Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის ახალი "9 მაისი": "დიდებაც შეიძლება მოკვდეს"

ვლადიმირ პუტინი. 2022 წ. 9 მაისი
ვლადიმირ პუტინი. 2022 წ. 9 მაისი

მოსკოვში 9 მაისის ტრადიციული აღლუმი ამჯერად უჩვეულოდ მოკლე - ერთ საათზე ნაკლები იქნება. მრავალი წლის განმავლობაში პირველად, აღლუმზე კრემლი არ გამოიყვანს სამხედრო ტექნიკას. ექსპერტების შეფასებით, ეს გადაწყვეტილება შიშის, ომისა და რესურსების სიმცირის ანარეკლია.

„მიმდინარე ოპერატიული ვითარების გამო, წელს სამხედრო აღლუმში მონაწილეობას არ მიიღებენ სუვოროვის და ნახიმოვის სამხედრო სასწავლებლების აღსაზრდელებიც, კადეტთა კორპუსები, ასევე სამხედრო ტექნიკის კოლონები“, — განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, რომლის განმარტებითაც, „ქვეითად მიმავალ კოლონებში იქნებიან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ყველა სახეობისა და ცალკეული გვარეობის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების სამხედრო მოსამსახურეები“, ხოლო „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ (ასე უწოდებს მოსკოვი უკრაინაში მიმდინარე ომს) მონაწილე შეიარაღებული ძალების საქმიანობა აღლუმის ტრანსლაციის დროს იქნება ნაჩვენები. ასევე დაგეგმილია საავიაციო ნაწილი, პილოტაჟური ჯგუფების მონაწილეობით“.

პუტინის რუსეთში ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულის ასე მოკრძალებულად აღნიშვნის მიზეზად კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უკრაინიდან მომდინარე საფრთხეები დაასახელა.

„საქმე ეხება ოპერატიულ ვითარებას“, — თქვა პესკოვმა და გაიხსენა ვლადიმირ პუტინის სიტყვები, რომ „კიევის რეჟიმი, რომელიც ყოველდღიურად კარგავს ტერიტორიებს ბრძოლის ველზე, ახლა სრულად გადავიდა ტერორისტულ აქტივობაზეო“.

დმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი

„ამიტომ, ასეთი ტერორისტული საფრთხის ფონზე, რა თქმა უნდა, მიიღება ყველა ზომა საფრთხის მინიმიზაციისთვის. აღლუმი იქნება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გასულ წელს ეს იუბილესთან (80 წელი შესრულდა) დაკავშირებული, ფართომასშტაბიანი პარადი იყო, ისეთი, როგორიც მრგვალ თარიღს შეეფერება“, — განაცხადა პესკოვმა, რომლის თქმითაც, ახლა თარიღი იუბილეს არ წარმოადგენს.

„მართალია შემოკლებულ ფორმატში, მაგრამ აღლუმი მაინც ჩატარდება“, — თქვა პუტინის პრესმდივანმა.

კრემლმა ფაქტობრივად პირდაპირ აღიარა, რომ ღელავს როგორც აღლუმის მონაწილეებისა და სტუმრების, ასევე, ცხადია, თავად ვლადიმირ პუტინის უსაფრთხოებაზეც. პუტინი, რომელიც რუსეთის უმაღლესი მთავარსარდალია, ტრადიციულად „იბარებს“ ხოლმე აღლუმს და სიტყვით გამოდის.

მსგავსი ვითარებაა რუსეთის რეგიონებში, სადაც გამარჯვების დღესთან დაკავშირებულ მასობრივ ღონისძიებებს საერთოდ აუქმებენ. მაგალითად, აღლუმი არ გაიმართება ნიჟნი-ნოვგოროდში, სარატოვში, ჩუვაშეთში და კალუგის ოლქში. ვორონეჟის, კურსკის, ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქებში გადაწყვიტეს, გაეუქმებინათ სადღესასწაულო ფეიერვერკებიც.

გამოცემა „ფონტანკის“ ცნობით, სამხედრო ტექნიკა არ გაივლის სანქტ-პეტერბურგშიც: „არც აღდგენილი Т-34 იქნება - ტანკი, რომელიც ბოლო წლებში, როგორც წესი, მიუძღვებოდა ხოლმე ჯავშანტექნიკის კოლონას, — წერენ გამოცემის ჟურნალისტები, - ქალაქის სასახლის მოედანზე სამი ტრიბუნის ნაცვლად მხოლოდ ერთს ააგებენ — დაახლოებით 300 ადამიანზე გათვლილს. რედაქციის ინფორმაციით, მასზე მიწვეული არიან სვო-ს (ასე უწოდებს რუსეთის ხელისუფლება უკრაინის წინააღმდეგ ომს) ვეტერანები“.

29 აპრილს გავრცელდა ცნობები პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ. განხილულ თემებს შორის იყო უკრაინასა და ირანში მიმდინარე ომები, ასევე პუტინის წინადადება — უკრაინასთან დროებითი ზავის გამოცხადება ე.წ. გამარჯვების დღის აღნიშვნის პერიოდში. პუტინის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, ტრამპმა ამ წინადადებას მხარი დაუჭირა.

ვლდიმირ პუტინი (მარცხნივ) და დონალდ ტრამპი. 2025 წ. 15 აგვისტო. ანკორიჯი
ვლდიმირ პუტინი (მარცხნივ) და დონალდ ტრამპი. 2025 წ. 15 აგვისტო. ანკორიჯი

მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის წარმომადგენლებს დაავალა აშშ-ის ადმინისტრაციასთან დაკავშირება, რათა დაზუსტებულიყო რუსეთის წინადადების დეტალები.

„უკრაინა მშვიდობისკენ მიისწრაფვის და აწარმოებს საჭირო დიპლომატიურ მუშაობას ამ ომის რეალურად დასრულებისთვის. გავარკვევთ, კონკრეტულად რაზეა საუბარი: რამდენიმესაათიან უსაფრთხოებაზე მოსკოვში აღლუმის ჩასატარებლად თუ რაღაც უფრო დიდზე“, — დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram-ში.

„მათ სურთ, რომ აღლუმი რამდენიმე საათის განმავლობაში მშვიდად ჩატარდეს, შემდეგ კი იერიშები განაახლონ. ჩვენ არ გვინდა, რომ რომელიმე ზავი რუსეთის ფედერაციის მხრიდან ტაქტიკური მოტყუება აღმოჩნდეს“, — დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 9 მაისის აღლუმის შესახებ ილაპარაკა 4 მაისს ერევანში ყოფნისას.

„რუსეთმა გამოაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში პარადი სამხედრო ტექნიკის გარეშე გაიმართება. თუ ეს მართლაც ასე მოხდება, ეს მრავალი წლის განმავლობაში პირველი შემთხვევა იქნება, როცა ისინი თავს ვერ მისცემენ სამხედრო ტექნიკის გამოყვანის უფლებას, რადგან შიშობენ, რომ წითელ მოედანს დრონებმა შეიძლება გადაუფრინონ. ეს ნიშანდობლივია და აჩვენებს, რომ ისინი [რუსები] უკვე აღარ არიან ისეთი ძლიერები, როგორც ადრე იყვნენ“, — თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 4 მაისს ერევანში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის შეხვედრაზე, სადაც მან ასევე დაამატა: “მომავალი ზაფხული იქნება ის მომენტი, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არჩევანს გააკეთებს — „გააფართოოს“ ომი თუ გადავიდეს დიპლომატიაზე”. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ პარტნიორებს მოუწოდა, რუსეთის მიმართ ზეწოლის გაძლიერებით პუტინს დიპლომატიისკენ „უბიძგონ“.

4 მაისს, გამთენიისას, უკრაინულმა უპილოტოებმა მოსკოვამდე მიაღწიეს — ერთ-ერთი დრონი მოხვდა ელიტურ საცხოვრებელ კორპუსს მოსფილმის ქუჩაზე, საიდანაც წითელ მოედნამდე დაახლოებით 6 კმ-ია. რამდენიმე თვეა მოსკოვში შეზღუდვებით მუშაობს მობილური ინტერნეტი. პუტინის განცხადებით, ეს აუცილებელია „ტერაქტების თავიდან ასაცილებლად“.

რატომ არ იქნება აღლუმზე ტექნიკა?

ავსტრიელი სამხედრო ისტორიკოსი, ვინერ-ნოიშტადტის სამხედრო აკადემიის ლექტორი მარკუს რაისნერი DW-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ბოლო შეტევებმა პერმზე აჩვენა, რომ უკრაინულ არმიას შეუძლია „პრაქტიკულად ნებისმიერი მიზნის“ დაზიანება რუსეთის დასავლეთ ნაწილში.

„ამიტომ, მიუხედავად მოსკოვის გარშემო საჰაერო თავდაცვის სისტემების მჭიდრო ქსელისა, მასშტაბური დარტყმის რისკი მუდმივად იზრდება“, — ამბობს ავსტრიელი ექსპერტი.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთის არმიის სამხედრო ტექნიკა არ გამოჩნდება წითელ მოედანზე, არის ის, რომ მათი დიდი ნაწილი და ტრანსპორტირების ლოგისტიკური საშუალებები უკვე ფრონტზეა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ:

„არა „ტერორისტული საფრთხის“ გამო, რომელზეც პესკოვი საუბრობს, არამედ იმიტომ, რომ ომი შთანთქავს ყველა რესურსს“. მარკუს რაისნერის განმარტებით, რუსეთს ტექნიკის საკმარისი რაოდენობა აქვს, თუმცა მისი ფრონტიდან აღლუმზე გადაყვანა და უკან დაბრუნება „არაპროპორციულად დიდ ხარჯებს მოითხოვს“.

თუმცა ბევრ კომენტატორს ეჭვი არ ეპარება, რომ კრემლი, პირველ რიგში, სწორედ აღლუმის უსაფრთხოებითაა შეშფოთებული, რაც ბუნებრივია როგორც უკრაინული დრონების მიერ მოსკოვში, ტუაფსეში, პერმსა და რუსეთის სხვა რეგიონებში მიტანილი იერიშების, ასევე ვოლოდიმირ ზელენსკის მუქარანარევი განცხადების ფონზე.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ალექსეი ნავალნის ყოფილი თანამებრძოლი ლეონიდ ვოლკოვი სარკასტულად შენიშნავს, რომ 9 მაისის აღლუმის სამხედრო ტექნიკის გარეშე გამართვით მიღწეული იქნება „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ერთ-ერთი „მიზანი“ — „დემილიტარიზაცია“, საიდანაც უკვე ხელის გაწვდენაზეა СВО-ს კიდევ ერთი მიზანი - „დენაციფიკაცია“, რომელიც მაშინ მოხდება, როცა საერთოდ აღარ გაიმართება აღლუმი.

კომენტატორებმა ასევე გაიხსენეს უკრაინასთან დაკავშირებული პუტინის სხვა გეგმები, მათ შორის კიევში რუსეთის არმიის აღლუმის ჩატარების დაპირება.

“ჯერ გინდა კიევის აღება სამ დღეში, მერე კი ტრამპს სთხოვ, ზეწოლა მოახდინოს კიევზე, რათა მან მოგცეს შესაძლებლობა მოსკოვში აღლუმის ჩატარების”, - დაწერა ერთ-ერთმა კომენტატორმა.

ამ დროს ე.წ. Z-არხების მტკიცებით, წითელი მოედანი საიმედოდ არის დაცული, თუმცა, მათივე თქმით, უკრაინული შორეული კამიკაძე-დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების ინტენსივობის გამოცდების ფონზე, წითელ მოედანზე აღლუმის მნიშვნელოვანი ნაწილის გაუქმება მოსალოდნელი და ლოგიკურია.

“უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არც კი სჭირდებათ წითელ მოედანზე იერიშის მიტანა, რომელიც, დიდი ალბათობით, მაინც უშედეგოდ დასრულდებოდა მოსკოვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სიმჭიდროვისა და მასშტაბის გამო, - დაწერა Telegram-არხმა Военный Осведомитель („სამხედრო ინფორმატორი”), - მისთვის საკმარისია შეინარჩუნოს ასეთი შეტევის შესაძლებლობის ფაქტორი, რათა დიდი რესურსი მოხმარდეს მოსკოვის საიმედო დაცვას. თუმცა ობიექტური გარე საფრთხის გარეშეც კი გაუმართლებელი ფუფუნებაა მიმდინარე „სპეცოპერაციის“ პირობებში ათეულობით ერთეული სხვადასხვა სამხედრო ტექნიკის და ათასობით სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით პომპეზური და ძვირადღირებული აღლუმების ჩატარება”.

ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა ალექსანდრ ნევზოროვმა კრემლის გადაწყვეტილებაში, სამხედრო ტექნიკის გარეშე გამართოს 9 მაისის აღლუმი, კვდომის ნიშნები დაინახა. „იმ“ 9 მაისის აღლუმი აღარ იქნება. დიდებაც შეიძლება მოკვდეს", - დაწერა ნევზოროვმა, რომლის თქმითაც, რუსული გამარჯვების კულტის უსაზღვროება და ყოვლისშემძლეობა მოჩვენებითი აღმოჩნდა:

„ის „შაგრენის ტყავივით“ იკუმშება და ილევა. სიშტერე იკლებს და ძალას კარგავს. „გამარჯვებულთა გენის“ შესახებ პათეტიკური განცხადებები უკრაინასთან ომის მეხუთე წელს ანეკდოტივით ჟღერს. კანონიკური პარადი საკუთარი თავის კარიკატურად გამოჩნდება და აღტაცების ნაცვლად ტკივილსა და სირცხვილს გამოიწვევს. წარსული „ძლიერების“ გახსენება ბევრს აუხელს თვალს დღევანდელ უძლურებაზე.
კრემლს ეყო ტვინი, რომ ეს გაეაზრებინა და 9 მაისის ღონისძიება მინიმუმამდე დაეყვანა”.

9 მაისის აღლუმების ტრადიცია შედარებით ახალია. ასეთი სიხშირით ისინი მხოლოდ გვიან საბჭოთა კავშირში ტარდებოდა, თუმცა განსაკუთრებული დატვირთვა მიეცა პუტინის ეპოქაში, როცა ნაცისტურ გერმანიასთან ომში საბჭოთა გამარჯვება რუსეთში სახელმწიფო იდეოლოგიის უმნიშვნელოვანეს ნაწილად იქცა, ხოლო „გამარჯვების კულტმა“ კვაზირელიგიური ნიშნებიც შეიძინა. ერთგვარი კულმინაცია იყო 2022 წელი, როცა უკრაინაში შეჭრის წინ პუტინის პროპაგანდა ღიად იმუქრებოდა: „ჩვენ შეგვიძლია გავიმეოროთ!“

ანდრეი პივოვაროვის, რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის და მიხაილ ხოდორკოვსკის თანამებრძოლის თქმით, 9 მაისის მოკრძალებულად აღნიშვნა აშიშვლებს პუტინის რეჟიმის რეალურ მდგომარეობას.

“პუტინისთვის დიდი სამამულო ომისა და გამარჯვების კულტს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს — ის თითქმის ყველა გამოსვლაში ახსენებს ამას — დაб ფაქტობრივადб აღლუმის გაუქმება მისთვის პირად შეურაცხყოფად აღიქმება”, - ამბობს რუსი პოლიტიკოსი, რომლის თქმითაც, კრემლისთვის დამატებითი პრობლემა იქნება სტუმრებიც, რადგან წელს შთამბეჭდავი წარმომადგენლობითი შემადგენლობის შეკრება ვერ მოხერხდება, მხოლოდ ლუკაშენკა და სხვა სატელიტები საკმარისი არ იქნება.

სამხედრო ექსპერტი იური ფიოდოროვი რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროექტ The CurrentTime-თან საუბარში გამოთქვამს ვარაუდს, რომ პუტინს „რაღაც პანიკის მსგავსი“ დაეწყო:

„ძალიან ეშინია, რომ აღლუმის დროს წითელ მოედანზე დრონები ან, ღმერთმა დაიფაროს, „ფლამინგოები“ მიფრინდებიან. დიდი სკანდალი იქნება, მოუწევთ სადღაც გაქცევა, დამალვა და ა.შ. რაც უნდა შეკვეცილად ჩატარდეს აღლუმი, როგორც ჩანს, პუტინს ძალიან ეშინია კრემლისა და თავისი რეზიდენციების გარეთ გამოჩენის, ამიტომ ყველანაირად ცდილობს, რომ შეამციროს საფრთხეები. გამორიცხვა იმისა, რომ დრონების რაღაც რაოდენობამ შეიძლება მართლა მიაღწიოს მოსკოვამდე, არ შეიძლება. ამიტომ მიმართა მან ტრამპს, მოახდინე ზელენსკიზე გავლენა, დაიყოლიე რამდენიმედღიან ზავზეო. არ ვიცი, რატომ დათანხმდა ტრამპი და მართლა თუ აპირებს პუტინისათვის დახმარების აღმოჩენას, მაგრამ გაუგებარია, რატომ უნდა გაუწიოს ანგარიში უკრაინამ თავის მტერს, რომელიც არ ყოყმანობს მოსახლეობისათვის უმძიმესი დარტყმების მიყენებისას, რატომ უნდა დათანხმდეს პუტინს თავისი სიგიჟის - გამარჯვების რელიგიის ფარგლებში საზეიმო ღვთისმსახურების - ჩატარებას?“

იური ფიოდოროვი არც იმას არ გამორიცხავს, რომ პუტინი საერთოდ არ მივიდეს აღლუმზე და ჩანაწერით მიმართოს საზოგადოებას.

„ეს უცილობლად გამოიწვევს ავტორიტეტის კარგვას არა მხოლოდ მასობრივ ცნობიერებაში, არამედ ისტებლიშმენტშიც. თუ ასეთი ბრუტალური ლიდერი ხარ, რომელიც ადამიანების სიცოცხლეებით რისკავს, ათობით ათას ადამიანს აგზავნი ბრძოლაში, თვითონ კი გეშინია წითელ მოედანზე გამოჩენის ქვეყნისთვის ყველაზე საზეიმო მომენტში, ეს იმას ნიშნავს, რომ ან მშიშარა ხარ, ან ისეთი რაღაც სასწაულად მნიშვნელოვანი რამ ხდება კრემლში, რომ პუტინი იძულებულია, გააუქმოს თავის გამოჩენა წითელ მოედანზე. თუ ასე მოხდება, პუტინის ავტორიტეტი საბოლოოდ დაეცემა ნულამდე“, - ამბობს სამხედრო ექსპერტი.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG