Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ჩაიპარა, ზელენსკი კი ჩავიდა ფრონტის ხაზზე


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტის ხაზზე ავდიევკაში, დონეცკის რეგიონში. 2023 წლის 18 აპრილი.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტის ხაზზე ავდიევკაში, დონეცკის რეგიონში. 2023 წლის 18 აპრილი.

უკრაინის პოლიტიკური და სამხედრო ელიტა მშვიდად შეხვდა კრემლის მიერ პოსტფაქტუმ გავრცელებულ ცნობას, რომ 17 აპრილს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ოკუპირებულ ხერსონისა და ლუგანსკის ოლქებში ჩავიდა და სამეთაურო შემადგენლობასთან ოპერატიული თათბირები ჩაატარა.

უკრაინაში არც იმას გამორიცხავენ, რომ ოკუპირებული ხერსონის ოლქში პუტინის ჩასვლა დადგმული ყოფილიყო.

„დარწმუნებული არ ვარ, რომ პუტინი რეალურად იმყოფებოდა ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე, რადგან ბატონ პრიგოჟინს აქვს მთელი სტუდია „პატრიოტფილმი“ და მსგავსი დეკორაციის დადგმა მისთვის დიდი პრობლემას არ წარმოადგენს“, - ამბობს ევჰენ მაგდა, კიევის „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი.

ამასთან, დამოუკიდებელი რუსული გამოცემების ჟურნალისტებმა და სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ პუტინის ერთი ფრაზა და უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში მისი ჩასვლის თარიღი ერთმანეთს არ ემთხვევა.

სამაგიეროდ არავის ეჭვქვეშ არ დაუყენებია 18 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის ჩასვლა დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკაში, რომლის ხელში ჩაგდებას ქალაქ ბახმუტის მსგავსად რუსეთის საოკუპაციო ძალები მრავალი თვის განმავლობაში ცდილობენ.

„ახლა პრეზიდენტი სულ უფრო ხშირად ჩადის ახალ რეგიონებში“

კრემლის თანახმად, ოკუპირებულ ლუგანსკისა და ხერსონის ტერიტორიაზე ვლადიმირ პუტინის სტუმრობა შტაბების ერთგვარ ინსპექტირებას და ადგილზე ოპერატიული ინფორმაციის მიღებას ისახავდა მიზნად იმ ფონზე, როდესაც უკრაინის არმია მძლავრი კონტრშეტევისთვის ემზადება.

„თქვენ ხედავთ, რომ ახლა პრეზიდენტი სულ უფრო ხშირად ჩადის ახალ რეგიონებში და, ცხადია, რომ ის ატარებს შტაბების შემოწმებას, ადგილზე იღებს ოპერატიულ ინფორმაციას სპეციალური სამხედრო ოპერაციის (ასე უწოდებს კრემლის ფართომასშტაბიან ომს უკრაინაში. რედ.) მსვლელობის შესახებ. ეს აბსოლუტურად მნიშვნელოვანია უმაღლესი მთავარსარდლისათვის და ის სწორედ ასე წარმართავს თავის საქმიანობას“, - განაცხადა რუსულ ტელეარხ „როსია 24“-თან სატელეფონო ინტერვიუში, კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ 17 აპრილს ვლადიმირ პუტინი იმყოფებოდა ლუგანსკის ოლქში, სადაც ეროვნული გვარდიის აღმოსავლეთის შტაბში მოისმინა ამ მიმართულების ხელმძღვანელის, გენერალ-პოლკოვნიკ ლაპინის და სხვა მეთაურების ანგარიშები.

შემდეგ, თუ მანამდე, რუსეთის პრეზიდენტი ხერსონის ოლქში, სამხედრო დაჯგუფება „დნეპრის“ შტაბში იმყოფებოდა. კრემლის ოფიციალური ინფორმაციიდან გაურკვეველია, როდის ჩავიდა პუტინი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ზოგიერთი ბუნდოვანება თავად კრემლის საიტზე გამოქვეყნებულმა ცნობამ წარმოშვა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი ირწმუნება, რომ ვლადიმირ პუტინი ლუგანსკისა და ხერსონის ოლქებში გუშინ, 17 აპრილს, დღისით იმყოფებოდა.

დამოუკიდებელი რუსული გამოცემების ჟურნალისტებმა და სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ კრემლის და მის მიერ კონტროლირებული ტელეარხებით გავრცელებულ ვიდეომასალაში, რომელიც ოფიციალური ინფორმაციით, ასახავს ხერსონისა და ლუგანსკის ოლქებში სამხედროებთან პუტინის შეხვედრებს და მათთვის საჩუქრად ხატის გადაცემას, რუსეთის პრეზიდენტი ამბობს წინადადებას: "Сейчас вот Пасха будет, да?!" (ახლა აი, აღდგომა იქნება, ხო?!).

რუსეთში აღდგომა 16 აპრილს აღნიშნეს, ამიტომ, ჟურნალისტების და სოციალური ქსელების მომხმარებელთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ვიდეოკადრები ჯერ კიდევ აღდგომამდეა ჩაწერილი. ვიდეომასალის იმ ვარიანტში, რომელიც კრემლის ოფიციალურ ვებსაიტზე ახლა დევს, პუტინის მიერ ნათქვამი ფრაზიდან ამოღებულია სიტყვა „იქნება“.

„ პუტინი, როგორც ძაღლი, ისე ნიშნავს ტერიტორიას, მაგრამ მას არ ესმის ან არ სურს გაიგოს უბრალო რამ, რომ რაღაც სარდაფში აღმოჩნდე, იმ თეზისის შემდეგ, რომ „სამ დღეში კიევს ავიღებთო“, - უბრალოდ სასაცილოა. და კიდევ ერთი ფაქტორია: საერთაშორისო სისხლის სამართლის ორდერის შემდეგ, ეს არის პუტინის მეორე ვიზიტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ანუ პუტინს ობიექტურად დიდად უკვე სხვაგან აღარსად წაესვლება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ევჰენ მაგდამ, კიევის „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.

2023 წლის 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.

სასამართლოს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.

პუტინი გენერალი ტეპლინსკისა და „ვაგნერის“ იმედად?

18 აპრილს რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებება ბევრჯერ აჩვენეს პუტინის ოკუპირებულ ლუგანსკსა და ხერსონში ყოფნის ამსახველი კადრები და ხაზი გაუსვეს კრემლში შემუშავებულ კლიშეს, რომ პრეზიდენტი პუტინი ხერსონის ოლქში პირველად ჩავიდა ამ ტერიტორიის „რუსეთის ახალ რეგიონად“ გამოცხადების შემდეგ.

ერთი თვის წინ, 19 მარტს, კრემლმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი ქალაქ მარიუპოლში იმყოფებოდა. უკრაინის დონეცკის ოლქის ეს ქალაქი რუსეთმა 2022 წლის მაისში დაიპყრო. მარიუპოლზე კონტროლი რუსეთის არმიის იშვიათ სამხედრო წარმატებად ითვლება, იმ ფონზე, როდესაც შარშანდელი 24 თებერვლის შემდეგ უკრაინის დამცველებმა რუსეთის არმია ჯერ კიევის ოლქიდან უკუაქციეს, სულ ბოლოს კი ქალაქ ხერსონიდან.

იგი ერთადერთი რეგიონული დედაქალაქი იყო უკრაინის ტერიტორიაზე, რომელზეც რუსეთის არმია 2022 წლის თებერვალში დაწყებული მასშტაბური საომარი ოპერაციის შედეგად, 10 ნოემბრამდე ინარჩუნებდა კონტროლს.

შესაბამისად, რუსეთის მედიამ უფრო დიდი ადგილი დაუთმო 17 აპრილს ხერსონის მიმართულებაზე პასუხისმგებელ სამხედრო დაჯგუფება „დნეპრის“ შტაბში ვლადიმირ პუტინის სტუმრობას.

ავტომანქანა „ჯიპიდან“ გადმოსულ პუტინს დაჯგუფება „დნეპრის“ მეთაურმა, გენერალმა ოლეგ მაკარევიჩმა ჩააბარა პატაკი იმის შესახებ, რომ „დაჯგუფება განკარგულების შესაბამისად თავდაცვაში იმყოფება“. გენერალ-პოლკოვნიკ მაკარევიჩის გარდა, დაჯგუფების შტაბში პუტინი შეხვედრია ასევე საჰაერო-სადესანტო ჯარების სარდალს, გენერალ-პოლკოვნიკ მიხაილ ტეპლინსკის, რომელიც, ბრიტანული დაზვერვის თანახმად, ფრონტის წინა ხაზზე ბახმუტზე იერიშის გასაძლიერებლად დააბრუნეს.

„ვიცი, რომ გენერალური შტაბის უფროსისა და თავდაცვის მინისტრის დავალებით ის (ტეპლინსკი - რედ.) საკმაოდ დიდი ხნით იმყოფებოდა წინ ხაზზე და გააკეთა ძალიან საგნობრივი მოხსენება. თავდაცვის სამინისტრომ და გენერალურმა შტაბმა მას ძალიან მაღალი შეფასება მისცეს“, - ამბობს კრემლის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრში ვლადიმირ პუტინი გენერალ ტეპლინსკის მისამართით.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) თანახმად, ფრონტზე გენერალ ტეპლინსკის სავარაუდო დაბრუნება მცდელობაა „ვაგნერთან“ კოორდინაციისა ბახმუტის აღების დასასრულებლად.

ISW-ს თანახმად, რუსეთის საჰაერო-სადესანტო ნაწილები აქტიურად იბრძვიან ფრონტის კრიტიკულ სექტორებში ლუგანსკის რეგიონში და ბახმუტის მახლობლად დონეცკის ოლქში და ახლახან მიიღეს მძიმე ცეცხლსასროლი სისტემები TOS-1A, რაც ასევე მიუთითებს იმაზე, რომ რუსული სარდლობა ცდილობს გაზარდოს საჰაერო-სადესანტო დივიზიების საბრძოლო მნიშვნელობა.

კონტრშეტევისთვის მზადება "გეგმის" მიხედვით მიდის

მაგრამ უკრაინა ყველა ძალით ცდილობს ბახმუტის შენარჩუნებას, სადაც, როგორც ცოტა ხნის წინ უკრაინის თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ოლექსანდრ სირსკი აცხადებდა, სიტუაცია რთულია, მაგრამ კონტროლდება.

მიუხედავად რთული ოპერატიული მიმართულებისა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მარტის ბოლოს ბახმუტის მახლობლად ქალაქის დამცველ უკრაინელ სამხედროებს შეხვდა.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ თუ უკრაინა ბახმუტისთვის ბრძოლას ვერ მოიგებს, რუსეთი შეეცდება მოიპოვოს საერთაშორისო მხარდაჭერა, რათა უკრაინას მიუღებელ კომპრომისებზე წასვლა აიძულოს.

დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი და მისგან 20 კილომეტრით დაშორებული ქალაქი ავდეევკა, რუსეთის ძალების მხრიდან, 10 თვის განმავლობაში, განუწყვეტელი ცეცხლის ქვეშ იმყოფება.
„ტაქტიკური თვალსაზრისით, აქ სიტუაცია დიდ ქალაქ ბახმუტში შექმნილი ვითარების მსგავსია“, - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის 20 მარტის ანგარიშში.

ბახმუტის შემდეგ, 18 აპრილს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავდეევკაში ჩავიდა და ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფება „დონეცკის“ სარდლის მოხსენებაც მოისმინა დაჯგუფების პასუხისმგებლობის ზონაში შექმნილი ვითარების შესახებ.

მოწინააღმდეგის შეტევითი ჩანაფიქრის ჩაფუშვის გარდა, უკრაინის სამხედრო სარდლობის მთავარი ამოცანა კონტრშეტევაზე გადასვლა და ოკუპირებული მიწების გათავისუფლებაა.

18 აპრილს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა, კვლავ გაიმეორა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევისთვის მზადება "გეგმის" მიხედვით მიდის.

„არ მოუსმინოთ მთელ ამ ლექსს, რითაც ინტერნეტი გაივსო. ზოგი ამბობს [კონტრშეტევა] ახლა დაიწყება, ზოგი კი - არა, მათ ის უკვე გადადესო. სიტუაციაზე არც ერთს აქვს წარმოდგენა და არც - მეორეს“, - განაცხადა ბუდანოვმა საინტერნეტო გამოცემა NV.ua-სთან ინტერვიუში.

ჟურნალისტმა ბუდანოვს შეახსენა მისივე სიტყვები, რომ გაზაფხულზე უკრაინის არმია ყირიმში შევიდოდა, რაზეც უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ „ჩვენ მარაგში დრო კიდევ გვაქვს“.

მანამდე თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ხელმძღვანელმა თებერვალში განაცხადა, რომ ფრონტზე გადამწყვეტი ბრძოლები გაიმართება გაზაფხულის მეორე ნახევარში. ხოლო პენტაგონში ითქვა, რომ უკრაინას რთული ბრძოლა გაზაფხულზე და ზაფხულში ელოდება.

  • რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
  • პრეზიდენტმა პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
  • უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
  • 2022 წლის 30 სექტემბერს რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG