Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიკალური ეკონომიკური ზომების საჭიროება პანდემიასთან საბრძოლველად


“ჩვენ ვართ ომში“ - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავის 16 მარტის გამოსვლაში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს. ვფიქრობ, ომის მეტაფორის გამოყენება სრულიად გამართლებულია. ომის დროს მთელი საზოგადოების საერთო რესურსების მობილიზაცია ხდება, რასაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ცვლილებები სჭირდება. COVID-19-თან საბრძოლველად სწორედ ასეთი მობილიზაცია გვჭირდება. ამ ბლოგში ვისაუბრებ იმაზე, თუ რამდენად საჭიროა ეკონომიკური პარადიგმის ცვლილება გლობალურ პანდემიასთან საბრძოლველად და რას შეიძლება გულისხმობდეს ეს.

ეკონომიკური გამოწვევა, რომელსაც COVID-19-ის გლობალური პანდემია გვიქმნის, უპრეცედენტოა. ევროპის დიდ ქვეყნებში დაიხურა სკოლები, აიკრძალა მასობრივი ღონისძიებები, აღარ მუშაობს პაბები და კლუბები, დაწესდა შეზღუდვები ქვეყნის შიგნით გადაადგილებაზე... აშკარაა, რომ ტურიზმისა და მომსახურების სექტორები გლობალური პანდემიისგან ამ შეზღუდვების გარეშეც უზარმაზარ დარტყმას მიიღებენ; COVID-19-ის პანდემია ადამიანთა ყოველდღიურ ქცევებში გარდაუვალ კორექტივებს შეიტანს. უახლოესი თვეების მანძილზე, თუკი მეცნიერები ვაქცინას ან კორონავირუსთან ბრძოლის ეფექტურ საშუალებას არ მოიგონებენ, ადამიანები ნაკლებად იმოგზაურებენ და ხალხმრავალ ადგილებში გართობისგანაც თავს შეიკავებენ. ეს ყველა ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს.

მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისთან გასამკლავებლად საგანგებო ვითარებაში ეკონომიკის/ბაზრისა და სახელმწიფოს ურთიერთმიმართების გადააზრება გვჭირდება. ცხადია, რაღაც აზრით ბაზარი თავისით მოახდენს ადაპტაციას: ძველ მოთხოვნებს ახლები ჩაანაცვლებს და თუკი ამ ვითარებაში ყოფნამ დიდი ხნით მოგვიწია, ეკონომიკა შესაძლოა თავისით, თანდათანობით გაუმჯობესდეს. ამის მიუხედავად, მოსალოდნელი თუ უკვე დაწყებული კრიზისის დროს წარმოქმნილი ჩავარდნების აღმოსაფხვრელად სახელმწიფოებს მაინც უპრეცედენტო ზომების მიღება მოუწევთ (როგორც წინა ეკონომიკური კრიზისების დროს მოუწიათ). ახალი ეკონომიკური პოლიტიკა სასურველია იყოს ისეთი, რომელიც მოულოდნელი კრიზისის გადასაჭრელად გამოგვადგება: რადიკალური და ინოვაციური.

ზოგიერთი განვითარებული ქვეყანა რადიკალურ და ინოვაციურ ზომებს უკვე მიმართავს. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში მთავრობა სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანების უკან დასაბრუნებლად, ბიზნესებს სთავაზობს დასაქმებულებისთვის ხელფასების 80 %-ის გადახდას. ეს შეეხება იმ ბიზნესებს, რომლებსაც კრიზისის გამო, უკვე მოუწიათ სამსახურიდან ადამიანების დათხოვნა. ასეთი რადიკალური ზომა უპრეცედენტოა იმ აზრით, რომ სახელმწიფოს, როგორც წესი, არ აქვს ვალდებულება ფინანსურად უზრუნველყოს კერძო კომპანიებში დასაქმებულები. მსგავსი პოლიტიკა გრძელვადიან პერსპექტივაში, ეკონომიკურ ეფექტურობას შეამცირებს, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში, როგორც ჩანს, ბრიტანეთის მთავრობა თვლის, რომ ამის გაკეთება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

განსაკუთრებული ზომების მიღებას გეგმავენ აშშ-შიც.17 მარტს აშშ-ს ხაზინის მდივანმა, სტივენ მინუშინმა თეთრი სახლის ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-ს ფედერალური მთავრობა განიხილავს ამერიკელებისთვის სახლებში ფულის გაგზავნის იდეას. კონკრეტულად რას გულისხმობს მინუშინის იდეა, ჯერჯერობით, უცნობია. ერთი ვერსიით, ეს იქნება საშემოსავლო გადასახადის შემცირებით გამოთავისუფლებული ქეში. ასეთი პროგრამა ჯორჯ ბუშის დროს უკვე არსებობდა 2008 წელის ფინანსურ და ეკონომიკურ კრიზისთან გასამკლავებლად.

სახელმწიფოსგან გადასახადების შემცირებით გამოთავისუფლებულ ფულს აშშ-ში ცხადია მხოლოდ ისინი დაიბრუნებენ, ვინც უკვე დასაქმებულები არიან. უმუშევრები ასეთ დახმარებას ვერ მიიღებენ. უფრო რადიკალური იდეა აქვს იუტას შტატის რესპუბლიკელ სენატორ მიტ რომნის. რომნის წინადადება გულისხმობს დასაქმების სტატუსისა და შემოსავლების მიუხედავად, ყველა ამერიკელისთვის 1000 დოლარის გაგზავნას. ასეთივე იდეა ჰქონდა აშშ-ს პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ ენდრიუ იანგსაც, მაგრამ რომნის გეგმისგან განსხვავებით, იანგის გეგმა მშვიდობიანობის დროსაც 1000 დოლარიანი უნივერსალური საბაზისო შემოსავლის (Universal Basic Income) დაწესებას გულისხმობდა.

ეკონომიკაში მრავალმილიარდიანი მასტიმულირებელი პაკეტის ჩაშვებაზე ფიქრობენ კონტინენტური ევროპის ქვეყნებიც. ამ ქვეყნებში უკვე არსებული ძლიერი სოციალური დაცვის მექანიზმების გაძლიერება უფრო იგეგმება, ვიდრე ახალი რადიკალური ზომების მიღება. მაგალითად, საფრანგეთი გეგმავს 8.5 მილიარდი ევროს გამოყოფას კორონავირუსით გამოწვეული უმუშევრობის დახმარებების გასაცემად. ასევე, 2 მილიარდია გამოყოფილია თვითდასაქმებულებისა და მაღაზიების მფლობელების დასახმარებლად. გერმანიაში კრიზისის დროს დასაქმებულებისთვის ფედერალური დახმარების გარანტიები ისედაც არსებობს. ეს არის ე.წ. Kurzarbeit-ის პროგრამა. მისი არსი შემდეგი მდგომარეობს: სახელმწიფო გერმანულ კომპანიებს დასაქმებულების შენარჩუნების სანაცვლოდ, სთავაზობს მათი ხელფასის დაახლოებით ორი მესამედის გადახდას. ასეთი გარიგებით ორივე მხარე მოგებული რჩება: დასაქმებული ინარჩუნებს სამსახურს, კომპანია ინარჩუნებს სპეციალური ექსპერტიზისა და უნარების მქონე თანამშრომელს, რომელსაც ეკონომიკური აღმავლობის პერიოდში გამოიყენებს. COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისთან გასამკლავებლად, გერმანიის მთავრობა ამ პროგრამის გაძლიერებას ფიქრობს.

ამ გლობალური კრიზისის და საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, რა განსაკუთრებული ზომები უნდა მიიღოს საქართველოს მთავრობამ? ჯერჯერობით, მთავრობის არსებული გეგმა არც ისე რადიკალური ნაბიჯების გადადგმას არ ითვალისწინებს, იმის ფონზე, როდესაც მაგალითად, ტურიზმის სექტორიდან ადამიანების მასობრივად დათხოვნა არის მოსალოდნელი ცხადია, ღარიბი საქართველო ვერ შეძლებს ევროპის მდიდარი ქვეყნების მსგავსი გულუხვი სოციალური პაკეტების გაცემას. ამის მიუხედავად, მინიმუმ შიმშილის შესაკავებლად, აუცილებელი ჰუმანიტარული ზომებია მისაღები. სხვა შემთხვევაში, ქვეყანა არნახული ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დარჩება. ამ კრიზისის თავისად ასაცილებლად, როგორც ზემოთ აღვნიშნე, რადიკალური და ინოვაციური ეკონომიკური ნაბიჯების გადადგმა დაუყონებლივ გვჭირდება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG