Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად საშიშია მაღალი წნევა?


17 მაისს ყოველწლიურად ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე აღინიშნება, ხოლო მთელი მაისი არტერიული წნევის „გაზომვების თვედ“ არის გამოცხადებული. სტაბილურად მაღალი წნევა - ჰიპერტენზია - სახიფათო ქრონიკულ დაავადებად ითვლება, რადგან მასთან დაკავშირებული მიზეზებით მსოფლიოში ყოველწლიურად 7,5 მილიონი ადამიანი კვდება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ხუთიდან ორ ზრდასრულ ადამიანს მაღალი წნევა აქვს, თუმცა საქართველოში 2016 წელს ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, ზრდასრული მოსახლეობის 24.5 %-ს არასოდეს გაუზომავს არტერიული წნევა და ასეთებს, მიუხედავად იმისა, რომ ვერაფერს გრძნობენ, შეიძლება ჰქონდეთ მაღალი არტერიული წნევა.

2016 წლის გამოკვლევის თანახმად, ჰიპერტენზიის გავრცელების მაჩვენებელი 18-69 წლის ასაკობრივ ჯგუფში 37,2 %-ს შეადგენს. გვახსოვდეს, რომ სტაბილურად მაღალმა არტერიულმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სერიოზული გართულებები, როგორიც არის გულის კუნთის ინფარქტი, ტვინის ინსულტი თუ თირკმლის ქრონიკული დაავადება. ექიმები გვირჩევენ, ვიყოთ ყურადღებით და არც ის დაგვავიწყდეს, რომ წნევა მიბმულია ასაკთან.

თუკი სათანადო ყურადღებას მივაქცევთ, შესაძლებელია მაღალი წნევის სრულყოფილად მართვა. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, არ მიიღოთ მარილი დღეში 5 გრამზე მეტი. მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მარილის მოხმარების შემცირებით ყოველწლიურად შესაძლებელი იქნებოდა 1.7 მლნ ადამიანის გადარჩენა. მაღალი წნევის მართვაში თავისთავად დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვასა და მედიკამენტების მიღებას, თუმცა საშიშია როგორც რეგულარულად მისაღები წამლების მიუღებლობა, ასევე მათი ზედმეტად მიღება. ერთი სიტყვით, აჯობებს, ყველაფერი ისევ ექიმს ვკითხოთ.

თუმცა არტერიული წნევის მომატება ყოველთვის არ მიანიშნებს იმაზე, რომ მაღალი წნევა ჩვენი ცხოვრების თანამგზავრი გახდა. თავისუფლად შესაძლებელია, რომ ამას ეპიზოდური ხასიათი ჰქონდეს და შფოთვით, ნერვიულობითა და სტრესებით იყოს გამოწვეული.

ექიმი-კარდიოლოგი, პროფესორი ზურაბ ფაღავა გვაფრთხილებს ასევე, რომ წნევა უნდა გავიზომოთ დამშვიდებულ მდგომარეობაში და მწეველებმა ისიც კი უნდა გაითვალისწინონ, რომ წნევის გაზომვისას ბოლო ღერი სიგარეტის მოწევიდან მინიმუმ ერთი საათი უნდა იყოს გასული.

თუკი გაინტერესებთ, რა ნიშნულზე დგას თქვენი არტერიული წნევა და სახლში წნევის აპარატი არ გაქვთ, მთელი მაისის განმავლობაში აფთიაქებში განთავსებული იქნება წნევის საზომი აპარატები და ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა გაიგოს საკუთარი წნევის მაჩვენებლები. ჯანდაცვის სამინისტროს ამ ინიციატივას ძირითადი სააფთიაქო ქსელების771 ფილიალი გამოეხმაურა. ასევე მაისში, ყოველ ხუთშაბათს, მთელ რიგ სამედიცინო დაწესებულებებში ექიმები უფასოდ გასინჯავენ პაციენტებს და საჭირო რჩევებს მისცემენ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG