცნობილ ნელი დოროყაშვილს დასდეს ბრალი ქმარზე ფსიქოლოგიურ ძალადობაში.

პროკურორის მტკიცებით, ექსპერტი ტენდენციური იყო. იგი ითხოვდა, რომ დისკი, რაზეც ამ ექსპერტის საჯარო განცხადებები იყო ჩაწერილი, თან დართვოდა საქმის მტკიცებულებებს.

მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ იგი არ გაითვალისწინებს ამ ექსპერტის დასკვნას მომავალი მსჯელობისას.

ახალი გარემოებები ფსიქოლოგიური ექსპერტის ტენდენციურობაზე ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა, ორგანიზაცია PHR-ის იურისტმა ანა თავხელიძემ მოაგროვა. რადიო თავისუფლებას იგი ექსპერტის საჯარო განცხადებების შინაარსს უყვება:

“საექსპერტო ბიუროს ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატუსზე დატოვებული კომენტარით, ერთი მხრივ, ამ საქმეში ნიკოლოზ ბასილაშვილს გულშემატკივრობს და აღფრთოვანებას გამოხატავს ამ შედეგის [განაჩენის] გამო. ხოლო უშუალოდ ექსპერტი, რომელმაც [ნიკოლოზ ბასილაშვილის] ექსპერტიზა ჩაატარა, აზიარებს დაცვის მხარის ცილისმწამებლურ პოსტს, რომელიც დაზარალებულის ცხოვრების წესს ეხებოდა, იქვე, “ალაიქებს” შემდეგი შინაარსის კომენტარს: “ტვინცარიელ მოდელებს რომ მოიყვანენ ცოლად, ასე ხდება”.

პროკურორმა სხდომაზევე უთხრა მოსამართლეს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ ექსპერტის დასკვნა მიიჩნია დაზარალებული ქალის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის გამომრიცხველ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოებად.

პროკურორმა ნათია გურულმა თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა ტენდენციური იყო და მისი განაჩენი წინააღმდეგობაშია მტკიცებულებებთან:

"სრულად უპირობოდ გაიზიარა დაცვის მხარის მტკიცებულებები, თუმცა ბრალდების მხარის მტკიცებულებები სუბიექტურად და ნაწილობრივ შეაფასა. მტკიცებულებებიდან ინფორმაცია ამოკრიბა სასამართლოს გადაწყვეტილების გასამყარებლად, ხოლო მათი ნაწილი საერთოდ არ შეაფასა, მათ შორის, პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებულის დანაშაულის ჩადენას პირდაპირ ადასტურებდა".

რა არ წერია საქალაქო სასამართლოს განაჩენში?

პროკურორის სიტყვებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ შეფასების გარეშე დატოვა ის ჩანაწერები, სადაც ისმის, როგორ შეურაცხყოფს ნიკოლოზი ნელის. პრეზენტაციის დროს, მან ამოიკითხა აუდიოჩანაწერების ფრაგმენტები და იქვე აღნიშნა, რომ შეურაცხმყოფელ სიტყვებს ხმამაღლა ვერ წაიკითხავდა:

  • “2017 წლის 8 ივნისის ჩანაწერი - შენ თავში რა დაგარტყამს, მე არ ვიცი, შენ მთელი დღე გაქვს თავისუფალი, ვიღაცა ბანკში ანგარიშზე ფულს გიდებს, შენ კიდევ აქანავებ… საერთოდ არაფერს აკეთებ ამ ქვეყნად, ერთადერთი ლუკასი გყავს მისახედი, შენ ხარ უსაქმური ადამიანი…”.
  • “2018 წლის 8 ოქტომბერი - ნიკოლოზი მიმართავს ნელის: უბრალოდ პრეტენზია გამოვთქვი, … (მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან - პროკურორის შენიშვნა) ნუ გაქვს-თქო ურთიერთობა და შენი თავი არ დაიმახინჯო სახეზე მაინც-თქო, სიმახინჯის განსახიერება…“.
  • "2018 წლის 31 დეკემბერი - “მოტყლარწული ტანი გაქვს, რა მოდელობას აპირებ?" მას შემდეგ, რაც ნელი დოროყაშვილი მას უპასუხებს, რომ აპირებს კონტრაქტის დადებას... [ნიკოლოზი ეუბნება] -"შენ თვითონ გაზარდე და მოუარე, მე დავამთავრე და ამ ბავშვზე ვამბობ უარს".
  • "2019 წლის 9 იანვარი - შემარცხვენელი, გაუნათლებელი და ტუპოი, იმენა შტერი, არარაობა ხარ - ნიკოლოზი ამ ფრაზით მიმართავს ნელი დოროყაშვილს".

" [საქალაქო სასამართლოს] განაჩენში ვერ ნახავთ იმ შეურაცხმყოფელ სიტყვებს, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილს მიაყენა, თუმცა ამის საპირისპიროდ, ნახავთ საწინააღმდეგოს [ნელის მხრიდან ნიკოლოზის შეურაცხყოფას - რ.თ.]. ეს ნაწილი სიტყვასიტყვით არის გადმოტანილი, ბასილაშვილის სიტყვები კი “უწმაწურ” სიტყვებადაა მოხსენიებული”, - ამატებს პროკურორი ნათია გურული.

თავის სიტყვაში, იგი ისევ უბრუნდება იმ კერძო ექსპერტიზის დასკვნას, რომელმაც ნიკოლოზ ბასილაშვილის ფსიქოლოგიური ტანჯვა დაადგინა და რომელიც, მისივე თქმით, საქალაქო სასამართლომ გაიზიარა:

"სრულადაც რომ ვიზიარებდეთ, თითქოს გვჯერა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი განიცდიდა ტანჯვას, ნელი დოროყაშვილის ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად, ეს ფაქტი რატომ გამორიცხავს ქალის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას და ტანჯვას? აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იყო? უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში იყო ნიკოლოზ ბასილაშვილი, თუ რა სამართლებრივი მექანიზმით გამოირიცხება..?"

პროკურორმა, შეზღუდული დროის გამო შესავალი სიტყვის მხოლოდ ნაწილის წაკითხვა მოასწრო. სააპელაციო საჩივრის მომდევნო განხილვა 3 მაისს, 10:00 საათიდან გაგრძელდება. ამავე დღეს არის დაგეგმილი ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატების შესავალი სიტყვით გამოსვლაც.

პროკურორის მოსმენის შემდეგ ბასილაშვილის ადვოკატმა თეონა გვაზავამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ ბრალდებას რაიმე ახალი არ გამოუკვლევია და ისევ იმავე მტკიცებულებებს ეყრდნობა, რაც პირველ ინსტანციაში წარადგინა:

"ყველა გამოკვლეული მტკიცებულება, როგორც ბრალდების მხარის, ასევე დაცვის მხარის, ცალსახად ადასტურებს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოა. ბრალდების მხარემ არასწორი ფორმატით მიაწოდა სააპელაციო სასამართლოს გარკვეული სახის ინფორმაცია. ყველა იმ საკითხზე, რაც მათ დააფიქსირეს, წარვადგენთ უტყუარ და დამაჯერებელ არგუმენტაციას, რის შემდეგაც სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს პირველი ინსტანციის კანონიერ გადაწყვეტილებას".

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა საქართველოს პირველი ჩოგნის, ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ ძალადობის საქმეს თითქმის ორი წელი განიხილავდა. მრავალთვიანი განხილვებისა და მოწმეთა დაკითხვის შემდეგ, 2022 წლის 21 ოქტომბერს მან ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელი განაჩენი გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებითვე გაუქმდა ჩოგბურთელის წინააღმდეგ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - 100-ათასლარიანი გირაო.

ნიკოლოზ ბასილაშვილი პოლიციამ ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით 2020 წლის 22 მაისს დააკავა. მას ბრალი (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილის ბრალდება დააზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებოდა.
  • 16x9 Image

    გვანცა ნემსაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.

XS
SM
MD
LG