Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პუტინს ხერსონის მიმართ განსაკუთრებული გრძნობები აქვს“


უკრაინის სამხედროები ცეცხლს უშენენ რუსეთის პოზიციებს. დონეცკის ოლქი, 10 ოქტომბერი, 2022 წელი
უკრაინის სამხედროები ცეცხლს უშენენ რუსეთის პოზიციებს. დონეცკის ოლქი, 10 ოქტომბერი, 2022 წელი

უკრაინის ქალაქ ხერსონის საოკუპაციო ხელისუფლებამ არა მარტო საკუთრივ ხერსონის მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადა, არამედ რეგიონის, მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე გაშლილი ტერიტორიის ნაწილისაც. 

ადგილობრივების თანახმად, რუსმა სამხედროებმა დაიწყეს ხალხის იძულებით გასახლება მათი ბინებიდან და იქ თვითონ სახლდებიან.

რუსეთის არმიას ხერსონისკენ გადაჰყავს ბრძოლისუნარიანი სამხედრო შენაერთები და ტექნიკა. ოლქის ქალაქებსა და სოფლებში აშენებენ თავდაცვით ნაგებობებს, თხრიან სანგრებს. ამ დროს საოკუპაციო ხელისუფლება ხერსონიდან გადავიდა სამხრეთში, სკადოვსკში, მარცხენა ნაპირზე. იმის გარშემო, თუ რა ხდება ხერსონში, რა ვითარებაა უკრაინა-რუსეთის ომის ფრონტზე, „ნასტოიაშჩეე ვრემია“ ესაუბრა საგამოძიებო ჯგუფის, Conflict Intelligence Team-ის დამაარსებელს, ბლოგერს, ოპოზიციონერ აქტივისტს, რუსლან ლევიევს.

ვიდეო: რუსლან ლევიევი განმარტავს, რატომ მოუყარეს რუსებმა თავი ძალებს სამხრეთში.

Руслан Левиев объясняет, почему Россия сосредотачивает силы на юге
please wait

No media source currently available

0:00 0:14:18 0:00

თუ შეუძლია ახსნას, რა მიზეზით გაჰყავს მოსახლეობა საოკუპაციო ძალებს დნეპრის მარცხენა ნაპირიდან, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ კორესპონდენტი მიმართავს ლევიევს, რომელსაც მიაჩნია, რომ ამის ორი მოტივი შეიძლება არსებობდეს. ერთი, მისი აზრით, ისაა, რომ სროლის ქვეშ არ მოყვეს მშვიდობიანი მოსახლეობა. მეორე კი, ლევიევის აზრით, სამხედრო ხასიათის მიზანია: მარცხენა ნაპირზე განთავსდება საარტილერიო ქვედანაყოფები და საცეცხლე წერტილები. „რუსებს არ სურთ, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ უკრაინელებს გადასცეს მათი საბრძოლო პოზიციების კოორდინატები“.

ამასთან, გავრცელდა ცნობა, რომ დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან გასაყვანად ამზადებენ რუსეთის საარტილერიო ქვედანაყოფებს. საჭიროა მარცხენა ნაპირზე მათთვის ადგილის განთავისუფლება. მართლა გაჰყავთ თუ არა ისინი მარჯვენა ნაპირიდან, დადასტურებული არაა, ცნობილია, რომ მათ ამისთვის ამზადებენ, და ლევიევის ვარაუდით, რუსეთის სამხედროები აპირებენ დიდხანს დაიცვან ხერსონი. იქ შეჰყავთ უფრო მეტი მობილიზებული, სხვადასხვა ქვედანაყოფი. ჩანს, ქალაქისა და შემოგარენისთვის ბრძოლას აპირებენ.

რაზე მეტყველებს ის, რომ ხალხს მათი ბინებიდან ასახლებენ, რომლებსაც რუსი სამხედროები იკავებენ?

„თუ ჯარისკაცი დამალულია, მით უმეტეს საცხოვრებელ სახლში, რომელიც არ ჰგავს სამხედრო ობიექტს, ამას აქვს თავისი მიზეზი: ასეთ ნაგებობას არ მოხვდება ჭურვი, რაკეტა, მათ ვერ შეამჩნევს მზვერავი დრონები“.

ვიდეო: „რატომ უნდა გამასახლოთ აქედან?“ ხერსონის ოლქის მოსახლეობა უკმაყოფილოა მათი იძულებით სხვაგან „ევაკუირებით“.

რა ხდება ფრონტზე, რუსული თავდაცვის ზოლზე ხერსონის ოლქში? მზად არიან ისინი უკრაინის იერიშის მოსაგერიებლად?

ლევიევი თვლის, რომ ამ ეტაპზე ჩანს, რომ ეს ასეა. სწორედ ხერსონის ოლქში განათავსეს რუსებმა ყველაზე ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფები: საზღვაო ქვეითები და სადესანტო ძალები. მათ დაემატათ მობილიზებულები. ეს ვითარება მკვეთრად განსხვავდება, მაგალითად, ლუგანსკის ოლქის ქალაქ სვატოვოს გარშემო შექმნილი სიტუაციისგან, სადაც ძირითადად მობილიზებულები და სეპარატისტები არიან.

„ნასტოიაშჩეე ვრემიას“ კორესპონდენტი თანამოსაუბრეს ეკითხება: ისე გამოდის, რომ რუსეთის არმიას ფრონტზე აქვს უფრო პრიორიტეტული და ნაკლებად მნიშვნელოვანი მონაკვეთები?

დიახ, თვლის ლევიევი, ლუგანსკის ოლქი ალბათ არ არის ისე მნიშვნელოვანი, როგორც ხერსონი. მით უმეტეს, რომ ლუგანსკის ოლქის ჩრდილოეთი, თუ იქ ძალებს თავს მოუყრის, რუსეთისთვის უფრო იოლი დასაბრუნებელი იქნება. თუ ხერსონს გაათავისუფლებენ, მაშინ დნეპრი იქნება ერთადერთი ბუნებრივი ზღუდე რუსეთის შემდგომი კონტრიერიშებისთვის.

ამას ის დაერთვის, რომ ჩანს, პუტინს ხერსონის მიმართ განსაკუთრებული გრძნობები აქვს.

გვახსოვს, როცა რუსმა სამხედრო მეთაურებმა პუტინს შესთავაზეს რუსეთის ჯარების ხერსონიდან გაყვანის გეგმა, მან ის მკვეთრად უარყო: „დანაკარგების მიუხედავად ხერსონი ბოლომდე უნდა გვეკავოს“.

„ნასტოიაშჩეე ვრემია“: ისე გამოდის, რომ უკრაინის არმიისთვის ხერსონი ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა?

რუსლან ლევიევი: უდავოდ. ხერსონს სამხრეთიდან და დასავლეთიდან წყალი აკრავს და იოლია მისი ალყაში მოქცევა, მისასვლელი გზების მოჭრით, ანტონოვის ხიდის და კახოვკის ელექტროსადგურის კაშხლის ჩაკეტვით. რუსეთის ძალები დარჩებიან დასავლეთიდან მომარაგების გარეშე და უკან დახევა მოუწევთ, ან დაიღუპებიან. უფრო საფიქრებელია, რომ უკან დაიხევენ, მოელის რუსლან ლევიევი, რომელიც თავის მოსაზრებას გვიზიარებს იმაზე, თუ რით შეაიარაღებს რუსეთი ახლა მობილიზებულებს, რომლებიც ხერსონში გადაჰყავთ. ექსპერტის თანახმად, მათ შეიარაღებაში საკმაოდ მოძველებული ტექნიკა აქვთ: Т-62М-ის ტიპის ტანკები, ასევე БМП-1, იშვიათად, БМП-2. თუმცა ხშირად ვრცელდება ცნობები, რომ მობილიზებულებს ჯავშანტექნიკის გარეშე, ქვეითების მსგავსად სანგრებში ჩაყრიან, ხელში აძლევენ ავტომატს, ჯავშანჟილეტს, ჩაფხუტს და უბრძანებენ: დაიცავით პოზიცია! ეს, მისი თქმით, დიდი პრობლემაა. მობილიზებულებს შორის დანაკარგი ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ჩვეულებრივ ჯარისკაცებში.

„ნასტოიაშჩეე ვრემია“: გავრცელდა ხმები, რომ ლუგანსკის ოლქში, მობილიზებულებს, რომლებიც უარს ამბობენ ბრძოლაზე, ლამის ციხეში ათავსებენ.

რუსლან ლევიევი: უარს კი არ ამბობენ, გარბიან ფრონტიდან. განსაკუთრებით მწვავეა ეს პრობლემა სვატოვოს გარშემო, სადაც ხვრელების შევსებას მობილიზებულებით ცდილობენ. არ არის დრო ეკიპაჟების შექმნისთვის, გარემოს შესწავლისთვის, კავშირის დასამყარებლად.

მობილიზებულებმა არ იციან, სად არის მათი სამეთაურო შტაბი, არ იციან, როგორ იმოქმედონ. მათ ისიც კი არ იციან, საით გაიქცნენ და იქით მირბიან, საიდანაც მოვიდნენ. გაიხსენეთ ცნობილი სკანდალი, რომელიც გენერალ ლაპინს შეემთხვა - გზაჯვარედინზე გადაწყდა მობილიზებულებს, რომლებიც უკან იხევდნენ. ლაპინმა ოფიცერს პისტოლეტი მიადო თავზე და მოითხოვა ყველას მოწინავე პოზიციებზე დაბრუნება. იყო ასეთი შემთხვევებიც, რომ მობილიზებულებს, რომლებიც უკან იხევდნენ, ბლოკპოსტებზე განაიარაღებდნენ და კვლავ უკან დასახევად უშვებდნენ. ზოგიერთი მობილიზებული დააპატიმრეს და სარდაფებში, ან იმპროვიზებულ ციხეებში მოათავსეს.

უკრაინის არმიის მტკიცების შესახებ, რომ რუსეთის არმიამ ბახმუტთან ფოსფორის ამუნიცია გამოიყენა, ლევიევი ამბობს, რომ ასეთი ამუნიცია რუსეთისა და უკრაინის არმიებს არ გააჩნიათ. რასაც ვხედავთ, ამბობს ექსპერტი, ეს „აალებადი ამუნიციაა. ხშირად ანიჭებენ უპირატესობას ტერმინს - „ფოსფორისა“, რადგან ამ ტყვია-წამალს ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს. სინამდვილეში აალებადი საბრძოლო მასალა უფრო ძლიერ გამანადგურებელია, ვიდრე ფოსფორის. ის უფრო მაღალ ტემპერატურაზე იწვის. ეს მინარევი თერმიტის საფუძველზე იქმნება და მისი ჩაქრობა წყლით შეუძლებელია. აალებადი საბრძოლო მასალების გამოყენება ჰაერიდან საცხოვრებელ ადგილებში, სადაც ადამიანები არიან, ცხადია, ომის დანაშაულია მაშინაც, თუ იქვე სადმე სამხედრო სამიზნეა“.

არსებობს საგანგებო კონვენციები, რომლებიც პირდაპირ კრძალავს ამგვარი ამუნიციის გამოყენებას. ამიტომ, დიახ, ეს რუსეთის მორიგი ომის დანაშაულია.

საგამოძიებო ჯგუფის, Conflict Intelligence Team-ის დამაარსებელს ჟურნალისტი ეკითხება ფრონტის თითქმის ყველა მონაკვეთზე რუსეთის არმიის თავდაცვის პოზიციაში გადასვლის შესახებ, რის შესახებაც ბრიტანეთის დაზვერვა იტყობინება. სავარაუდოდ, ეს ამოცანა დაისვა გენერალ სუროვიკინის წინაშე. ასეა თუ არა?

რუსლან ლევიევი: არ ვიცით, დაუსახეს თუ არა ასეთი ამოცანა სუროვიკინს, ამბობს ლევიევი, მაგრამ მისთვის აშკარაა, რომ მოსკოვის მიზანი დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებაა.

„ცდილობენ, რაც შეიძლება დიდხანს გაჭიმონ კონფლიქტი და პარალელურად გაანადგურონ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. ამით მიაღწევენ ევროპაში ლტოლვილების ნაკადის გაზრდას, უკრაინაში წყალმომარაგების და ენერგეტიკულ პრობლემებს. ეს, შესაბამისად, დამატებითი ზეწოლაა ევროპასა და უკრაინის დასავლელ პარტნიორებზე. რუსები იყენებენ ტაქტიკას, რათა ხალხი ომისგან დაიღალოს: უკრაინაშიც და ევროპაშიც. ეს კეთდება იმისთვის, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში რუსეთმა შეძლოს მოაგროვოს მობილიზებულები, ამოალაგოს მეტი იარაღი, შეიძინოს მეტი იარაღი ირანისგან და მოემზადოს ახალი მასშტაბური იერიშისთვის, უთხრა ლევიევმა „ნასტოიაშჩეე ვრემიას“.

XS
SM
MD
LG