მაისის ბოლოს რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა ცენტრმა შეცვალა პრეზიდენტ პუტინის მიმართ ნდობის რეიტინგის გაზომვის მეთოდიკა. ეს მოხდა მას მერე, რაც პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, სოციოლოგებს სთხოვა აეხსნათ, როგორ მოხდა, რომ პუტინის რეიტინგი 31,7 %-მდე დაეცა. საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელ ცენტრში განმარტეს, რომ ადრე სოციოლოგები ხალხს სთხოვდნენ დაესახელებინათ პოლიტიკოსების რამდენიმე გვარი, ვისაც ენდობიან, ახლა კი ხალხს ასარჩევად კონკრეტული გვარები შესთავაზეს და პუტინის რეიტინგიც უცბად ავიდა 72 %-ზე.
საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის კრემლის საჭიროებაზე ასე სწრაფად აწყობას რუსეთის საზოგადოებაში მძაფრი რეაქცია მოჰყვა, ყაზანელ ხელოვან ლევ პერეულკოვს კი ბიძგი მისცა გამოკითხვის ბლანკების პაროდიები შეექმნა.
ერთ მათგანზე წერია: „ენდობით პუტინს?“ და იქვეა პასუხის სამი ვარიანტი: „დიახ“, „არა“ და „ვერ გამირკვევია“, მაგრამ მოსანიშნი კვადრატი მხოლოდ პირველის გასწვრივ არის. სხვა შეკითხვა გამოსაკითხ პირს მზადყოფნას უმოწმებს: „ხართ თუ არა მზად გახვიდეთ საპროტესტო აქციაზე თქვენს ქალაქში?“. პასუხები ასე ჟღერს: „არა, არ ვარ მზად“, „დიახ, ვემხრობი ძალადობის იდეას“ და „მსურს ვითარების დესტაბილიზაცია საშიში ოპოზიციის მხარდაჭერით“.
ენდობით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს?
მონიშნეთ
□ კი
არა
არ ვიცი
გამოკითხვის კიდევ ერთი ქაღალდი ასევე შეკითხვას შეიცავს : “გაქვს თუ არა პრეტენზია მოქმედი ხელისუფლების მიმართ?“ და იქვე „შესაძლებლობას“ სთავაზობს გამოკითხულს: „აღწერეთ საგანგებოდ გამოყოფილ არეში“. ეს საგანგებო არე სრულიად შავია და მასზე რამის დაწერა, უბრალოდ, შეუძლებელია. ბლანკების ფოტოები ძალიან სწრაფად გავრცელდა ინტერნეტში ვირუსის სახით და, მეტიც, აზრის შემსწავლელი ცენტრის ლოგოსა და სტილიზაციის გამო ბევრს ისინი მართალი ეგონა.
რუსეთში არსებობის რომელ ვარიანტს ანიჭებთ უპირატესობას?
□ ხელისუფლების შეუცვლელობა
□ სამოქალაქო ომები, საქონლის დეფიციტი და მძლავრი კრიზისი ეკონომიკაში
პერეულკოვი სოციალურ ქსელში რამდენიმე გაერთიანების მოდერატორია, იქ ის ფენს თავის და სხვა თანამედროვე არტისტების ნაწარმოებებს. ამას გარდა, მხატვარი არაპოლიტიკური ხასიათის ნაწარმოებებსაც ქმნის. რადიო თავისუფლება ესაუბრა ხელოვანს და სთხოვა აეხსნა, რატომ გადაწყვიტა პაროდიების შექმნა აზრის შემსწავლელი ცენტრის გამოკითხვის ბლანკებზე და რატომ არ ეშინია, რომ „ხელისუფლების მიმართ უპატივცემულობის“ ან „ყალბი ახალი ამბების“ შესახებ ახალი კანონების მსხვერპლი გახდეს.
21 წლის ყაზანელი ხელოვანი ჰყვება, როგორ მოხდა მისი პოლიტიზება და როგორ დაიწყო ყურადღების მიქცევა რუსეთის პრობლემებისთვის. თავიდან შექმნა პლატფორმა „პერეულიე“. „ვფიქრობდი, რომ ეს თემა ხელის მომწერებს არ მოეწონებოდათ, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ საჭირო იყო ამ საკითხებზე ლაპარაკი. გამიკვირდა, მაგრამ დადებითად მიიღეს. მსხვილი ქსელებიც აქვეყნებდნენ ჩემს ნამუშევრებს, სხვათა შორის, აზრის შემსწავლელი ცენტრის შესახებ. და მართლა საოცარია: მეგონა, რომ ასეთი პოლიტიკური პოსტები ხალხს არ აინტერესებდა, მაგრამ, როგორც გაირკვა, აინტერესებთ. როცა აზრის შემსწავლელი ცენტრის ამბავი შევიტყვე, მაშინ პუტინის რეიტინგის გაზრდის მიზნით გამოკითხვების მეთოდი ჯერ არ ჰქონდათ შეცვლილი. გაკვირვებული ვიყავი: როგორ შეიძლება პრეზიდენტის აპარატი ჩაერიოს სოციოლოგების საქმეებში ? მათი მეთოდები მეტად რთულია საიმისოდ, რომ ადამიანმა შეკითხვებს რაც შეიძლება გულწრფელად უპასუხოს, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია“, ამბობს პერეულკოვი, რომელსაც გამოკითხვის ცენტრისა ადრეც არ სჯეროდა, თუმცა ფიქრობს, რომ შეკითხვას ის კორექტულად სვამდა.
აღნიშნეთ შკალაზე რუსეთით თქვენი უკმაყოფილების დონე 0-დან 100 ბალამდე: 0 ბალი - ყველაფერი კარგადაა, 100 - მსურს ცვლილებები.
„როცა მეთოდიკა შეიცვალა, - განაგრძობს მხატვარი, - მივხვდი, რომ საჭიროა ამ თემის გააზრება, მისი ხალხში გავრცელება. რადგან რუსეთში ყველა არ კითხულობს ახალ ამბებს, -სამწუხაროდ, ყველას არ აინტერესებს პოლიტიკა, - ასეთი სურათები ბევრად უფრო იოლად აღიქმება“.
პერეულკოვმა რადიო თავისუფლებას უამბო იმის შესახებაც, თუ რა გზა გაიარა, როგორც ხელოვანმა. თქვა, რომ როცა გამოკითხვის ცენტრის ბლანკების პაროდიებს ქმნიდა, მის შთაგონებას ასაზრდოებდნენ მოსკოველი კონცეპტუალისტები და მათი მეთოდები. საგანგებოდ დავიცავი ეს სტილი, რომელიც საუწყებო დოკუმენტებს მოგვაგონებს, დამახასიათებელი შრიფტითა და დიზაინითო, ჰყვება პერეულკოვი, რომელიც თავიდან აპირებდა თავისი ნამუშევრები, უბრალოდ, ინტერნეტით გაევრცელებინა, მაგრამ სხვა სტილი აირჩია და პაროდირებული ბლანკები მიწაზე დაალაგა, ფოტოები გადაუღო და ასე შესძინა მათ რეალური დოკუმენტების ელფერი. თუმცა ხელოვანს არ სურდა, ხალხს ისინი ნამდვილი ჰგონებოდა. ისე, ამბობს ის, თუ ყურადღებით წაიკითხავთ, გასაგებია, რომ ეს პაროდიაა და არა გაყალბებული ბლანკებიო.
თავის აზრს გამოთქვამს არტისტი იმის თაობაზე, თუ რამდენად სწორად იქცევიან სოციოლოგები, როცა გამოკითხვას ტელეფონით აწარმოებენ და, მაგალითად, ასეთ შეკითხვას სვამენ: ენდობით თუ არა პუტინს? „ეს არაა სწორი, ასე არ უნდა კეთდებოდეს. მე ეს შეკითხვა უკიდურეს წერტილამდე მივიყვანე, აბსურდამდე, ანუ საერთოდ წავართვი ადამიანს არჩევანის შანსი“, ამბობს არტისტი და არ მალავს, ჩემვის რომ ასე დაერეკათ, ვერ ვიქნებოდი გულწრფელიო. რაც შეეხება იმას, ენდობა თუ არა თვითონ პუტინს, ყაზანელი ხელოვანი გულწრფელად ამბობს, არაო: „ძნელია ენდობოდე ადამიანს, რომელიც ამდენი წელია პრეზიდენტის პოსტზეა. ეს, უბრალოდ, შეუძლებელია“. ლევ პერეულკოვს იმედი აქვს, რომ მისი ნამუშევრები ხელისუფლებასთან პრობლემებს ვერ შეუქმნის. რომც მოხდეს რამე, ის მოელის, რომ უფლებადამცავები მხარში დაუდგებიან. საკმაოდ დიდი წონა შევიძინე მედიაშიო, ამბობს ის და ფიქრობს, რომ ვერაფერში შეედავებიან. „კანონი „ყალბი ცნობების“ შესახებ შეიძლება შეეხოს გამოკითხვის ცენტრის ბლანკების პაროდიებს, მაგრამ აღწერილობაშიც კი წერია, რომ ეს არის ვირუსული სურათები და არაცალსახოვნება არ არის“, გვიხსნის პერეულკოვი, რომელიც შეკითხვაზე, სურს თუ არა რუსეთიდან წასვლა, ამბობს, ადრე ვფიქრობდი ამ რთულ საკითხზეო, ნახევარი წლის წინ ვამბობდი, კი, წასვლას ვაპირებ- მეთქი, „ახლა კი, არ ვარ დარწმუნებული, რომ კულტურის მხრივ, - არა ყოფითი თვალსაზრისით, - კომფორტულად ვიქნები სხვა ქვეყანაში, რადგან კულტურას ძალიან ეჩვევი. ეჩვევი რუსულ ენას, ხალხს, ვინც გარშემოა. მაგრამ თუ ვითარება რუსეთში ძალიან გაუარესდა, განსაკუთრებით, თუ გაჩნდა ძალიან, ძალიან მკაცრი ცენზურა ინტერნეტში, როგორც ეს ტელევიზიაში მოხდა, მაშინ მომიწევს წავიდე, რადგან თვითგამოხატვას ვეღარ შევძლებ“.