Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის პარტიის მარცხის ტოლფასი გამარჯვება მოსკოვში?


ვლადიმირ პუტინი საარჩევნო ურნასთან
ვლადიმირ პუტინი საარჩევნო ურნასთან

რუსეთის მმართველი „ედინაია როსიასთვის“, რომლის ლიდერიც პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია, წინანდელთან შედარებით, წარუმატებელი აღმოჩნდა მოსკოვის დუმის (წარმომადგენლობითი საბჭოს) 8 სექტემბრის არჩევნები, მაშინ როცა წინასწარი შედეგები ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მიერ ჩატარებული „გონიერი კენჭისყრის“ სტრატეგიის წარმატებაზე მეტყველებს.

8 სექტემბერს, მთელი მასშტაბით, მათ შორის ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში, 3000-ზე მეტი კენჭისყრის კამპანია გაიმართა. 16 რეგიონში აირჩიეს გუბერნატორები, ასობით მუნიციპალური და ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები.

მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ძირითადად ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა არჩევნები მოსკოვის დუმაში (წარმომადგენლობით საბჭოში), ბევრად უფრო ადრე ათობით დამოუკიდებელი კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნისა და ამით გამოწვეული მასობრივი საპროტესტო აქციების გამო, რასაც თან ახლდა მრავალი აქტივისტის დაკავება და დაპატიმრება.

მოსკოვის დუმა „ედინაია როსიას“ გარეშე?

არჩევნების ერთი დღის წინასწარი შედეგების თანახმად, მოსკოვის 45-კაციან საკანონმდებლო ორგანოში „ედინაია როსიას“ კვლავ ექნება უმრავლესობა, 25 დეპუტატის ოდენობით, მაგრამ ამ შედეგს სერიოზულ დარტყმად მიიჩნევენ სამთავრობო პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც ჯერჯერობით კვლავ აკონტროლებს ხელისუფლების ყველა შტოს. ჯერ ერთი, 2014 წლის არჩევნებთან შედარებით, მმართველმა პარტიამ სამი მანდატი დაკარგა და, მეორეც, „ედინაია როსიას“ რეიტინგი, სოციოლოგიური გამოკითხვებით, იმდენად იყო დაცემული, რომ მმართველ პარტიასთან აფილაციას მისმა წევრებმა არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატებად მონაწილეობა არჩიეს.

ნიშანდობლივია, რომ დამოუკიდებლად მონაწილეობდა მოსკოვის დუმის არჩევნებში თავად მმართველი პარტიის მოსკოვის განყოფილების ხელმძღვანელი, ანდრეი მეტელსკი, რომელმაც, საბოლოოდ, წააგო არჩევნები რუსეთის კომუნისტური პარტიის კანდიდატ სერგეი სევასტიანოვთან.

ამ შედეგში თავის წვლილი აქვს ანტიკორუფციონერ ბლოგერსა და კრემლის კრიტიკოს ალექსეი ნავალნის, რომლის ფონდმაც 2019 წლის ზაფხულში ანდრეი მეტელსკიზე გამოაქვეყნა ორი გამოძიება, რომელშიც საუბარია პოლიტიკოსის ბიზნესზე ავსტრიასა და მოსკოვში და, ასევე, მოსკოვში მის კუთვნილებაში არსებულ 6 მილიარდი რუბლის ღირებულების უძრავ ქონებაზე. პასუხად მეტელსკიმ სასამართლოს სარჩელით მიმართა ღირსებისა და პატივის დასაცავად.

ალექსეი ნავალნი
ალექსეი ნავალნი

8 სექტემბრის არჩევნების შედეგად, 13 მანდატს მიიღებს მოსკოვის საკანონმდებლო ორგანოში რუსეთის კომუნისტური პარტია, რომლისთვისაც განვლილი არჩევნები მოსკოვში, შეიძლება ითქვას, ერთგვარი ტრიუმფია, იმის გათვალისწინებით, რომ წინა, 2014 წლის არჩევნებში კომუნისტებს მხოლოდ 5 მანდატი ერგოთ.

მოსკოვის დუმაში სამი დეპუტატი ეყოლება ოპოზიციური „სამართლიანი რუსეთის“ პარტიას, თუმცა ეს პოლიტიკურ ძალაც, ისევე როგორც კომუნისტური პარტია, ნომინალურად ითვლება ოპოზიციურად, რადგან ძალიან ხშირად უჭერენ მხარს კრემლის ინიციატივებს.

სამაგიეროდ, ოპოზიციის ელექტორალურ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს „იაბლოკოს“ სამი კანდიდატისა და პარტიის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის გამარჯვება, რაც იმას ნიშნავს, რომ 14-წლიანი პაუზის შემდეგ გრიგორი იავლინსკის პარტია კვლავ ბრუნდება რუსეთის დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოში.

ნავალნი და მისი „გონივრული კენჭისყრის“ ფაქტორი

მოსკოვის დუმაში მოხვდა დამოუკიდებელი კანდიდატი დარია ბესედინა, რომელსაც მხარს უჭერდა „იაბლკო“ და ნავალნის „გონივრული კენჭისყრა“.

ვლადიმირ პუტინმა რამდენიმე რეგიონის გუბერნატორი არჩევნებამდე გადააყენა პოსტიდან, როგორც ჩანს, იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინა შარშანდელი ისტორიის განმეორება, როდესაც არჩევნებში კრემლის რამდენიმე ფავორიტი კანდიდატი დამარცხდა.

ალექსეი ნავალნი, რომელიც პოლიციამ დააპატიმრა საპროტესტო აქციებში მონაწილეობის თაობაზე გავრცელებული მოწოდების გამო, მოსკოვის დუმის არჩევნების წინ წამოიწყო „გონივრული კენჭისყრის“ კამპანია, ოპოზიციის იმ კანდიდატების მხარდაჭერის მიზნით, რომლებსაც ყველაზე დიდი შანსი ჰქონდათ დაემარცხებინათ მმართველი „ედინაია როსია“.

საზოგადოების დიდი ნაწილი მმართველი ძალის მიმართ ნეგატიურად განაწყო არაპოპულარულმა საპენსიო რეფორმამ, საპენსიო ასაკის გაზრდამ, გაზრდილმა დამატებითი ღირებულების გადასახადმა, შორეული მარშრუტის სატვირთო ავტომობილების სადავო პროგრამამ და სხვადასხვა ქალაქში ეკოლოგიური საფრთხის შემცველი ნარჩენების წინააღმდეგ გამოსული აქტივისტების მიმართ გატარებულმა რეპრესიებმა.

შედეგად, „ერთიანმა რუსეთმა“ 8 სექტემბრის არჩევნებში მარცხი განიცადა ასევე შორეული აღმოსავლეთის, ხაბაროვსკის ოლქის, მუნიციპალურ არჩევნებში, სადაც მმართველ პარტიას 24-ადგილიან სათათბიროში მხოლოდ 2 ადგილი ერგო.

მაგრამ, მთლიანობაში, არჩევნების შედეგი არ არის პუტინისათვის ცუდი ახალი ამბავი. გუბერნატორის არჩევნებში ყველა 16 საარჩევნო ოლქში გაიმარჯვეს ან კრემლის მიერ მხარდაჭერილმა, ან უკვე მოქმედმა გუბერნატორებმა და სხვა თანამდებობის პირებმა.

ვლადიმირ პუტინმა რამდენიმე რეგიონის გუბერნატორი არჩევნებამდე გადააყენა პოსტიდან, როგორც ჩანს, იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინა შარშანდელი ისტორიის განმეორება, როდესაც არჩევნებში კრემლის რამდენიმე ფავორიტი კანდიდატი დამარცხდა.

პუტინის მშობლიურ ქალაქ სანკტ-პეტერბურგში მოქმედმა გუბერნატორმა, ალექსანდრ ბეგლოვმა, წინასწარი მონაცემებით, გამოყენებული ბიულეტენების 90 %-ის დათვლის შედეგად, ამომრჩეველთა ხმების 64 %-ზე მეტი დააგროვა.

დარღვევები არჩევნების დროს

ალექსეი ნავალნი ამტკიცებს, რომ ოპოზიციამ მოსკოვის დუმის არჩევნებში 5 მანდატი დაკარგა ხუთ ოლქში მომხდარი გაყალბების გამო.

მოსკოვის სათათბიროს არჩევნებზე ხელისუფლებამ არ დაუშვა რამდენიმე ათეული დამოუკიდებელი კანდიდატი, რასაც ივლის-აგვისტოში მოსკოვში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.


ოპოზიციონერის თქმით, ხმების დათვლის პროცესში ორშაბათის ღამით ლიდერობდა მოსკოვის მერიასთან კავშირის არმქონე 25 კანდიდატი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, გამარჯვებას მხოლოდ 20-მა მიაღწია. ოპოზიციონერი ბლოგერი და პოლიტიკოსი ამტკიცებს, რომ გაყალბებული ბიულეტენების მასობრივი გამოყენების გამო თავიანთ საარჩევნო ოლქებში დამარცხდნენ კანდიდატები ანდრეი ორიოლი, სერგეი კურგანსკი და ივან ულიაჩენკო. ისინი სულ რაღაც ათი, მაქსიმუმ ასი ხმით ჩამორჩნენ გამარჯვებულ დამოუკიდებელ კანდიდატებს, როგორც ზემოთ ითქვა, სწორედ „ედინაია როსიასთან“ აფილირებულ პოლიტიკოსებს.

მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის წარმომადგენლობით საბჭოში ოპოზიციამ ვერ შეძლო უმრავლესობის აღება, ალექსეი ნავალნი 8 სექტემბრის არჩევნების შედეგებს მიიჩნევს თავისი „ჭკვიანი კენჭისყრის“ სტრატეგიის წარმატებად, რითაც მოხერხდა კონსოლიდირებული კენჭისყრა ოპოზიციიის კანდიდატების სასარგებლოდ. „მოსკოვის დუმის მთელი არსებობის მანძილზე იქ ახლოსაც არ გაუვლია ხელისუფლებასთან შეუთანხმებელ ამდენ კანდიდატს. ეს ძალიან დიდი გამარჯვებაა“, - წერს ოპოზიციონერი.

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა, კვირას გამართულ მოსკოვის დუმის არჩევნები შეაფასა როგორც ყველაზე „კონკურენტუნარიანი“ და „ემოციური“ მთელი ბოლოდროინდელი ისტორიის განმავლობაში. ამან მოსკოვის პარლამენტი გახადა უფრო მრავალპლანიანი, რაც, მერის თქმით, მას სარგებლობას მოუტანს.

მოსკოვის სათათბიროს არჩევნებზე ხელისუფლებამ არ დაუშვა რამდენიმე ათეული დამოუკიდებელი კანდიდატი, რასაც ივლის-აგვისტოში მოსკოვში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

არჩევნების დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მედიის მთავარმა მაკონტროლებელმა ორგანომ, „როსკომნადზორმა“, „გუგლი“ და „ფეისბუკი“ დაადანაშაულა მათი რესურსებით რუსეთის კანონმდებლობით აკრძალული პოლიტიკური რეკლამის გავრცელებაში 7 და 8 სექტემბერს, თანაც, გაფრთხილების მიუხედავად.

„ერთიანი არჩევნების დროს მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მონიტორინგმა აჩვენა, რომ არჩევნების დღეს ადგილი ჰქონდა პოლიტიკური რეკლამის გავრცელებას საძიებო სისტემა „გუგლით“, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ და „იუტუბის“ ვიდეოჰოსტინგში“, - იუწყება „როსკომნადზორი“.

რუსეთის მაკონტროლებელი სახელმწიფო უწყება მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედება შესაძლოა განხილული იქნეს, როგორც რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევა და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისათვის ხელის შეშლა.

„გუგლი“ და „ფეისბუკი“ამ ბრალდებას უარყოფენ.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG