Accessibility links

პუტინის პროგნოზით, ლიბერალიზმმა თავი ამოწურა


ვლადიმირ პუტინი

„დიდი ოცეულის“ სამიტის დაწყების წინ ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემა „ფაინენშელ თაიმსმა“რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, კრემლში ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა, რასაც არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა და არა მხოლოდ ვლადიმირ პუტინის ანტილიბერალური აქცენტების გამო.

80-წუთიან ინტერვიუში საერთოდ არ წამოჭრილა საკითხი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და ყირიმის ანექსიაზე, რაც კვლავ რჩება დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების ერთ-ერთ უმთავრეს საგნად.

ყავლგასული ლიბერალიზმი და ლიბერალთა პასუხი

რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ დასავლეთში მოსახლეობასა და ელიტას შორის გაუცხოების ერთ-ერთი მიზეზია ლიბერალური იდეოლოგია, რომლის დიქტატიც პრაქტიკულად დამყარებული იყო ყველგან - როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, ისე რეალურ ცხოვრებაში.

„ეგრეთწოდებულმა თანამედროვე ლიბერალურმა იდეამ, ჩემი აზრით, საკუთარი თავი ამოწურა.

იგი წინააღმდეგობაში აღმოჩნდა მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ინტერესებთან“.

„ლიბერალურ იდეასაც აქვს არსებობის უფლება, მისი განადგურებაც დაუშვებელია, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ მას აქვს აბსოლუტური დომინირების უფლება“.

„ჩვენმა დასავლელმა კოლეგებმა აღიარეს, რომ მისი (ლიბერალიზმის)ზოგიერთი ელემენტი, მულტიკულტურალიზმი და სხვა, უბრალოდ, არარეალურია“.

დასავლელი კოლეგებიდან ვლადიმირ პუტინის ანტილიბერალურ რიტორიკას პირველი გამოეხმაურა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, რომელიც მიიჩნევს, რომ ევროპელებმა მტკიცედ და ერთმნიშვნელოვნად უნდა დაიცვან და განავითარონ ლიბერალური დემოკრატია.

„ის, ვინც ამტკიცებს, რომ ლიბერალური დემოკრატია მოძველდა, ამტკიცებს იმასაც, რომ მოძველდა თავისუფლება, მოძველდა კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები“.

„მე მოძველებულად მიმაჩნია ავტორიტარიზმი, პიროვნების კულტი და ოლიგარქების მმართველობა,მიუხედავად იმისა, რომ ის შესაძლოა ეფექტური გვეჩვენებოდეს“.

მოგვიანებით ლიბერალური დემოკრატია დაიცვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

"დარწმუნებული ვარ, რომ ამ გაურკვევლობით სავსე მსოფლიოში ლიბერალური დემოკრატია კვლავაც ძალიან ძლიერია“.

ეს არ არის ერთადერთი არსებული მოდელი, მაგრამ ესაა მოდელი, რომელიც ცოცხლობს და საკუთარი ძალა აქვს“, - განაცხადა მაკრონმა „დიდი ოცეულის“ სამიტის კულუარებში.

მიგრანტთა კრიზისი და მერკელის „შეცდომა“

„ფაინენშელ თაიმისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ვლადიმირ პუტინმა „კარდინალური შეცდომა“ უწოდა 1 მილიონზე მეტი სირიელი დევნილის მიღების შესახებ ანგელა მერკელის გადაწყვეტილებას.

„ამ ლიბერალური იდეის თანახმად, საერთოდ არაფერი არ უნდა ვაკეთოთ. მოკალი, გაძარცვე, გააუპატიურე - შენ არაფერი მოგივა, რადგან მიგრანტი ხარ და შენი უფლება უნდა დაიცვან. რა უფლება? დააშავე - ამისთვის სასჯელი მიიღე“.

ვლადიმირ პუტინი, დონალდ ტრამპი "დიდი ოცეულის სამიტზრ". 28 ივნისი.
ვლადიმირ პუტინი, დონალდ ტრამპი "დიდი ოცეულის სამიტზრ". 28 ივნისი.

ამასთან, რუსეთის ლიდერმა შეაქო აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც მიგრანტთა და ნარკოტიკების ნაკადის შეკავებას ცდილობს.

„ადამიანები, აშშ-ების უბრალო მოქალაქეები, რომლებიც შეწუხებული არიან ამ პრობლემით, ისინი, რა თქმა უნდა, უყურებენ ამას და ამბობენ: აი, ყოჩაღი კაცი! რაღაცას მაინც აკეთებს, რაღაცას მაინც გვთავაზობს, გამოსავალს ეძებს“.

ლიბერალიზმის და ტრადიციული ფასეულობები

ვლადიმირ პუტინი ინტერვიუში ასევე შეეხო ტრადიციულ ფასეულობებს და განაცხადა, რომ რელიგიამ უნდა ითამაშოს ის როლი, რომელიც მას დრომ დააკისრა.

„არ შეიძლება მისი (რელიგიის) განდევნა ამ კულტურული სივრციდან“.

„ეს ლიბერალური წრეები ცდილობენ გამოიყენონ კათოლიკურ ეკლესიაში არსებული ცალკეული პრობლემები როგორც ინსტრუმენტი თავად ეკლესიის გასანადგურებლად“.

„ტრადიციული ფასეულობები უფრო მნიშვნელოვანია მილიონობით ადამიანისათვის, ვიდრე ლიბერალური იდეა, რომელიც, ჩემი აზრით, მართლა წყვეტს არსებობას“.

არნახსენები ანექსია და პასუხი უკრაინიდან

თუ დონალდ ტუსკმა გააკრიტიკა პუტინის გამონათქვამები ლიბერალური დემოკრატიის თაობაზე, უკრაინის ვიცე-პრემიერ-მინისტრმა ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ თავად გამოცემა „ფაინენშელ თაიმსის“ ინტერვიუ დაიწუნა და მას უწოდა „ძალიან საგანგაშო“ რამდენიმე მომენტის გამო:

ინტერვიუში არაფერი იყო ნათქვამი უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიაზე, ყირიმის ანექსიაზე, რეის MH17-ზე, რომელიც 2014 წლის 17 ივლისს ჩამოაგდეს დონეცკის ოლქში, პოლიტპატიმრებსა და სამხედრო ტყვეებზე.

„ნუთუ ეს ახალი„ნორმალურობაა“, დაივიწყო უხერხული ჭეშმარიტება, რათა სასიამოვნო საუბარი იქონიო დიქტატორთან“, - დაწერა ტვიტერში ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG