Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სახელმწიფო შეგჭამს" - რუსეთში "ღალატის" განაჩენის ეპოქა დაიწყო


პოლიტპატიმრების მხარდასაჭერი ერთ-ერთი აქციის მონაწილე. მოსკოვი
პოლიტპატიმრების მხარდასაჭერი ერთ-ერთი აქციის მონაწილე. მოსკოვი

კრემლის მოწინააღმდეგე ვლადიმირ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მთავარი ბრალდება „სახელმწიფო ღალატია“. მაგრამ კარა-მურზას საქმე გამონაკლისი არ არის. ღალატის განაჩენი რუსეთში წესი ხდება - სახელმწიფო წარმატებით ეძებს და პოულობს „მოღალატეებს“ - ისევე, როგორც სტალინის ეპოქაში.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს 17 აპრილს რუსულმა სასამართლომ 25 წლით თავისუფლების აღკვეთის განაჩენი გამოუტანა - ყველაზე მკაცრი სასჯელი, რაც კი ოდესმე მიუსჯიათ კრემლის ოპონენტისთვის პოსტსაბჭოთა ეპოქაში. კარა-მურზა უკრაინაში შეჭრის შემდეგ კრემლის ღია კრიტიკის გამო დაისაჯა.

მისი სასჯელის ლომის წილი - 18 წელი - განაპირობა სავარაუდო „სახელმწიფო ღალატისთვის“ ბრალდებამ, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გამოიყენება რუსეთში. 10 აპრილს სასამართლოში წარმოთქმული ბოლო სიტყვისას კარა-მურზამ თქვა, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სტალინის დიდი ტერორის გზას ადგას.

ვლადიმირ კარა-მურზა სასამართლოზე. 2023 წლის 17 აპრილი
ვლადიმირ კარა-მურზა სასამართლოზე. 2023 წლის 17 აპრილი

„გაკვირვებული ვარ იმით, თუ როგორ აჯობა ჩემმა სასამართლო პროცესმა, თავისი გასაიდუმლოებითა და სამართლებრივი ნორმების უხეში დარღვევით 1960-იან და 1970-იან წლებში საბჭოთა დისიდენტების "სასამართლო პროცესებსაც" კი“, - თქვა მან. „რომ აღარაფერი ვთქვათ პროკურატურის მიერ მოთხოვნილ უმკაცრეს სასჯელსა ან "სახელმწიფოს მტრების" შესახებ ლაპარაკზე. ამ მხრივ, ჩვენ 1970-იან წლებსაც ვცდებით და 1930-იანებამდე ჩავდივართ. როგორც ისტორიკოსს, ეს შემთხვევა მე წარსულს მახსენებს“.

მაშინ, როდესაც რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მიდის ისე, რომ რუსეთისთვის სასიკეთო პირი არ უჩანს, პუტინის მთავრობამ ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (FSB - ეფესბე) აუშვა - წელს ეფესბემ არაერთი, რუსეთის თანამედროვე ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის „ღალატის“ გამოძიება დაიწყო.

„მათ აუნთეს მწვანე შუქი სერიოზული სისხლის სამართლის საქმეების დასაწყებად“, - ამბობს ადამიანის უფლებათა ადვოკატი დმიტრი ზაირ-ბეკი, რომელიც ხელმძღვანელობს „პირველი დეპარტამენტის“ ადამიანის უფლებათა პროექტს. - „ეს სულ ზემოდან უნდა მოდიოდეს, რადგან [ამ საქმეებს] FSB-ს საგამოძიებო განყოფილების პირველი დეპარტამენტი იძიებს. ეს არის პატარა დეპარტამენტი, იგივე, რომელმაც გამოიძია ჩვენი კლიენტის, ჟურნალისტ ივან საფრონოვისა და სხვა "სახელმწიფო ღალატის" შემთხვევები“.

ივან საფრონოვი სასამართლოზე.
ივან საფრონოვი სასამართლოზე.

საფრონოვს ღალატის ბრალდებით 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 2022 წლის სექტემბერში. ჟურნალისტი დანაშაულს არ აღიარებს, მისი საქმე საყოველთაოდ მიჩნეულია, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.

„ეს გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია [ეს საქმეები] ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და თავად, უსაფრთხოების უწყებებისთვის“, - თქვა ზაირ-ბეკმა.

ჩვეულებრივი ადამიანები

კოსტიანტინ პაშჩენკო ცხოვრობს ცენტრალური უკრაინის ქალაქ კროპივნიცკში.

მისი დიდი ხნის მეგობარი იგორ პოკუსინი - 60 წლის ოდესელი, რომელიც საბჭოთა დროიდან ცხოვრობდა აბაკანში, რუსეთის ხაკასიის რესპუბლიკის დედაქალაქში - დეკემბერში დააკავეს. მას ღალატის ბრალდებით გასამართლება ემუქრება იმის გამო, რომ თითქოს ცდილობდა მოხალისედ წასულიყო უკრაინის ჯარში. მანამდე ის დააკავეს და დააჯარიმეს მას შემდეგ, რაც პლაკატი საომარი მოწოდებებით უკრაინის დროშის ფერებად - ლურჯი და ყვითელი საღებავით გადაღება.

იგორ პოკუსინი ცოლთან, ელენასთან ერთად
იგორ პოკუსინი ცოლთან, ელენასთან ერთად

„მე არ ვეთანხმები, რაც მან საღებავით გააკეთა“, - უთხრა პაშჩენკომ რადიო თავისუფლებას. „განა აბაკანში ყველას უნდა სცოდნოდა, რომ მის საქციელს უკრაინასთან ჰქონდა კავშირი?“

პაშჩენკო ამბობს, რომ მისი მეგობარი ამ მოკრძალებული დაუმორჩილებლობის გამო გაიწირა.

„შეგიძლიათ აპროტესტოთ უკრაინაში ან საქართველოში. მაგრამ [რუსეთში] ხელისუფლება არაფრის საშუალებას არ გაძლევს. სახელმწიფო უბრალოდ შეგჭამს“.

4 აპრილს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-მა დაწერა, რომ FSB-ის ოფიცრებმა ურალის ქალაქ ნიჟნი ტაგილში დააკავეს უცნობი ცოლ-ქმარი და ბრალი წაუყენეს ღალატში, სამხედრო-ტექნიკური ინფორმაციის თითქოსდა გაცემისთვის „უკრაინის სასარგებლოდ“.

13 მარტს FSB-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავა უცნობი მამაკაცი ნოვგოროდის დასავლეთ რეგიონში უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის. სააგენტოს თქმით, მამაკაცი ცდილობდა მობილიზებული რუსი ჯარისკაცებისგან უკრაინაში მათი ქვედანაყოფების ადგილმდებარეობის გამჟღავნებას.

2 მარტს, FSB-მ გამოაცხადა უკრაინის ფრონტის ხაზებიდან 9000 კილომეტრზე მეტი დაშორებით, შორეული აღმოსავლეთის ქალაქ კომსომოლსკ-ნა-ამურეში მამაკაცის დაკავების შესახებ, კიევის სასარგებლოდ სავარაუდო ჯაშუშობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეზე არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა - როგორც ეს ჩვეულებრივ, რუსეთში „ღალატის“ საქმეებზე ხდება - რადიო თავისუფლების ციმბირის პროექტმა შეძლო ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება. ის ყოფილი ჯარისკაცია, რომელიც პენსიაზე გასვლის შემდეგ დაცვის თანამშრომლად მუშაობდა. დააკავეს 23 თებერვალს, დილის 5 საათზე, საკუთარ სახლში.

„უსაფრთხოების კამერებიდან ყველა ჩანაწერი ამოიღეს“, - უთხრა მეზობელმა რადიო თავისუფლებას. - „ყველა მოსახლე გააფრთხილეს, რომ არაფერი ეთქვათ ოფიციალური ვიდეოს გამოქვეყნებამდე“.

„სასიამოვნო კაცი იყო, მშვიდი, ყურადღებიანი, ფხიზელი“, - დასძინა მეზობელმა. „ვერც კი წარმომიდგენია, რისთვის დააკავეს“.

"ს" საიდუმლოებისთვის

თებერვალში დასავლეთ ციმბირში ხანტი-მანსის ოლქის სასამართლომ ღალატის ბრალდებით 12-წელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ადგილობრივს, რომლის ვინაობა არ გამჟღავნებულა. საქმესთან დაკავშირებით მხოლოდ ის ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბრალდებული, სავარაუდოდ, ადრე იყო ნასამართლევი. ცნობებში არც ადრინდელი დანაშაულის შესახებ იყო მითითებული.

„სასამართლო პროცესი დახურული იყო“, - ნათქვამია რადიო თავისუფლების ციმბირის პროექტის რეპორტაჟში 21 თებერვალს. „სასამართლომ არ გამოაქვეყნა ბრალდებულის სახელი, ასაკი და სქესი“.

მოპასუხე იდენტიფიცირებული იყო მხოლოდ ასო "ს"-თი.

2022 წელს რუსეთში ღალატის 22 საქმეზე დაიწყო წარმოება. მიმდინარე წელს უკვე, სულ მცირე, 20 საქმის შესახებ გახდა ცნობილი - მათგან ცხრა მხოლოდ მარტში. 2023-ის ღალატის მუხლით გამოძიებათა ნახევარზე მეტი შორეულ აღმოსავლეთში დაიწყო.

უფლებადამცველი ევგენი სმირნოვი
უფლებადამცველი ევგენი სმირნოვი

„ჩემი პროგნოზით, 2023 წლის ბოლოსთვის 100-მდე საქმე გვექნება ამ მუხლის მიხედვით“, განუცხადა უფლებადამცველმა ევგენი სმირნოვმა რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროექტს, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“.

„მაგრამ გასაჯაროებული შემთხვევები შეიძლება მხოლოდ აისბერგის მწვერვალი იყოს. რუსეთში ღალატის საქმეები ისე საიდუმლოდ არის განხილული, რომ ხელისუფლების განცხადებები, როგორც წესი, ერთადერთი გზაა საზოგადოებისთვის, ამ საქმეთა შესახებ შეიტყოს და ეფესბე ავრცელებს მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც "მათთვისაა სასარგებლო", - ამბობს სმირნოვი.

მსგავსია ზაირ-ბეკის შეფასებაც:

ადამიანის უფლებათა ადვოკატი დმიტრი ზაირ-ბეკი
ადამიანის უფლებათა ადვოკატი დმიტრი ზაირ-ბეკი

„ვფიქრობ, ჩვენ ვიცით "ღალატის" საქმეთა ყველა შემთხვევის მხოლოდ 30 ან 40 პროცენტი“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

ამასთან, თუკი ადრე რუსეთის ღალატის საქმეებში თითქმის ყველა ბრალდებული იყო აკადემიური წრის წარმომადგენელი, თანამდებობის პირი ან სამხედრო - ადამიანები, ვისაც შეეძლოთ ჰქონოდათ წვდომა საიდუმლო ინფორმაციასთან, ახლა ბრალს საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლებს სდებენ.

„ჩემი აზრით, ბრალდებები იმ საქმეებში, რომელთა შესახებ ჩვენ ვიცით, ფრიად დაუსაბუთებლად გამოიყურება“, - ამბობს ზაირ-ბეკი. - „რაც ჩვენ ვიცით ეჭვმიტანილთა შესახებ, ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც შემთხვევით გამოარჩიეს ხალხიდან“.

ყველა ეჭვმიტანილს ემუქრება ხანგრძლივი წინასწარი პატიმრობა, სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა და 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

"წმინდა წყლის პროვოკაცია"

13 მარტს FSB-მ გამოაცხადა ქალის დაკავების შესახებ შორეული აღმოსავლეთის ქალაქ ხაბაროვსკში, უკრაინის სამხედროებისთვის ფულის სავარაუდო გაგზავნისთვის. ეჭვმიტანილის შესახებ ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც გაავრცელეს, ისაა, რომ იგი სავარაუდოდ ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის მხარდამჭერი და რეგიონული საპროტესტო მოძრაობის აქტივისტი იყო. 2020 წელს კრემლის კანდიდატის წინააღმდეგ არჩევნებში უპირობო გამარჯვების შემდეგ ფურგალის დაკავებამ, ადგილობრივების აღშფოთება და რამდენიმეკვირიანი დემონსტრაციები გამოიწვია.

ფურგალის მომხრე ჯგუფმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი ეჭვობენ, ხელისუფლება „სერგეი ფურგალის მოძრაობის დისკრედიტაციის მცდელობებს აგრძელებს“.

სერგეი ფურგალი სასამართლოზე.
სერგეი ფურგალი სასამართლოზე.

„ვკითხე ჩვენს მხარდამჭერებს, უთხრა რადიო თავისუფლებას აქტივისტმა ვალენტინ კვაშნიკოვმა, - არცერთი მათგანი არ დაუკავებიათ. ასე რომ, ჩვენ ვეჭვობთ, რომ ეს იყო FSB-ის ჭორი. უბრალოდ ტელევიზიით რაღაცის ჩვენება... არცერთი ჩვენგანი არ იცნობს დაკავებულს. ეს არის სუფთა პროვოკაცია. არც ისე ბევრი ვართ, რომ არ ვიცნობდეთ“.

სიცოცხლე ციხეში

7 აპრილს, რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში, სახელმწიფო სათათბიროში შევიდა ცვლილებების პაკეტი სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც ღალატისთვის სამუდამო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დუმის საკანონმდებლო კომიტეტმა უკვე დაამტკიცა ეს ცვლილება პირველი მოსმენით.

ადვოკატმა სმირნოვმა თქვა, რომ უფრო მკაცრი სასჯელი გაამარტივებს და კიდევ უფრო გაახშირებს ღალატისთვის სისხლისსამართლებრივ დევნას.

„ზოგადად, ამ მუხლით დაკავებული პირები აღიარებენ ან გარიგებას დებენ გამომძიებლებთან, სადაც, ასევე, ჯერ ერთი, აღიარებენ და მეორეც, ჩვენებას სხვა პირის წინააღმდეგ აძლევენ, - თქვა მან, - [ხელისუფლება] ვარაუდობს, რომ თავისუფლების უვადო აღკვეთა გაუადვილებს ხალხის დაშინებას, რათა მათ გააკეთონ ის, რაც გამომძიებლებს სურთ”.

„შეუძლებელია იმის წინასწარ თქმა, თუ ვინ იქნება ამ კანონის პოტენციური მსხვერპლი, - დასძინა მან, - პურის გამყიდველები, უმუშევრები, სრულიად შემთხვევითი ხალხი მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლებსაც წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ რასაც აკეთებდნენ, შესაძლოა, რამე ტიპის ღალატი ყოფილიყო“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG