Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტების მიმართ „უპრეცედენტო“ აგრესიის წელი


ინდოელი ჟურნალისტი სანთლებს ანთებს იმ ავღანელი ჟურნალისტების ფოტოებთან, რომლებიც 2018 წელს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღის აღნიშვნის დროს მიზანმიმართულ აფეთქებას ემსხვერპლნენ.
ინდოელი ჟურნალისტი სანთლებს ანთებს იმ ავღანელი ჟურნალისტების ფოტოებთან, რომლებიც 2018 წელს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღის აღნიშვნის დროს მიზანმიმართულ აფეთქებას ემსხვერპლნენ.

მედიის თავისუფლების დამცველი ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ აცხადებს, რომ 2018 წელი გამოირჩეოდა მსოფლიოში ჟურნალისტების მიმართ „უპრეცედენტოდ“ მტრული დამოკიდებულებით. 18 დეკემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გაზრდილია ჟურნალისტთა მკვლელობის, დაპატიმრების, მძევლად აყვანისა და გაუჩინარების შემთხვევათა რიცხვი.

„რეპორტიორების“ მონაცემებით, 2018 წელს 80 ჟურნალისტი მოკლეს; 348 ჟურნალისტი მძევალია ან დაპატიმრებული. „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ მონაცემებით, განვლილი ათწლეულის განმავლობაში 324 ჟურნალისტი მოკლეს და 85%-ზე მეტ შემთხვევაში მკვლელობებისათვის არავინ დასჯილა.

„რეპორტიორების“ მონაცემებით, 2018 წელს 80 ჟურნალისტი იქნა მოკლული „მათ საქმიანობასთან დაკავშირებით“. როგორც ანგარიშში აღნიშნავენ, ეს რიცხვი არ შეიცავს 10 დაღუპულს, რომელთა საქმეებსაც ჯერ კიდევ იძიებენ.

„რეპორტიორების“ ანგარიშამდე ორი თვით ადრე „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“ გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა თანახმად, განვლილი ათწლეულის განმავლობაში 324 ჟურნალისტი იქნა მოკლული მათი გაჩუმების მიზნით და უმეტეს (85%-ზე მეტ) შემთხვევაში მკვლელობებისათვის არავინ დასჯილა.

„რეპორტიორების“ გენერალური მდივანი კრისტოფ დელუარი როგორც აღნიშნავს, ჟურნალისტთა მიმართ ძალადობამ წელს „უპრეცედენტო“ მასშტაბს მიღწია და ახლა ვითარება „კრიტიკულია“. დელუარი ფიქრობს, რომ სოციალურ მედიას „მძიმე პასუხისმგებლობა“ ეკისრება ჟურნალისტთა მიმართ „სიძულვილის გამოხატვის“ გაძლიერებისთვის, რაც ძირს უთხრის როგორც ჟურნალისტურ საქმიანობას, ისე, ზოგადად, დემოკრატიას.

2018 წელს ჟურნალისტებს შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი მსხვერპლი აღირიცხა ავღანეთში, სადაც დაიღუპნენ 13 ჟურნალისტი და ორი მედიამუშაკი. ყველა ეს ადამიანი, მათ შორის რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის სამი თანამშრომელი, გახდა ძალადობის მსხვერპლი ავღანეთში 20 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში. „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ როგორც აღნიშნავს, ამ ქვეყანაში 2018 იყო ჟურნალისტებისთვის ყველაზე სისხლისმღვრელი წელიწადი 2001-ში თალიბანის რეჟიმის დამხობის შემდეგ.

„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ თავის ანგარიშში მოიხსენიებს საუდის არაბეთიდან ემიგრირებული დისიდენტი პუბლიცისტის, ჯამალ ხაშოგისა და ახალგაზრდა სლოვაკი ჟურნალისტის, იან კუჩიაკის მკვლელობებს, რომლებიც, ორგანიზაციის შეფასებით, კარგად აჩვენებს, სადამდე წასვლა შეუძლიათ „პრესის თავისუფლების მტრებს“.

„რეპორტიორების“ ანგარიშში მოყვანილია მონაცემები მსოფლიოში დაპატიმრებული და მძევლად აყვანილი ჟურნალისტების შესახებაც. დაპატიმრებულად მოიხსენიებენ 348 ჟურნალისტს, მათგან ყველაზე მეტს - 60 ადამიანს - ჩინეთში. ასევე 60 ჟურნალისტია დაკავებული ექსტრემისტების ჯგუფებისა და არასახელმწიფო ერთეულების მიერ. თითქმის ყველა ეს ადამიანი იმყოფება სირიაში, ერაყსა და იემენში. გამონაკლისია რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის თანამშრომელი სტანისლავ ასეიევი, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლი სეპარატისტების ხელშია. ასეიევი 2017 წლის ივნისში დააკავეს ჯაშუშობის ბრალდებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG