სამიტში მონაწილეობისთვის სომხეთში ჩავიდნენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ინსტიტუტების, ნატოს, კანადის და რეგიონის ქვეყნების ლიდერები.
უკრაინის პრეზიდენტმა გამოსვლა იმით დაიწყო, რომ სომხეთს და აზერბაიჯანს უსურვა მდგრადი, ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მშვიდობა.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი დღეს ევროპასთან ერთადაა და ბოლო 24 წლის განმავლობაში პირველად შედგა სომხეთში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტიც, რაც ბევრს ნიშნავს და აჩვენებს ერთობის მასშტაბს - ყველასი, ვინც სიცოცხლეს აფასებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ილაპარაკა ირანში ომით გამოწვეული გრძელვადიანი არასტაბილურობის შესაძლებლობაზე, რამაც წელს ევროპის ქვეყნებში შესაძლოა, გამოიწვიოს ცხოვრების გაძვირება და მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები, ამიტომ საჭიროა ენერგეტიკის და უსაფრთხოების სფეროებში რეალური თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება.
ზელენსკის განცხადებით, ისევ გრძელდება რუსეთის სასტიკი ომი უკრაინისა და ევროპის წინააღმდეგ და წლევანდელი ზაფხული იქნება დრო, როცა პუტინი გადაწყვეტს, რას გააკეთებს - ომს გააფართოებს, თუ დიპლომატიაზე გადავა, ამიტომ მას დიპლომატიისკენ უნდა უბიძგონ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა გამოაცხადა, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმი სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩატარდება და თუ ასე მოხდა, ეს მრავალი წლის განმავლობაში პირველი შემთხვევა იქნება.
ზელენსკის განცხადებით, რუსეთს წითელი მოედნის თავზე დრონების ეშინია, რაც ბევრზე მეტყველებს და აჩვენებს, რომ რუსეთი ახლა ძლიერი არ არის. ამიტომ, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია რუსეთზე სანქციებით ზეწოლის გაძლიერება და ამ პოლიტიკის გაგრძელება, რათა დიპლომატიისკენ უბიძგონ.
ზელენსკიმ ევროკავშირს მადლობა გადაუხადა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-20 პაკეტისთვის და სთხოვა, არ დასთანხმდნენ სანქციების შემსუბუქების არანაირ იდეას. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მათაც, ვინც რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტს“ ებრძვის.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სანამ ომი გრძელდება, აუცილებელია უკრაინის ძლიერი მხარდაჭერის გაგრძელება, მნიშვნელოვანია დახმარების თითოეული პაკეტი და განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვა. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ევროპას უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად აწარმოოს ბალისტიკური და სხვა იარაღით დარტყმებისგან დაცვის საშუალებები და უკრაინა სთავაზობს თავის წვლილს ერთობლივ მუშაობაში.
ზელენსკის განცხადებითვე, საჭიროა ფოკუსირება იმაზეც, თუ რას გააკეთებენ, თუ რუსეთი ომს არ შეწყვეტს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მუდმივ ზეწოლასთან ერთად საჭიროა ქმედითი დიპლომატიური ფორმატის მოძიება და ევროპა ნებისმიერი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა იყოს. ზელენსკის თანახმად, უკრაინას კონტაქტი აქვს შეერთებულ შტატებთან და მისი შეხედულებებისა და პოზიციის ესმით, მაგრამ კარგი იქნებოდა საერთო ევროპული ხმის ფორმირება რუსებთან მოლაპარაკებებისთვის.
- აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები შეჩერებულია მას შემდეგ, რაც 2026 წლის 28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია.
ფორუმი