Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერნეტ-ძარცვა - "ბანკი გულგრილ პოზიციას იკავებს"


რამაზ გერლიანი, "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტი
რამაზ გერლიანი, "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტი

„ბოლო პერიოდში გახშირდა თაღლითების მიერ ყალბი ვებგვერდების საშუალებით ფინანსური ინსტიტუტების მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპარვის ფაქტები. საუბარია ისეთი მონაცემების მოპოვებაზე, რომელთა საშუალებით შესაძლებელია მომხმარებლის ფულად სახსრებზე წვდომის და ინტერნეტ-გადახდების განხორციელება“, - წერია საქართველოს ეროვნული ბანკის 22 აპრილის განცხადებაში, რომელშიც მომხმარებლებს ინტერნეტბანკის გამოყენების ან ინტერნეტ-გადახდების განხორციელებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

იმავე დღეს, ამ განცხადების გამოქვეყნებამდე თავის ფეისბუკის გვერდზე საბანკო ანგარიშების ძარცვის შესახებ წერდა ეკონომიკის ექსპერტი, რამაზ გერლიანი. „დილის საუბრებში“ ის მომხდარზე ყვება:

„ვრცელდება რეკლამები, რომლებიც იგივეა, რაც საბანკო სისტემის გვერდი. პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება. მას შემდეგ, რაც გექნებათ მცდელობა ისარგებლოთ თქვენი საბანკო ანგარიშით, ხდება მონაცემების დუბლირება და გამოყენება. ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. კონკრეტულად რამე ნიშნით რომ ამოიცნო, პრაქტიკულად შეუძლებელია.

სამწუხაროდ, ამას მივხვდი ერთი დღის შემდეგ, როცა ანგარიშზე შევედი და დაცარიელებული დამხვდა. ჯერ ტექნიკური ხარვეზი მეგონა. დავუკავშირდი ბანკის წარმომადგენელს, რის შემდეგაც გაირკვა ადგილი ჰქონდა გადარიცხვებს, მათ შორის, იმავე ბანკის სივრცეში“.

რამაზ გერლიანი ამბობს, რომ ბანკის მხრიდან შესაბამისი საფრთხის შესახებ ინფორმირების შეთხვევაში, გაცილებით ფრთხილად იქნებოდა. ექსპერტი თვლის, რომ კლიენტების დაცულობა ბანკის პასუხისმგებლობაა. ის უნდა იყოს დაინტერესებული მომხმარებლების ინფორმირებითაც და დანაშაულის შემთხვევაში სამართალდამცავ ორგანოებთან კომუნიკაციითაც, რომ ასეთი დანაშაული გაიხსნას.

„სამართალდამცავებს მე დავუკავშირდი და მივაწოდე შესაბამისი ამონაწერები - სადაც ჩანს რომელ ანგარიშებზეა გადარიცხული. წარვუდგინე ტელეფონის ნომერი, რომელიც გამოიყენებოდა ტრანსაქციის დასადასტურებლად. მიიღეს განაცხადი და იმავე დღეს გადაუგზავნეს სპეციალურ განყოფილებას. თუმცა, უკუკავშირი დამატებითი ინფორმაციისა და დეტალებისთვის შესახებ მათგან ჯერ არ ყოფილა. იგივე შემიძლია ვთქვა ბანკზეც. ბანკი გულგრილ პოზიციას იკავებს. ამ ხნის გნამავლობაში მე მქონდა კომუნკაცია. ერთი კვირაა ველოდები მათ გადაწყვეტილებებს და არაფერი ჩანს. თუ სამართალდამცავები მოგვმართავენ, ვიმოქმედებთო. მე ვუთხარი, რომ ისინი არიან ვალდებული გამოიჩინონ ინიციატივა და მიმართონ სამართალდამცავებს“.

იმავე კვირაში რამაზ გერლიანის ანგარიშის გატეხვის მცდელობა იყო სხვა ბანკშიც, სადაც ეს მცდელობა დროულად გამოვლინდა და ბანკმა დაბლოკა მომხმარებლის ანგარიში, დაუკავშირდა მას და შეატყობინა მომხდარი.

რამაზ გერლიანი ამბობს, რომ ბანკს დღემდე არ შეუჩერებია ის რეკლამა სოციალურ ქსელში, რომლის ყალბი ანალოგის გამოც მოხდა მისი მონაცემების დუბლირება ანგარიშიდან თანხის მოპარვა თაღლითების მიერ:

„არ შეუწყვეტიათ რეკლამირება სოციალური ქსელით. ანუ, ორი რეკლამა შეიძლება შეგხვდეს - ყალბი და ნამდვილი. ვერ განასხვავებ. მინიმუმ, მომხმარებლის ინფორმირება და დროებით რეკლამის შეწყვეტა უნდა მომხდარიყო.

რომც არ ყოფილიყო ფინანსების მიტაცება, ბანკი უნდა ყოფილიყო დაინტერესებული, რომ რეკლამის დუბლირება არ მომხდარიყო. პირველ რიგში ეს არის ბანკის ინტერესი - მისი იმიჯი, მის მიმართ ნდობა“.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG