Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის დისკუსიის შედეგების მოლოდინში


ერგნეთი
ერგნეთი

გასული კვირის ბოლოს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკების 51-ე რაუნდი დასრულდა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს დაკავებული მოქალაქეების ნათესავებს დაურეკეს და აცნობეს, რომ მოლაპარაკების დღის წესრიგში სოხუმისა და ცხინვალის ციხეებში მყოფი მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების საკითხი იდგა და ამ საქმეში გარკვეული პროგრესი აქვთ.

ზარდიაანთკარში მცხოვრებმა ცისანა თაზიაშვილმა უკვე იცის, რომ მის ქმარს, მირიან თაზიაშვილს, 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა მან აქამდე ვერ გაარკვია, ეს წინასწარი პატიმრობაა, თუ ცხინვალის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება. გარდა ამისა, ცისანა თაზიაშვილმა დაკავების ახალი დეტალებიც გაარკვია. მისი თქმით, მირიანი მეზობელ ოსურ სოფელ ხელჩუაში მეგობართან მანამდეც გადასულა, თუმცა ამ შემთხვევაში მისი გადასვლა რუსეთის მესაზღვრეებმა თოვლზე დარჩენილი ნაფეხურებით შეამჩნიეს.

მირიან თაზიაშვილი 20 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის განაპირას, ოკუპირებულ ხელჩუას სიახლოვეს, დააკავეს. მისმა ცოლმა დასახმარებლად წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასაც მიმართა. მას ყველაზე მეტად მირიანის ჯანმრთელობა აღელვებს.

156 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ზაზა გახელაძე ფეხში დაჭრეს და დააკავეს. ჟენევის დისკუსიის დასრულების შემდეგ ზაზა გახელაძის ცოლს, ირმა ბუთხუზს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაურეკეს იმის სათქმელად, რომ მოლაპარაკებამ კარგად ჩაიარა და შესაძლოა შედეგი მალე დადგეს. ოჯახი ამ შედეგის დადგომას, უკვე 5 თვეა, ელოდება. ირმა ბუთხუზს და ზაზა გახელაძეს ორი პატარა გოგო ჰყავთ. ბავშვები მამის მოლოდინში არიან და მათი საახალწლო სურვილიც მამის შინ დაბრუნებაა.

„ეს ჩვენთვის ტანჯვა-წამების 5 თვეა. ყოველ დღეს რაღაც ახლის მოლოდინში ვართ, მაგრამ... ბავშვებისთვის კი ეს საახალწლო დღესასწაულიც, ალბათ, კოშმარულია. თოვლის პაპას იმიტომ ელოდებიან, იქნებ მამა მოგვიყვანოსო. იქნებ ჟენევის მოლაპარაკების შემდეგ რაიმე შეიცვალოს და რაიმე სიახლე იყოს. დღეს დაგვაიმედეს, რომ მოლაპარაკებამ წარმატებით ჩაიარა და შესაძლოა რაღაცა შეიცვალოს“.

გახელაძეების ოჯახს პერიოდულად ცხინვალიდან სახაზინო ადვოკატი ეკონტაქტება. დაკავებულის ნოემბერში ჩანიშნული სასამართლო პროცესი გადაიდო. ადვოკატის თქმით, საქმეში მონაწილე პირებმა მასალების გაცნობა ვერ მოასწრეს, კიდევ ერთი პროცესი კი დეკემბრის ბოლოს დაინიშნა.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდის მონაწილეებმა განიხილეს ჩორჩანა-წნელისში არსებული ვითარება, ბოლო დროს მომხდარი დაკავებები, დაკარგული ადამიანების საკითხი და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის საარსებო საშუალებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მნიშვნელობა, - აღნიშნულია 10-11 დეკემბერს გამართული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდის შესახებ გავრცელებულ პრესკომუნიკეში, რომელიც ეუთოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაკავებულთა უპირობო გათავისუფლება მოითხოვა.

დაკავებულთა ოჯახებში ახლა ჟენევის მოლაპარაკების შედეგებს ელოდებიან. მათი აზრით, ეს შედეგი ახალ წლამდე უნდა დადგეს. ზაზა გახელაძის სასამართლო პროცესი დეკემბრის ბოლოსაა ჩანიშნული. დაკავებულთა ოჯახებში ხშირად იხსენებენ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ისტორიას, გაფრინდაშვილისა, რომელსაც ცხინვალში პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ გასული წლის დეკემბრის ბოლოს დე ფაქტო პრეზიდენტის ამნისტიის საფუძველზე შეიწყალეს.

XS
SM
MD
LG