Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი და მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილები


ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, 19 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ, ევროპელი ლიდერებისაგან განსხვავებით, „სტალინს თავი არ შეურცხვენია“ ჰიტლერთან პირდაპირი კონტაქტებით, ხოლო „საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის პრეზიდენტები მას (ჰიტლერს) ხვდებოდნენ და ქაღალდებსაც აწერდნენ ხელს“.

როგორც გაირკვა, მეორე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზებსა და ომამდელ ევროპაში საბჭოთა კავშირის პოლიტიკის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი წერს სტატიას, რომელშიც, მისი შეფასებებით თუ ვიმსჯელებთ, გაქარწყლებული იქნება ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელშიც მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებაში თანაბრად არიან დადანაშაულებული ნაცისტური გერმანია და კომუნისტური საბჭოთა კავშირი.

პუტინი სტალინიზმსა და ტოტალიტარიზმზე

რუსეთის პრეზიდენტი პრინციპულად მიიჩნევს „ტოტალიტარიზმის დაგმობას“, როგორც მიუღებელი პოლიტიკური სისტემისა. „ჩვენი ხალხი პირველი მსხვერპლი იყო ამ ტოტალიტარიზმის. ჩვენ დავგმეთ ის და დავგმეთ პიროვნების კულტი“, - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

სტალინს თავი არ შეურცხვენია ჰიტლერთან პირდაპირი კონტაქტებით, ხოლო საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის პრეზიდენტები მას (ჰიტლერს) ხვდებოდნენ და ქაღალდებსაც აწერდნენ ხელს.
ვლადიმირ პუტინი

დოკუმენტში, რომელსაც ეწოდება „ევროპის წარსულის მნიშვნელობა ევროპის მომავლისათვის“ (the importance of European remembrance for the future of Europe), გაკრიტიკებულია არა მხოლოდ ნაცისტური რეჟიმი და საბჭოთა ტოტალიტარიზმი, არამედ ასევე „ექსტრემისტული და ქსენოფობიური ძალების“ აღზევების ტენდენცია ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში.

„კომუნისტურმა საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას თავდაუსხმელობის შესახებ, მოლოტოვ-რიბენტროპის ცნობილ პაქტს, რომლითაც ორმა ტოტალიტარულმა რეჟიმმა გადაინაწილა და თავიანთი ინტერესების სფეროში მოაქცია ევროპისა და დამოუკიდებელი ქვეყნების ტერიტორიები, რამაც გზა გაუხსნა მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებას“, - ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც ევროპის ქვეყნებს ტოტალიტარული რეჟიმების - მათ შორის სტალინიზმის - გასამართლებისკენ მოუწოდებს.

არ დარჩენილა რუსეთში ხელისუფლების შტო, რომელსაც ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია არ გაეკრიტიკებინა. დოკუმენტზე ვრცლად ილაპარაკა ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც 2019 წლის ბოლო პრესკონფერენციაზე აბსოლუტურად „მიუღებელი და არაკორექტული“ უწოდა ევროპარლამენტის სექტემბრის რეზოლუციას.

აი, რუსეთის პრეზიდენტის რამდენიმე ციტატა ევროპარლამენტართა მისამართით:

  • საბჭოთა კავშირის გათანაბრება ფაშისტურ გერმანიასთან ცინიზმის მწვერვალია. ეს ნიშნავს, რომ ამ ხალხმა არ იცის ისტორია, არ იცის წერა-კითხვა;
  • დაე, მათ წაიკითხონ, თუ როგორ იქნა მოწერილი ხელი 1938 წლის მიუნხენის გარიგებაზე, როგორც მას ჩვენ ვუწოდებთ; თუ როგორ მოაწერეს ჰიტლერთან ერთად წამყვანი ქვეყნების - საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის - ლიდერებმა ხელი ჩეხოსლოვაკიის გაყოფას;
  • სტალინს თავი არ შეურცხვენია ჰიტლერთან პირდაპირი კონტაქტებით, ხოლო საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის პრეზიდენტები მას (ჰიტლერს) ხვდებოდნენ და ქაღალდებსაც აწერდნენ ხელს;
  • დიახ, ხელი მოეწერა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს და მის საიდუმლო დანართს. ეს მართალია. კარგია ეს თუ ცუდი? თქვენს ყურადღებას მივაქცევ იმას, რომ საბჭოთა კავშირმა ყველაზე ბოლოს - ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ევროპულ სახელმწიფოთაგან ყველაზე ბოლოს - მოაწერა ხელი გერმანიასთან თავდაუსხმელობის პაქტს. ყველა დანარჩენმა მანამდე მოაწერა. აბა, რა უნდა ექნა საბჭოთა კავშირს? პირისპირ დარჩენილიყო?
  • დიახ, ამბობენ, რომ არსებობს საიდუმლო ოქმები პოლონეთის გაყოფის შესახებ. მაგრამ პოლონეთი თავად მონაწილეობდა ჩეხოსლოვაკიის გაყოფაში. შევიდა ორ რაიონში - ტაშინკისა და კიდევ მეორე რაიონში. და მორჩა, მიიტაცა ისინი. მზად იყვნენ აგრესიისთვისაც. ამისთვის მთელი დაჯგუფება ჰქონდათ შექმნილი. მაგრამ არ დასჭირდათ, რადგან ჩეხოსლოვაკია, უბრალოდ, დანებდა ამ ზეწოლას და დათმო ეს ტერიტორია.

ამ და სხვა სადავო ისტორიულ მომენტებზე ვლადიმირ პუტინი უფრო ვრცლად ისაუბრებს საავტორო სტატიაში, რომლის გამოქვეყნებასაც რუსეთის პრეზიდენტი მოსახლეობას მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავისათვის დაჰპირდა.

რას ნანობს პუტინი

წლის ბოლო პრესკონფერენციაზე, პუტინი, სხვათა შორის, შეეხო ფაშიზმზე გამარჯვების, დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავის ფართოდ აღნიშვნასაც, როგორც ეს დამკვიდრებულია საბჭოთა კავშირის დროიდან. როდესაც ჟურნალისტი შეეკითხა, ნანობს თუ არა, რომ 9 მაისს სამხედრო აღლუმზე ერთიან მწყობრში წითელ მოედანზე არ იქნებიან „ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის“, სამხედრო მოსამსახურეები, პუტინმა განაცხადა, „მე ვნანობ, რომ საბჭოთა კავშირი აღარ არსებობსო“. შემდეგ კი დასძინა:

მე ვნანობ, რომ საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს.
ვლადიმირ პუტინი

„დიდი შეცდომა“ იქნება, თუ რომელიმე ქვეყანა აღლუმზე არ ჩამოვა, საერთაშორისო ურთიერთობების „დღევანდელი თავისებურებების“ გათვალისწინებით. „ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ისინი სათანადო პატივისცემას არ იჩენენ იმ ადამიანებისადმი, რომლებმაც იბრძოლეს და სიცოცხლე შესწირეს თავიანთი სამშობლოს დამოუკიდებლობას“.

აქ რუსეთის ლიდერი, რომელიც, ჩანს, მომავალ პუბლიცისტურ წერილზე ბევრს ფიქრობს, კვლავ ისტორიას მიუბრუნდა:

„დოკუმენტებში - მათ, ნაცისტური გერმანიის, დოკუმენტებში - წერია: გამოვიყენოთ სლავური მოსახლეობის ნაწილი მეტწილად ურალში, ჩრდილოეთის ტერიტორიებზე სამუშაოდ. რას ნიშნავდა ეს? სასიკვდილოდ გაწირვას. საუბარი შეეხებოდა არა მხოლოდ სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას, საუბარი შეეხებოდა აღმოსავლეთსლავური ეთნოსის - რუსებისა და იმავე უკრაინელების - გადარჩენას. აი, რაზე იყო საუბარი“, - აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა.

როგორც ზემოთ ითქვა, იგი ამზადებს სტატიას, რომლითაც დაუპირისპირდება მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა როლის შესახებ დასავლეთში არსებულ „მიუღებელ“ და „არაკორექტულ“ შეფასებებს.

კრემლი ამ იდეოლოგიურ დაპირისპირებაში ცდილობს ჩააბას დასავლეთის წარმომადგენელი ისტორიკოსები და მეცნიერები. ერთ-ერთი მათგანი, კანადაში მცხოვრები ისტორიკოსი მაიკლ ჯაბრალ კარლეი, ერთი კვირის წინ ესტუმრა მოსკოვს თავისი ახალი წიგნით - „დასავლეთის ფარული ომი რუსეთის წინააღდეგ“, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ როგორ ებრძოდა საბჭოთა კავშირი „რუსოფობიის გაჩაღებას“.

ნიშანდობლივია, რომ მონრეალის უნივერსიტეტის პროფესორის თანახმად, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი ნაკარნახევი იყო ისტორიული გარდაუვალობით და წარმოადგენდა იმის შედეგს, რომ კრახი განიცადა „ჰიტლერის დაწყნარებისკენ მიმართულმა“ დასავლეთის სტრატეგიამ.

და კიდევ ერთი ნიშანდობლივი ფაქტი ისაა, რომ კარლეის წიგნი გამოიცა რუსეთის „სამამულო ისტორიის“ ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ფონდისა, რომელიც ვლადიმირ პუტინის განკარგულებით 2016 წლის აპრილში შეიქმნა და რომელსაც სათავეში უდგას სერგეი ნარიშკინი, რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი, ვლადიმირ პუტინთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პოლიტიკოსი.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG