Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის „სისხლიანი ხელწერა“ ამჯერად დნეპრში


აფეთქების შედეგად დაშავებულია 75 ადამიანი, მათგან 14 ბავშვია. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 30-ზე მეტი პირი.

ყოველდღიურად იზრდება და, ბოლო მონაცემებით, 40 ადამიანი ემსხვერპლა დნეპრში, 9-სართულიან საცხოვრებელ სახლზე რუსეთის სარაკეტო იერიშს.

14 იანვარს, როდესაც რუსეთმა მორიგი მასირებული სარაკეტო იერიში განახორციელა უკრაინის ქალაქებზე, ერთ-ერთი, სავარაუდოდ, Х-22-ტიპის ფრთოსანი რაკეტა მოხვდა ქალაქ დნეპრში მდებარე საცხოვრებელ სახლს, რომელშიც დაახლოებით 1 100 ადამიანი იმყოფებოდა.

„ეს ადამიანი [პუტინი] ხელისუფლებაში მოვიდა ცხედრებით და მთელი მისი გზა მოფენილია მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებით“, - ასე გამოეხმაურა ცნობილი რუსი ჟურნალისტი ქსენია ლარინა რუსეთის მიერ ქალაქ დნეპრზე განხორციელებულ გამანადგურებელ სარაკეტო იერიშს.

აფეთქების შედეგად დაშავებულია 75 ადამიანი, მათგან 14 ბავშვია. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 30-ზე მეტი პირი. მათ შორის, სავარაუდოდ, უნდა იყვნენ უკრაინაში მებრძოლი ზაქრო ნონიაშვილის მეუღლე, შვილი და სიდედრი. ამის შესახებ ცნობა თავისი ფეისბუკის გვერდზე გაავრცელა ტერიტორიული თავდაცვის ძალების ყოფილმა მოხალისემ, ლაშა დიაროვმა.

„ზაქრო ნონიაშვილი ცხოვრობდა უკრაინაში, უკრაინის მოქალაქეა, მაგრამ საქართველოშია დაბადებული. იგი ბოლომდე იბრძოდა მარიუპოლში და გმირულად იცავდა უკრაინასა და საქართველოს. „აზოვსტალის“ სხვა მებრძოლებთან ერთად, ვიდრე უკრაინის პრეზიდენტმა არ მოუწოდა მარიუპოლის დამცველებს ბრძოლის შეწყვეტისკენ. ზაქროს ოჯახის წევრები გაჭირვებით გამოვიდნენ ცხელი წერტილიდან და ქალაქ დნეპრში ელოდებოდნენ ზაქროს ტყვეობიდან განთავისუფლებას. რუსული ტერორისტული სახელმწიფოს, ბოროტების იმპერიის მხრიდან მოხდა დნეპრში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვა, სადაც იმყოფებოდნენ ზაქროს მეუღლე, შვილი და სიდედრი. სამწუხაროდ, ჯერჯერობით მათი ნანგრევებიდან ამოყვანა ვერ ხერხდება. იმედია, სამივე მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩება. ღმერთმა მისცეს გამარჯვება და თავისუფლება ზაქროს“, - წერს თავის ფეისბუკში ლაშა დიაროვი, რომელმაც რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ზაქრო ნონიაშვილი ამჟამად რუსეთის ტყვეობაში იმყოფება და გაცვლას ელოდება.

„წელი - ახალი, კოშმარი - ძველი“

დნეპრში აფეთქების ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. 16 იანვრის 13:00 საათის მონაცემებით, 39 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, მათგან 6 ბავშვია. ვიდრე ნანგრევებადქცეულ შენობაში სამაშველო ოპერაცია გრძელდება, სოციალურ ქსელში არ წყდება გამოხმაურება რუსეთის მორიგ სარაკეტო თავდასხმაზე, რომელსაც პუტინის პრეზიდენტობის გარიჟრაჟზე მომხდარ სხვა გახმაურებულ აფეთქებებთან აკავშირებს ბევრი კომენტატორი.

„ეს ადამიანი [პუტინი] ხელისუფლებაში მოვიდა ცხედრებით და მთელი მის გზა მოფენილია მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებით. მძინარე ადამიანებით სავსე საცხოვრებელი სახლების აფეთქება, ხვალინდელი ძლევამოსილი გამარჯვებისთვის - ეს მისი სტილია, მისი ხელწერაა. მანიაკი მკვლელის ხელწერის მსგავსი. სახლების აფეთქება მოსკოვში, ჩეჩნეთის მეორე ომი, „კურსკი“, დუბროვკა, ბესლანი... ესაა სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანების დახოცვას. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვის დახოცავ - უცხოს, თუ შენიანს. მთავარია, დახოცო“, - წერს რუსი ჟურნალისტი ქსენია ლარინა.

უკრაინის ქალაქების მორიგი მასირებული დაბომბვა განხორციელდა 14 იანვრის დილით, როდესაც რუსეთში, ტრადიციულად, ძველით ახალ წელს აღნიშნავენ, ზოგიერთი მიმომხილველი სწორედ ამას უსვამს ხაზს.

„წელი - ახალი, კოშმარი - ძველი“, - წერს კრემლის ოპონენტი ჟურნალისტი ილია აზარი და თავის ფეისბუკში დნეპრზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დანგრეული საცხოვრებელი სახლის ფოტოებს აქვეყნებს.

მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებული გამანადგურებელი იერიშის გამო აღშფოთებას ვერ მალავს კრემლის ოპონენტი პოლიტიკოსი, „სახელმწიფო დუმის“ დევნილობაშიც მყოფი ყოფილი დეპუტატი დმიტრი გუდკოვი, რომელიც დასავლეთს პუტინის დასჯისკენ მოუწოდებს.

„დღეს ტერორისტმა კვლავ მიიტანა იერიში უკრაინაზე. დნეპრში რაკეტამ მთლიანად გაანადგურა საცხოვრებელი სახლის მთელი სადარბაზო. ათეულობით ადამიანი დაიჭრა. არიან დაღუპულები. აღარავისთვის აქვს მნიშვნელობა, რომ ტერორისტი ოდესღაც პრეზიდენტად იწოდებოდა. ტერორისტებს, ადრე თუ გვიან, ანადგურებენ. და თუ ეს შესაძლებელია ტანკებითა და შორსმსროლელი რაკეტებით - ისინი ამას იზამენ. ვფიქრობ, რომ რამშტაინის შეხვედრაზე მერყევები უკვე აღარ იქნებიან“, - წერს ფეისბუკში გუდკოვი.

„რამშტაინის“ ფორმატში, რომელიც უკრაინის დასახმარებლად შეიქმნა, მონაწილეობს 50 ქვეყანაზე მეტი. ამ ფორმატის მე-7 შეხვედრა 20 იანვარს გაიმართება ევროპის კონტინენტზე აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე დიდ რამშტაინის საავიაციო ბაზაზე და, ნატოს საიტის თანახმად, მასში ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი მიიღებენ მონაწილეობას.

არესტოვიჩის „წამოცდენა“ და უკრაინის ოფიციალური ვერსია

დნეპრის ინციდენტის პირველ დღეს, რუსეთის პროპაგანდამ თითზე დაიხვია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის მიერ ერთ-ერთ პირდაპირ ეთერში გამოთქმული ვარაუდი, რომლის თანახმად, დნეპრში მდებარე საცხოვრებელ სახლს რაკეტა იმიტომ დაეცა, რომ ის ჰაერში უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.

უკრაინის არმიის ხელმძღვანელობამ უარყო ქვეყნის საჰაერო თავდაცვის მიერ რუსეთის რაკეტის ჩამოგდების ფაქტი, ხოლო ალექსეი არესტოვიჩმა მოიბოდიშა წამოცდენისთვის, რომელიც გადაცემა „ფეიგინ ლაივში“ დაღლილობის გამო დაუშვა. თუმცა არესტოვიჩმა თავის ოფიციალურ ფეისბუკში ბოდიში წაშალა და განაცხადა, რომ მას მტკიცებით ფორმაში არასოდეს უთქვამს, რომ რუსული რაკეტა სწორედ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.

„არავინ დაუჯერებს რუსეთის მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს მათ მცდელობაში, რომ უკრაინა გამოიყვანოს დამნაშავედ, რადგან გონიერ ადამიანებს შეუძლიათ ძალიან იოლად ამოიკითხონ მიზეზშედეგობრივი კავშირი. უკრაინას არავინ დაადანაშაულებს. როგორც არ დაადანაშაულეს [უკრაინა] ჩვენი საჰაერო თავდაცვის რაკეტის ჩავარდნის გამო პოლონეთში, სადაც პოლონეთის ორი მოქალაქე დაიღუპა. რუსეთის ფედერაციის დანაშაული ერთმნიშვნელოვანია და მას ვერც გადაფარავ და ვერც დააკნინებ. ყველას მშვენივრად ესმის, რომ არ ყოფილიყო რუსეთის იერიში, არ იქნებოდა არც ეს ტრაგედია - მის მიერ განხორციელებული იერიშის კონკრეტული მექანიზმის მიუხედავად“, - წერს ალექსეი არესტოვიჩი.

როგორც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური იუწყება, ქვეყნის უშიშროების სამსახურმა 16 იანვარს დაადგინა რუსეთის იმ თვითმფრინავის ტიპი და მფრინავების ვინაობა, რომლებიც ქალაქ დნეპრში მდებარე საცხოვრებელ სახლზე განხორციელებულ იერიშში მონაწილეობდნენ.

როგორც ზემოთ ითქვა, ქალაქ დნეპრში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა Х-22-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა, რომელიც რუსეთის კურსკის ოლქიდან ბომბდამშენ Ту-22-м3-ის ეკიპაჟმა განახორციელა.

უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წინასწარი გამოძიებით დადგენილია ამ აფეთქებასთან აგრესორი სახელმწიფოს ათობით სამხედრო მოსამსახურის კავშირი. მათ შორის არიან:

  • მძიმე ბომბდამშენების 52-ე საავიაციო პოლკის (სამხედრო ნაწილი 33310) მეთაური, პოლკოვნიკი ოლეგ ტიმოშინი;
  • ამავე პოლკის საავიაციო ჯგუფის მეთაური, მაიორი ალექსეი ივანენკო;
  • საავიაციო ჯგუფის საავიაციო ესკადრილიის შტაბის უფროსი, დმიტრი გოლენკოვი;
  • 52-ე საავიაციო პოლკის შტურმანები, დენის გრიგორიევი და დინარ ნაზიროვი;
  • საავიაციო შეიარაღების ინჟინერი ევგენი პოცელუევი.

„უსაფრთხოების სამსახური დაადგენს და გამოაქვეყნებს თითოეული მათგანის სახელს, რათა ვერც ერთმა მკვლელმა ვერ შეძლოს სასჯელის თავიდან აცილება. დაე, ყველამ, ვინც სასხლეტზე აჭერს ხელს, იცოდეს, რომ მათ ყოველწუთიერად ელით შურისძიება. და ის აუცილებლად მოხდება“, - განაცხადა უკრაინის უშიშროების სახელმწიფო სამსახურის დროებითმა უფროსმა, გენერალმა ვასილ მალიუკმა.

უკრაინის სამხედრო სარდლობის შეფასებით, რუსეთის არმიის სამიზნე იყო თბოელექტროსადგური, მაგრამ რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოახვედრეს.

საცხოვრებელ სახლზე სარაკეტო იერიშს უარყოფს რუსეთი. „რუსი სამხედროები არ ახორციელებენ იერიშებს საცხოვრებელ სახლებსა და სოციალურ ინფრასტრუქტურაზე“, - განაცხადა 16 იანვარს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.

ასევე უარყოფდა რუსეთი გასული წლის მარტში მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვას, რომლის შედეგად დაახლოებით 300 ადამიანი დაიღუპა.

Amnesty International-ის გამომძიებლების დასკვნების თანახმად, მარიუპოლის დრამატულ თეატრზე თავდასხმა რუსმა სამხედროებმა განახორციელეს. მათ საბრძოლო თვითმფრინავიდან ორი 500-კილოგრამიანი ბომბი ჩამოაგდეს. გამოძიების დასკვნით, რუსმა სამხედროებმა მიზანმიმართულად გაანადგურეს თეატრი, იცოდნენ რა, რომ იქ ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმალებოდა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG