Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

 ჟენევის დისკუსია კონკრეტული შედეგის გარეშე


ზაზა გახელაძის მამა, მიხეილ გახელაძე, ამბობს, რომ ბოლო ერთი კვირაა, მათ აღარავინ შეხმიანებია და მხოლოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილის პასუხის მოლოდინში არიან.
ზაზა გახელაძის მამა, მიხეილ გახელაძე, ამბობს, რომ ბოლო ერთი კვირაა, მათ აღარავინ შეხმიანებია და მხოლოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილის პასუხის მოლოდინში არიან.

ცხინვალის ციხის პატიმარ ზაზა გახელაძის ოჯახი ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიის 53-ე რაუნდის დასრულებას ელოდა.

ჟენევაში ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხიც განიხილეს. მოლაპარაკების პროცესი სხვადასხვა ფორმატში გრძელდება, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. ზაზას ცოლი, ირმა ბუთხუზი, ამბობს, რომ ჟენევის დისკუსიიდან კონკრეტულ შედეგს არც ელოდებოდა. მისი აზრით, ქმრის დაკავებაზეც და მის გათავისუფლებაზეც დე ფაქტო ხელისუფლების გარდა პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციამაც უნდა აიღოს.

ზაზა გახელაძის მამა, მიხეილ გახელაძე, ამბობს, რომ ბოლო ერთი კვირაა, მათ აღარავინ შეხმიანებია და მხოლოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილის პასუხის მოლოდინში არიან.

გახელაძეების ოჯახს დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ესტუმრნენ, თუმცა იქიდან ისე წავიდნენ, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. რაც შეეხება ჟენევის დისკუსიის 53-ე რაუნდს, მისი დასრულების შემდეგ როგორც თანათავმჯდომარეებმა, ისე მხარეების წარმომადგენლებმა განცხადებები გააკეთეს. ყველა აღნიშნავს, რომ პროცესი მძიმედ მიმდინარეობს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია და დე ფაქტო ხელისუფლება ჰუმანიტარული საკითხის პოლიტიზებას ცდილობდნენ.

„ჩვენი მოქალაქეები გახელაძე, ბებუა, ბესტაევი დაკავებული არიან და, სამწუხაროდ, გრძელდება ამ დაკავებების სერია. სამწუხაროდ, ადამიანის უფლებათა საკითხები გამოიყენება ზეწოლის მექანიზმად, რაც კიდევ უფრო ართულებს მოლაპარაკებათა პროცესს. რუსეთი ადამიანის უფლებათა თემებს სავაჭროდ იყენებს და, სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში ასეთ ფონზე გვიწევს პროცესის წარმართვა“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

რაც შეეხება ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობას, ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ მისი გათავისუფლებისთვის ხელისუფლება ყველა მექანიზმს იყენებს.

„პროცესის დასრულებამდე მე დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, თუმცა, როგორც აღვნიშნე, საკმაოდ მძიმე ფონია. რაც მთავარია, აქ ჩართულია ყველა მექანიზმი და ინსტრუმენტი. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი პარტნიორების აქტიურობა. საქართველო მარტო არ ცდილობს ამ საკითხის მოგვარებას, თუმცა ხაზი უნდა გავუსვა, რომ რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად ამძიმებს ფონს და ყველა ამ საკითხს იყენებს პოლიტიკური ზეწოლისთვის, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას“, – აღნიშნა დარსალიამ.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა 53-ე რაუნდის დასრულების შემდეგ სპეციალური განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში ვკითხულობთ:

„53-ე რაუნდის დროს მონაწილეებმა შეხვედრა ორ ცალკეულ ჯგუფად გამართეს, რომელიც ფოკუსირებული იყო უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ საკითხებზე. უსაფრთხოების კუთხით, ადგილზე არსებული ვითარება საერთო ჯამში შეფასდა როგორც შედარებით მშვიდი და სტაბილური, თუმცა მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს რამდენიმე საკითხზე, მათ შორის დაკავებებზე, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებზე, გადაადგილების თავისუფლებასა და კონკრეტულ ადგილებში უსაფრთხოების საკითხებზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დღის წესრიგის მთავარ საკითხებს, რომელიც ეხებოდა ძალის გამოუყენებლობასა და საერთაშორისო უსაფრთხოების ზომებს. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის მნიშვნელობას, რომელიც მიმართულია კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული შედეგების მოგვარებაზე, როგორც ეს განსაზღვრულია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით. მოლაპარაკების დროს მხარეებმა ასევე განიხილეს შესაძლო ერთობლივი ძალისხმევა პოსტპანდემიური საჭიროებების საპასუხოდ. ამასთან დაკავშირებით თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს მონაწილეებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობა. თანათავმჯდომარეები მიესალმნენ „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ მუშაობას ერგნეთში და აღნიშნეს, რომ აუცილებელია გალში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ რეგულარული შეხვედრების განახლება“.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ, რამდენიმე მონაწილის გასვლის გამო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა საკითხზე არსებითი დისკუსია ვერ შედგა.

თანათავმჯდომარეებმა კვლავ მოუწოდეს ყველა მხარეს ნდობის აღდგენისათვის ძალისხმევა გაზარდონ, რომ უპასუხონ უსაფრთხოების ყველა ელემენტს და უზრუნველყონ საერთაშორისი ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებთან კონსტრუქციული თანამშრომლობა. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა გაიმართება 2021 წლის 12 და 13 ოქტომბერს.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე 2020 წლის ივლისში დააკავეს ე. წ. საზღვრის დარღვევისთვის. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს, მოგვიანებით კი ბრალი წაუყენეს მკვლელობის მცდელობისთვისაც.

2021 წლის თებერვალში ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. უკანონო პატიმრის ოჯახი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების არაერთ დაპირებას ზაზა გახელაძის გათავისუფლების შესახებ დღემდე შედეგი არ მოჰყოლია. საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ყველა საერთაშორისო ფორმატთან ერთად გამოყენებულია სხვა, არაფორმალური, მექანიზმებიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG