Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროტოკოლი პირველადი ჯანდაცვისთვის - მსუბუქი პაციენტები სახლში იმკურნალებენ


ოჯახის ექიმებისთვის, შინაგანი მედიცინის სპეციალისტებისთვის, პედიატრებისა და პირველადი ჯანდაცვის რგოლში მომუშავე სპეციალისტებისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ პროტოკოლი შეიმუშავა. პროტოკოლით განსაზღვრულია, რომ ოჯახის ექიმებმა იმ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ახალი ვირუსით ინფიცირების ეჭვი, დისტანციურად - სატელეფონო ან ვიდეო ონლაინ კომუნიკაციის გზით - უნდა გაუწიონ კონსულტაცია და მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში ურჩიონ მათ სახლში დარჩენა, 14-დღიანი თვითიზოლაცია და გასცენ თვითმოვლის რეკომენდაციები. პროტოკოლის მიხედვით, ასეთი პაციენტები ჰოსპიტალში გადავლენ იმ შემთხვევაში, თუ მათი მდგომარეობა დამძიმდება, იმ შემთხვევაში კი, თუ სახლში თვითიზოლაციის პირობები არ აქვთ, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მათი განთავსება საკარანტინო სივრცეში.

სატელეფონო კონსულტაციების გამწევი ექიმების გადასამზადებლად ტრენინგებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჩაატარებს. პირველ ეტაპზე დაგეგმილია 100 ექიმის გადამზადება და ეს სახელმწიფოს 53 000 ლარი დაუჯდება. ტრენინგის მომსახურების შესყიდვის დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ პირველადი ჯანდაცვა უახლოეს მომავალში უნდა ჩაერთოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, იმისათვის რომ თავიდან იქნეს აცილებული ჰოსპიტლების გადატვირთვა და ეპიდემიის სწრაფი გავრცელება.

იმაზე, რომ მსუბუქ პაციენტებს, რომლებიც, ჯამში, ინფიცირებულთა 80-82 %-ს შეადგენენ, ოჯახის ექიმები სახლის პირობებში უმკურნალებდნენ, ჯანდაცვის მინისტრი 18 მარტს უკვე ლაპარაკობდა. მიუხედავად ამისა, ექიმების გადამზადებაზე ზრუნვა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 27 მარტს დაიწყო და, როგორც ამირან გამყრელიძე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის გაგზავნილ წერილში წერს, პირველადი ჯანდაცვის რგოლის ჩართვის გადაწყვეტილება 21 მარტს, ანუ მაშინ მიიღეს, როცა ქვეყანაში საგანგებო ვითარება გამოცხადდა.

დღეს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა ეროვნულ ცენტრში არ ამბობენ, რამდენი ოჯახის ექიმია ამ ეტაპზე უკვე გადამზადებული და რამდენის გადამზადება იგეგმება უახლოეს მომავალში, თუმცა ექიმების გადამზადების ტენდერის დოკუმენტაციაში NCDC ამბობს, რომ სამედიცინო პერსონალის გადამზადება ერთი მთლიანი კომპლექსური პროცესია, რომლის დაყოფა პერიოდებად შეუძლებელია და იგი უნდა განხორციელდეს სამი თვის განმავლობაში (აპრილი-ივნისი). ეს მიდგომა და 30 მარტს გამოქვეყნებული პროტოკოლი პირველადი ჯანდაცვის ფარგლებში კორონავირუსთან ბრძოლის შესახებ ეჭვქვეშ აყენებს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების აქამდე გაკეთებულ განცხადებებს, რომ მიმდინარეობდა ოჯახის ექიმების გადამზადება და არსებობდა გაიდლაინები და პროტოკოლი.

30 მარტს გამოქვეყნებული პროტოკოლის თანახმად, გაწერილია ისიც, თუ როგორ უნდა მოიქცეს ექიმი და კლინიკა მაშინ, როცა სატელეფონო კონსულტაცია არ ხერხდება და პაციენტი ფიზიკურად მიდის კლინიკაში.

ასეთი შემთხვევებისთვის რეკომენდაციები ასეთია:

  • თუკი შესაძლებელია, პაციენტებისთვის საეჭვო COVID-19-ით მოსაცდელი სივრცე ან იზოლირებული ოთახი უნდა განცალკევდეს და აღინიშნოს გამაფრთხილებელი წარწერით სხვა პაციენტების საყურადღებოდ. სადაც შესაძლებელია, ეს სივრცე უნდა იკეტებოდეს კარით.
  • რეკომენდებულია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში გამოიყოს სამუშაო დროის განსხვავებული პერიოდები შესაძლო COVID-19 და არა-COVID-19 პაციენტების მისაღებად.
  • თუ სხვადასხვა დროის გამოყოფა შეუძლებელია, რეკომენდებულია პაციენტმა მოიცადოს კლინიკის გარეთ (თუ ის თანახმაა და არ გამოთქვამს უკმაყოფილებას).
  • პაციენტებს, რომელთაც არ შეუძლიათ გარეთ მოცდა, უნდა მიეცეთ გაფრთხილება სხვა პაციენტებისგან 2-მეტრიანი დისტანციის დაცვის შესახებ.
  • თუკი პაციენტის მდგომარეობა მწვავეა, ექიმი იძახებს სასწრაფო გადაუდებელ დახმარებას, აწვდის ინფორმაციას ოპერატორს შესაძლო COVID-19-ის შესახებ და ხდება პაციენტის ჰოსპიტალიზაცია.
  • თუკი პაციენტის მდგომარეობა არ შეესაბამება საეჭვო COVID-19 დეფინიციას, დამატებითი ღონისძიებები საჭირო არ არის.

პროტოკოლთან ერთად დამტკიცდა ე.წ. ცხელების კლინიკების სიაც, რომლებსაც ევალებათ მზად იყვნენ კორონავირუსით ინფიცირების შესაძლო შემთხვევების გავრცელების პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირებისთვის.

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, „ცხელების კლინიკებმა” 1 აპრილამდე უნდა მოახერხონ „ცხელების ზონის“ გამოყოფა ინფექციის კონტროლის ზომების სრული დაცვით იმგვარად, რომ აღიკვეთოს ჰაერის გზით გადაცემადი ინფექციის გავრცელება სხვა ზონებში ან, თუ კლინიკის ბაზაზე „ცხელების ზონის“ უსაფრთხოდ გამოყოფა ვერ ხერხდება, კლინიკამ უნდა უზრუნველყოს მიმდინარე პაციენტების დროული გაწერა და/ან გადაყვანა შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში და კლინიკის სრულად მობილიზება ცხელების მქონე პაციენტების მისაღებად. ბრძანება 30 მარტს არის გამოცემული.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 31 მარტის მონაცემებით, ინციცირებულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა, დაფიქსირებულია შიდა გადაცემის შემთხვევები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG