Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლება კრემლის ახალ "შავ სიაში" - რა ნიშნავს იყო რუსეთისთვის "არასასურველი ორგანიზაცია"?


2024 წლის 20 თებერვალს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რადიო თავისუფლება რუსეთის ტერიტრიაზე „არასასურველ ორგანიზაციათა“ სიას დაამატა.
2024 წლის 20 თებერვალს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რადიო თავისუფლება რუსეთის ტერიტრიაზე „არასასურველ ორგანიზაციათა“ სიას დაამატა.

რუსეთმა რადიო თავისუფლება „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა. შეზღუდვები და სასჯელი შეეხება არა მხოლოდ "არასასურველ" მედიაორგანიზაციას, არამედ მის საქმიანობასთან რაიმე სახით დაკავშირებულ ყველა პირს, რუსეთში თუ მის ფარგლებს გარეთ.

ორგანიზაციისთვის, რომელიც რუსეთში „არასასურველად“ გამოცხადდება, ეს წერტილის დასმას ნიშნავს - იხურება მისი ოფისები და იკრძალება მისი ყოველგვარი საქმიანობა.

რადიო თავისუფლების რუსული ბიურო რუსეთში 2022 წელს დაიხურა.

რა ახალ პრობლემებს შეუქმნის რუსეთის კიდევ ერთ „შავ სიაში“ შეყვანა რადიო თავისუფლებას და მათ, ვინც რადიო თავისუფლებასთან თანამშრომლობს?

20 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რადიო თავისუფლება „არასასურველთა“ გრძელ სიას დაამატა. გადაწყვეტილება მანამდე, თებერვლის დასაწყისში, რუსეთის პროკურატურამ მიიღო.

როგორ ისჯება „არასასურველი“ და მასთან დაკავშირებული პირები

„არასასურველი ორგანიზაციების“ შესახებ კანონი რუსეთში 2015 წელს მიიღეს. 2021 წლიდან „შავ სიაში“ მედიაორგანიზაციების შეყვანაც დაიწყეს.

კანონის ამოქმედებიდან აკრძალვები 140-ზე მეტ ორგანიზაციას შეეხო. მათ შორის უკვე - რადიო თავისუფლებასაც.

ეს კანონი ეყრდნობოდა კრემლის დადგენილებას იმ არასამთავრობო და სხვა ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან იღებდნენ.

„არასასურველი ორგანიზაციის“ სიის წევრებს რუსეთის ხელისუფლება მიიჩნევს საფრთხედ საკონსტიტუციო წყობის საფუძვლებისთვის, სახელმწიფოს უსაფრთხოებისა თუ თავდაცვისუნარიანობისთვის.

ამ ნუსხაში შეტანის გადაწყვეტილებას რუსეთის პროკურატურა იღებს, ხოლო რეესტრის შევსება და კონტროლი იუსტიციის სამინისტროს ევალება.

„არასასურველი ორგანიზაციის“ კანონით იკრძალება:

  • ორგანიზაციის საქმიანობა რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის - ოფისების გახსნა, ფინანსური ოპერაციები და სხვა;
  • ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ნებისმიერი პირისთვის;
  • ნებისმიერი დახმარება.

დარღვევებისთვის განსაზღვრულია სასჯელი ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის წესით. სხვადასხვა შემთხვევაში, საპატიმრო სასჯელის ვადა 6 წლამდე მერყეობს.

ისჯება ყველა ის პირი, ვინც „არასასურველი ორგანიზაციის“ მასალებს, ბმულებს გაავრცელებს/გააზიარებს სოციალურ ქსელებში.

ეს მათ არასასურველი ორგანიზაციის „საქმიანობაში მონაწილეობად“ ეთვლებათ და შეიძლება 4 წლამდე ციხეც დაემუქროთ.

პეტერბურგელ პოლიტიკოსს, ანდრეი პივოვაროვს 4 წელი სოციალურ ქსელებში სხვადასხვა სახის მასალების გაზიარების გამო მიუსაჯეს. თანაც, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ბმულებს თავად აზიარებდა.

მასალები შეიძლება იყოს გამოქვეყნებული ორგანიზაციის „არასასურველთა“ რეესტრში შეყვანამდეც. ათვლის წერტილად ის თარიღი ჩაითვლება, როდესად ეს მასალა სამართალდამცველთა ყურადღების ქვეშ მოექცევა.

პირდაპირ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა ხდება იმ შემთხვევაში - თუკი „არასასურველ ორგანიზაციას“ ფინანსურ დახმარებას გაუწევენ - ადმინისტრაციულ სასჯელს ამ დროს არავინ განიხილავს. ჯერჯერობით, რუსეთში არ აღძრულა სისხლის სამართლის საქმე სხვის პოსტებზე „ლაიკებისა“ და კომენტარების გამო.

სასჯელი შეეხება როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ პირებს.

იურისტი მაქსიმ ოლენიჩევი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რუს სამართალდამცველებს არ გაუჭირდებათ ინტერნეტსივრცეში მიაგნონ ადამიანებს, რომლებიც რადიო თავისუფლების მასალებს გაავრცელებენ.

„რუსეთში მოქმედი კანონების პაკეტი რუსეთის სამართალდამცველ ორგანოებს აძლევს საშუალებას, რუსულ ინტერნეტსაიტებზე, რუსულ სოციალურ ქსელებში წვდომა ჰქონდეთ [გამოქვეყნებული მასალების] შინაარსზე, მომხმარებლის ყოველგვარი ნებართვის გარეშე. ამიტომ უსაფრთხო არ არის ისეთი პლატფორმები, როგორიც არის ВКонтакте, Мail.ru, Одноклассники და სხვა. მათ შეუძლიათ გააკეთონ „სქრინშოთები“ და აღძრან საქმეები, ასეთი შინაარსის განთავსებისთვის“, - განმარტავს ოლენიჩევი.

თუმცა იურისტი ფიქრობს, რომ რუსული კანონი ვერ იმუშავებს საზღვარგარეთ და რუსეთს არც ინტერპოლი დაეხმარება:

„რუსეთის მიერ "არასასურველი ორგანიზაციების" წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს ინტერპოლი განიხილავს როგორც პოლიტიკურ დევნას. ამიტომ, თუკი იქნება რუსი სამართალდამცველების მოთხოვნა [საერთაშორისო] რუსეთის ფარგლებს გარეთ მყოფი ადამიანების ძებნაზე, ინტერპოლის სისტემის დახმარებით შეუძლებელი იქნება ადამიანის დაკავება და რუსეთში დეპორტაცია“.

140-ზე მეტი ორგანიზაცია

რუსეთისთვის არასასურველი ორგანიზაციების რეესტრში ამჟამად უკვე 142 ორგანიზაციაა თავმოყრილი.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ცნობით, 2021 წლიდან, სიაში შეიყვანეს რამდენიმე ათეული მედიაორგანიზაცია.

სიაშია რამდენიმე დევნილი და დამოუკიდებელი მედიასაშუალება, მათ შორის - ტელეკომპანია „დოჟდი“, „მედუზა“, „ნოვაია გაზეტა ევროპა“, „ვაჟნიე ისტორიი“, The Insider, Bellingcat, Proekt და სხვა.

„არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებული ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარი რედაქტორი, ტიხონ დზიადკო ამბობს, რომ მოსკოვის ამ სადამსჯელო მექანიზმმა ტელეკომპანიის მაყურებელთა რიცხვი არათუ არ შეამცირა, არამედ გაზარდა.

თუმცა მედიასაშუალებას პრობლემები შეექმნა რესპონდენტების მოძიების პროცესში, რადგან ინტერვიუს მიცემაც თანამშრომლობად მიიჩნევა.

„ვიღაცები ანონიმურად გველაპარაკებიან, ზოგი კი - უარს ამბობს საერთოდ. ჩვენ უკვე აღარ გვაქვს პროგრამები, როცა პირდაპირ ეთერში ველაპარაკებოდით მაყურებლებს. ზოგჯერ ტელეფონით, ანონიმურად მაინც ვწერთ მათ; მაგრამ ძირითადად - უსაფრთხოების გამო, უარს ვამბობთ“, - „დოჟდის“ ხელმძღვანელი ასევე აცხადებს, რომ ამ სიის შედგენის „მიზანია დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მკითხველების დაშინება“ და „მედიასაშუალებების ისეთ დამნაშავეებად გამოცხადება, რომლებთანაც საქმის დაჭერა უსაფრთხო არ არის“.

სიაში ახლად შეყვანილი რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება - RFE/RL- კერძო, არაკომერციული ამერიკული მედიაკორპორაციაა, რომელიც აშშ-ის კონგრესის გრანტით ფინანსდება, შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტოს [Agency for Global Media] საშუალებით.
რადიო თავისუფლება ახალ ამბებს ავრცელებს 27 ენაზე - ძირითადად იმ ქვეყნების აუდიტორიისთვის, სადაც მედიის თავისუფლება შეზღუდულია.

რადიო თავისუფლების პრეზიდენტის სტივენ კაპუსის შეფასებით, მომხდარი კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ რუსეთისთვის ობიექტური მედია „ეგზისტენციურ საფრთხეს“ წარმოადგენს და „ეს შემაშფოთებელია“.

„ბოლო დღეებში ვნახეთ მილიონობით ადამიანი, ჩვენი აუდიტორიის რუსულენოვანი წარმომადგენლების რეკორდული რაოდენობა - რომლებმაც მიმართეს რადიო თავისუფლებას, ყველა ჩვენს პლატფორმას, ყველა ჩვენს ქსელს, ახალი ამბების ყველა ჩვენს საიტს და რეკორდული მაჩვენებლებია მათი, ვისაც სურდა გაეგო ყველაფერი ალექსეი ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით... ისინი მოვიდნენ ჩვენთან სიმართლის ძიებაში და ჩვენ არ შევაჩერებთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მისიას“, - ამბობს სტივენ კაპუსი.

აკრძალვების მიუხედავად, რუსეთის მოქალაქეებს დღემდე მაინც მიუწვდებოდათ ხელი რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე VPN-ის [ვირტუალური კერძო ქსელი], YouTube-ისა თუ სოციალური ქსელების საშუალებით.

რადიო თავისუფლების რუსულენოვანი რედაქციების ვებსაიტები ათობით მილიონ ვიზიტორს ითვლიან, ხოლო იუთუბსა და სხვა პლატფორმებზე გამოქვეყნებული ვიდეოების მაყურებელთა რიცხვი ასობით მილიონს უტოლდება.

მედიას რუსეთში „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონიც აქტიურად ებრძვის.

2012 წელს მიღებული ეს კანონი მუდმივად მძიმდებოდა და პიკს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მიაღწია. რუსეთში „უცხოეთის აგენტებს“ უწოდებენ ყველა ორგანიზაციასა და ფიზიკურ პირს, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ.

საერთაშორისო ორგანიზაციები „აგენტების კანონსაც“ პოლიტიკურ ცენზურად და, მათ შორის - მედიის გაჩუმების მცდელობად აფასებენ.

რუსეთის ხელისუფლების ქმედებების წინააღმდეგ რადიო თავისუფლებამ მიმართა როგორც რუსეთის სასამართლოებს, ასევე სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „აგენტების რეესტრში“ შეიყვანა რადიო თავისუფლების 30-ზე მეტი თანამშრომელი, პიროვნულად.

უკვე მეოთხე თვეა, რუსეთში, საპატიმროში იმყოფება რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტი ალსუ კურმაშოვა.

ის როგორც რუსეთის, ასევე აშშ-ის მოქალაქეა. მუშაობს პრაღის სათავო ოფისში და გასული წლის მაისში, რუსეთში პირად საქმეზე ჩასვლა მოუწია. ოქტომბერში დააკავეს და ბრალად ის წაუყენეს, რომ არ ჰქონდა გავლილი რეგისტრაცია „უცხოეთის აგენტის“ რეესტრში. ამისთვის რუსეთში პატიმრობის მაქსიმალური ვადა ხუთი წელია.

1991 წლის აგვისტოს შემდეგ რადიო თავისუფლების 30-წლიანი ყოფნა რუსეთში 2022 წელს დასრულდა.
2021-2022 წლებში რადიო თავისუფლება, რუსეთის ხელისუფლების ზეწოლის შედეგად, იძულებული გახდა დაეხურა მოსკოვის ბიურო და ჟურნალისტები რუსეთიდან გამოეყვანა.
2022 წელს, მედიის მაკონტროლებელმა ორგანომ - როსკომნადზორმა სოციალურ ქსელებში დაბლოკა რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტების ვებსაიტები და ანგარიშები, რუსული სერვისის [Радио Свобода] ჩათვლით. ეს ნაბიჯი მოჰყვა ორგანიზაციის უარს, წაეშალა ინფორმაცია უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შესახებ.
2022 წლის მარტში, მოსკოვის სასამართლომ გაკოტრებულად გამოაცხადა რადიო თავისუფლების საქმიანობა რუსეთში. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მედიაორგანიზაციამ უარი განაცხადა გადაეხადა 1 მილიარდ რუბლზე მეტი (14 მილიონი დოლარი) - დაკისრებული ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონის შეუსრულებლობის მიზეზით.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG