Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის და კირილეს "ღმერთი" მათ დავალებებზე დარბის - ანდრეი კურაევი


 მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

2023 წლის ბოლოს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უცხოელი აგენტების სიას დაამატა ცნობილი მართლმადიდებელი პუბლიცისტი, პროტოდიაკონი ანდრეი კურაევი, რომელიც 2023 წლის ოქტომბრიდან ჩეხეთში ცხოვრობს.

კურაევი მოსკოვის საპატრიარქოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საჯარო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე თანმიმდევრული ოპონენტია. 2020 წელს საეპარქიო საეკლესიო სასამართლომ მას დიაკვნის ხარისხი ჩამოართვა კრიტიკული განცხადებების გამო. ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2023 წლის აპრილში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს მიერ დამტკიცების შემდეგ.

ანდრეი კურაევი მრავალი საეკლესიო ჯილდოს მფლობელი ცნობილი რელიგიური მოღვაწე და მისიონერია. საღვთისმეტყველო კამათში მას ხშირად ჰქონდა უთანხმოება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ პირებთან.

2014 წელს კურაევმა საჯაროდ გააკრიტიკა რუსეთის ხელისუფლება ყირიმის ანექსიის გამო, 2022 წელს კი უკრაინაში რუსეთის შეჭრა გააპროტესტა, რის გამოც დააჯარიმეს „რუსული არმიის დისკრედიტაციისთვის“.

ანდრეი კურაევი
ანდრეი კურაევი

ანდრეი კურაევი ახლა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას კრემლის თანამზრახველობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, უკრაინაში შეჭრამ და რუსეთის მთავრობისა და ეკლესიის შეთანხმებულმა მოქმედებამ აშკარა გახადა ამ ინსტიტუციების შეზრდისა და იდეოლოგიური ერთიანობის ფაქტი.

„სინამდვილეში, ეკლესიის წარმომადგენლებს არასოდეს სურდათ სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთმანეთისგან გამიჯვნა, - ამბობს სასულიერო პირი, - 1917-18 წლების ადგილობრივი საეკლესიო კრებაც კი მოითხოვდა, რომ მთავრობის მეთაური მართლმადიდებელი ყოფილიყო. ამ დროს რუსეთის ხელისუფლებაში ბოლშევიკები არიან, მაგრამ ისინი მაინც წერენ, რომ „მთავრობის მეთაური უნდა იყოს მართლმადიდებელი; განათლების მინისტრი უნდა იყოს მართლმადიდებელი; მინისტრის ამხანაგები (მოადგილეები) ასევე უნდა იყვნენ მართლმადიდებელი“ და ა. შ. რა თქმა უნდა, ეკლესიას სახელმწიფო ბიუჯეტის კმაყოფაზე უნდოდა დარჩენა.

შემდეგაც, საბჭოთა წლებში, რუსეთის ეკლესიის მეთაურები გამუდმებით ეძებდნენ საშუალებებს, თუ როგორ და რა სახით გამოსდგომოდნენ ხელისუფლებას, როგორ მომსახურებოდნენ მას. თავიდან ამას ყველაზე მკაფიოდ აკეთებდნენ „ობნოვლენცები“ (საბჭოთა კავშირის მართლმადიდებელი ეკლესია, იგივე წითელი ეკლესია), რომლისთვისაც ქრისტე იყო პირველი კომუნისტი, მაგრამ მალე ეს რიტორიკა აითვისეს საპატრიარქო ეკლესიის წინამძღოლებმაც“.

ვლადიმირ პუტინი შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან, რომ რელიგიურ დღესასწაულებზე ეკლესიაში არ გამოჩნდეს ან მარტო, ან რუსეთის პატრიარქთან ერთად. ანდრეი კურაევის თქმით, პუტინსაც და კირილესაც ერთი ღმერთი ჰყავთ:

„ვფიქრობ, რომ პუტინსაც და პატრიარქ კირილესაც ერთი და იგივე ღმერთი ჰყავთ - იმ გაგებით, რომ მათთვის ესაა ღმერთი, რომელიც მათ დავალებებზე დარბის და წინსწრებით იწონებს მათ გადაწყვეტილებებს. მოკლედ, პატრიარქიც და პრეზიდენტიც წარმატებულები არიან კერპთაყვანისმცემლობაში, ასეთი კერპი შეიქმნეს, ძალიან კომფორტული ღმერთუკა, რომელიც მათ არ აწუხებთ, პირიქით, აიძულებს სხვებს, აქონ და ადიდონ ისინი“.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური კირილე და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. მოსკოვი, 8 თებერვალი, 2012.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური კირილე და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. მოსკოვი, 8 თებერვალი, 2012.

ვლადიმირ პუტინის მსგავსად, კირილემაც რთული და უცნაური გზა გაიარა ძალაუფლების მწვერვალზე ასასვლელად. ანდრეი კურაევის თქმით, პატრიარქობამდე კირილე ერთგვარი საეკლესიო შევარდნაძე ანუ დასავლური ორიენტაციის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.

„კირილეს ახალგაზრდობა დაკავშირებულია დასავლეთთან, ის მუშაობდა შვეიცარიაში, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლად; იყო ფილოკათოლიკე, ეკუმენისტი. მაგრამ ასე იყო მანამ, ვიდრე მისი ამბიცია არ სცდებოდა საეკლესიო დიპლომატიის ხელმძღვანელის თანამდებობას, - ამბობს ანდრეი კურაევი, - შემდეგ კირილეს სხვა მიზანი გაუჩნდა. გასული საუკუნის 90-იან წლებში ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, სულ რაღაც 50 წლამდე, ამიტომ გაუჩნდა კითხვა, ხომ არ გამხდარიყო პატრიარქი? მით უმეტეს, რომ ამისკენ მიისწრაფოდა მისი მოძღვარი, მიტროპოლიტი ნიკოდიმ როტოვი.

მაგრამ ვფიქრობ, რომ შემდგომში, კირილემ გააანალიზა სიტუაცია და დარწმუნდა, რომ ვითარება განსხვავებული იყო საბჭოთა კავშირისგან, სადაც პატრიარქი ინიშნებოდა კგბ-დან ერთი ზარით, ახლა კი მეტ-ნაკლებად არჩევითი პროცედურები მოქმედებდა და, რომ მას არახელსაყრელი სასტარტო პოზიცია ჰქონდა. საპატრიარქოს დიპლომატიური დეპარტამენტის უფროსი არასოდეს აურჩევიათ პატრიარქად. გარდა ამისა, მას ვერ იტანდნენ ბერები, რადგან ის იყო ეკუმენისტი, ბერული ცხოვრებისთვის უცხო ადამიანი.

კირილეს არ უნდა ჰქონოდა მათი კეთილგანწყობის იოლად მოპოვების მოლოდინი. ამიტომ მან დაიწყო მიზანმიმართული მუშაობა თავისი იმიჯის შესაცვლელად, რათა აღქმულიყო არა როგორც მართლმადიდებლობის ექსპორტიორი, არამედ როგორც მართლმადიდებლობის დამცველი“.

2023 წლის შემოდგომაზე კირილემ, ერთ-ერთი ქადაგების დროს თქვა, რომ პეტრე პირველმა პეტერბურგი დააარსა დასავლეთისგან, მისი კულტურული გავლენისგან რუსეთის დაცვის მიზნითო. არადა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ პეტრესთვის პეტერბურგის რეალური ფუნქცია ყოველთვის საპირისპირო იყო - ქალაქი შენდებოდა ევროპაში გასასვლელ სარკმლად, მაგრამ კირილეს ქადაგებიდან ისე გამოვიდა, რომ პეტერბურგი სეიფის დაჯავშნილი კარია, რომელიც ევროპისგან იცავს რუსეთს.

„ჰეგელის დროიდან ჩვენ გვესმის, რომ დიალექტიკა დიალექტიკაა. კარი შეიძლება იყოს როგორც დამაკავშირებელი, ასევე გამყოფი. კირილემ გადაწყვიტა თავი წარმოეჩინა ლიბერალური დასავლეთისგან მართლმადიდებლობის დამცველად“, - ამბობს ანდრეი კურაევი, რომელიც არ უარყოფს იმას, რომ თავის დროზე აქტიურად უჭერდა მხარს მიტროპოლიტ კირილეს, რათა ეს უკანასკნელი რუსეთის პატრიარქი გამხდარიყო.

ბევრი ფიქრობს, რომ ამ მხარდაჭერამ გადამწყვეტი როლი ითამაშა კირილეს მომავალ კარიერაში. თვითონ სასულიერო პირმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ნაკლებ ბოროტებაზე“ დადო ფსონი. საუბარია 2008 წელს, პატრიარქის არჩევნების წინ გამოქვეყნებულ სტატიაზე „პატრიარქი კირილე. დროა შევეჩვიოთ“.

„მე უბრალოდ წარმოვადგინე გარკვეული ხედვა, ძალთა განაწილება, papabile-ს [კარდინალები, რომლებიც მიიჩნევიან პაპობის ყველაზე სავარაუდო კანდიდატებად რ. თ.] შესაძლებლობა. მართლმადიდებლებისთვის ეს შოკი იყო. ანუ, დასავლურ სამყაროში ეს არის ჩვეულებრივი რამ - პაპის გარდაცვალებამდე დიდი ხნით ადრე პრესა განიხილავს, ვინ შეიძლება იყოს შემდეგი კანდიდატი. მაგრამ იქ ამავდროულად არის კარდინალების გარკვეული მოკლე სია, საჭიროა გარკვეული ასაკი, აპარატთან სიახლოვე, სამუშაო გამოცდილება, კარდინალთა წრის მოწონება და ა.შ. თანაც ეს ადამიანები მეტ-ნაკლებად საჯარო პირები არიან, არსებობს მასალა, რომელიც შეიძლება გაანალიზდეს.

რუსეთში კი საპირისპირო ვითარებაა. ძნელია მღვდელმსახურების ერთმანეთისგან გამორჩევა. პლუს იყო კიდევ ერთი არგუმენტი, უფრო კულტურული. კირილე ინტელიგენციის მოწონებით სარგებლობდა, მას ჰქონდა ლიბერალის, პროდასავლელის იმიჯი, ეს იყო ადამიანი ტელევიზორიდან, რომელიც კარგად ლაპარაკობდა. მას ჰქონდა ლიბერალური სასულიერო მოღვაწის იმიჯი.

ვიფიქრე, თუ ის არ გახდებოდა პატრიარქი, მაშინ რუსული ინტელიგენციის კიდევ რამდენიმე თაობა ჩუმად თუ ხმამაღლა ილაპარაკებდა დანანებით, ეს „ფისო კირილე“ რომ პატრიარქად გაგვეყვანა, მაშინ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდაო. არ ვიცი, ჩემი როლი ნამდვილად არ მიმაჩნია უმთავრესად, მაგრამ თუ დავეხმარე კიდეც, მაინც არ ვნანობ იმიტომ, რომ მიმაჩნია, ეს მნიშვნელოვანია რუსეთის შემეცნებისათვის. არ უნდა გვქონდეს ზედმეტი იმედი. აი, თქვენი სურვილებისა და მისწრაფებების მიხედვით პატრიარქად შეარჩიეს საუკეთესო ადამიანი - და რა გამოვიდა? ფაქტია, რომ დიდწილად, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის პატრიარქი. არის ინსტიტუცია, რომელსაც სახელმწიფო უყენებს გარკვეულ მოთხოვნებს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ინსტიტუციის სათავეში - კირილე, კლიმენტი თუ ვინმე სხვა - ყველა ისინი შეასრულებდნენ ამ მოთხოვნებს“, - უთხრა ანდრეი კურაევმა რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციას.

ანდრეი კურაევი წლების განმავლობაში აქვეყნებდა კრიტიკულ მასალებს რუსეთის ეკლესიაში მიმდინარე მანკიერ პროცესებზე, მათ შორის წერილებს ყაზანის სემინარიაში სექსუალური შევიწროების შესახებ.

მღვდელმსახურმა ფარდა ახადა როგორც ძალადობას ეკლესიაში, აგრეთვე ძალადობას ეკლესიის სახელით. ასევე დიდი ძალისხმევა გასწია სასულიერო პირების ძალაუფლებით ნეტარების საკითხის გამოსავლენად.

„მაგალითად, სექსი, სხვა საკითხებთან ერთად, ეკლესიაში VIP მოხმარების საგანია. ანუ უბრალო ბერებს, მღვდლებს ან თუნდაც საერო პირებს ეკრძალებათ, მაგრამ ეპისკოპოსებისთვის დაშვებულია. ანუ ერთ და იმავე სქესიანთა სექსი ყველასთვის აკრძალულია, მაგრამ ნებადართულია მხოლოდ ელიტური ჯგუფისთვის. ასეთი უცნაური სოციალური სტრატიფიკაცია, ჩემი აზრით, ესაა საეკლესიო გარემოში ძალაუფლებით ძღომისა და უკონტროლო ძალაუფლების ზოგადი კულტურის ნაწილი“, - ამბობს ანდრეი კურაევი, რომლისთვისაც ასევე მნიშვნელოვანი თემაა „ომი და ეკლესია“.

2003 წლის შემოდგომაზე რუსეთის პატრიარქი კირილე ომში დაღუპულებს ცოდვების მიტევებას დაჰპირდა.

რუსეთის პატრიარქი კირილე: „თუ ვინმეს მოვალეობის გრძნობა, ფიცის შესრულების აუცილებლობა ამოძრავებს, თავისი მოწოდების ერთგული რჩება და სამხედრო მოვალეობის შესრულებისას მოკვდება, მაშინ ის უეჭველად სჩადის თავგანწირვის ტოლფას ქმედებას. ის თავს სწირავს სხვებისთვის. და ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ ეს მსხვერპლი განწმენდს ყველა ცოდვას, რაც ადამიანმა ჩაიდინა. თუკი ღმერთი საკუთარი ძის სიცოცხლეს სხვა ადამიანებისთვის სწირავს, ადამიანური მოდგმისთვის, თავის გაწირვა არის ადამიანის სიყვარულის უმაღლესი გამოვლინება სხვა ადამიანების მიმართ. ქრისტე აღსდგა და ჩვენც აღვდგებით მასთან ერთად! სიცოცხლე მარადიულია და ამიტომ წადით თამამად, შეასრულეთ თქვენი სამხედრო მოვალეობა”.

რამდენად შეესაბამება რუსეთის პატრიარქის ასეთი მიდგომა სახარებისეულ მცნებებსა და ფუნდამენტურ აღთქმებს?

ანდრეი კურაევის თქმით, ეკლესიის ისტორია მდიდარია და შესაძლებელია მასში ციტატების პოვნა ნებისმიერი გემოვნებისთვის, თუმცა არსებობს უძველესი საეკლესიო კანონები, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგებიან ომის ჰეროიზაციას, ხოლო ბასილი დიდის წესი (IV ს) საერთოდ ამბობს, რომ ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცი ექვემდებარება ზიარებისგან განკვეთას სამი წლის განმავლობაში.

„იმ დროებაში ეს იგივე იყო, რაც ეკლესიიდან განკვეთა, - ამბობს სასულიერო პირი, - ლოგიკა სრულიად ნათელია, რომ სიძულვილის გარეშე ბრძოლა შეუძლებელია. ანუ თუ იბრძვი, ე.ი. გძულს, რაც იმას ნიშნავს, რომ სულს იმახინჯებ. მართლმადიდებლური გაგებით, ცოდვა არის ჭრილობა, რომლითაც პირველ რიგში საკუთარ თავს ვისახიჩრებთ. მაგრამ შემდეგ, რა თქმა უნდა, გაიმარჯვა თვალსაზრისმა, რომელიც მეტად აწყობდა კეისარს, რომ ომში წასვლა ქრისტიანული მოვალეობა და გმირობაა. და თუ ვინმე დაიღუპება, ნუ იღელვებთ, ყველა ჯარისკაცი სამოთხეში მოხვდება. ახლა ვათვალიერებ პირველი მსოფლიო ომის საეკლესიო პრესას, რომელიც გაჯერებულია შაბლონებით: ვინც სიცოცხლე გაწირა რწმენისთვის, მეფისა და სამშობლოსთვის, მას უფალი ანუგეშებს ცათა სასუფეველში. ამიტომ, თქვენ, ნათესავნო და თანასოფლელნო, არ იდარდოთ. ასე რომ, არანაირი სიახლე ეს არაა, სამწუხაროდ, საკმაოდ ძველი ამბავია“.

ანდრეი კურაევი იზიარებს მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის პატრიარქი კირილე იმყოფება რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდის ავანგარდში, თუმცა იმასაც შენიშნავს, რომ სხვა არჩევანი არც აქვს:

„აქ სხვა რამ უფრო საინტერესოა: განსხვავება პირველი მსოფლიო ომის დროინდელ და დღევანდელ ქადაგებებს შორის. მაშინდელი მქადაგებლები ყოველთვის ამბობდნენ, ძველი რუსი ჟამთააღმწერლების სულისკვეთებით, რომ ომი ღმერთის სასჯელია ჩვენი ცოდვებისთვის. ეს თემა საერთოდ უგულებელყოფილია კირილეს ქადაგებში. ის მზადაა დიდ სამამულო ომს უწოდოს ღვთის სასჯელი კომკავშირელთა ცოდვებისთვის, რომ ისინი ეკლესიას დევნიდნენ და ამისთვის 30 მილიონ მოქალაქეს მოუწია სიცოცხლის დათმობა, მაგრამ კირილე არ საუბრობს პუტინის თაობის ცოდვებზე. ანუ თემა, რომ უფალმა ამ ომით დაგვსაჯა ჩვენი ცოდვებისთვის, თანამედროვე მღვდლების ქადაგებაში არ გვხვდება, რაც ყურადღების ღირსია“.

რუსი სამხედრო ბლოგერების ცალკეული პუბლიკაციების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მღვდლები (კაპელანები) მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რუსეთის არმიაში, სადაც ისინი პოლიტხელმძღვანელების ფუნქციებსაც ითავსებენ, როცა უხსნიან ჯარისკაცებს იმას, თუ რატომ უნდა შეუტიონ მოწინააღმდეგეს და რატომ უნდა გაწირონ სიცოცხლე.

ანდრეი კურაევი ამბობს, რომ უკრაინასთან ომში მანაც დაკარგა ძვირფასი ადამიანი - მამა მიხაილ ვასილიევი, რომელსაც სიკვდილის შემდეგ მიენიჭა რუსეთის გმირის წოდება:

„ის ჩემი ყოფილი სტუდენტია მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მთელი ცხოვრება კარგი ურთიერთობა გვქონდა. ფრონტზე თითქმის ერთი წელი გაატარა. ჯარში არ მსახურობდა, მაგრამ უკვე მღვდელმა, დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემია. მიღებული აქვს მამაცობის ორდენი ომამდელ სამხედრო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის.

ეს სწორედ ის მამაა, რომელიც იუგოსლავიის ომის დროს რუს მედესანტეებთან ერთად იყო პრიშტინაში, მღვდელი, რომელიც ჯავშანმანქანაზე იჯდა. ჯერ კიდევ 2022 წლის გაზაფხულზე ის ამბობდა, რომ სამხედრო კაპელანი საჭიროა ჯარისკაცებში ადამიანობის გადასარჩენად, რათა შეახსენოს მათ, რომ ომი ომია, მაგრამ ადამიანის მოვალეობა და ზნეობა იგივე რჩება, რომ ისინი არ გაუქმებულან და ამიტომ, ზედმეტი ძალადობა მიუღებელია, ანუ ძალადობა დაჭრილ მტრებზე, ტყვეებზე, განიარაღებულ ადამიანებზე, მშვიდობიან მოსახლეობაზე და საერთოდ, არ შეიძლება სამყაროს ჭვრეტა სამიზნიდან, ა.შ. მაგრამ, სამწუხაროდ, თუ გადავხედავთ იმ ქადაგებებს, რომლებიც დღეს ისმის რუსული მხარის სამხედრო მღვდლების (კაპელანების) ბაგეებიდან და, მგონი, უკრაინელებისაც, ისინი სულ სხვა რამეზეა.

პირიქით, ისინი სიძულვილის მეტ მოტივაციას აძლევენ ჯარისკაცებს. და ეს განსაკუთრებით ეხება პატრიარქ კირილეს. არსებითად, მისი ბოლო წლების ქადაგებები ამ ომის ახსნის, მისი საკრალიზაციის მცდელობაა. მისი თქმით, რუსეთი აწარმოებს წმინდა ომს, რადგან მეორე მხარეს დემონური საწყისი იმყოფება. ეს არის მტრის საბოლოო დემონიზაცია, რომ ისინი სატანისტები არიან და საერთოდ, თუ გაიმარჯვებენ, თქვენს შვილებს გეებად აქცევენ და კლუბებში გაყიდიან“.

ფეოდოსიასა და ქერჩის მიტროპოლიტი პლატონი რუსული საზენიტო სარაკეტო სისტემის ფონზე, 2017 წლის იანვარი
ფეოდოსიასა და ქერჩის მიტროპოლიტი პლატონი რუსული საზენიტო სარაკეტო სისტემის ფონზე, 2017 წლის იანვარი

რუსი სასულიერო პირები ასევე აკურთხებენ იარაღს - იქნება ეს ავტომატი, ტანკი თუ ბალისტიკური რაკეტა. ანდრეი კურაევის თქმით, საეკლესიო წიგნების მიხედვით, იარაღს კი არ უნდა აკურთხებდნენ, არამედ აღავლენდნენ ლოცვას ჯარისკაცებზე.

„ფარს და ჯავშანჟილეტს რომ აკურთხებდნენ, კიდევ გასაგები იქნებოდა. მაგრამ აკურთხებენ ზუსტადაც რომ მკვლელობის იარაღებს: ხმლებს, მახვილებს, ხანჯლებს, რაკეტებს და ა.შ., რომლებმაც ადამიანები უნდა მოსპონ“, - ამბობს ანდრეი კურაევი - სასულიერო პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა რუსეთი და საცხოვრებლად ჩეხეთში გადასულიყო.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG