Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპისგან „არაფერია გამორიცხული“ - გოლდბერგი იმის შესახებ, თუ რას უპასუხებს აშშ ირანის ხელისუფლებას


იტალიის ქალაქ მილანში, აშშ-ის საკონსულოს წინ, ხალხი ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად შეიკრიბა. 13 იანვარი, 2026 წელი
იტალიის ქალაქ მილანში, აშშ-ის საკონსულოს წინ, ხალხი ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად შეიკრიბა. 13 იანვარი, 2026 წელი

მას შემდეგ, რაც მასობრივი საპროტესტო აქციების სასტიკი დარბევა ირანის მთავრობის მიერ სულ უფრო და უფრო ფართო მასშტაბებს იღებს, ვრცელდება ცნობები ათასობით მოკლული დემონსტრანტის შესახებ, მსოფლიო საზოგადოებრიობა ელოდება, თუ როგორ უპასუხებს ამას აშშ.

დამოუკიდებელი უფლებადამცველი ორგანიზაცია HRANA აცხადებს, რომ 13 იანვრის მონაცემებით, საპროტესტო აქციებში დაღუპულთა რიცხვი 2403-მდე გაიზარდა, ხოლო 18 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ზოგიერთი ჯგუფი აცხადებს, რომ დაღუპულთა რიცხვი რამდენჯერმე მეტია. ტრამპმა თეირანი გააფრთხილა, რომ მას „ძალიან მკაცრი ზომები“ ელის, ხალხს კი დაჰპირდა, რომ „დახმარება გზაშია“.

რადიო თავისუფლების ირანული სამსახური - რადიო „ფარდა“ - ფონდ Foundation for Defense of Democracies-ის უფროს მრჩეველს, რიჩარდ გოლდბერგს, ესაუბრა ტრამპის შესაძლო ნაბიჯზე.

რიჩარდ გოლდბერგი
რიჩარდ გოლდბერგი

რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპის "რადიო ფარდა": აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ დახმარება გზაშია. რას წარმოადგენს ეს დახმარება, რას შეიძლება გულისხმობდეს ის?

რიჩარდ გოლდბერგი: პრეზიდენტი ძალიან სერიოზულად უყურებს თავისი [გავლებული] წითელი ხაზების დაცვას. მან საკმაოდ ნათლად განაცხადა, რომ მასობრივ მკვლელობებს ქუჩებში არ შეურიგდებოდა და რომ საპასუხოდ რეჟიმის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს მიიღებდა.

ის ნათლად ხედავს, ისევე, როგორც ჩვენ ყველა, რომ რეჟიმი ნამდვილად დაცემის ზღვარზეა. ეს პოტენციური ისტორიული მომენტია.

ეს არ არის 2009 წელი. ეს არ არის 2019 წელი და არც 2022. ეს არის ის, რისიც რეჟიმს აშკარად ეშინია.

ისინი ხედავენ, რომ გამოსვლები არ წყდება. ხალხი ქუჩებში გამოდის ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების მასობრივი დახოცვის მიუხედავად. ეს ბუნებრივად ხდება. ხალხს ყელში ამოუვიდა. ეს მთელ ქვეყანას მოედო.

ამას ემატება ეკონომიკური მდგომარეობა, ის, რომ [ირანის] ბირთვული პროგრამა აღარ ემუქრება მსოფლიოს და, როგორც ინგლისურად ვიტყოდით: "აიათოლას [უზენაეს ლიდერ ალი ხამენეის] ბედი გადაწყვეტილია".

პრეზიდენტმა ძალიან უნდა იფრთხილოს თავისი ვარიანტების შერჩევისას. მას ირანში ხალხის გაძლიერება სურს - უნდა, რომ რეჟიმის აპარატი მაქსიმალურად გაანეიტრალოს, რათა ხალხი გააძლიეროს და უზრუნველყოს, რომ ამ პროცესში თავიდან აიცილოს მშვიდობიანი მოსახლეობის დაზიანება.

რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპა: მაშ, რა ვარიანტები არსებობს?

გოლდბერგი: მე ვიტყოდი, რომ [ტრამპმა] უკვე დაიწყო. თქვენ აკვირდებით უკვე მიღებული გადაწყვეტილების განვითარებას. ეს გუშინ ეკონომიკურ და დიპლომატიურ სფეროში ტარიფების გამოცხადებით დაიწყო. ის მზადაა, მალე ახალი მიმართულებით იმოქმედოს, [ეს ჩანს] მის საჯარო განცხადებაში, რომლითაც ის ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ, დაწესებულებების ხელში ჩაგდებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ დახმარება გზაშია.

მე ვიცნობ პრეზიდენტს და არ მჯერა, რომ ის ასეთ განცხადებებს გააკეთებდა და ხალხს საფრთხეში ჩააგდებდა, რომ არ ჰქონდეს თამამი გეგმა, რომელიც უკვე მზადდება.

ჩემი ვარაუდით, ეს იქნება კიბერ და სამხედრო მოქმედებების ნაზავი. შესაძლოა, იყოს ფარული მოქმედებები, რომლებიც ჩვენ არ გვესმის ან არ ვიცით მათ შესახებ, მაგრამ მიზანი რეჟიმის დანგრევა და დასუსტებაა.

რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპა: შეიძლება თუ არა, რომ ამ ფარული ქმედებებით, მაგალითად, მიზანში უზენაესი ლიდერი იყოს ამოღებული?

გოლდბერგი: არაფერია გამორიცხული.

რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპა: ტრამპისგან ვიცით, რომ ის ხანგრძლივი ომების მომხრე არ არის. თქვენი აზრით, რა არჩევანი აქვს მას?

გოლდბერგი: ბევრი ვარიანტი გვაქვს. უპირატესობა აქვს ჩვენს საჰაერო ძალებს. ირანს დღესაც არ აქვს საჰაერო თავდაცვა, რომელსაც შეუძლია რაიმე ავნოს აშშ-ის საჰაერო ან საზღვაო საჰაერო ძალებს: ჩვენ გვაქვს სამხედრო-სახმელეთო ძალები, დარტყმის შესაძლებლობები, გვაქვს შორი მოქმედების ბომბდამშენები, რომლებიც აიათოლამ, მგონი, გასული წლის ივნისში იხილა და რომლებიც შეუმჩნეველია. და ის ვერ გაიგებს, რომ რაღაც ახლოვდება, სანამ ბომბი არ აფეთქდება.

რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპა: ზოგიერთი ანალიტიკოსი სიფრთხილით უყურებს ასეთი ნაბიჯებს, რადგან, მათი თქმით, თუ ამით ირანის შურისძიების შესაძლებლობაც სრულად არ გამოირიცხა, აშშ-ის რეგიონში განთავსებული ობიექტები შეიძლება გახდეს საპასუხო დარტყმების სამიზნე.

გოლდბერგი: თუ უზენაესი ლიდერი პირველ რაუნდს გადაურჩა, შემდეგ ის შურისძიებას ვეღარ გადაურჩება, თუ საქმე ასე წავა. შესაძლოა, მან უკვე მიიღო გადაწყვეტილება “საკუთარ გემთან ერთად ჩაძირვის” შესახებ და სწორედ ამიტომ არღვევს პრეზიდენტ ტრამპის "წითელ ხაზს". თუმცა, ვფიქრობ, პრეზიდენტი ამას აცნობიერებს, ხედავს მომენტსა და შესაძლებლობას და წინ მიიწევს.

დარწმუნებული ვარ, [ტრამპი] ძალიან ფრთხილად და წინდახედულად იმოქმედებს, რომ თავიდან აიცილოს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზარალი, მაქსიმალური ზიანი მიაყენოს რეჟიმს, სრულად დაუდგეს ხალხს მხარში რეჟიმის ძირითადი ობიექტების, კრიტიკული სამეთაურო და კონტროლის ზონების, ინფორმაციის კონტროლის, სამთავრობო შენობების ხელში ჩაგდების მცდელობისას. მას აქვს მრავალი ვარიანტი, თუ როგორ გააკეთოს ეს ყველაზე ეფექტიანად.

საბოლოო ჯამში, ხალხმა ყოველთვის იცოდა, რომ დამოუკიდებლად მოუწევდა ამის გაკეთება, ჩვენი თუ სხვების დახმარებით. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს არის ის, რისთვისაც გამოდიან ირანელები ქუჩებში: რათა დაიბრუნონ თავიანთი ქვეყანა.

რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპა: როგორი იქნებოდა თეთრი სახლის სასურველი სცენარი [ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი ქმედების] შემდგომ?

გოლდბერგი: [ტრამპი] ყოველთვის ამბობდა, რომ ეს თავად ირანელი ხალხის გადასაწყვეტია. ცხადია, ირანელ ხალხს მომავალში ისეთი მთავრობა სურს, რომელიც მის ინტერესებს წარმოადგენს, უზრუნველყოფს ეკონომიკის აღმავლობას, რომ მსოფლიოს მხრიდან სანქციები აღარ იყოს, რომ ისინი არ აფინანსებდნენ ტერორიზმს, არ აგზავნიდნენ თავიანთ ფულს უცხოურ ომებში, არ შეურაცხყოფდნენ ხალხს ყოველდღიურად, არ ხოცავდნენ და სიკვდილით არ სჯიდნენ ხალხს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომ მათ რეალურად შეეძლოთ, დაუბრუნდნენ ნამდვილ ცხოვრებას, რომ ქალებს შეეძლოთ თავად აირჩიონ, როგორ ჩაიცვან და იყვნენ თავისუფალი. ასეთია ის ირანი, რომლის ნახვაც, ვფიქრობ, პრეზიდენტს სურს.

ის ცდილობს გააძლიეროს ირანელები, რომლებიც ისეთ რამეს აკეთებენ, რაც 1979 წლის შემდეგ არასდროს მომხდარა. ისინი ქუჩებში არიან, იხოცებიან და მაინც ქუჩებში რჩებიან.


რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპა: რადგან ვენესუელის რამდენიმე კვირის წინანდელი გამოცდილება გვაქვს, ზოგიერთი კითხულობს: რა მოხდება, თუ მსგავსი სცენარი ირანშიც განვითარდება? როცა მადუროსთან დაახლოებული პირები, ძირითადად მადუროს ხალხი, კვლავ ხელისუფლებაში არიან კარაკასში.

გოლდბერგი: ძნელი წარმოსადგენია, რომ ისლამურ რესპუბლიკაში ყველაზე მკაცრი, ყველაზე ჭეშმარიტი მორწმუნეები შეერთებულ შტატებს რაიმე ფორმით გაურიგდებიან. ირანის ისლამური რესპუბლიკა არანაირად არ ჰგავს ვენესუელის რეჟიმს. იდეოლოგიის და რელიგიური თვალსაზრისით, ისინი ერთნაირები არ არიან. მათ საერთო ის აქვთ, რომ სძულთ ამერიკა, ერთად მუშაობენ და აფინანსებენ ნარკოტიკებსა და ტერორიზმს. მაგრამ რეჟიმები ძალიან, ძალიან განსხვავებულია და განსხვავებულია მათი ისტორია, კულტურა, რელიგია.

ძნელი წარმოსადგენია, რომ ხამენეის უახლოესი წრის მთავარმა წევრებმა გადაწყვიტონ, ისლამური რესპუბლიკა შეერთებულ შტატებსა და ამერიკულ ბიზნესს დაუთმონ და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ისურვონ.

თუმცა ჩვენ არც ის არ ვიცით, რა შეიძლება მოხდეს, უზენაეს ლიდერს უბრალოდ თავი რომ მოჰკვეთონ და ხალხმა სამთავრობო ინსტიტუტებზე კონტროლის აღება შეძლოს, ხოლო [ხელისუფლების] შიგნით მყოფი ხალხი მზად იყოს მეორე მხარეზე გადასასვლელად და არსებულ რეჟიმთან დასაპირისპირებლად. შესაძლოა, ნამდვილი გარდატეხა მოხდეს.

რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპა: თქვენ ახსენეთ ხალხის მიერ დაწესებულებების ხელში ჩაგდება და ეს ტრამპმაც თქვა. როგორ აპირებენ ამის გაკეთებას ადამიანები, თუ მათ იარაღი არ ექნათ [და ქუჩებში დახოცეს]? როგორ მიაღწევენ ამას რიგითი ირანელები?

გოლდბერგი: როგორც მე მესმის, ზოგიერთ პატარა ქალაქში ეს გარკვეულწილად უკვე მოხდა. სწორედ დიდ ქალაქებშია რეჟიმის მაქსიმალური ძალადობა ქუჩებში იმის შიშით, რომ ის, რასაც პატარა ქალაქებში ხედავენ, განმეორდება დიდ ქალაქებშიც, მათ შორის თეირანშიც.

ვფიქრობ, რომ, აი, სწორედ აქ არის ათასობით დაღუპული ადამიანი, ქუჩებში ტყვიამფრქვევების პირდაპირი სროლების შედეგად. მაგრამ თუ შეერთებული შტატები ისეთნაირად ჩაერევა, რომ გააძლიეროს ხალხი და მისცეს მას შესაძლებლობა,
დაიკავოს ობიექტები და დაწესებულებები, ეს იქნება აშშ-ის პრეზიდენტის დიდი წვლილი ირანში მყოფთა დახმარებაში.


დედანთან შედარებით ინტერვიუს ქართულენოვანი ვერსია შემცირებულია.

XS
SM
MD
LG